საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს; ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში 1 222 ლარით განსაზღვრა. რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვაა. ასევე, ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ცვლილება სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა.
რამდენიმე დღის წინ, უფრო ზუსტად, 8 ნოემბერს, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) წონაში კლების პრეპარატი, Zepbound (tirzepatide) დაამტკიცა. ამერიკული კომპანია Eli Lilly-ს მიერ შექმნილ ინიექციას სიმსუქნის, ჭარბი წონისა და მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენებენ.
უფრო კონკრეტულად, პრეპარატის გამოყენება, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს tirzepatide-ს, რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სიმსუქნისა და ჭარბი წონის დიაგნოზი და მისგან გამოწვეული ისეთი გართულებები, როგორიცაა ჰიპერტენზია, დისლიპიდემია (რაც იწვევს კარდიოვასკულურ დაავადებებს, ინსულტი, ინფარქტი, კორონარული არტერიების დაზიანება და სხვა), მეორე ტიპის დიაბეტი, ძილისმიერი აპნოე.
როგორც პრეპარატის შემქმნელი კომპანიის, Eli Lilly-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, პრეპარატის მიღებასთან ერთად, პაციენტმა უნდა დაიცვას დაბალკალორიული დიეტა და გაზარდოს ფიზიკური აქტივობა. ანუ, მხოლოდ ინიექციის მიღებით წონის კლების ეფექტი ვერ იქნება მიღწეული.
პრეპარატის ეფექტიანობა და ღირებულება
პრეპარატის კლინიკურ კვლევებში 2500-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. ისინი Zepbound-ის ინიექციასთან ერთად იცავდნენ დიეტას და ვარჯიშობდნენ. 72 კვირის განმავლობაში, პრეპარატის დაშვებული მაქსიმალური დოზის (15 მგ) მიღების შემდეგ, წონის კლებამ საშუალოდ 24 კილოგრამი შეადგინა, უფრო დაბალი დოზის (5 მგ) მიღებისას - 16 კგ. მათ, ვინც პლაცებო მიიღეს, საშუალოდ მხოლოდ 3 კგ-მდე დაიკლეს. კლინიკური კვლევების დაწყებისას, მონაწილეთა საშუალო წონა 105 კგ იყო.
„ზეპბაუნდის“ შემქმნელი კომპანია აცხადებს, რომ პრეპარატი აშშ-ში ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის ბოლომდე. მისი თვიური დოზის ღირებულება კი შეადგენს 1060 აშშ დოლარს. თუმცა, Eli Lilly-ს ცნობით, მომხმარებლები, რომლებიც კომერციული დაზღვევით სარგებლობენ და მათი დაზღვევა ფარავს პრეპარატის ღირებულებას, მას გაცილებით დაბალ ფასად, 25 დოლარად შეიძენენ.
Zepbound-ამდე იყო სხვა „გასახდომი ნემსები“
Zepbound-ი არ არის პირველი პრეპარატი, რომელიც FDA-მ სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტად დაამტკიცა. 2021 წელს, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ ასეთი სტატუსი მიანიჭა პრეპარატ Wegovy-ს. ეს მედიკამენტი შეიცავს სემაგლუტიდს - GLP 1 აგონისტს, რომელიც 97%-ით იმეორებს გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის მოქმედებას ჩვენს ორგანიზმში.
ანუ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც ვიღებთ საკვებს, ნაწლავში გამომუშავდება ჰორმონები, რომლებიც მოქმედებენ კუჭქვეშა ჯირკვალზე, ანუ არეგულირებენ ინსულინის გამომუშავებას იმისთვის, რომ ინსულინმა მოინელოს ნახშირწყლოვანი საკვები და გლუკოზა ანუ შაქარი, არ დარჩეს სისხლში მომატებული ოდენობით. GLP 1 აგონისტი მოქმედებს ტვინსა და ნაყროვანების ცენტრზე, ანუ ტვინს ეუბნება, რომ ორგანიზმი დანაყრებულია და უწყობს ხელს ნაყროვანების ჰორმონის დროულად გამომუშავებას. სწორედ ასე მოქმედებენ ორგანიზმზე ე.წ. გასახდომი ნემსები.
Zepbound-იცა და Wegovy-ც, თავდაპირველად მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ დამტკიცდა, თუმცა, კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ამასთანავე, ეფექტიანი იყო წონის კლების პროცესშიც. Zepbound-ი, ისევე, როგორც Wegovy, შეიცავს GLP 1 აგონისტს, რომელიც თრგუნავს ადამიანებში შიმშილის გრძნობას და ანიჭებს მათ ნაყროვანების განცდას. თუმცა, Zepbound-ი ასევე შეიცავს GIP-ს, ნაწლავურ ჰორმონებს და კიდევ უფრო ეფექტიანად მოქმედებს შიმშილის დათრგუნვასა და ნაყროვანების შეგრძნებაზე.
კიდევ ერთი პრეპარატი, რომელსაც წონის კლების მოტივით გამოიყენებენ და რომელმაც ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოში, ეს „ოზემპიკია“.
პრეპარატი ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ 2017 წელს დაამტკიცა როგორც საინიექციო მედიკამენტი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. თუმცა, „ოზემპიკი“ არ არის დამტკიცებული FDA-ის მიერ, როგორც სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატი. ანუ, მედიკამენტი არ არის განკუთვნილი და არ მოიხსენიება, როგორც წონის კლების პრეპარატი. ეს მისი ე.წ. off-label ჩვენებაა, რაც ნიშნავს, რომ მედიკამენტი წონის კლების მიზნით გამოყენებისთვის არ არის რეგისტრირებული, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, მისი გამოყენება შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ექიმის ნებართვითა და მეთვალყურეობით.
ამ პრეპარატზე, როგორც წონის კლების ერთ-ერთ მეთოდზე, იმდენად გაიზარდა მოთხოვნა, რომ 2022 წლის მიწურულს, FDA-მ “ოზემპიკი” დეფიციტურ პრეპარატთა ნუსხაში შეიტანა.
