რჩეული სტატიები

Grid List

სწავლულებმა დიდი ბრიტანეთიდან, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე გამოკვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ხილის ხშირი მიღება ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მკვლევარების განცხადებით, თუ ყოველდღიურად, ადამიანი შვიდი სხვადასხვა სახეობის ხილს მიირთმევს, ეს საგრძნობლად ამცირებს ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევები, დაახლოებით, 12 წელიწადს გრძელდებოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დეტალურად შეისწავლეს კვლევაში მონაწილე ადამიანების საკვების მოხმარების ჩვევები, რომლებიც იმ მომენტისთვის შესანიშნავ ფიზიკურ მდგომარეობაში იყვნენ. სწავლულების თქმით, 30-დან 65 წლის ასაკში, ყოველდღიურად ხილის მცირე რაოდენობის მიღებაც კი, არსებითად ამაღლებს ცხოვრების დონეს. მათი განცხადებით, მოწიფულ ასაკში მყოფებმა თავი უფრო უკეთესად რომ იგრძნონ, საკმარისია ყოველდღიურ რაციონში, გემრიელი ხილი დაამატონ, მაგალითად, ბანანი და ვაშლი, რომელიც რკინას, თუთიასა და სპილენძს შეიცავს. სწორედ ეს კომპონენტები აისახება სასიკეთოდ გულისა და სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე.

 

თავისი მოქმედებით, ჰომეოპათიური პრეპარატები პლაცებოსგან არ განსხვავდებიან და შესაძლოა, ამან ორგანიზმს ზიანიც კი მიაყენოს - ამ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიელი მეცნიერები, ჩატარებული კვლევების შედეგად. ექიმი-ჰომეოპატები ამბობენ, რომ მათი პრეპარატები დაავადებათა ფართო სპექტრის შველის - უბრალო გაციებიდან დაწყებული, ონკოლოგიით დამთავრებული. მკვლევარებმა შეამოწმეს ჰომეოპათიური პრეპარატების ზემოქმედება ასთმით, ართრიტით დაავადებულებზე, ასევე, მათზე, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, გაციებულ და გრიპის მქონე პაციენტებზე, ქრონიკული დაღლილობისას, ეგზემას, ქოლერას, დამწვრობის, მალარიისა და ჰეროინზე დამოკიდებულების დროსაც კი. აღმოჩნდა, რომ არცერთ შემთხვევაში, ჰომეოპათიურ წამლებს დადებითი ეფექტი არ გამოუვლენიათ. საგულდაგულოდ შემუშავებულმა კვლევებმა და მონაწილეების საკმარისმა რაოდენობამ აჩვენა, რომ ჰომეოპათია პლაცებოზე მეტი არაფრითაა - აღნიშნავენ სწავლულები. მათი თქმით, ადამიანები, რომლებიც კონვენციონალური მედიცინის ნაცვლად, ჰომეოპათიას ირჩევენ, საკუთარ ჯანმრთელობას დიდი რისკის ქვეშ აყენებენ. ამ შემთხვევაში, პაციენტი უარს ამბობს მიიღოს, ან დაგვიანებით იღებს იმ წამლებს, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება უკვე დამტკიცებულია.

 

სამხრეთ კორეის სკოლებმა, სწავლების პროგრამაში შეიტანეს საცეკვაო K-პოპ-გაკვეთილები. ამ მუსიკალური ჟანრის საერთაშორისო წარმატებამ განაპირობა მისი აღიარება სახელმწიფო დონეზე. Iთ-ინდუსტრიასთან ერთად, K-პოპი პერსპექტიულ სფეროდ განიხილება, რომელიც მუდმუივად ფართოვდება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც შეუძლია. გასულ წელს, ბიჭების პოპულარული ბენდის - BTS-ის მხოლოდ ერთმა კომპოზიციამ - Dynamite, სამხრეთ კორეას 1.5 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მოუტანა. მშობელთა უმრავლესობაც მხარს უჭერს K-პოპ-გაკვეთილების დანერგვას სასკოლო პროგრამაში. მიაჩნიათ, რომ ბავშვებს საშუალება ექნებათ, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და მომავალში კარიერა აიწყონ. ამიერიდან, კორეელი ბავშვები K-პოპ-კულტურას ეზიარებიან არა მხოლოდ სპეციალიზებულ სასწავლო დაწესებულებებში, არამედ, საშუალო სკოლებშიც. მოსწავლეებს, სავარაუდოდ, ვოკალისა და პლასტიკის გაკვეთილები ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, ასწავლიან სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას და ხმის რეჟისურის ანა-ბანასაც.

 

დაღლილობის, მოწყენილობის ან ძილის მორევის დროს, თავის ტვინში შემაფერხებელი პროცესორები აღმგზნებ პროცესორებს სჯობნიან. ნელდება ორგანიზმის სხვა ფუნქციებიც, მათ შორის სუნთქვისაც - ის უფრო ნელი და ღრმა ხდება, რის შედეგადაც სისხლში ნახშირორჟანგის მჟავა და ნივთირებათა ცვლის სხვა პროდუქტები გროვდება, რომლებიც ზემოქმედებენ თავის ტვინის სასუნთქ ცენტრზე, რაც იწვევს მთქნარებას. ღრმა და ნელი ჩასუნთქვისას, სისხლი ჟანგბადით მდიდრდება. მთქნარებაში მონაწილე პირის ღრუს, სახისა და კისრის კუნთები კი ხელს უწყობენ სისხლის მიწოდებას. ყოველივე ეს, აუმჯობესებს ტვინის უჯრედების სისხლით მომარაგებას და პროცესებსაც ცვლის. მთქნარებისას, ადამიანი იზმორება კიდეც, ამ დროს ხელ-ფეხი და ზურგის კუნთები იჭიმება, რაც ხელს უწყობს თავის ტვინის ქერქის ტონუსის შენარჩუნებას. სწორედ ამ პროცესს და რაც მთავარია, თავის ტვინის მუშაობას ააქტიურებს მთქნარება

