საქართველოში, ბოლო პერიოდში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების რვა შემთხვევა დადასტურდა. შემთხვევები ძირითადად სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში აღირიცხა. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოშიც ყოველწლიურად ფიქსირდება.
თუკი საქართველოში ყირიმ-კონგოს გავრცელების სტატისტიკას ჩავხედავთ, მარტივად შევამჩნევთ ყოველწლიური შემთხვევების მზარდ მაჩვენებელს.
2015-2021 წლებში, ინფიცირების მაჩვენებელი 5-დან 24 შემთხვევამდე მერყეობდა, მაშინ, როდესაც 2022 წელს, საქარველოში, ყირიმ-კონგოს 47 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 3 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა 2009 წელს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განსაკუთრებით მძიმე ინფექციების ჯგუფს განეკუთვნება და ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 10-40%-ია.
ინფექცია ძირითადად ვრცელდება იმ შინაური და გარეული ცხოველების გზით, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ. მათ შორის, თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვა. ცხოველებში ინფექცია ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ადამიანები ყირიმ-კონგოს ინფექციით ავადდებიან ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს).
ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას.
თუმცა, ადამიანების უმეტესობა, 80-90%, ყირიმ-კონგოს ინფექციით ინფიცირდება ტკიპის ნაკბენით. ტკიპები ვირუსის რეზერვუარებიც არიან და გადამტანებიც.
ინფიცირების რისკი მატულობს ზაფხულის დადგომასთან ერთად. შემთხვევები ხშირდება ივნის-სექტემბერში და უკავშირდება გადამტანის, ტკიპი Hyalomma-ს გააქტიურებას.
ყირიმ-კონგოს რისკ-ჯგუფები და რეკომენდაციები
რისკის ჯგუფში შედიან სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოებზე დასაქმებულები, ვეტერინარები, სამხედროები, მოგზაურები (ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემურ რეგიონებში), განსაკუთრებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ ცხოველთა სადგომებს, მინდვრებს, უტარდებოდეს სისტემატური დეზინფექცია.
ცხოველებთან კონტაქტის დროს, ადამიანს უნდა ეცვას სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, რომელიც უნდა მუშავდებოდეს მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
სასაკლაოებზე, სადაც დაავადება დაფიქსირდება და მის ახლო რეგიონებში, საჭიროა მიღებულ იქნას ზომები, რათა ცხოველის დაკვლამდე 14 დღის განმავლობაში ისინი მოთავსდნენ ტკიპებისგან თავისუფალ საკარანტინო პუნქტებში.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არა მხოლოდ ყირიმ-კონგოს თავიდან ასაცილებლად, არამედ სხვა მსგავსი მძიმე ინფექციების პრევენციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უმ ხორცთან შეხებისას უსაფრთხოების წესების დაცვა.
უსაფრთხოების წესების დაცვა კი ეხება არა მხოლოდ მესაქონლეებს, ცხოველთა სასაკლაოებზე დასაქმებულებსა და ვეტერინარებს, არამედ ყველას, ვისაც უმი ხორცის დამუშავება უწევს, მათ შორის, საკვებ ობიექტებში დასაქმებულებს, დიასახლისებს და ა.შ.
„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, როდესაც ხორცს ვყიდულობთ, ის ჩვენამდე ყოველმხრივ შემოწმებული უნდა მოვიდეს, ამის აბსოლუტური გარანტიები, არ არსებობს, ამიტომ უნივერსალური წესია და ჩვენც, ინფექციონისტები, ყოველთვის ვიძლევით ამ რეკომენდაციას, რომ ხორცი, გინდ რიგით სამზარეულოში და გინდ სასაკლაოზე, აუცილებლად ხელთათმანით დამუშავდეს. ყირიმ-კონგო იშვიათი დაავადებაა, მაგრამ უმ ხორცთან კონტაქტით სხვა არაერთი მძიმე ინფექციაც ვრცელდება“.
მაია ბუწაშვილის თქმით, თერმულად დამუშავებული ხორცის მიღებით ყირიმ-კონგოს ცხელებით დაინფიცირება არ ხდება.
როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან?
რაკი უკვე ვთქვით, რომ ადამიანების უმეტესობა, 80-90%, ყირიმ-კონგოს ინფექციით ინფიცირდება ტკიპასთან კონტაქტით, ეს იმას ნიშნავს, რომ ტკიპების გააქტიურების პერიოდში, თბილი ამინდების დადგომისთანავე, მაქსიმალური ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული ამ პარაზიტებზე.
მანანა მურუსიძე, სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის, ექიმი პარაზიტოლოგი, რადიო თავისუფლებასთან იმ რამდენიმე აუცილებლად შესასრულებელ პირობაზე საუბრობს, რომელიც ტკიპებთან კონტაქტის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.
პირველ რიგში, ტკიპებისგან შესაძლოა დაგვიცვას სწორად შერჩეულმა ტანსაცმელმა:
„სითბოს დადგომასთან ერთად, მოსახლეობას უფრო მეტი კონტაქტი უწევს ბუნებასთან. ამიტომ, როდესაც ასეთ სივრცეში ვხვდებით, აუცილებელია, რომ ჩავიცვათ ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი და ვეცადოთ, რომ კიდურები გვქონდეს დაფარული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტკიპა, რომელიც ადამიანის სხეულზე აღმოჩნდება, გარკვეული ხანი არ მაგრდება ხორთუმით და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ როგორც კი დავბრუნდებით ბუნებიდან, მაშინვე გავიხადოთ ტანსაცმელი და კარგად შევიმოწმოთ სხეული“.
თუკი ტკიპა მაინც აღმოჩნდება სხეულზე, მაშინ აუცილებელია მისი უსაფრთხოდ მოცილება.
