რჩეული სტატიები

Grid List

ჟანგიანი ინსტრუმენტები, ცუდად გარეცხილი თეთრეული, იატაკზე დაყრილი ინვენტარი… სახალხო დამცველის აპარატმა 9 საავადმყოფო შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ ამ კლინიკებში ჰიგიენური ნორმები არა მხოლოდ პაციენტის, ექიმების ჯანმრთელობისთვისაც საშიშია.

ომბუდსმენმა თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში თითო-თითო საავადმყოფო შეამოწმა, სამეგრელოში - ორი, საწოლების რაოდენობა - 40-დან 220-მდე. ყველას ჰქონდა ქირურგიული განყოფილება.

კონკრეტულად რომელი საავადმყოფოები შეამოწმეს, სახალხო დამცველის ოფისში არ ამბობენ. ყველა კლინიკა, სადაც პრობლემები აღმოჩნდა, მანამდე ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა შემოწმებული.

„რაღაც დარღვევები სამინისტროსაც ჰქონდა გამოვლენილი, მაგრამ ჩვენ კიდევ სხვა პრობლემებიც აღმოვაჩინეთ“, - ამბობს ლიკა წიკლაური, სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მისი თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე მწვავე პრობლემა:

სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია
გაუმართავი ვენტილაცია, რაც ინფექციების გავრცელების წყაროა
საოპერაციოს აღჭურვილობის ზედაპირის დარღვეული მთლიანობა
სახალხო დამცველის აპარატმა აღმოაჩინა 25 შემთხვევა, როდესაც საოპერაციო მაგიდა დაზიანებული იყო, ჰქონდა ღრმულები და კოროზია. ოპერაციის დროს ასეთი ზედაპირი სისხლით და სხვა ბიოლოგიური სითხეებით ბინძურდება, რაც ინფექციის წყაროა.

„ერთ-ერთ დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფი შეესწრო დასრულებულ ოპერაციას. ახალნაოპერაციები პაციენტი ჯერ კიდევ ადგილზე, საოპერაციო მაგიდაზე იმყოფებოდა. მის ჭრილობაზე მილით შეერთებული დრენაჟის რეზერვუარი იატაკზე იდო, პერსონალი კი, ამ დროს ცოცხით გვიდა საოპერაციოს. ფანჯრის რაფაზე ქაოსურად, მოთავსების წესების დაუცველად ეწყო გამოყენებული სამედიცინო ინსტრუმენტები და ინვენტარი. გახსნილი ინსტრუმენტები ეწყო იატაკზე, საოფისე მაგიდებსა და სკამებზეც“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

შესწავლამ აჩვენა, რომ არცერთ საავადმყოფოში მედპერსონალი წესიერად არ იცავდა ხელების ჰიგიენას. ცხრიდან ხუთ დაწესებულებაში უხეშად ირღვეოდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წესები.

შვიდმა დაწესებულებამ ვერ წარმოადგინა წყლის ავზის დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ-ერთი საავადმყოფოს ავზი შემოწმების მომენტში ჟანგიანი იყო და არავინ იცოდა, ბოლოს როდის გაიწმინდა. ზოგან ხელსაბანები არ ვარგოდა, ერთ საოპერაციოში თხევადი საპონი არ დახვდათ.

სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია ისიც, რომ საავადმყოფოს მორგების მოწყობა ხარვეზიანია, იმის გამოც, რომ სტანდარტები არ არის შემუშავებული, მაგალითად ის, რომ ოთახებს, სადაც გარდაცვლილი პაციენტები ჰყავთ, ტრაპი უნდა ჰქონდეს.