უნდა აღინიშნოს, რომ მთქნარება სულაც არ არის ძილისა და მოწყენილობის თანამდევი პროცესი. ამ დროს არც დაღლილობასა და არც მოწყენილობაზე ლაპარკი არ იქნება სწორი. პირიქით, ორგანიზმის ყველა სისტემა მობილიზებულია. საქმე ის არის, რომ ძლიერი ემოციური დატვირთვისას და საფრთხისას ირთვება მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანი სუნთქვას იკრავს - ნელა და ღრმად იწყებს სუნთქვას, რაც იწვევს მთქნარებას. ამ დროს სისხლი ჟანგბადით ივსება, ტვინს უკეთესად მიეწოდება და ორგანიზმიც უკვე საბრძოლო მზადყოფნაშია. თუ დავუკვირდებით, მთქნარების დროს, თავს უფრო მსუბუქად გრძნობს ადამიანი, ორგანიზმი დუნდება და სასიამოვნო შეგრძნება ეუფლება. ეს კი იმაზე მოწმობს, რომ მთქნარება ხელს უწყობს ემოციური სტრესის მოხსნასაც. საღამოს კი, დატვირთული დღის შემდეგ, ორგანიზმი მთქნარებით ცდილობს განტვირთვას და მშვიდი ძილისთვის ემზადება.

 

ისრაელში, ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, სულ მალე, ადრეული ინფარქტის დიაგნოსტიკის ახალ მეთოდიკას შეიმუშავებენ. დიაგნოზის დასასმელად, ოჯახის ექიმს პაციენტის თმის ერთი ღერი დასჭირდება. მედიკოსებისთვის ცნობილია, რომ ინფარქტამდე და საერთოდ, გულის დაავადებამდე, შესაძლოა, დაგროვილმა სტრესმა მიგვიყვანოს, მაგრამ ყოველი ადამიანი სხვადასხვაგვარად რეაგირებს პრობლემებზე ოჯახსა თუ სამსახურში. შესაბამისად, სპეციალისტები ვერ ახერხებდნენ, „სტრესის“ დონის გაზომვის ზუსტი მეთოდი ეპოვათ და ვერც იმას იგებდნენ, როდის აღწევდა ის „წითელ ზღვარს“. ებრაელმა ექიმებმა, კანადელი კოლეგების მიერ დამუშავებული მეთოდიკა გამოიყენეს და გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ კორტიზონის დონე 150 პაციენტის თმაში, რომელთაც გულის პრობლემები ჰქონდათ და გაერკვიათ, როგორც იცვლება ამ „სტრესის ჰორმონის“ დონე ორგანიზმში. ვინაიდან თმა თავზე თვეში ერთი სანტიმეტრის სიჩქარით იზრდება, პაციენტების ორი ჯგუფისგან თმის 3 სანტიმეტრის სიგრძის ნიმუშები აიღეს. პირველ ჯგუფში ის ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო მოხვდნენ, მეორეში - თერაპიული განყოფილების პაციენტები. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ პირველი ჯგუფის პაციენტებში,  კორტიზონის დონე რამდენჯერმე აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. კარდიოლოგები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ კვლევების წინასწარ შედეგებზეა ლაპარაკი, რომელიც კიდევ უნდა შემოწმდეს. ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე, ისრაელის კლინიკების ასობით პაციენტი მიიღებს მონაწილეობას. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ძალიან მალე, მედიკოსები სტრესის დონეს მარტივი ანალიზის საშუალებით განსაზღვრავენ და საშუალება მიეცემათ, დროულად დაიწყოს მოსალოდნელი ინფარქტის პროფილაქტიკური მკურნალობა.

ჩინეთის ერთ-ერთი სამედიცინო უნივერსიტეტის სწავლულებმა, კბილებისთვის დამცავი საფარი შექმნეს, რომელიც კარიესის წარმოქმნას უშლის ხელს. სპეციალისტებმა იმ ანტიმიკრობული პეპტიდის H5 მოდიფიცირება შეძლეს, რომელსაც ადამიანის ნერწყვი შეიცავს. პეპტიდური ლაქი კბილებზე დამცავ ფენას ქმნის და მას კარიესის წარმომშობი ბაქტერიებისგან იცავს. მკვლევართა თქმით, ნივთიერება აღწევს კბილის ემალში და მის აღდგენასაც კი ახერხებს - კალციუმის იონების მეტად მიზიდვით. სწავლულებმა ლაქი ფესვიან კბილებზეც გამოსცადეს. ტესტებმა აჩვენა, რომ პეპტიდის გაუმჯობესებული ვერსია, კბილებზე დიდი ხნის განმავლობაში ქმნის ანტიმიკრობულ ფენას და მას დემინერალიზაციისგან იცავს. მკვლევართა თქმით, პეპტიდური ლაქი არ კურნავს უკვე არსებულ კარიესს, მაგრამ ახლის წარმოქმნას უშლის ხელს.