ექიმთა ნაწილი წუხდა, რომ სოციალური ქსელების საშუალებით მოპოვებული პოპულარობის შემდეგ, „ოზემპიკის“ მოხმარება დაიწყეს სამედიცინო დანიშნულებისა და საჭიროების გარეშე, ამით კი, ერთი მხრივ, შექმნეს დეფიციტი და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შეეზღუდათ პრეპარატზე წვდომა, ხოლო მეორე მხრივ, პრეპარატის დანიშნულების გარეშე გამოყენებით ადამიანებმა საკუთარი ჯანმრთელობა დააყენეს რისკის ქვეშ.
როგორ გამოიყენება Zepbound-ი?
„ზეპბაუნდი“ კვირაში ერთხელ, კანქვეშ, მუცლის არეში კეთდება. ჯანდაცვის ექსპერტი, ლეანა ვენი, CNN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ tirzepatide, აქტიური ინგრედიენტი, რომელსაც „ზეპბაუნდი“ შეიცავს, პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს. მისი შეწყვეტის შემთხვევაში, დაკლებული წონის დიდი ნაწილი უკან ბრუნდება:
„ფაქტობრივად, ამ შემთხვევაში, არ არის განსხვავება სხვა ქრონიკული დაავადებების, მაგალითად, ჰიპერტენზიის, დიაბეტის მკურნალობასა და სიმსუქნის მკურნალობას შორის, რომელიც ასევე ქრონიკული დაავადებაა. თუმცა, ბევრ პაციენტს ნამდვილად არ ექნება სურვილი, რომ ამ ტიპის პრეპარატები მთელი ცხოვრების განმავლობაში მიიღონ“.
მედიკამენტი თავდაპირველად ინიშნება მცირე დოზებით. დოზის გაზრდა ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არა ოთხ კვირაზე ადრე.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს Zepbound-ის მიღებამ?
მწვავე გასტროენტეროლოგიური პრობლემები - დიარეა, შეკრულობა, ღებინება. თირკმლის უკმარისობა; ნაღვლის ბუშტის ანთება; პანკრეატიტი; მხედველობის გაუარესება. პრეპარატის მწარმოებელი კომპანია აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას, აცნობოს მკურნალ ექიმს.
ამერიკელი სპეციალისტების თქმით, მედიკამენტის მიღება აუცილებლად უნდა ხდებოდეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს გვერდითი მოვლენები.
„ეს არ უნდა იყოს ახირება, მინდა, რომ დავიკლო 5 კილო და მოდი, გავიკეთებ ნემსს“ - ვის უნიშნავენ Zepbound-ს?
Zepbound-ი ენიშნება პაციენტს, რომლის სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მეტია, რაც უკვე გულისხმობს სიმსუქნის დიაგნოზს, ქრონიკულ დაავადებას. ეს პრეპარატი ასევე ენიშნებათ ადამიანებს, რომლის სხეულის მასის ინდექსია 27-ზე მეტი, ანუ მას აქვს ჭარბი წონა, რომელსაც თან ერთვის მეტაბოლური დარღვევები, გულსისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ასევე ძილის აპნოე, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა.
ნაია ლატარია, ენდოკრინოლოგი და ნუტრიციოლოგი, გვიხსნის, რომ ე.წ. გასახდომი ნემსები არის პაციენტის დახმარება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის პარალელურად და არსად, არცერთ ანოტაციაში არ წერია, რომ მხოლოდ ამ პრეპარატების მიღებით შეძლებენ პაციენტები წონის უეცარ და ჯადოსნურ კლებას:
„ეს იქნება თავის მოტყუება. ეს არის პრეპარატი, რომელიც ეხმარება ადამიანს, ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად დაიკლოს წონაში. ამ ტიპის პრეპარატების დახმარებით ადამიანი უფრო ნაკლებად გრძნობს შიმშილს და, შესაბამისად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, უფრო მეტად უადვილდებათ სწორი კვების უნარების გამომუშავება. ასეთი პრეპარატი პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ჯანსაღი კვების ჩვევების გამოსამუშავებლად, რათა მომავალში, პრეპარატების გარეშე დაძლიონ წონასთან დაკავშირებული პრობლემები. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ როგორც კი პაციენტი შეწყვეტს პრეპარატის მიღებას და დაუბრუნდება ცხოვრების ძველ სტილს, რაც გულისხმობს არასწორ კვებას, არააქტიურ ცხოვრების სტილს, ის უკან დაიბრუნებს დაკლებულ კილოგრამებსაც“.
ნაია ლატარიას თქმით, „ზეპბაუნდი“, ისევე, როგორც სხვა ე.წ. გასახდომი ნემსები, აუცილებლად ენდოკრინოლოგის რეკომენდაციით უნდა დაინიშნოს, რადგან არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ამ პრეპარატის დანიშვნა კატეგორიულად დაუშვებელია:
„პირველი წინააღმდეგ ჩვენება, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცენომა. მკაცრი მითითებაა, რომ თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრებს ანამნეზში ჰქონიათ მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია, ეს პრეპარატი არ ინიშნება. ამასთანავე, პრეპარატის შესახებ კვლევა არ ჩატარებულა 18 წლამდე პირებში და, შესაბამისად, ის არ ინიშნება მოზარდებში. ასევე არ ჩატარებულა კვლევები პანკრეატიტის და გასტროპარეზის მქონე პაციენტებში“.
შემოიტანენ თუ არა ქართული ფარმაცევტული კომპანიები Zepbound-ს?
პრეპარატის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Eli Lilly აცხადებს, რომ პრეპარატი ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე კვირაში, წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.
აპირებენ თუ არა ქართული ფარმაცევტული კომპანიები „ზეპბაუნდის“ საქართველოში შემოტანას? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ რამდენიმე სააფთიაქო ქსელს მიმართა.