თეთრეულზე სისხლის და შარდის ლაქები
მონიტორინგის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ საავადმყოფოს თეთრეულს თანამედროვე სტანდარტებით არ რეცხავენ. მრეცხავი თავად წყვეტს, რა დოზით იხმაროს ქლორი თუ სხვა სადეზინფექციო საშუალება. ხშირად თეთრეული ირეცხება ჩქარი რეცხვის რეჟიმზე, ზერელედ, ხანდახან თხევადი საპნით და არა სარეცხი საშუალებით. შესწავლისას „გარეცხილ“ თეთრეულზე აღმოჩნდა სისხლის, შარდის, ლიმფის ლაქები. ირღვევა თეთრეულის გაშრობისა და დაუთოების წესებიც. თეთრეული შრება თოკებზე, აუთოებენ საყოფაცხოვრებო უთოთი.

საავადმყოფო - ინფექციის წყარო
საავადმყოფოები ინფექციის გადატანის ერთ-ერთი წყაროა, ეს კი - პაციენტების სიკვდილიანობის მიზეზი. სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი მონაცემების თანახმად, თუკი განვითარებულ ქვეყნებში საავადმყოფოში წოლის გამო ინფექციები უვითარდება პაციენტების 5-15%-ს, საქართველოსა და მსგავს ქვეყნებში ეს რიცხვი 15-19%-ს აღწევს.

სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგის შედეგები რეკომენდაციებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა. ჯანდაცვის სამინისტრო რადიო თავისუფლებას ამ თემაზე კომენტარს არ აძლევს.

 

წყარო: რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ორ დედმამიშვილში აღმოაჩინეს უნიკალური გენეტიკური მუტაცია, რომელიც ჯერ არასოდეს იყო დაფიქსირებული, რაც I ტიპის დიაბეტის მკურნალობის ახალ გზებზე მიუთითებს.მუტაცია მდებარეობს ცილის გენში, სახელად PD-L1; ახალი კვლევა განმარტავს, როგორ შეიძლება ის პასუხისმგებელი იყოს დიაბეტის იმ ავტოიმუნურ ფორმაზე, რომელიც ბავშვებს ძალიან ადრეულ ასაკში უვითარდებათ.

„მთელ მსოფლიოში ვეძებდით, შევისწავლეთ ყველა ჩვენთვის ცნობილი ფართომასშტაბიანი მონაცემთა ბაზა და სხვა ასეთ ოჯახს ვერ მივაგენით. შესაბამისად, ეს დედმამიშვილები უნიკალურ და საოცრად მნიშვნელოვან შანსს გვაძლევენ, რათა შევისწავლო, რა ხდება, როცა ადამიანებში ეს გენი გათიშულია“, — ამბობს ექსეტერის უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკოსი მეთიუ ჯონსონი.

I ტიპის დიაბეტს ავტოიმუნურ დიაბეტსაც უწოდებენ იმიტომ, რომ სხეულის იმუნური სისტემის თავდაცვა თავს ესხმის პანკრეატულ ბეტა უჯრედებს, რის გამოც, წყდება ნორმალური ინსულინის წარმოება. ამ დაავადების მქონე ადამიანებმა რეგულარულად უნდა იკეთონ ინსულინი, რათა სისხლში შაქრის დონე აკონტროლონ.

კვლევის დროს დედმამიშვილთა ასაკი 10 და 11 წელი იყო; დიაბეტი მათ სიცოცხლის პირველივე კვირაში განუვითარდათ. მათი იმუნური უჯრედების დეტალურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ PD-L1 ცილას გამართულად მოქმედებაში ხელს უშლიდა უნიკალური გენეტიკური მუტაცია.PD-L1 და მისი რეცეპტორი PD-1 ერთობლივად, იმუნური სისტემის შენარჩუნების ერთგვარი უსაფრთხოების მექანიზმის როლს ასრულებენ. კიბოს პრეპარატები, რომლებიც PD-L1-ის ფუნქციებს ბლოკავენ, ასევე იწვევს დიაბეტის განვითარებას და როგორც ჩანს, PD-L1 გადამწყვეტია I ტიპის დიაბეტის დაწყების შესაჩერებლად.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ ორი დედმამიშვილის იმუნური სისტემა საკმაოდ ნორმალურად მუშაობდა, რეგულირების გარეშეც კი, რასაც როგორც წესი, PD-L1 და PD-1 უზრუნველყოფს.