ტკიპის უსაფრთხოდ მოსაშორებლად უნდა დავივიწყოთ ე.წ. ხალხური მეთოდები, მათ შორის, როგორიცაა ტკიპას ზეთით, ფრჩხილის ლაქით, ან ტკიპაზე ანთებული ასანთის დადებით მოცილება:
„ტკიპის მოშორება სახლის პირობებში შესაძლებელია მოხრილი პინცეტის საშუალებით. ტკიპა უნდა მოვატრიალოთ საათის ისრის მიმართულებით და ისე ამოვიღოთ. აუცილებელია, რომ ტკიპის მოცილებისას დავაკვირდეთ, ხომ არ ჩარჩა სხეულში ტკიპის თავი, რადგან მას ანთებითი პროცესის გამოწვევა შეუძლია“, - გვეუბნება მანანა მურუსიძე.
იმისათვის, რომ ტკიპა არ მოხვდეს სახლში, კარგია თუკი ფანჯრები ბადეებით იქნება დაცული, ხოლო ცხოველები, პერიოდულად დამუშავდებიან ანტიპარაზიტული საშუალებებით.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ტკიპა ჯდება კოჭის მიდამოში, ამიტომ მისი თქმით, ბუნებაში გასვლისას მნიშვნელოვანია, სწორად შერჩეული ფეხსაცმელი:
„ზაფხულში, ღია ფეხსაცმლით ბუნებაში გასვლა არ არის რეკომენდებული. აუცილებელია დახურული ფეხსაცმელი, სასურველია, რომ წინდაც ეცვას ადამიანს, რადგან, როდესაც პაციენტები მოგვმართავენ, ყველაზე ხშირად ტკიპები სწორედ კოჭ-წვივ-სახსართან არიან ხოლმე ჩამსხდრები. ამას თუ გავითვალისწინებთ, ასევე დავიცავთ თავს ბორელიოზისგან, იგივე ლაიმის დაავადებისგან, რომელიც მუდმივი პრობლემაა. ამიტომ დახურული ფეხსაცმელი და წინდა, ერთ-ერთი მთავარია, რადგან ბალახთან პირდაპირ კონტაქტს ვიცილებთ. გარდა ამისა, მშობლებს ყოველთვის ვურჩევთ, რომ ბუნებასთან კონტაქტის შემდეგ, მათ ყურადღებით დაათვალიერონ შვილების სხეული. ბავშვები თავად, დამოუკიდებლად, ვერ ახერხებენ ამა თუ იმ მწერის იდენტიფიცირებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ყირიმ-კონგოს ცხელებაზე. ტკიპები სხვა არაერთი საყურადღებო დაავადების გადამტანები არიან“.
რა დრო სჭირდება ტკიპას, რომ დააინფიციროს ადამიანი? - ამ კითხვაზე მაია ბუწაშვილი გვპასუხობს, რომ დასნებოვნების რისკი ტკიპასთან პირველივე კონტაქტიდან არსებობს, თუმცა, მისი თქმით, რაც მეტია ექსპოზიციის ხანგრძლივობა, რისკიც იზრდება: „ამიტომ, რაც მალე ამოვიღებთ ტკიპას სხეულიდან, მით უკეთესი“.
როგორ შევიტყოთ, ტკიპა, რომელთანაც შეხება გვქონდა, იყო თუ არა ინფექციის მატარებელი?
ტკიპების შესწავლა ხდება ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში. თუმცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, „ტკიპების შესწავლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის საეჭვო კერიდანაა ამოღებული“.
როგორ ამოვიცნოთ ყირიმ-კონგო?
ამ ინფექციის საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფიცირების გზაზე. თუკი ადამიანი ინფიცირდება ტკიპის კბენის შედეგად, საინკუბაციო პერიოდი, როგორც წესი, გრძელდება ერთიდან სამ დღემდე, მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 9 დღეს.
საინკუბაციო პერიოდი დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტის შემდეგ გრძელდება ხუთ-ექვს დღეს, დოკუმენტურად დაფიქსირებული მაქსიმალური პერიოდი — 13 დღეა.
რაც შეეხება სიმპტომებს, ის იწყება მაღალი ტემპერატურით, კუნთების ტკივილით, თავბრუსხვევით, კისრის, ზურგის ან წელის ტკივილით, თავის ტკივილით, თვალების ანთებითა და რიგ შემთხვევაში, ფოტოფობიით, ანუ სინათლის შიშით. შესაძლოა, ინფიცირებულს აღენიშნებოდეს გულისრევა, მუცლისა და ყელის ტკივილი, არეული ცნობიერება.
ყირიმ-კონგოს კლინიკურ ნიშნებს შორისაა გახშირებულ გულისცემას, ლიმფური კვანძების გადიდება, კანში სისხლჩაქცევებით გამოწვეულ გამონაყარი.
გამოჯანმრთელების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მან შეიძლება გასტანოს ერთი თვიდან 1-2 წლამდე.
ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინა ადამიანებსა და ცხოველებში გამოსაყენებლად არ არსებობს.
წყარო: რადიო თავისუფლება
პანიკური შეტევა არის შიშისა და შფოთვის განცდა, რომელიც ადამიანს უეცრად ეუფლება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა სიმპტომები აქვს და როგორ გავუმკლავდეთ მას. „ვერსია“ ფსიქოლოგ ნატო მგალობლიშვილს დაუკავშირდა.
- პანიკური შეტევები სხვადასხვა ორგანულ დაავადებებში ეშლებათ. მისი სიმპტომებია გულის აჩქარება, ხელების გაოფლიანება, კანკალი და სხვა რეაქციები, რომლებიც ჰგავს ორგანულ დაავადებებს, მაგრამ როცა ადამიანი მიდის ექიმთან აღმოაჩენს, რომ არ აქვს პრობლემა, რადგან სინამდვილეში სირთულე ფსიქოლოგიურია.
- რა იწვევს პანიკურ შეტევებს?
- მიზეზი იმდენი შეიძლება იყოს, რამდენი ადამიანიც არსებობს. მნიშვნელოვანია, ბავშვობის ტრავმები, რადგან ხშირად შეტევა იწყება ჩვეულებრივ გარემოში და არა სტრესული სიტუაციის შემდეგ. ამის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ამბავმა, რომელიც ვერ გადახარშა ადამიანის გონებამ და რაღაც დროის შემდეგ არასწორ ადგილას აფეთქდა.
- ძირითადად, რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს პირველი სიმპტომები?