კომპანია GPC-ის მედიკამენტების კატეგორიის ხელმძღვანელი, ილონა ბენდელიანი გვეუბნება, რომ კომპანიას უკვე დაწყებული აქვს ამ საკითხზე მსჯელობა და როგორც კი პროცესი დასრულდება, მედიკამენტი საქართველოში შემოვა:
„შესყიდვების დეპარტამენტმა უკვე მოიკითხა ინფორმაცია ახალ პრეპარატთან დაკავშირებით. წინა კვირაში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე. ვეცდებით, რომ ეს პრეპარატი დროულად იყოს ხელმისაწვდომი საქართველოში, ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ. მოძიების საკითხი დაწყებულია. ეს არ არის მარტივი და ხანმოკლე პროცესი, მაგრამ მთავარია, რომ მუშაობა უკვე დაწყებულია“.
ილონა ბენდელიანის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს პრეპარატ „ოზემპიკის“ შემოტანის განახლების თაობაზეც:
„GPC-ს ქსელში ხელმისაწვდომი იყო პრეპარატი „ოზემპიკიც“, რომლის პირდაპირი დანიშნულება მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობაა, თუმცა, იმის გამო, რომ ბოლო წლებში „ოზემპიკს“ სხვა ტიპის, წონის კლების დანიშნულებითაც გამოიყენებენ, დეფიციტი შეიქმნა მსოფლიოში და ცხადია, საქართველოშიც. ამ საკითხზე რამდენიმე მომწოდებელთან კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ის პრეპარატები, რომლებიც საქართველოში ექიმების მიერ ინიშნება, ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და არსებობდეს ჩვენს ქსელში“.
კომპანია „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კომპანია ამ პრეპარატის შესახებ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არ ფლობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში სიმსუქნის დიაგნოზი ერთ მილიარდამდე ადამიანს აქვს. მათ შორის, 340 მილიონი მოზარდია, 39 მილიონი ბავშვი.
წყარო:რადიო თავისუფლება
კიბოს „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს, რომლებიც გვიანდელი სტადიის მრავალ სხვადასხვა სიმსივნეს ანადგურებს
კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, მეცნიერებმა კიბოს საოცარი, „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს.
ბოლო 50 წლის განმავლობაში კიბოს მკურნალობაში ყველაზე დიდი მიღწევის“ მიღებიდან ერთი შემდეგ, ამ პაციენტის სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც T ლიმფოციტებს უწოდებენ.
გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სპეციალური T ლიმფოციტები შეიძლება გაცილებით უკეთესად ცნობდნენ და თავს ესხმოდნენ სიმსივნეს, ვიდრე საშუალო T ლიმფოციტები.
ამას გარდა, მათ ერთდროულად მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს განადგურებაც შეუძლიათ სხვადასხვა კუთხიდან.
„შედეგებმა ნამდვილად გაგვაკვირვა, რადგან არავინ იცოდა, რომ ცალკეულ T ლიმფოციტებს კიბოს უჯრედების ამოცნობა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კიბოსთან დაკავშირებული ცილის საშუალებით შეეძლოთ“, — განმარტავს კარდიფის უნივერსიტეტის ბიოლოგი ენდი სეუელი.
როგორც იგი აღნიშნავს, მათ სურდათ გაეგოთ, როგორ მოისპო კიბო ბოლო სტადიის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპიით უმკურნალეს. ამიტომ, პასუხის პოვნა გადაწყვიტეს.
ბოლო ათწლეულში, კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპია (TIL) ბოლო სტადიის კიბოს შესაძლო ამოძირკვის ახალი, მძლავრი გზა გახდა.
TIL თერაპია მოიცავს პაციენტისავე სისხლის თეთრი უჯრედების აღებას პირდაპირ სიმსივნიდან და ისე გაზრდას და ხელოვნურად გაძლიერებას, რომ კიბოს უკეთესად შეუტიონ.
კლინიკურ ცდებში გაირკვა, რომ თერაპია შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტში მუშაობს.
ასეთი საოცარი შედეგების მიუხედავად, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მუშაობს ეს თერაპია უჯრედულ დონეზე.
ამის გარკვევას კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრები წლებია ცდილობდნენ და როგორც იქნა, გარღვევასაც მიაღწიეს.
კლინიკური ცდების I და II ფაზის შედეგების შესწავლისას, რომელშიც TIL თერაპიაგავლილი ავთვისებიანი მელანომის მქონე 31 პაციენტი მონაწილეობდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებს, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, ერთი წლის შემდეგაც კი აღენიშნებოდათ T-ლიმფოციტების ძლიერი პასუხები.
ერთ-ერთი პაციენტის T უჯრედები საოცრად „მრავალმხრივი“ იყო და აჩვენებდა არა მხოლოდ მელანომაზე, არამედ კიბოს უმეტეს ტიპზე რეაგირების პოტენციალს.
„მნიშვნელოვანია, რომ იმ პაციენტთა სისხლში, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, დიდი ოდენობით ასეთი მრავალმხრივი T ლიმფოციტი აღმოვაჩინეთ. ამ დროისათვის, ასეთი T ლიმფოციტები აღმოჩენილი არ არის იმ ადამიანებში, რომლებშიც კიბო პროგრესირებს“, — ამბობს სეუელი.
იმის დასადასტურებლად, თუ რა ხდება რეალურად, სეუელი და მისი კოლეგები ახლა ლაბორატორიაში უნდა დააკვირდნენ გულისყურით, როგორ ესხმიან თავს ეს მრავალმხრივი T ლიმფოციტები კიბოს.
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი იმის განსაზღვრას, არის თუ არა ამ იმუნური უჯრედების დამსახურება TIL თერაპიის დიდი შედეგები.
„იმედი გვაქვს, რომ გამოვიკვლევთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ინჟინერიით გამოყვანილი მრავალმხრივი T ლიმფოციტების გამოყენება მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს სამკურნალოდ, ზუსტად იმავე გზით, როგორც ახლა გამოიყენება ინჟინერიით გამოყვანილი CAR-T ლიმფოციტები ზოგიერთი ტიპის ლეიკემიის სამკურნალოდ“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კარდიფის უნივერსიტეტის იმუნოლოგი გარი დოლტონი.