„ვფიქრობთ, რომ PD-1-ის კიდევ ერთი ლიგანდი, PD-L2 — მიუხედავად იმისა, რომ PD-L1-ზე ნაკლებადაა შესწავლილი, შეიძლება სარეზერვო სისტემის სახით მოქმედებდეს, როდესაც PD-L1 ხელმისაწვდომი არ არის“, — ამბობს ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევარი მასატო ოგიში.ერთი საკვანძო დასკვნა, რომლამდეც მკვლევრები მივიდნენ, არის ის, რომ ცილა PL-D1 გადამწყვეტია I ტიპის დიაბეტის პრევენციაში, მაგრამ სულაც არაა გადამწყვეტი იმუნური სისტემის სხვა მრავალი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.

გენეტიკური მუტაციების, ასევე კიბოს პრეპარატებისა და დიაბეტის კავშირის მიერ შემოთავაზებული მინიშნებები შეიძლება დაგვეხმაროს I ტიპის დიაბეტის დამარცხებაში — ოღონდ, თუკი მკვლევრები გაარკვევენ, როგორ ახდენს მის პრევენციას PD-L1 და როგორ მოქმედებს PD-L2 რეზერვის სახით.

„ახლა საჭიროა გავარკვიოთ კომუნიკაცია უჯრედის სხვადასხვა ტიპებს შორის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ავტოიმუნური დიაბეტის პრევენციისთვის. ეს აღმოჩენა ამდიდრებს ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, როგორ წარმოიქმნება და ვითარდება ავტოიმუნური, I ტიპის დიაბეტი. ის მკურნალობის ახალ პოტენციურ სამიზნეს გვთავაზობს, რამაც მომავალში შეიძველა დიაბეტის პრევენცია მოახდინოს“, — ამბობს ლონდონის კინგსის კოლეჯის იმუნოლოგი ტიმოთი თრი.

კვლევა Journal of Experimental Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.exeter.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აქონდროლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობასთან კოორდინაციითა და პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი სხვა ინტერესების გათვალისწინებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რომლის თანახმად, პაციენტები მედიკამენტის მიღებას სახლთან მაქსიმალურად ახლოს, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პაციენტები აღნიშნულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ და გამონაკლისის სახით დასაშვები იქნება პრეპარატის საზღვარგარეთ გატანა კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ პროცედურების განხორციელების პირობით.

იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომას აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, საკოორდინაციო საბჭოს წევრები და მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ირინე წაქაძე ესწრებოდნენ.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

„ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: skolebi.emis.ge

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: elfiles.emis.ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

20 მაისს 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთაო საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

საყოველთაო რეგისტრაცია დილის 09:00 საათიდან დაიწყება.

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები,რომლებსაც 6 წელი 1-ელდეკემბრამდეშეუსრულდებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, 16 მაისამდე პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს და რეგისტრირდებიან ისინი, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში.
მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

რეგისტრაციის IV ეტაპი – 27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

საქართველოს 36 უნივერსიტეტის რექტორი, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე.

რუსული კანონის განხილვის გამო 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორების ნაწილი გაიფიცნენ და უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე. 13 მაისს ფორმულა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების რექტორებისგან სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის გაფიცვის დაგმობას ითხოვს.

რექტორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც იმეორებს წყაროს მიერ მოწოდებულ ტექსტს, ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს, ამას კი ისინი "სტუდენტების ინტერესების" დაცვის მოტივით ხსნიან.

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ

19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

21. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

23. კავკასიის უნივერსიტეტი

24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი

31. ევროპის უნივერსიტეტი

32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი

33. თბილისის თავისუფალი აკადემია

34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი

36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი

38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

13 მაისს ფორმულა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების რექტორებისგან სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის გაფიცვის დაგმობას ითხოვს.