- შეიძლება, თინეიჯერობის პერიოდშიც იყოს და შემდეგაც. პირველი სირთულე არის ის, რომ ხანდახან ადამიანებს უჭირთ სახელის დარქმევა. ჩემს გამოცდილებაში არ მქონია 12 წლის ქვემოთ შემთხვევა.
- დაახლოებით რამდენ ხანს შეიძლება გრძელდებოდეს შეტევა?
- შეიძლება იყოს წამები, ან 15-20 წუთი. იმდენად რთული პერიოდი აქვს ამ დროს ადამიანს და იმხელა სტრესის ქვეშ არის, რომ შეუძლებელია საათობით გრძელდებოდეს.
- რა სიხშირით შეიძლება, რომ ადამიანს პანიკური შეტევა დაემართოს და შეიძლება თუ არა, განმეორდეს დღეში რამდენჯერმე?
- შესაძლებელია, გააჩნია ადამიანის მდგომარეობას და იმას, თუ რა ახდენს ამის პროვოცირებას. შეიძლება თვეში ერთხელ იყოს, წელიწადში ორჯერ, ან დღეში რამდენჯერმე. ინდივიდუალურია.
- ექვემდებარება თუ არა მკურნალობას, ან რა მეთოდით მკურნალობენ?
- მკურნალობა შესაძლებელია ორი გზით. პირველი და უმნიშვნელოვანესია ფსიქოთერაპია, რადგან ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და არა ორგანული. ასევე, შეიძლება ადამიანს დასჭირდეს მედიკამენტები, რომელიც მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა და დამხმარე საშუალებაა. თუმცა ესეც ინდივიდუალურია.
- როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს, პანიკური შეტევის დროს?
- პანიკური შეტევის მართვის რამდენიმე ტექნიკა არსებობს. პირველი და ძალიან ეფექტურია, გააკეთებინოთ სუნთქვითი ვარჯიშები. პირით 4 წამიანი ჩასუნთქვა, 4 წამიანი ამოსუნთქვა. შეგიძლიათ, ყინულიან წყალში ხელები ჩააწყობინოთ. ეს აბრუნებს სისხლ-ძარღვებს ნორმაში და აადვილებს ადამიანის მდგომარეობიდან გამოსვლას. თუმცა ესეც ინდივიდუალურია - ზოგთან ერთი ტექნიკა უფრო მეტად მუშაობს, ზოგთან - ნაკლებად.
მიუხედავად იმისა, რომ პანიკური შეტევა ყველასთვის უარყოფით მოვლენად ასოცირდება, მას აქვს თავისი დადებითი მხარეც, რაც ფსიქოლოგმა ამგავრად განმარტა: „შეტევა ჰგავს სიცხეს, რომელიც სიგნალია ჩვენთვის. ორგანიზმს შეუძლია გველაპარაკოს პანიკური შეტევით. ესაა საშუალება, რითიც ვიგებთ, რომ ფსიქიკას დახმარება სჭირდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პანიკური შეტევა პრობლემა არ არის. პრობლემაა ის, რაც ამას იწვევს. შეტევა სიმპტომია და უნდა მოაგვარო მისი გამომწვევი მიზეზი, რაც შეიძლება მოგვიანებით ფობიებსა და დეზორიენტაციაში გადაიზარდოს.“
ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი
ახლოს ვართ მზის მომდევნო მაქსიმუმთან, რომელიც 2025 წელს დაიწყება.
მზის მაქსიმუმი წარმოადგენს მზის აქტივობის პიკს, როდესაც ჩვენი მზის მაგნიტური ველი თავის უძლიერეს, ყველაზე მოუწესრიგებელ და დინამიკურ წერტილს აღწევს.
მზის ასეთმა გაზრდილმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ექსტრემალური კოსმოსური ამინდი, მათ შორის, მზის ანთებები და ამოფრქვევები. ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს რადიოკომუნიკაციებს და ელექტროსისტემებს, სერიოზული ზიანი მიაყენოს ასტრონავტთა ჯანმრთელობას.
საფრთხეს უპირველესად წარმოადგენს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურისთვის. ინდივიდუალურ დონეზე, ადამიანები მზის მაქსიმუმის ეფექტებს პირდაპირ თითქმის ვერ ხედავენ.
მზის შემდეგი მაქსიმუმი სავარაუდოდ წინაზე ძლიერი იქნება
როგორც წესი, მზის ციკლი 11 წელიწადს გრძელდება და მზის მაქსიმუმი ყოველი ციკლის სადღაც შუაში დგება.
მზის ბოლო მაქსიმუმი 2012-2014 წლებში იდგა და განსაკუთრებით სუსტი იყო, ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბოლო ასი წლის განმავლობაში. შედეგად, კოსმოსური ამინდიც საკმაოდ მშვიდი იყო.თუმცა, მომავალი მზის მაქსიმუმი, სავარაუდოდ, საშუალო სიმძლავრის იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავლენა ექნება კოსმოსურ ამინდზე და ექნება გარკვეული შედეგებიც.
რას ნიშნავს მზის მაქსიმუმი დედამიწისთვის
მზის აქტივობას განაპირობებს მასში პლაზმის მკვეთრი მოძრაობები, რაც წარმოქმნის და ცვლის მზის მაგნიტურ ველს.
მზის მაგნიტური ველი სიძლიერის პიკს მზის მაქსიმუმისას აღწევს და წარმოქმნის საკმაოდ ბევრ მზის ანთებას და კორონული მასის ამოფრქვევას.
მზის ანთებები შედგება მაღალენერგიული ფოტონების, მაგალითად, რენტგენული სხივებისგან, რაც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში იონიზაციას ზრდის და ხელს უშლის რადიოკომუნიკაციებს.მეორე მხრივ, კორონული მასის ამოფრქვევები წარმოადგენს მზის მაგნიტური ველისა და მატერიის ამოფრქვევას, რაც გეომაგნიტურ შტორმებს წარმოქმნის. ისინი დედამიწის მაგნიტურ ველს არყევს, რამაც შეიძლება დააზიანოს ელექტრომომარაგების სისტემები.