CAR-T ლიმფოციტები არის ქიმერული ანტიგენ T ლიმფოციტებით მკურნალობა, რომელიც სისხლის კიბოს სამკურნალოდ უკვე დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ.
CAR-T თერაპია ოდნავ განსხვავდება TIL თერაპიისგან, რადგან ის ხელახლა აპროგრამებს კონკრეტულ T ლიმფოციტებს, რათა მათ კიბოს უჯრედების გარკვეული ნაწილები ამოიღონ მიზანში.
ვინაიდან TIL T ლიმფოციტები პირდაპირ მყარი სიმსივნიდან არის აღებული, ისინი უფრო მრავალფეროვანია და მეცნიერებს მისი თავდასხმის მექანიზმების დიდად შეცვლა არ სჭირდებათ.
ალბათ სწორედ ამიტომ არის ისინი ასე ეფექტური მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ.
„სხვათა შორის, პაციენტთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ მრავალმხრივი T ლიმფოციტები დაკავშირებული იყოს სრულ განკურნებასთან — კიბოს ამოძირკვასთან“, — ამბობს სეუელი.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.
შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.
სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:
ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
ბ) მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
გ) მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
დ) დაკონსერვებული პროდუქტები;
ე) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
ვ) სოკო ნებისმიერი ფორმით;
ზ) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
თ) ტკბილი გაზიანი სასმელები;
ი) ყავა.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების - საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი კომპონენტები და მოდელები
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.
ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. შედეგად, სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.
ცვლილებების თანახმად:
• მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება.
• განისაზღვრა პრინციპები, რომლის საფუძველზეც ყალიბდება სწავლა-სწავლების შედეგები და შუალედური სასწავლო მიზნები.
• დაკონკრეტდა პრინციპები, რომლის საფუძველზეც მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
• დაკონკრეტდა სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნქცია და მნიშვნელობა.
• ახლებურად ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები (ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, კვალიფიკაციების ჩარჩოზე და XXI საუკუნის კომპეტენციებზე დაფუძნებით).
• ახლებურად ფორმულირდა მიზნები თითოეული საგნორივი ჯგუფისთვის საფეხურების მიხედვით. კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, თავად განსაზღვრონ, რა საგნებს ასწავლიან (რა სასწავლო შედეგებს განსაზღვრავენ) ამ მიზნების მისაღწევად.
• ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოღებულ იქნა მეთოდოლოგიური რეკომენდაციები (გაუქმდა მესამე კარი, სადაც წარმოდგენილი იყო რჩევები – თუ როგორ შეიძლებოდა წლიური პროგრამების დაგეგმვა).
• გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10 ბალიან სისტემაში.
• კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი.
• თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.
• რემედიაციის პროგრამა, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით, სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
• სკოლა თავად განსაზღვრავს სასკოლო საათობრივ ბადეს შესაბამისი დასაბუთებით მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
• ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ აღიწერება საგნობრივი კათედრებისა და დამრიგებლის ფუნქციები. სკოლებს შეუძლიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება – რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა.
• კერძო სკოლის უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განისაზღვრება სახელმწიფო ენის სწავლების დონეები სწავლების წლების შესაბამისად (ენების ერთიან ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოზე დაყრდნობით).
• ქართულ სექტორზე/სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მშობლიური ენის სწავლების მოთხოვნას 10 მსურველის შემთხვევაში. შესაბამისად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოსწავლეს ქართულ სექტორზე სწავლების შემთხვევაში მიეცემა მშობლიური ენის სწავლების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ ასევე დამტკიცდა სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი, რომლის საფუძველზეც კერძო და საჯარო სკოლებს შეუძლიათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები.
აქვე მოგახსენებთ, რომ პარალელურად მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზიის პროცესი და დაწყებულია საგნობრივი ჯგუფების ფორმირება, რომელშიც ჩართულები არიან მოქმედი მასწავლებლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. რევიზიის პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის ქვეშაა, მიიჩნევს იუნესკო. როგორც დე ფაქტო აფხაზეთის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით, აფხაზური სახელმწიფო ენაა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ რეალურად მას თითქმის არ იყენებენ.
აფხაზური არც Საბჭოთა აფხაზეთში იყო წამყვანი ენა, თუმცა, იყო აფხაზური თეატრი, უნივერსიტეტი აფხაზურენოვანი სექტორით, ტელემაუწყებლობა აფხაზურად…
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 90-იან წლებში და მერეც აფხაზები დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, სწორედ ენა იყო. ამბობდნენ, რომ საქართველოს შემადგენლობაში მათ არ ჰქონდათ თვითგამორკვევის პირობები, მათ შორის, აფხაზური ენის სწავლისა და განვითარების. აფხაზეთმა დე ფაქტო დამოუკიდებლობა სამი ათეული წლის წინ გამოაცხადა, მაგრამ იქ ენის გამოყენების თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა. დღეს აფხაზეთში საქმისწარმოება რუსულად მიდის, რუსულად საუბრობენ დე ფაქტო პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. რუსულად სწავლობენ ადგილობრივ ინსტიტუტებში. ხალხი ერთმანეთს რუსულად ელაპარაკება.
მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალური საიტი სამენოვანია. მასზე ინფორმაციის ნახვა რუსულად, აფხაზურად და ინგლისურად შეიძლება, მაგრამ, ყველაფრის არა, მაგალითად, ერთ-ერთ განყოფილებას სახელწოდება „დოკუმენტები“ მართლაც სამ ენაზე აწერია, მაგრამ თავად დოკუმენტები, მათ შორის აფხაზეთის კანომდებლობა, მხოლოდ რუსულად არის ატვირთული.
აფხაზური ენის სპეციალისტი ირმა ოსია, რომელიც დღემდე ყოველწლიურად ჩადის აფხაზეთში, ამბობს, რომ აფხაზური ყველა აფხაზმა იცის, მაგრამ ერთმანეთს მაინც რუსულად ელაპარაკებიან.
