რჩეული სტატიები

Grid List

ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა. 

შტატის გუბერნატორმა, მარკ გორდონმა ხელი მოაწერა შესაბამის კანონს, რომელიც მანამდე ვაიომინგის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა.

კანონის თანახმად, მედიკამენტური აბორტის ჩატარება ან მის ჩატარებაში ხელშეწყობა 6 თვემდე პატიმრობით და 9000 დოლარამდე ჯარიმით დაისჯება.

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არ ემუქრებათ ქალებს, რომლებსაც მედიკამენტური აბორტი ჩაუტარდათ - კანონი მხოლოდ პროცედურის ჩამტარებელ პერსონალზე გავრცელდება.

კანონი 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს და ის არ გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ორსული ქალის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორივე ვოტუმი გადაიტანა და შეაბამისად, გზა გაეხსნა საპენსიო რეფორმას.

20 მარტს უნდობლობის გამოცხადების მცდელობების მიზეზი სადავო საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატანა გახდა. პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა გამოიყენა საკონსტიტუციო მუხლი, რომელიც იძლევა კანონპროექტის გატანის შესაძლებლობას კენჭისყრის გარეშე.

მას მერე, საფრანგეთის ქუჩებში ათეულ ათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს და პარალელურად გაფიცვები იმართება საპენსიო კანონის შეცვლის გამო.

უნდობლობის ორივე ვოტუმი ჩაიშალა, შესაბამისად, კანონი ძალაში შევა, რაც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს.

უნდობლობის ვოტუმის განცხადება პარლამენტში შეიტანეს ცენტრისტმა დეპუტატებმა და ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა მოძრაობამ.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, მაკრონს ან ახალი მთავრობა უნდა დაენიშნა, ან დაეშალა პარლამენტი და დაენიშნა ახალი არჩევნები. ემანუელ მაკრონი თვლის, რომ საფრანგეთის მოსახლეობის დაბერება ახლა მოქმედ საპენსიო სისტემას მიუწვდომელს ხდის.

ამ მოაზრებას არ იზიარებს დეპუტატების ნაწილი. მაკრონის მომხრეები უმცირესობაში არიან ეროვნული კრების ქვედა პალატაში, მაგრამ უნდობლობის ვოტუმის მისაღწევად აუცილებელი იყო მთელი ოპოზიციის გაერთიანება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინისგან გაცილებით მეტს ელოდა, ვიდრე ეს აჩვენა მოსკოვში გამართულმა არაფორმალურმა შეხვედრამ და ვიზიტის წინ სი ძინპინის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვში 20 მარტს ჩავიდა და იმავე დღეს არაფორმალური შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ოფიციალური მოლაპარაკება დღეს, 21 მარტს, გაიმართება

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთ-რუსეთის მომავალი ურთიერთობების შესახებ სი ძინპინის ხედვა გაცილებით უფრო თავშეკავებულია, ვიდრე ამას ვლადიმირ პუტინი ელოდა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს პუტინის და სი ძინპინის სტატიებზე, რომლებიც ჩინეთის და რუსეთის სახელმწიფო გამოცემებში გამოქვეყნდა მოსკოვში სი ძინპინის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.

პუტინის თანახმად, რუსეთის და ჩინეთის პარტნიორობა მიმართულია მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირებისკენ იმ ფონზე, როცა დასავლეთი დომინირებას ცდილობს და აშშ აწარმოებს ჩინეთის და რუსეთის შეკავების პოლიტიკას. ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, სი ძინპინის რიტორიკა ნაკლებად აგრესიული იყო. ჩინეთის ლიდერის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი მიისწრაფვიან მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგისკენ, თუმცა, არა კონკრეტულად დასავლეთის წინააღმდეგ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, სი ძინპინის რიტორიკა ცხადყოფს, რომ ჩინეთი არ არის განწყობილი პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთის სრული მხარდაჭერისთვის, რაც მას სჭირდება უკრაინაში წარუმატებლობის დასაძლევად.

ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსკოვში ვიზიტისას ჩინეთის ლიდერი წარმოადგენს უფრო კონკრეტულ წინადადებებს მოლაპარაკების გზით უკრაინაში ომის დასასრულებლად, თუმცა, გაურკვეველია, რა რეაქცია ექნება კრემლს პეკინის წინადადებაზე. ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების პერსპექტივაც.

ჩინეთმა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, 2023 წლის 24 თებერვალს გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ.

ილონ მასკი, ტეხასის შტატში, საკუთარი ქალაქის აშენებას გეგმავს. დღეისთვის არსებული ინფორმაციით, დასახლება მდინარე კოლორადოს ნაპირზე აშენდება, სადაც მილიარდერის საკუთრებაში არსებული კომპანიების თანამშრომლები იცხოვრებენ და იმუშავებენ. ქალაქის სახელწოდება სნეილბრუქი - Snailbrook იქნება. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მახლობლად უკვე შენდება კომპანია Boring-ისა და SpaceX-ის ობიექტები. ახალი ქალაქის დაგეგმარებაში შესულია ისეთი ობიექტები, როგორებიცაა საცურაო აუზები, სავარჯიში დარბაზები, ღია სპორტული მოედნები. ასევე, გათვალისწინებულია კერძო საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, პირადად ილონ მასკისთვის, რომელიც ქალაქგარეთ აშენდება. აღსანიშნავია, რომ ტეხასის კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსის მისაღებად ქალაქში, სულ მცირე, 200-ზე მეტი ადამიანი უნდა  ცხოვრობდეს.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პლანეტის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ლორის, ძეხვეულისა და ხორცის სხვა დამუშავებული პროდუქტების მოხმარება, სიმსივნის პოვოცირების თვალსაზრისით, ისეთივე საშიშია, როგორც თამბაქო. თავის მხრივ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კვირაში მხოლოდ 4 პორცია ხორცის ნაწარმის მიღება 40%-ით ზრდის კიბოს განვითარების რისკს. სწავლულები ვარაუდობენ, რომ ხორცში არსებული ნაერთები აზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედების დნმ-ს, რის შედეგადაც სიმსივნე ვითარდება. გარდა ამისა, დამუშავებული პროდუქტები სხვა მხრივაც საშიშია. დამუშავების პროცესში ცდილობენ, მათი შენახვის ვადა მაქსიმალურად გაზარდონ. ამისთვის, პროდუქციას ბოლავენ, უმატებენ მარილს, ნიტრატებისა და ნიტრიტების მსგავს ქიმიურ კონსერვანტებს. ზოგიერთი ექსპერტი კი სიმსივნური დაავადებების მომატებულ რისკს, სწორედ ხორცპროდუქტებში არსებულ დანამატებს უკავშირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ ხორცს ნაკლებად საშიშ პოზიციას ანიჭებს და მას „შესაძლო კანცეროგენის“ სტატუსს ანიჭებს. თუმცა, მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ხორცი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან მასში ბევრი ცილა, რკინა, „ბე-12“ ვიტამინია, რაც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.

 

პოპულარულმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ თავისი უკანასკნელი, მეათე ფილმისთვის სცენარი დაწერა. როგორც The Hollywood Reporter-ი წერს, მომავალი ფილმის სახელწოდება „კინოკრიტიკოსი“ იქნება. სურათის გადაღებები შემოდგომაზე უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ სიუჟეტი  გასული საუკუნის 70-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება. ფილმის მთავარი გმირი, სავარაუდოდ, კინოკრიტიკოსი პოლინ კეილი იქნება. ტარანტინოს არაერთხელ განუცხადებია, რომ საკუთარი კარიერის განმავლობაში, ის მხოლოდ ათი ფილმის გადაღებას აპირებს და 60 წლისა, პენსიაზე უნდა გავიდეს. აღსანიშნავია, რომ რეჟისორი საიუბილეო თარიღს, სწორედ ამ დღეებში - 27 მარტს აღნიშნავს.