მზის მაქსიმუმისას დედამიწისკენ ასევე უფრო მეტად მოდის მაღალენერგიულ ნაწილაკთა ჭავლები, რომლებიც მზის მაქსიმუმში დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი წარმოიქმნება, ვიდრე მინიმუმში.
გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ ანთებათა ნაწილაკები რადიაციაა, დიდ რისკს წარმოადგენს ასტრონავტთა და მაღალ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავთა ეკიპაჟის წევრთა ჯანმრთელობისათვის. ასევე შეიძლება გამოიწვიოს კოსმოსური ტექნიკის დაზიანება და თანამგზავრთა დაკარგვა.
ეფექტთა უმეტესობას ჩვენ ვერც კი შევნიშნავთ
მზის მაქსიმუმის ბევრი ეფექტი ხანმოკლეა, რაც ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს კოსმოსური ამინდის შესწავლაში.
მაგალითად, ხშირად ძნელია, ელექტროსისტემაში არსებული პრობლემა კოსმოსურ ამინდ დაუკავშირო — იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მიზეზი სწორედ კოსმოსური ამინდია.
ერთ-ერთი კონკრეტული ეფექტი, რომლის გადაჭრით პროგნოზირებაც შესაძლებელია, არის პოლარული ციალი, იგივე ჩრდილოეთის და სამხრეთის ციალი, რომელიც მზის მაქსიმუმის დროს უფრო ხშირად ხდება და საკმაოდ მძლავრადაც.
მზის მაქსიმუმის დროს, მზის უფრო მეტი ნაწილაკი ურთიერთქმედებს დედამიწის ატმოსფეროს მოლეკულებთან და წარმოქმნის კაშკაშა პოლარულ ციალს, რომელიც საკმაოდ შორს, დაბალ განედებამდე აღწევს.
ტექნოლოგიებზე და კოსმოსზე ჩვენი დამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება, რაც კოსმოსურ ამინდს უფრო დიდ რისკად აქცევს.
საფრთხე, რომელსაც მზის მაქსიმუმი ელექტროსისტემას უქმნის, ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, მაგრამ ყველაფერი მაინც ალბათობაზეა. ძლიერი მზის ციკლი ექსტრემალური კოსმოსური ამინდის უბრალოდ დიდ ალბათობას ნიშნავს და სულაც არ არის მისი გარანტია.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.
საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილოების მოწყობა.
ამილახვარის თქმით, ეს აუცილებელია, რათა ბავშვები უზრუნველყოფილი იყვნენ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით.
„„იუნისეფის“კვლევაში ბევრი პოზიტიური ფაქტორია გამახვილებული. მაგალითად ის, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტამდე კმაყოფილია სკოლამდელი განათლებით, 80 პროცენტამდე კმაყოფილია ზოგადი განათლების მიღწევებით. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ, ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის არის სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. რას ვაკეთებთ ჩვენ – ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა- რეაბილიტაცია დაპროექტებულია ორი-სამი წლის განმავლობაში. ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა, ანუ სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით. პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე, კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, როგორ შეგვიძლია, სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შეცვალა რუსეთის როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ვექტორი, ასევე განათლების სისტემაც. რუსეთს მოუწია ბოლონიის პროცესიდან გასვლა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, უთუოდ იქონიებს გავლენას უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხზე, სტრუქტურასა და ხელმისაწვდომობაზე.
ამავე დროს, რუსეთის აღმოსავლეთისაკენ მასშტაბური მიბრუნების ფონზე უმაღლეს სასწავლებლებშიც გაძლიერდა ჩინური ენის სწავლების კომპონენტი. ეს ევროპული ენების ხარჯზე, რამაც სტუდენტთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყანა გადის ბოლონიის პროცესიდან - ევროპული სისტემიდან, რომელიც ახდენს უმაღლესი განათლების სტანდარტიზებასა და განვითარებას.
2023 წლის თებერვლის ბოლოს ამაზე ილაპარაკა ვლადიმირ პუტინმაც ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვაში.
წავიდა თუ გაუშვეს?
ბოლონიის პროცესი, რომელშიც ევროპის 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც, განათლების სისტემების დაახლოებასა და ჰარმონიზაციას და უმაღლესი სასწავლებლებისთვის ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას ისახავს მიზანდ. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის გარდა, ეს პროცესი ემსახურება ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაძლიერებას, ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
რუსეთი ბოლონიის პროცესს 2003 წელს შეუერთდა.
2022 წლის მაისის ბოლოს რუსეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ვალერი ფალკოვმა განაცხადა, რომ ბოლონიის პროცესი რუსეთისთვის „განვლილი ეტაპია“. ფალკოვამდე ევროპის უნივერსიტეტებთან კავშირის გაწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვიქტორ სადოვნიჩი, თუმცა მალევე რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილემ დმიტრი აფანასიევმა დააზუსტა, რომ რუსეთი და ბელარუსი ბოლონიის პროცესის საერთაშორისო სტრუქტურებიდან ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში გაირიცხნენ.
„ქაოსის ოთხი გარდამავალი წელი“
2023 წლით თებერვალში ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ბევრი ილაპარაკა რუსეთის ტრადიციული უმაღლესი განათლების საბაზისო სწავლების უპირატესობაზე.
რუსეთის განათლების სამინისტროს განცხადებებიდან გამომდინარეობს, რომ ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება: სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში, სწავლას ძველი სისტემით დაასრულებენ. დროთა განმავლობაში კი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ჩაანაცვლებს ცნობილი „სპეციალიტეტი“ - საბჭოთა რუსეთსა და სსრკ-ში მიღებული უმაღლესი განათლების ხუთწლიანი სქემა.