„ბებია შვილიშვილს რუსულად ელაპარაკება, რომ ვეკითხები რატომ-მეთქი, მივეჩვიეთო. ისიც უთქვამთ, რაში დაგვჭირდება აფხაზურიო. საქმისწარმოება აფხაზურად არ არის, რადგან აფხაზების გარდა იქ რუსები და სომხებიც ცხოვრობენ, რომლებმაც აფხაზური საერთოდ არ იციან.
ამ ბოლო დროს უფრო დაიწყეს ბაღებში სწავლება, წიგნებსაც უშვებენ, მაგრამ ეს ის დონე არ არის, რომ ენა ძირფესვიანად შეასწავლო ადამიანს“.
1989 წლის აღწერით, საქართველოში ცხოვრობდა 95,9 ათასი აფხაზი, აფხაზეთში - 93,3 ათასი, მთლიანად საბჭოთა კავშირში - 105 ათასი. 2003 წელს აფხაზეთში ჩატარებული აღწერის მიხედვით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 94,5 ათასი აფხაზი იყო.
აფხაზების გაცილებით დიდი რაოდენობა აფხაზეთს მიღმა ცხოვრობს, მათ შორის 400 ათასამდე ეთნიკური აფხაზია თურქეთში, სირიასა და იორდანიაში.
7 სექტემბერს აფხაზეთში ადგილობრივმა ტელევიზიამ („აფხაზეთის ტელევიზია“) სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა. სატელევიზიო რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სოხუმის №14 სკოლაში წელს აფხაზური სექტორის გახსნა ვერ მოხერხდა, აფხაზურის მცოდნე ბავშვი არ იყო. ამავე სიუჟეტში ამბობენ, რომ სულ სოხუმში 13 სკოლაა, აქედან 3 აფხაზური, 1 - სომხური და 9 - რუსული, რუსული სკოლებიდან ხუთს აფხაზური სექტორიც აქვს.
აფხაზური აფხაზურ-ადიღური ოჯახის ენაა. მისი დამწერლობა კირილიცას ეფუძნება. აფხაზური ენის სპეციალიტები აფხაზურ ენას ერთ-ერთ ყველაზე რთულ ენად ახასიათებენ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მასში 64 ბგერაა, რთულია აფხაზურის გრამატიკაც და ენის დამოუკიდებლად სწავლაც.
„ვინმემ თუ არ აგიხსნა და გაჩვენა, შეუძლებელია გამოთქვა“, - ამბობს ირმა ოსია.
27 სექტემბერს აფხაზეთში „აფხაზური ენის“ დღე აღნიშნეს. „ეხო კავკაზა“ აფხაზეთში მცხოვრებლებს გაესაუბრა, ჰკითხა, ფლობენ თუ არა ისინი აფხაზურ ენას და ემუქრება თუ არა მას საფრთხე.
„ვინმემ თუ არ აგიხსნა და გაჩვენა, შეუძლებელია გამოთქვა“, - ამბობს ირმა ოსია.
27 სექტემბერს აფხაზეთში „აფხაზური ენის“ დღე აღნიშნეს. „ეხო კავკაზა“ აფხაზეთში მცხოვრებლებს გაესაუბრა, ჰკითხა, ფლობენ თუ არა ისინი აფხაზურ ენას და ემუქრება თუ არა მას საფრთხე.
ნანა: „აფხაზურად კითხვა არ ვიცი, რადგან თავის დროზე გულრიფშის რაიონში ქართულს ასწავლიდნენ, მაგრამ ლაპარაკით, რა თქმა უნდა, ვლაპარაკობ, რადგან აფხაზი ვარ. მართალია, დედა არ მყავს აფხაზი, მაგრამ როცა სკოლა დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, ენაც ვისწავლე, დაქალები მყავდა აფხაზები. ვხედავ, რომ ბევრი ახალგაზრდა, ყოველ შემთხვევაში, ვისაც მე ვიცნობ, ლაპარაკობს აფხაზურად. ადრე ასე არ იყო. ახლა, ვაკვირდები, რომ აფხაზურად უფრო მეტად ლაპარაკობენ, ამიტომ ვფიქრობ, ახლა პირიქით ის პროცესი მიდის, რომ ხალხი აფხაზურს სწავლობს“.
მათე ცქვიტარია: „სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ მესმის აფხაზური, ყოფით დონეზე. ლიტერატურა რომ ვიკითხო, იმდენი ცოდნა არ მაქვს. მგონია, სახელმწიფო პოლიტიკა [იგულისხმება დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო. Რა.თ] ამ მხრივ უფრო ქმედითი უნდა იყოს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მეტი უნდა იმუშაონ. ეს ენა ერთ-ერთი ურთულესია, ამიტომ ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს. რა თქმა უნდა, ისეთი მაგალითებიც არის, როცა ასაკში [უსწავლიათ]... სულ ჯორჯ ჰიუტის (ცნობილი ბრიტანელი კავკასიოლოგი) მაგალითი მახსენდება, რომელმაც უკვე დიდმა ისწავლა აფხაზური. მაგრამ მაინც მგონია, რომ ადრეულ ასაკში უმჯობესია, სკოლებში და საბავშვო ბაღებში“.
მილენა კვეკვესკირი: „საკმაოდ კარგად ვიცი აფხაზური. უმეტესად სკოლაში ვისწავლე, რადგან, სამწუხაროდ, ოჯახში პრაქტიკის საშუალება არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები ვართ. საბჭოთა პოლიტიკის გამო ბებიას აფხაზურთან პრობლემები ჰქონდა და აფხაზურად ხშირად არ ვლაპარაკობდით. აფხაზური, შეიძლება ითქვას, სკოლაში ვისწავლე. ლიტერატურას ვკითხულობდი აფხაზურად და ახლაც თავისუფლად შემიძლია კითხვა.