წყაროს ცნობით, განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ "საგანმანათლებლო სივრცე დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან" - უწყება რექტორებისგან ამ განცხადებაზე ხელის მოწერას ითხოვს.

განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ტექსტში წერია, რომ უნივერსიტეტებისთვის "კატეგორიულად მიუღებელია მათი სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება".

დღეს რექტორების მიერ გავრცელებული განცხადება წყაროს მიერ მოწოდებული განცხადების ტექსტს.

 

მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი მხატვარ ლევან ლაღიძის მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენით გაიხსნა.

ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ინიციატივით 2021 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. სრულად განახლდა 6 000 კვ.მ ფართობის სივრცე, სადაც მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო, საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები და ფონდსაცავები. შენობა აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. შენობის განახლებულ საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ლევან ლაღიძის მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენა – „ფერწერა“. ექსპოზიცია შენობის ორ სართულზე მოეწყო და მხატვრის 100-ზე მეტ ფერწერულ ტილოს აერთიანებს, რომელთა მესაკუთრეები არიან თავად ავტორი და 50-ამდე კერძო კოლექციონერი. წარმოდგენილია ორი ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდანაც. გამოფენა 18 აგვისტომდე გაგრძელდება.

მუზეუმების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზეიმოდ გახსნა ახალი შენობა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორედ გასცა სამუზეუმო პრემიები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, მუზეუმების თანამშრომლები, სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები და მეცნიერები.

წელს გაიცა სხვადასხვა სამუზეუმო პრემია, კერძოდ:

აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, გულნაზ ბარათაშვილს;

აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია საარქივო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური ფილიალის დირექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, მერაბ კეზევაძეს;

აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ეთნოგრაფ თეა აბრამიძეს;

დავით არსენიშვილის სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორს, ანზორ ოყუჯავას;

აკაკი ჭანტურიას სახელობის პრემია გადაეცა ეთნომუსიკოლოგ ქეთევან ბაიაშვილს.

ღონისძიება მუსიკალურად ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლმა, „დიდგორმა“ გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროსა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თანამშრომლობით, 2023 წელს შენობაში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია. 542 კვ.მ ფართობის სივრცეში მოეწყო საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, რომლის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა უახლესი აპარატურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. საქართველოში აქამდე მსგავსი შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის. გარდა ამისა, ლაბორატორია ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტიკურობის დადგენასა და ა.შ.

წელს მუზეუმის მეორე კორპუსის განახლებულმა საკონფერენციო სივრცემ უმასპინძლა დიდი მეცნიერის, ხელოვნების ისტორიკოსის, შალვა ამირანაშვილის 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. 26-27 მარტს გამართულ კონფერენციებზე მუზეუმის თანამშრომლებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს. ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსის შესასვლელთან საზეიმოდ გაიხსნა შალვა ამირანაშვილის ბიუსტი.

ინფორმაციისთვის: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში 2024 წლის ოქტომბრიდან წარმოდგენილი იქნება მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენა.

შენობის პირველ სართულზე ახალი საექსპოზიციო ინტერპრეტაციით გამოიფინება ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ფრაგმენტების ფონდში დაცული კოლექცია.

მესამე სართული დაეთმობა ნიკო ფიროსმანაშვილის ახალრესტავრირებულ პანოებს: „ნადირობა“ და „ხედი შავ ზღვაზე“, „კახეთის ეპოსი ან დღეობა ალაზანზე“, პანო ექვს სურათად, „ყურძნის კრეფა ან რთველი“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ ზოგი ნამუშევარი, 50 წელია, არ გამოფენილა. ასევე, გამოიფინება 1900-1930 წლების ქართული ფერწერული ხელოვნების ნიმუშები.

საგამოფენო სივრცის მეოთხე სართული დაეთმობა ხელოვნების მუზეუმში დაცულ დასავლეთევროპული ხელოვნების შედევრებს პაოლო ვენეციანოდან ვასილი კანდინსკიმდე.