სპეციალისტები შენიშნავენ, რომ ცვლილება ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება. „წლების განმავლობაში შენარჩუნდება შერეული სისტემა, რომელშიც სპეციალიტეტთან ერთად იარსებებენ ბაკალავრიატიები და მაგისტრატურები. ასე იყო 20 წლის წინაც, როცა რუსეთი მიუერთდა ბოლონიის პროცესს, ოღონდ ახლა მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით წარიმართება - სპეციალიტეტები თანდათან ჩაანაცვლებენ ბოლონიის სისტემის საფეხურებს. ასეთი ზომები უთუოდ გამოიწვევს ქაოსს“, - ამბობს ვასილი ჟარკოვი, ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
რადიო თავისუფლების თანამოსაუბრე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამბობს, რომ რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემას წინ ელის „ქაოსის ოთხი გარდამავალი წელი“, თუმცა, მისი ვარაუდით, კატასტროფა არ მოხდება, რადგან რუსეთში უმაღლესი განათლების სისტემა მიჩვეულია ცვლილებებს.
„სტუდენტებისთვის უარესი იქნება, რადგან დაკარგავენ განათლების ტრაექტორიის უფასოდ შეცვლის შესაძლებლობას. პროვინციაში მდებარე უნივერსიტეტები იხეირებენ, რადგან სტუდენტებს აღარ მიიზიდავენ დიდი უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამები. სრულფასოვნად ბოლონიის სისტემას რუსეთში არც უმუშავია: რუსული დიპლომების პრესტიჟი ბოლონიის პროცესში მონაწილეობით დიდად არ გაზრდილა“, - ამბობს ის.
„ბაკალავრიატი პლუს სამაგისტრო“ სისტემა (ჩვეულებრივ, 4- და 2-წლიანი) უმტკივნეულოდ ვერ შეიფუთება ხუთწლიან სპეციალიტეტად, - მიიჩნევს რადიო თავისუფლების კიდევ ერთი რესპონდენტი.
„ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში იყო ასეთი სამაგისტრო პროგრამა: „მომავლის ქალაქების დაპროექტება“, რომელშიც ლექციებს ვკითხულობდი. პროგრამა უკვე დახურულია, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ის მუშაობს. ჩემი იდეა მარტივია: ქალაქი არ არის ინფრასტრუქტურა, ქალაქი ხალხია. პროგრამა არ ეფუძნებოდა რაიმე კონკრეტულ ბაკალავრიატს. ვასწავლიდი როგორც არქიტექტორებს, ასევე მუნიციპალური ადმინისტრირების სპეციალისტებს, მყავდა უცხოელი სტუდენტებიც, ორი და სამი წლის წინანდელი ბაკალავრებიც“, - ამბობს ის.
არა უბრალოდ წლები
ბოლონიის პროცესიდან დისტანცირების შემდეგ, რუსეთს სხვა საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების შანსი არ აქვს, - ამბობს ანდრონიკ არუთიუნოვი, რუსეთის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი.
არუთიუნოვის თქმით, „ამერიკაში სისტემა ფორმალურად განსხვავებულია, მაგრამ არსებითად თავსებადია ბოლონიის სისტემასთან. ყველაზე „ბოლონიზებული“ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ყაზახეთია. ინდოეთის უნივერსიტეტები, რომლებიც დაარსებულია ბრიტანეთში მცხოვრები ემიგრანტების მიერ, ევროპული უნივერსიტეტებისკენ არიან მიდრეკილნი. ინდოეთში, ისევე როგორც ევროპაში, არსებობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ჩინური საგანმანათლებლო სისტემაც მიდრეკილია ამერიკულისკენ, დიდი რაოდენობით ჩინელი სტუდენტი სწავლობს აშშ-ში. ერთი სიტყვით, არ არსებობს ალტერნატიული აკადემიური სივრცე, რომელსაც შეიძლება მიუერთდეს რუსული უმაღლესი განათლების სისტემა“,
არუთიუნოვი ხაზს უსვამს, რომ რუსი სტუდენტებისთვის დასავლეთის უნივერსიტეტებში შესვლის შესაძლებლობა ჯერ ისევ რჩება. შესაძლოა მათ მოსთხოვონ ისეთ ქაღალდზე ხელის მოწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ომის წინააღმდეგი არიან.
„ბოლონიის პროცესი მხოლოდ 4+2 სისტემა არ არის, რაზეც "ფსევდოპატრიოტები" საუბრობენ. ბოლონიის პროცესი - ეს მულტიფაქტორული ამბავია: სამეცნიერო წოდებების ურთიერთაღიარება, უნივერსიტეტებს შორის კურსების ურთიერთჩათვლა. საერთო კრებების გამართვა, ერთიანი აკადემიური სივრცის ფორმირება. ის, რაც წერია ერთი ქვეყნის განათლების დოკუმენტებში, აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული სხვა ქვეყნების ანალოგიურ დოკუმენტებთან. ბოლონიის სისტემა - ეს არის უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ამბავი. საუბარია იმაზე, რომ უნივერსიტეტი არა მხოლოდ ის ადგილია, სადაც სწავლობენ, არამედ სადაც მეცნიერებაც იქმნება. რომ უნივერსიტეტი გარკვეულ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. იგულისხმება აკადემიური თავისუფლება, გახსნილობა, ცენზურის არდაშვება, ჰუმანიზმი, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა“, - განმარტავს არუთიუნოვი, რომელიც ასე ასკვნის:
„პუტინისა და ფალკოვის სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათ სურთ მაგისტრატურაში სწავლა ფასიანი გახადონ. ისინი ამბობენ, რომ ბაკალავრიატი არის უმაღლესი განათლების სრულფასოვანი სისტემა და მას უნდა დაეყრდნონ. პარალელურად საუბრობენ, რომ მაგისტრატურა ან შემცირდება, ან ფასიანი გახდება“.
ფიზიკოსების ამბოხი
მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის (МФТИ) სტუდენტებმა გააპროტესტეს ჩინური ენის, როგორც მეორე სავალდებულო ენის შემოღება და ევროპული ენების (ფრანგულის, გერმანულის, ესპანურის) სწავლის შესაძლებლობის გაუქმება. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რუსეთის სხვა უნივერსიტეტებში მსგავსი პრაქტიკა ჯერ არ დანერგილა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, თვალშისაცემად გაიზარდა რუსეთის შრომის ბაზარზე ჩინური ენის ცოდნაზე მოთხოვნა.
მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში მომდევნო სასწავლო წლიდან სტუდენტებს ორი სავალდებულო უცხო ენის შესწავლა მოუწევთ: ინგლისურის და ჩინურის. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ბევრი სტუდენტის გულისწყრომა, რომელმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც გაჟონა.
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების პროფკავშირის კომიტეტმა გამოკითხა სტუდენტები, მხარს უჭერენ თუ არა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.
„ახლა განვითარების გლობალური ვექტორი აღმოსავლეთისკენაა მიმართული, მაგრამ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის თვალსაზრისით, ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი მრავალი სხვა უნივერსიტეტისგან განსხვავდება თავისი მოქნილობით. ამიტომ, როცა სტუდენტებს მეორე სავალდებულო ენად ჩინურს გვაძალებენ, რბილად რომ ვთქვათ, არ მოგვწონს“, - განუცხადა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ინსტიტუტის სტუდენტთა პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ისმაგილოვმა.
ისმაგილოვი ამბობს, რომ სტუდენტების უმეტესობა უკმაყოფილოა სიახლით. სტუდენტები აგროვებენ ხელმოწერებს და მოითხოვენ სავალდებულო ჩინურის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვას.
ორი საათი ინგლისური, ორი საათი ჩინური
2023 წლამდე მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში ინგლისური იყო სავალდებულო პირველი უცხო ენა. თუმცა სასწავლებლის პროგრამა, სურვილის შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებდა მეორე უცხო ენის სწავლებასაც, ენებად კი შერჩეული იყო გერმანული, ფრანგული, ესპანური და ჩინური.
„მეორე ენის არჩევის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ადრე, ინგლისური ენის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, მეოთხე კურსზე ინგლისურის ნაცვლად მეორე ენის აღება იყო შესაძლებელი. ახლა საუბარია იმაზე, რომ მესამე კურსიდან სტუდენტების დაახლოებით ნახევარი ერთდროულად ისწავლის როგორც ჩინურს, ასევე ინგლისურს. კვირაში იქნება ორი საათი ჩინური და ორი საათი ინგლისური. ჩინური ენა თავისთავად რთულია, ასეთი დაბალი ინტენსივობით კი ორ წელიწადში ვერაფრით ისწავლი“, - ამბობს ალექსანდრ ისმაგილოვი.
ახლაც, თუ სტუდენტმა კარგად იცის ინგლისური, მას შეუძლია ოთხი წლის განმავლობაში ისწავლოს ჩინური ენა: კვირაში ოთხი საათი. სასწავლებლის უცხო ენების დეპარტამენტი რეგულარულად ატარებს ჩინეთთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, იქნება ეს ჩინურენოვანი კლუბის გახსნა, ჩინური ჩაის საღამოების ორგანიზება თუ ჩინური კინოს ჩვენება.
ისმაგილოვის თქმით, სტუდენტებს არც ის მოსწონთ, რომ ჩინურ ენას აძალებენ და არც ის, რომ სხვა ენების შესწავლის შესაძლებლობას უზღუდავენ.
უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ სტუდენტებს ჯერ არ ესმით, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობაში ხდება გლობალური ცვლილებები, მათ შორის ჩინურ ენაზე გადასვლის სახითაც. უმაღლესი სასწავლებლის პრესსამსახურმა კომენტარი გააკეთა გამოცემა „ვედომოსტისთან“: „სწორედაც რომ ჩინურ ენაზეა დაწერილი ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ძირითად მიმართულებებში სამეცნიერო სტატიის 27%, მკვლევრების პროგნოზით, 2030 წლისთვის ტექნიკური და საინჟინრო დოკუმენტაციის 50% გამოქვეყნდება ჩვენი აღმოსავლელი მეზობლის ენაზე. ჩინური ენის სწავლებისას ჩვენ, პირველ რიგში, ორიენტირებული ვართ ტექნიკური თარგმანის დაუფლებაზე“.
სასწავლებლის პრესსამსახურში ასევე ამბობენ, რომ მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებს ჩინურ ენას ასწავლის 12 მასწავლებელი, რომელთაგან რვისთვის ჩინური მშობლიური ენაა.
ჩინურზე მოთხოვნა იზრდება
„კოვიდის დროიდან მოყოლებული, ჩინეთში უამრავი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ამ ღონისძიებებში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად. მოსაწვევები ეგზავნება მკვლევართა ფრთო წრეს. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ასე არ იყო“, - ამბობს რადიო თავისუფლების თანამოსაუბრე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რომლის თქმითაც, ჩინურის სწავლა მეცნიერებისთვის სულაც არ არის უსარგებლო, თუმცა ის ასევე ამბობს, რომ კარგად ესმის სტუდენტებისაც, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ იძულებითი სწავლების გამო. ჩინეთი მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში, მაგრამ ის ასევეა ავტორიტარული სახელმწიფო, რაც შეიძლება ბევრს აფრთხობს. გარდა ამისა, სი ძინპინთან პუტინის მეგობრობის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის ღალატში ბრალდებულ მეცნიერთა უმეტესობამ, რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ესა თუ ის ინფორმაცია სწორედ ჩინეთს გადასცა. ასე რომ, ჩინელ კოლეგებთან ურთიერთობა ყოველთვის არ არის უსაფრთხო.
გამოცემა „როს-ბიზნეს-კონსალტინგმა“ (РБК) გამოაქვეყნა Superjob-ისა და Headhunter-ის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, წლის განმავლობაში ვაკანსიების რაოდენობა, რომელიც მოითხოვს ჩინურის ცოდნას, გაიზარდა 1,5-2-ჯერ. რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, რუსულ უნივერსიტეტებში ჩინურს ახლა 22 ათასი სტუდენტი სწავლობს, ბევრი უნივერსიტეტი კი აფართოებს მის სწავლების მასშტაბს.
მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტს, რუსეთის არმიისთვის შესრულებული სამუშაოების გამო, სანქციები აქვს დაწესებული.