რაც შეეხება საფრთხეს, პირდაპირი საფრთხე, შესაძლოა, არა, მაგრამ ირიბად ამას ვგრძნობ. შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყოს, რომ სახელმწიფოს [იგულისხმება დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო - Რ.თ.] არასწორი პოლიტიკა აქვს. ხალხის შეზღუდვას არ ვემხრობი, რომ მხოლოდ აფხაზურად ილაპარაკონ და ასე შემდეგ, ამას - არა. მგონია, რომ სწორი რეფორმა უნდა გაატარონ, სწორედ სკოლებში, იმისთვის, რომ ბავშვებს მშობლიური ენის სწავლა გაუადვილდეთ, სიამოვნებით ისწავლონ“.
ირინა კოკოსკირი: „ვხედავთ, რომ ახალგაზრდობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ენას ნაკლებად იყენებს, განსაკუთებით ქალაქში. აფხაზური ენა არ გახდა ისეთი მიმზიდველი, განვითარებისთვის მამოტივირებელი, რომ ამ ენაზე ილაპარაკონ“.
აფხაზური ენის სტატუსი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით. კონსტიტუციაში წერია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური“.
„საქართველოს განათლების სამინისტრომ გამოუშვა სახელმძღვანელოები აფხაზური სკოლებისთვის, 1-4 კლასებისთვის. წიგნები ითარგმნება აფხაზურად. აფხაზეთშიც ვაძლევთ, უფრო გალის რაიონებს, ასევე ბათუმში, სადაც ბევრი აფხაზი ცხოვრობს, - ამბობს ირმა ოსია, - წელს რამდენიმემ დამირეკა, აფხაზურის სწავლა უნდოდათ. ბევრია დაინტერესებული, მაგრამ იმის გამო, რომ რთული ენაა, [იწყებენ და] მერე მიატოვებენ ხოლმე“.
წყარო:რადიო თავისუფლება
„შენ, როგორც გეტყობა, მისი რამე უნდა იყოო?“
- „არაო! ვერც კი ვიცნობო!“ - ბოლოს, ქრისტე რომ გამოიყვანეს და მეორე მღვდელმთავართან წაიყვანეს, გაჰყვა.
ერთი ურია მივიდა და ჰკითხა:
„შენ ის არა ხარ, ჩემს ნათესავ კაცს, მალხაზს რომ ყური ჩამოათალეო?“ - შეეშინდა და უარზე დადგა. ამ დროს მამალმაც დაიყვირა:
„პეტრემ - უარყოო!“
მოაგონდა საბრალოს ქრისტეს სიტყვები და შემოიკრა თავში ხელი, ეს რა მომივიდაო...
დაიწყო ტირილი, გაიჭრა გიჟივით. აღარ იცოდა, რა ექნა. გარბის და მამლები კი მიჰყივიან:
„პეტრემ უარ-ყოო!“ „პეტრემ უარ-ყოო!“ „პეტრემ უარ-ყოო!“ - აღარ იცოდა, რა ექნა. თითქმის თავის მოკვლაც უნდოდა, მაგრამ ამ დროს ყვინჩილებმაც დაიძახეს:
„შე-ინა-ნაა!“ „შე-ინა-ნაა!“ „შე-ინა-ნაა!“-ო.
პეტრემ ყური მოჰკრა და გამოფხიზლდა. ჩანს, უპატიებია ღმერთს ჩემი შეცოდებაო!.. დაემხო პირქვე სათაყვანოდ. მას შემდეგ, ყოველ ღამ ბნელაში, მამლები დღესაც კიდევ იძახიან: „პეტრემ უარ-ყოო!“ მაგრამ, როცა ყვინჩილებიც დაიძახებენ ხოლმე: „შე-ინა-ნააო“, თენდება და ქვეყანას ნათელი ეფინება.
„გიყვარდეს მტერი შენი“...
თუკი რამ კარგი და ლამაზი მახსოვს, ბავშვობიდან მახსოვს.
გუგულიც იქიდან მახსოვს, იქიდან გამომძახის.
- გუგუ!
- გუგუ!
და თითქოს იყო და არა იყო რა. ბავშვობაზე უკეთესი რა იქნებოდა, იყო ლამაზი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. გორის იქეთიდან მხოლოდ ყურის წვერი ამოეყო მთვარეს და ეგრე ჩუმად, ფეხაკრეფით შემოდიოდა ხეობაში. იყო ლამაზი გათენება. ჯერ ამოსულიც კი არ იყო მზე, რომ იმისი სხივები ძილს აღარ მანებებდნენ. „დილით ამდგარსა ყმაწვილსა ღმერთი უმზადებს სადილსა“, ჩამჩურჩულებდა დედაჩემი ყურში და „აბა, მზეს თუ დაასწრებ ადგომასო“, წამოვხტებოდი და მზეს ვეჯიბრებოდი. იყო ყვითელი შემოდგომა და შემოდგომაზე ფრინველების წასვლით დარჩენილი სევდა.
ჯერ მერცხლებს გამოვიგლოვებდით მე და ჩემი თანატოლები, მერცხლებს მიჰყვებოდნენ ტოროლები, გულყვითელები, ბოლო-ცეცხლები, გუთნის ჩიტები და სხვანი და სხვანი მიფრინავდნენ გუნდ-გუნდად, თავის ბარტყებთან ერთად, იმ ბარტყებთან, ჩვენ რომ თითქმის ყველას ვიცნობდით, თითქმის ჩვენს ხელში დაიზარდნენ, მიფრინავდნენ და მაშინ ჩვენთვის აუხსნელ სევდას გვიტოვებდნენ. ტყეებში მარტო ჩხიკვები და შაშვები რჩებოდნენ. სოფლის ახლომახლო ყვავი დაყრანტალებდა და ამით ამცნობდა დანარჩენ ყვავებს, რომ ხის კენწეროზე შემორჩენილი მწიფე მსხალი იპოვა და ამიტომ მაგარი, ყოჩაღი ყვავია. დღითიდღე იცრიცებოდა, იძარცვებოდა შემოდგომა.