ახალი საგამოფენო სივრცის (1400 კვ.მ) საექსპოზიციო პოლიტიკას წარმართავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის საგამოფენო დეპარტამენტი.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო.

საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტისგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა – სომხეთისგან, მაყურებლისგან კი – 19. საერთო ჯამში, 34 ქულით საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა.

ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.

ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში. 

ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მომეცა საშუალება ჩვენი სიმღერა გაეცნო ამდენ ადამიანს, ყველას შეეყვარებინა. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებდა და ჩვენი დროშა ამაყად ფრიალებდა ევროვიზიის ფინალში, ძალიან კარგი გამოსვლები გვქონდა და ამით მე ვარ ამაყი. ამაყი ვარ ასევე ჩემი გუნდით და ვფიქრობ რომ ჩვენი 100% გავაკეთეთ. ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა და მთავარია ზუსტად ეს არის. 

მე არასდროს ვაქცევ ყურადღებას ნომრებს და მხოლოდ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და ეს ყველამ დაინახა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე და ჩემთვის მთავარია საქართველოს ფინალში დაბრუნება“, - აღნიშნა ბუზალაძემ.

პოლიტიკური სკანდალი ევროვიზიაზე - რა მოხდა კულისებში
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფავორიტი ჰოლანდიელი იოსტ კლაინი დისკვალიფიცირებულია "არასათანადო ქცევის" გამო. გავრცელებული ცნობით, „არასათანადო ქცევა“ კულისებში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

მომღერალი ამბობს, რომ გადაწყვეტილებით "შოკირებულია“, მან სასჯელს დანაშაულის არაპროპორციული უწოდა.

პარასკევს კულისებში მომხდარის დეტალებს შვედეთის პოლიცია ევროვიზიის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე აზუსტებს. ადგილობრივი პრესა წერდა, რომ კლეინს სატელევიზიო ჯგუფის წევრთან კამათი ჰქონდა.

ორგანიზატორების თქმით, დაპირისპირებაში სხვა შემსრულებლები ან დელეგაციის წევრები არ მონაწილეობდნენ.

ინციდენტის დროს კლეინთან ერთად კულისებში ისრაელელი მომღერალი ედენ გოლანი იმყოფებოდა კულისებში, სადაც რეპეტიციისთვის მზადება მიმდინარეობდა. როგორც პრესაში დაიწერა, ღაზაში ომის გამო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

 

Starring Georgia - ს მუსიკალურ სეზონი შეკვეთილში ამერიკულმა პოპ როკ ბენდმა OneRepublic-მა გახსნა. კონცერტმა შავი ზღვის სანაპიროს კურორტ შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე ანშლაგით ჩაიარა.

„სწორედ დღეს, ჩვენ პირველად დავდგით ფეხი ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც საქართველოა. ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ დღეს ჩამოვფრინდით და აღფრთოვანებულები ვართ ამ უზომოდ ლამაზი ქვეყნით, რომელიც ასევე ცოტათი კოლორადოსაც მახსენებს. ძალიან იღბლიანები ხართ აქ რომ ცხოვრობთ და მადლობა, რომ მოხვედით ამ საღამოს და ჩვენთან ატარებთ. თვითონ ვენიუც მაგარია, თან გარეთ ვართ, თან შიგნით რა ხდება არვიცი, მაგრამ გული მიგრძნობს უმაგრეს საღამოს გავატარებთ ერთად.

რადგან ეს ჩვენი პირველი კონცერტია საქართველოში, ჩვენ შევეცდებით წარგიდგინოთ რაც შეიძლება ბევრი სიმღერა, რომელიც იცით 2007 წლიდან 20024 წლების ჩათვლით.

ამიტომ, დღეს ჩვენ OneRepublic highlights დავარქმევთ და პატარა ქართული კარაოკე მოვაწყოთ ერთად“, - განაცხადა OneRepublic-ის სოლისტმა.