მომზადებულია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მასალების მიხედვით
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობს ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, ტენორი, საფრანგეთში მოღვაწე დავით სუმბაძეც. ის წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდანაა... დავით სუმბაძე ჯერ თელავის, შემდეგ კი თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა, რის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა. ახლა უკვე წარმატებულ საოპერო მომღერალს, სტუდენტობის პერიოდში უსახსრობის გამო, ბევრი სირთულე შეხვდა, მაგრამ დავითმა ყველაფერი გააკეთა, რათა სწავლა დაესრულებინა. მომღერლის თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან ურთიერთობა და საპატრიარქოში ცხოვრების ათწლიანი პერიოდი საოცრად დაეხმარა ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავებაში.
2008 წელს, კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, თბილისის ოპერის თეატრში ჰქონდა წარმატებული დებიუტი, სადაც მალხაზის პარტია შეასრულა ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში „დაისი“. 2010-2011 წლებში, ორწლიანი სტაჟირება გაიარა ოდესის ოპერის თეატრში, ამის შემდეგ, წარმატებით მოღვაწეობს საფრანგეთში. ის ბორდოს თეატრის ბევრ სპექტაკლში მონაწილეობს და საკმაოდ ხშირად მართავს სოლო კონცერტებსაც. ჩაწერა ორი ალბომი, სადაც შესულია იტალიური, ფრანგული, რუსული და ქართული სიმღერები... 2015-2016 წლებში, რობერტ მასადის საერთაშორისო საოპერო კონკურსის ლაურეატი გახდა. დავით სუმბაძეს ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი - ილია და მარიამი.
„ვერსია“ დავით სუმბაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:
- ბატონო დავით, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ. საიდან დაიწყო წარმატება, როდის აღამოაჩინეთ საკუთარი ნიჭი?
- დაბადებიდან ვმღერი და ის, რომ მომღერალი უნდა გავმხდარიყავი, ჩემმა მშობლებმა იცოდნენ ჩემს დაბადებამდე, მორწმუნე ქალის წინასწარმეტყველებით, რომელმაც მათ აუწყა 1980 წლის 21 სექტემბერს, მარიამობის დღეს, შუამთის მონასტერში, რომ მე უნდა დავბადებულიყავი ერთ წელში და დავიბადე 1981 წლის 21 სექტემბრამდე სამი დღით ადრე - 18 სექტემბერს. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ასეთი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა ანუ გავმხდარიყავი მომღერალი.
- როგორ გაიცანით საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და რა როლი შეასრულა მან თქვენს წარმატებაში?
- პატრიარქთან მოვხვდი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, რომელმაც გამომიწოდა დახმარების ხელი და წლების განმავლობაში, მამობრივად ზრუნავდა ჩემზე. ის იყო ყველაზე ახლო მეგობარი და ამისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
ცხადია, მე რომ დღეს მომღერალი ვარ, მისი დიდი წვლილია და მინდა, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და მრავალჟამიერი.
- საკმაოდ რთული გზა განვლეთ წარმატებამდე... რას ურჩევთ ახალგაზრდებს - როგორ შეძლონ სირთულეების გადალახვა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?
- თუ გაქვს ხმა, მუსიკალური სმენა და მონდომება, ეს ნიშნავს, რომ გაქვს უფლება, დაიწყო არანორმალური შრომა საკუთარ თავზე, რათა აღმოფხვრა ყველა ის ტექნიკური პრობლემა, რაც არსებობს შენში. ვგულისხმობ ვოკალურ პრობლემებს და ცხადია, ყველა დანარჩენ მატერიალურ პრობლემასაც, რაც შეიძლება არსებობდეს შენს ირგვლივ და რამაც შეიძლება, შეგიშალოს ხელი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
- თქვენ ეს პრობლემები გადალახეთ და ახლა საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კონკურსში - „Voice“, გამარჯვების კანდიდატი ხართ. გვიამბეთ საფრანგეთში თქვენი მოღვაწეობის შესახებ...
- 2013 წლის დასაწყისში გავემგზავრე საფრანგეთში და დაახლოებით, ორი წელი მოვანდომე, რომ გამეკეთებინა საბუთები. ბორდოს დიდ თეატრში მქონდა კონტრაქტები, რამაც მომცა ძალიან დიდი ბიძგი, რათა საფრანგეთის ბინადრობის უფლება მომეპოვებინა.
- ბორდოს თეატრში დღემდე მოღვაწეობთ?
- ზოგადად, ევროპულ თეატრებს არ აქვთ ქართული თეატრის მსგავსი ტრადიცია - არ არსებობს მუდმივი კონტრაქტი სოლისტისთვის. თუ უნდა სოლისტს, რომ თეატრში მუდმივი კონტრაქტით იმუშაოს, უნდა წავიდეს გუნდში. მე ბორდოს ოპერაში ჩემი სოლო-პარტიების შესრულების შემდეგ მქონდა შეთავაზება გუნდიდან და ამას, ბუნებრივია, არ დავთანხმდი, რადგან ეს არ იყო ჩემი საქმე.
დეტალებში თუ ჩავალთ, რითი ვირჩენდი თავს? - ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან რაღაცით ხომ უნდა მერჩინა თავი... ამიტომ, გავხსენი მანქანების ბიზნესი, მყავდნენ მანქანის შემკეთებლები და მე ვაგვარებდი ადმინისტრაციულ საკითხებს... ეს ძალიან დამეხმარა, რადგან ვიყავი თავისუფალი, მქონდა ჩემი პატარა ბიზნესი, რომელიც ჩემს ოჯახს არჩენდა და გავიზარდე შემოქმედებითად... გავიზარდე, როგორც მომღერალი და აღმოვფხვერი ყველა პრობლემა, რომელიც იმ პერიოდში მქონდა.
შემდეგ მრავალ „კასტინგზე“ გავედი. იყო წარმატებული და წარუმატებელი „კასტინგებიც“... ჩემი მოღვაწეობა, ძირითადად, შემოიფარგლება კონცერტებით ევროპაში. საკმაოდ ბევრი ჩანაწერი მაქვს იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში...
- როგორც ვიცი, ალბომებიც გამოუშვით...