კვირაში ერთხელ არწივი ჩამოიფრენდა ხეობაში, მიდამოს თვალს გადაავლებდა, შეამოწმებდა, ფრთოსნებიდან რომელიმე ხომ არ დარჩა თბილ ქვეყანაში წამსვლელიო და რომ დარწმუნდებოდა, ისევ ჭიუხებისკენ წავიდოდა ყეფით. ერთი ორჯერ თუ შეატყლაშუნებდა ფრთებს, მეტად არა. დღეები თანდათან მსუბუქდებოდა, გამსუბუქებული დედამიწა თითქოს ზეცისკენ მიიწევდა. ცასა და მიწას ერთი ფერი დაედებოდა, ახლა ვხვდები, რომ ეს ფერი გარდაცვალების ფერი იყო, მტკნარი და მიტკალივით თეთრი. და ამის მერე იყო ზამთარი. თოვლის ფიფქები მოდიოდნენ. ზეცის ყვავილობა გეგონებოდა. ყველაფერი თოვლის საბურველში გაეხვეოდა და არაფერი არ უხდებოდა ბავშვობას ისე, როგორც ზამთარი. ციგაობა, თოვლის კაცების აშენება, გრძელი ზღაპრებით სავსე ღამეები და... ყოველთვის, ეს რომ მოგვწყინდებოდა, სწორედ მაშინ მოვიდოდა გაზაფხული. შეეშინდებოდა ზამთარს, დანაწილდებოდა ნაკადულებად, ზვავებად და გარბოდა, მიწაში იმალებოდა. ზეციდან მოსული იყო, მაგრამ მიწაში იმალებოდა. მიწიდან კი გაზაფხული ამოდიოდა - ენძელებად, იებად, ყოჩივარდებად, თეთრად აფეთქებულ ტყემლებად, კლდის ფხაზე ამოშვერილ პირიმზედ, ჩრდილში მოსულ გვირილად და ისევ და ისევ ბავშვების ჟრიამულად. და ისევ, თითქოს იყო და არა იყო რა, იყო ლამაზი გაზაფხული ნაირ-ნაირი პეპლებით სავსე. დავდევდით პეპლებს და როგორმე რომ დაგვეჭირა, ვატყუებდით:
„დაჯე, დაჯე, პეპელაო, თორემ დედა მოგიკვდება“.
პეპლებს, რა თქმა უნდა, დედის სიკვდილის ეშინოდათ და სხდებოდნენ. გაიხსნებოდა გზები, დაიწყებოდა მგზავრების მიმოსვლა. გაზაფხულობით ჩამოივლიდა ხოლმე მღვდელი, შეკრებდნენ ერთ სახლში იმ წელს დაბადებულ ბალღებს. იყო ერთი სიცილ-კისკისი და ბალღების ჩხავილი. მერე მღვდელი წიგნს გადაშლიდა და კითხულობდა. ბევრს ვერაფერს ვგებულობდით, მაგრამ ერთი რამ ძალიან გვაკვირვებდა - „გიყვარდეს მტერი შენი“... რატომ? რატომ უნდა გვყვარებოდა მტერი?! ვერა, ვერ ვგებულობდით. ხეობა კი თანდათან ივსებოდა გუთნის ჩიტებით, კოდალებით და ბოლოცეცხლებით. ხეობა სავსე იყო ფრინველთა გალობით და ერთ დღესაც ამ გალობაში გაისმებოდა: - გუგუ! - გუგუ! ეს ხმა ყველაზე მეტად გაგვახარებდა.
რატომღაც გვეგონა, რომ გუგულს მოჰყავდა გაზაფხული.
- გუგულო, რამდენი წლისა ვარ? - გავძახებდით გუგულს და ისიც, რა თქმა უნდა, იმდენჯერ დაიძახებდა „გუგუს“, რამდენი წლისაც ვიყავით. მერე დედები გუდებს მოგვკიდებდნენ და გაგვაგზავნიდნენ წიფლიან ტყეში. ჩვენ მთელი დღე ჩასაფრებული ვყავდით გუგულს, რომ თუ რომელიმე ხეზე შემოჯდებოდა, იმ ხისთვის სამჯერ უნდა შემოგვერბინა ძახილით:
- გუგულო, ღალა მოგპარე! - გუგულო, ღალა მოგპარე! - გუგულო, ღალა მოგპარე! თუ ამას მოვახერხებდით, გვჯეროდა, რომ იმ წელს ბარაქიანი მოსავალი გვექნებოდა. გუგულებს კი, თითქოს, ეს არ უნდოდათ, მაშინვე გაფრინდებოდნენ იმ ხიდან, რომელსაც გარშემო ვურბენდით. ახლა სხვა ხეზე შემოჯდებოდნენ და ჩვენც იმ ხეს მივეპარებოდით. ამასობაში შევამჩნიეთ, რომ გუგულს ყოველ დღე სამი ნიბლია ჩიტი დასდევდა თან. ჭრელფრთიანები იყვნენ, პატარა, წვრილი ნისკარტები ჰქონდათ. თავზე ისეთი ბუმბულით იყვნენ შემოსილი, თითქოს გუგულის დიასახლისები იყვნენ და თავზე კოპლებიანი თავსახურავები ეხურათ. მერე ისიც შევამჩნიეთ, რომ დილით სამი ასეთი ჩიტი დაჰყვებოდა გუგულს, შუადღისას - ორი, საღამოს კი - ერთი. გაფრინდებოდა გუგული და ისინიც უკან გაჰყვებოდნენ. მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს პატარა ჩიტები გუგულის დიასახლისები იყვნენ და ერთხელ გუგულის დევნით დაღლილ-დაქანცულმა მღვდელს ვკითხე:
- გუგულს თუკი ჰყავს დიასახლისები, რატომ სხვა ფრინველებს არა ჰყავთ?
- რა დიასახლისები?! - გაუკვირდა მღვდელს.
- აი, სამი პატარა ჩიტი რომ დაჰყვება თან.
