სამი პირის დაჭრა ვაკეში - პროკურატურამ ერთ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 17 აპრილს, ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ მომხდარ შემხვევას, რა დროსაც სამი ადამიანი დაჭრეს.

უწყების ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად ს.ქ.-მ გახსნა, მას დაზარალებულების თანმხლები პირი - ბრალდებული ვ.ს. დაედევნა და თავის არეში დაჭრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახითაფო დაზიანება მიაყენა თავის არეში. სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის, მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.