- დიახ, ორი ალბომი გამოვუშვი. პირველში ანდრეა ბოჩელის რეპერტუარია უფრო მეტად. მეორე ორი თვის წინ ჩავწერე, სადაც მიუზიკლიდან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, სამი სიმღერაა შესული... მქონდა უმნიშვნელივანესი სოლო კონცერტი დეკემბერში. ახლა, ერთი თვის წინ მქონდა კერძო კონცერტი...
ამჟამად, ჩემი აგენტის შეუპოვარი რჩევით, ვმონაწილეობ ფრანგულ „Voice“-ში. ეს კონკურსი უბრალო ადამიანებისთვისაა, მაგრამ აგენტმა მითხრა, მენდეო და მეც მივყევი. გაგზავნა ჩემი კონცერტის ჩანაწერები და ზუსტად ერთ საათში მოგვივიდა დასტური. ამ კონკურსში რეგიონალური წრე გავარღვიე და ველოდები პარიზის ნახევარფინალს, სადაც პირდაპირი მითითება მაქვს, რომ ვარ გამარჯვების კანდიდატი და უნდა ვიმღერო მხოლოდ პოპი და როკ-მუსიკა... გავგზავნე ერთ-ერთი ნამღერი „დაიგვიანეს“ - შეიძლება, ეს შევასრულო პარიზელ ბანებთან ერთად, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან. ველოდები მითითებებს, რომ დაიწყოს მზადება ნახევარფინალისთვის.
- ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება ამ კონკურსში და ზოგადად, თქვენს კარიერაში, რადგან თქვენ, თქვენს კოლეგებთან ერთად, ხართ საქართველოს ხმა ევროპაში და გისურვებთ გამარჯვებას! ეს ჩვენთვის საამაყო იქნება... ბატონო დავით, ახლა სამშობლოში ხართ და 26 მაისს, ფილარმონიაში დაგეგმილ კონცერტშიც ხომ მონაწილეობთ?
- დიახ, ძალიან დიდი პატივია, ვიყო ჩემს სამშობლოში და ვუმღერო ჩემს საქართველოს. ყველაზე ეროვნული კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილი, რომელიც სუმბაძეცაა და ის ბიძაჩემია. მას ორი გვარი აქვს, მაგრამ საზოგადოება იცნობს თუშიშვილად. დიდი პატივია ჩემთვის, რომ მის კონცერტზე, დამოუკიდებლობის დღეს, ვიმღერებ ჩემი ქართველი ერისთვის. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ და ვმღერი ჩემი სამშობლოსთვის.
ავტორი-თათია გოჩაძე
19 მაისიდან გალერეა ,,გამრეკელი მოდერნი“ ორი კვირის განმოვლობაში უმასპინძლებს თიკო ბახტაძის სოლო გამოფენას სახელწოდებით „მაგრამ, მე მხოლოდ ადამიანი ვარ“.
ექსპოზიციაზე გაერთიანებულია 30-დე ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. მას სრული სერია გააზრებული აქვს, როგორც ერთი მთლიანობა და წარმოადგენს პარალელურ, ილუზიურ სამყაროს, რომლის მთავარი იდეური არსი ადამიანია.
სერიის მკვეთრი ფერადოვანი გადაწყვეტა დაძაბულ კომპოზიციაში, რაც მნახველში ერთი შეხედვით დადებით ასოციაციებს იწვევს, ავტორის ცხოვრებისეული წყობის მრავალი მესიჯის მატარებელია, რომელიც მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპზე თანაბარმნიშვნელოვანია და ასევე მთავარი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.
ხელოვნებათმცოდნე ანა რატიაშვილის განმარტებით ,,თიკო ბახტაძის სოლო გამოფენა გალერეა გამრეკელში უკვე მეორედ იმართება. თიკო ბახტაძის მხატვრული სტილი საკმაოდ გამორჩეულია, ნამუშევრები შედგება ფიგურატიული ფორმების და ფერისაგან. თუმცა მხატვრის მთავარი გამომსახველობითი საშუალება არის ფერი, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია და დაძაბული კომპოზიციის მიუხედავად, ფართო მასშტაბის ტილოებზე შემოაქვს ერთგვარი ჰარმონია და ბალანსი, რაც მნახველში დადებით ასოციაციებს იწვევს. ამ ყველაფერს კი ავტორის საოცრად დახვეწილი მხატვრული გემოვნება განსაზღვრავს. თიკო ბახტაძეს მხატვრობას, შემოქმედების ყველა ეტაპზე თან ზდევს ჰუმანურობის იდეა და დაუღალავი მცდელობა, გვიჩვენოს ცხოვრებისათვის თანმდევი მანკიერების მიღმა, არსებული უკეთესი სამყარო“
თინათინ (თიკო) ბახტაძემ 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. დამთავრებისთანავე მუშაობა გააგრძელა ფერწერაში. მისი სტილი განსხვავებულია, მუშაობს სხვადასხვა ტექნიკაში. მისი გაბედული ნახატები აერთიანებს ექსპრესიასა და აბსტრაქციას თავისი უნიკალური სტილით. მისი ინსპირაციის წყარო არის მთელი სამყარო და მათში მცხოვრები ადამიანები რომლებიც მისი ნამუშევრების მთავარი გმირები არიან.
თიკოს არაერთ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.
აღსანიშნავია, რომ მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა 2017 წელს ნიუ იორკის არტ-ექსპოს გამოფენაზე.
თიკო ბახტაძე გამორჩეული ხელწერისთვის 2018 წელს დაჯილდოვდა international award caravaggio great master of art -ის ჯილდოთი.
თიკოს ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.
დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen სიმღერით Tattoo, რომელმაც, ჯამში, 583 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.
აღსანიშნავია, რომ Loreen ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული მეორედ გახდა. მან პირველი გამარჯვება ევროვიზიაზე 2012 წელს მოიპოვა. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა ბელგიას ერგო, რომელიც მეშვიდე ადგილზე გავიდა.
საქართველოს წარმომადგენელი ირუ კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. მომღერალი კონკურსის მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე სიმღერით Echo წარდგა.