- ეგენი დიასახლისები კი არა, გუგულს ყოველდღე სამი ეგეთი ჩიტი უბოძა საზრდოდ ღმერთმა. ერთს დილით სჭამს, მეორეს შუადღისას და მესამეს საღამოს. ერთ ჩიტს მარტი ჰქვია, მეორეს - აპრილი, მესამეს - მაისი, მითხრა მღვდელმა. იმ დღის მერე გადავემტერეთ გუგულს. მთელი სოფლის ბალღები ისე აგვაფორიაქა გუგულის საქციელმა, რომ ერთ დღეს „შევიარაღდით“ და გუგულის მოსაკლავად წავედით. გუგული მუხაზე იჯდა და ხეობას გასძახოდა. მოვმართეთ შურდულები და დავუშინეთ ქვები. გუგული გაფრინდა და ჩიტებიც თან გაჰყვნენ. ორნიღა იყვნენ, ეტყობა, ერთი უკვე შეჭამა. გამოვედევნეთ უკან და აღარ მივეცით მოსვენება. შუადღემდე მუხლი არ ჩაგვიხრია.
ცოტა ხნით სადღაც დაგვეკარგა და ხელახლა რომ ვიპოვეთ, ერთი ჩიტიღა დასდევდა თან. როგორც იქნა მოხვდა ქვა. წიფლიდან ჩამოვარდა, პატარა ჩიტიც თან ჩამოჰყვა, მერე ისევ გაგვიფრინდა. ეტყობა ფრთა ჰქონდა მოტეხილი. ნიბლია ჩიტიც თან მიჰყვებოდა. გუგული ღვიის ბუჩქებში ჩაეშვა და კარგა ხანს ვეღარ ვიპოვეთ, როცა მივაგენით, სანახაობამ ერთად შეგვაყენა და ნაბიჯი ვეღარ წავდგით - ღვიის ძირში გუგული ეგდო და სულს ღაფავდა. მოტეხილ ჭროღა ფრთაზე წითლად ჰქონდა სისხლი შემხმარი. იქვე, ღვიის ტოტზე მობუზული იჯდა ნიბლია ჩიტი და თავის ტოლა ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდან. ჩვენს დანახვაზე არც კი ცდილა, რომ გაფრენილიყო. ამ სანახაობამ ისე დაგვწყვიტა გული, რომ იქვე პატარა საფლავი გავთხარეთ და ჩვენ, ბავშვებმა, პირველად, ჩვენი სიცოცხლის მანძილზე, გუგული დავმარხეთ.
ნიბლია ჩიტი კარგა ხანს იჯდა თვალცრემლიანი ღვიის ტოტზე, მერე კი, თითქოს რაღაც გაახსენდა, უცებ დაიწრიპინა, თავსაფრიანი თავი ჰაერში გააქნია, სუსტი ფრთები გაშალა და საღამოს ბინდბუნდს შეერია. ახლა, რამდენჯერაც გაზაფხული მოვა, ყოველთვის ის გუგული მახსენდება და მაშინ ნანახზე რატომღაც ახლა ვფიქრობ და ვერ გამიგია, რატომ ტიროდა ეს პატარა ნიბლია ჩიტი. მაისი კი იქ, ჩემს ბავშვობაშიც, წვიმიანი იცოდა.
ავტორი: გოდერძი ჩოხელი
თბილისი სტუმრების დასახვედრად ბოლო შტრიხებზე მუშაობს. მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ჩამოსულმა 2000-მა სტუმარმა თავი ერთის მხრივ, სახლში უნდა იგრძნოს, მეორეს მხრივ კი აქ ინვესტიციების ჩადება მოუნდეს. "თბილისის აბრეშუმის გზის" რიგით IV ფორუმი, პანდემიის შემდეგ პირველად ბრუნდება.
აბრეშუმის ფორუმს "გლობალური კარიბჭის ფორუმიდან" პრემიერი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, საქართველომ საკუთარი პოტენციალი მსოფლიოს აჩვენოს.
ბოლო სამზადისი უკვე დაათვალიერა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილი ფორუმის მიმართ გამორჩეულ ინტერესს ნაწილობრივ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობებს უკავშირებს, რის ფონზეც ევროპისა და აზიის ისტორიულ დამაკავშირებელ საქართველოს მსოფლიომ კიდევ უფრო სანდო თვალით შეხედა. ის ფაქტი, რომ სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ მინისტრები ესტუმრებიან, მისთვის ქვეყნის ნეიტრალურ ნიშას უსვამს ხაზს.
უკვე თბილისშია მონტენეგროს პრემიერიც, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების საკითხში თბილისისთვის ბევრი აქვს გასაზიარებელი. მითუმეტეს ახლა, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელის. დრიტან აბაზოვიჩი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერებთან ერთად, პირველივე პანელს დაესწრება. მათ მოდერატორობას ღიდა ფაქრი გაუწევს. საერთაშორისო ჟურნალისტი ერთ-ერთია, ვინც თბილისმა ამ საქმისთვის BBC-ის, DW-სა თუ BLOOMBERG-ის ჟურნალისტებთან ერთად მოდერატორად მოიწვია.
"აბრეშუმის გზის ფორუმი" პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც საქართველომ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე მუშაობა დაიწყო, რითაც ევროპა ელექტროენერგიას მიიღებს. ევროპაც პირველადაა ასე მონდომებული ახალი ენერგეტიკული წყაროების პოვნით. ამიტომ, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საუკეთესო მომენტია ქვეყნისთვის საკუთარი პოტენციალი ბოლომდე წარმოაჩინოს.
ფოკუსში იქნება ტურიზმის სფეროც. კერძოდ ის, თუ როგორ უნდა მოახერხოს ამ სექტორმა ახალი გამოწვევების ფონზე ნავიგაცია. საქართველოსთვის ახლა ერთ-ერთი პირველი ამოცანა მაღალი მხარჯველობის ტურისტების მოზიდვაა
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში სპარსეთის ყურის, თურქეთის, სერბეთის, იაპონიის, უნგრეთის, რუმინეთის, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იღებენ მონაწილეობას. იგეგმება მთავრობათაშორისი მემორანდუმების დადებაც.