ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც საქართველოში 2024 წლიდან ამოქმედდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2024 წლიდან საქართველოში არაერთი ცვლილება შევა ძალაში. მათი ნაწილი პირველი იანვრიდან ამოქმედდება, ნაწილი კი - წლის განმავლობაში.

„ბიზნეს ფორმულა“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ ძირითად ცვლილებებსა და რეგულაციებზე, რომლებიც 2024 წელსაა დაგეგმილი:

ასაკობრივი პენსია იზრდება

2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია იზრდება. კერძოდ, 50 ლარით, 415 ლარამდე მოიმატებს 70 წლის და უფროსი ასაკის პირთა პენსია. ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამ ასაკობრივ ჯგუფში პენსია 500 ლარამდე გაიზრდება.

70 წლამდე პირთა პენსია კი 20 ლარით მოიმატებს და 315 ლარი გახდება. მაღალმთიან დასახლებებში პენსია 380 ლარი იქნება.

გაზრდილ პენსიას 835 000 პენსიონერი მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.93 მილიარდი ლარია გამოყოფილი.

პედაგოგებს ხელფასი ეზრდებათ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლიდან სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. მისი განმარტებით, ზოგ შემთხვევაში მასწავლებლების ანაზღაურება უფრო მეტით, 600-700 ლარითაც მოიმატებს.

რეფერენტული ფასი ყველა მედიკამენტზე გავრცელდება

2024 წელს რეფერენტული ფასი მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტზე გავრცელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 26 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფასის ზედა ზღვარი 5 148 მედიკამენტზეა განსაზღვრული. 3 045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2 103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში.

ბიზნესს გაზის და წყლის ტარიფი უძვირდება

2024 წლის 1-ელი იანვრიდან, თბილისსა და რეგიონებში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 1.24 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი იქნება.

კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ფასი იზრდება რეგიონებშიც. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ერთი კუბური მეტრი გაზის ტარიფი 1.25 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი გახდება. ამ შემთხვევაში ფასი უცვლელი დარჩება მხოლოდ იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ თბილისშიც და რეგიონებშიც უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფი, რომელიც სემეკის მიერაა დადგენილი.

რაც შეეხება წყალმომარაგებას, სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ არასაყოფაცხოვრებო ტარიფები გაიზარდა. შესაბამისად, თბილისსა და მცხეთაში ბიზნესისთვის ახალი ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში - 6.500 ლარი/კუბ.მ-ით. წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება

სემეკის გადაწყვეტილებით, დღეიდან ძალაშია ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი. კერძოდ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით მცირდება. შემცირებული ტარიფები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

ახალი სტანდარტები სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებლებისთვის

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის იანვრიდან სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებლებისთვის ახალი სტანდარტები დაწესდა. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დამტკიცდა როგორც საქმიანობის დაწყების, ისე - ოპერირების წესები.

ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.

სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.

ჰეჯირება სესხებზე

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდეა, ახალი კრედიტის აღება მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი აქვთ.

ამასთან, 1-ელი იანვრიდან იხსნება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს, 200 000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარში შეუძლია.

თბილისში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება

2024 წლის 1-ელი იანვრიდან დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოს თვეში.

ამასთან, არის გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები. კერძოდ რეგულაცია არ ვრცელდება: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე.

ამ წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები გაზრდილი თანხით დაჯარიმდებიან. კერძოდ, პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარით.

წელს სკოლაში შესვლას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში შესვლას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის შუალედში შეუსრულდებათ.

სასკოლო ტრანსპორტი ავტობუსის ზოლში გადაადგილებას შეძლებს

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დედაქალაქის საჯარო და კერძო სკოლების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავს, საავტობუსო ზოლში გადაადგილებას შეძლებენ.

საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ტრანსპორტს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში - 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში.

რეგულაცია 1-ელ იანვარს სატესტო რეჟიმში ამოქმედდება და ძალაში 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება.

დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი იზრდება
2024 წლის 1-ელი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 15 000-დან 30 000 ლარამდე გაიზრდება.

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წელს ამოქმედდა და კანონი სადაზღვევო ზღვრის პერიოდულ გადახედვას ითვალისწინებს. 2020 წელს სადაზღვევო ზღვარი 5 000-დან 15 000 ლარამდე გაიზარდა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეულია რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების ყველა ტიპის დეპოზიტები, საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში. სადაზღვევო შემთხვევა კი ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის ოფიციალურად გამოცხადებით დგება.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა

2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ჩაატარებს.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის განცხადებით, დამატებით, აღწერისთვის გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისთვის, დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება. შედეგად, დემოგრაფიულ-სოციალურ მონაცემებთან ერთად, ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებაც შეგროვდება.

აღსანიშნავია, რომ საქსტატი მოსახლეობის აღწერას ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ატარებს, უკანასკნელი კი 2014 წელს ჩატარდა.

გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით მანქანის მოძრაობა

დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, დამტკიცდა იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით.

კონკურენციის სააგენტოს სახელი ეცვლება

დღეიდან ძალაში შევიდა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ სახელწოდება დარედაქტირდა და მისი ახალი სახელია „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება და ზუსტდება ტექნიკური დეტალები/ტერმინები.

საპენსიო დანაზოგები კონსერვატიულ პორტფელში ბრუნდება

3 იანვრიდან, ყველა ის ადამიანი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე თავად არ მიუღია გადაწყვეტილება და ავტომატურად განაწილდა, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) საინვესტიციო პორტფელში. 3 იანვრიდან, აღნიშნულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.