ჟურნალისტური გამოძიება ნაწილი 1
სტატისტიკურად ყოველთვიურად თბილისში 600–700–მდე დაკრძალვა რეგისტრირდება და შესაბამისად გარდაცვლილთა რიცხვიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე იზრდება სასაფლაოების ფართობიც, რომელიც მრავალ პრობლემას უქმნის დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და ინფრასტრუქტურას.
თბილისის საერთო ფართობის 1,5% ანუ 759 ჰექტარი სასაფლაოებს უკავია, არსებობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი 55 საქალაქო სასაფლაო მათ კი შპს „ჰერმესი“ მართავს. კომპანია ოპერირებს დაკრძალვის ნაწილში და უზრუნველყოფს სასაფლაოს მოვლა-პატრონობას.
ამჟამად, დახურულია კუკიის, ახალი კუკიის, ვერისა და წმ. ბარბარეს საქალაქო სასაფლაოები, სადაც აკრძალულია ახალი საფლავების გაცემა, ხოლო საგვარეულო საფლავებში დადგენილი წესების შესაბამისად მიმდინარეობს დაკრძალვა. ასევე დახურულია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა კუკიისა და პეტრე–პავლეს მემორიალური სასაფლაოები.
კერძო სასაფლაოების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. თბილისში მათი რიცხვი დაახლებით 20-მდეა და დედაქალაქში სასაფლაოების საერთო მოცულობას მნიშვნელოვნად ზრდის.
როგორც ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელი „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, არსებული მონაცემებით უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს საკმარისი - მინიმუმ 10 წლის პერიოდისათვის თავისუფალი რესურსი ახალი საფლავების გასაცემად. საჭიროების მიხედვით შესაძლებელია სამომავლოდ დაემატოს საქალაქო სასაფლაოები ან მიმდებარე რესურსების შესაბამისად გაფართოვდეს არსებული სასაფლაოები.
რა ღირს თბილისში სიკვდილი?
საფლავის ფასს თბილისში არეგულირებს თბილისის საკრებულო, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა.
საქალაქო სასაფლაოებზე მე–5 ზონაში და იმ სასაფლაოებზე სადაც არ არის დამტკიცებული ზონები ერთი და ორ ადგილიანი საფლავის გაცემა არის უფასო, ხოლო ყოველი მომდევნო ადგილის ღირებულებაა 700 ლარი (გაიცემა მაქსიმუმ 6 ადგილიანი საფლავი).
საფლავების ფასები პირველი ზონის მიხედვით (მე–5 ზონაში საფლავის გაცემა ერთი და ორ ადგილიანი საფლავისათვის უფასოა):
საბურთალოს საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 2200; 2 ადგილიანი – 4400
ღრმაღელეს საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 500; 2 ადგილიანი – 1000
პეტრე–პავლეს საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 200; 2 ადგილიანი – 400
მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 400; 2 ადგილიანი – 800
ნავთლუღის (ებრაელების) საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 50; 2 ადგილიანი – 100
მახათას საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 800; 2 ადგილიანი – 1600
ორთაჭალის ქრისტიანებისა და მუსულმანების საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 50; 2 ადგილიანი – 100
ველის საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 50; 2 ადგილიანი – 100
ვაზისუბნის საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 500; 2 ადგილიანი – 1000
ლილოს საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 50; 2 ადგილიანი – 100
მუხიანის საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილინი – 200; 2 ადგილიანი – 400
მე–3 და ყოველ მომდევნო ადგილის ფასი არის 700 ლარი
კრემატორიუმის ისტორია საქართველოში
საქართველოში პირველად გასული საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა კრემატორიუმის მოწყობის იდეა. მთავარი მიზანი თბილისში სასაფლაოებისთვის გამოყოფილი ტერიტორიების დაზოგვა იყო. მუხათგვერდის სასაფლაოზე ამისთვის, არქიტექტორ ვიქტორ ჯორბენაძის პროექტის მიხედვით სპეციალური ნაგებობაც ააშენეს, თუმცა, ეს იდეა მალევე მიივიწყეს და კრემატორიუმი იქ არასოდეს ამოქმედებულა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, კრემაციის მეთოდი აქტიურად გამოიყენება და კრემატორიუმებიც ფუნქციონირებს. საქართველოში კრემაციის მსურველები არიან, ამ სურვილს ისინი სიცოცხლეში გამოთქვამენ, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში კრემატორიუმი არ არის, ეს სურვილი სურვილადვე რჩება.საქართველოში მცხოვრები ინდუიზმის მიმდევრების ნაწილი ვედური კულტურის ცენტრში ლოცულობს. ისინი ფიქრობენ, რომ გარდაცვალების შემდეგ სხეული რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაქრეს, რათა სულმა რეინკარნაცია შეძლოს. ამიტომ, სხვადახვა ქვეყანაში ამ რელიგიის მიმდევრები გარდაცვალების შემდგომ კრემაციის მეთოდს ემხრობიან. საქართველოში არ არის დაწესებულება, სადაც სხეული შეიძლება ცეცხლს მიაბარონ. ბევრი ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ ქვეყანას მოქმედი კრემატორიუმი არ აქვს.
მაშინ, როდესაც საბჭოთა მმართველობისთვის კრემაცია თანამედროვე მეთოდს წარმოადგენდა, რომელიც რელიგიურ რიტუალს ემიჯნება, ეკლესია ამ პრაქტიკას კატეგორიულად უარყოფს.მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია კრემაციას არ ეწინააღმდეგება, მართლმადიდებელ ქრისტიანებს სჯერათ, რომ ცხედარის დაწვა ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით იკრძალება. როგორც ისინი ამბობენ, ეკლესია მხოლოდ დაკრძალვის რიტუალს აღიარებს.
კრემაციის საკითხების დარეგულირების კანონი და ინიციატივა
საქართველოში კრემაციის სერვისის მიღება შეუძლებელია – ამის მიზეზი კი კანონმდებლობაშია. ქვეყანაში ამ მომსახურების გასაწევად საჭირო სტანდარტები დარეგულირებული არაა. სწორედ ამ საკანონმდებლო ღიობის მოსაგვარებლად პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საქართველოში კრემაციის მომსახურების საკითხებს დაარეგულირებს და შესაძლებელს გახდის. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი ხათუნა სამნიძეა.
ხათუნა სამნიძე ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ამბობს, რომ კრემაცია, როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ქართულ კანონმდებლობაში ნახსენებია. ასევე კანონმდებლობა არ კრძალავს კრემაციას, თუმცა ამ სერვისის მიღება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს საჭირო ლიცენზია/ამ ლიცენზიის გაცემის კონკრეტული წესები და პირობები.
„ვინმემ რომ მოინდომოს კრემაციის სერვისის მიწოდება, ამისთვის საჭიროა ლიცენზია… კრემატორიუმის გახსნისა და კრემაციის ნაწილში ლიცენზიის გაცემის სტანდარტებიც არ არსებობს.
ცვლილებები შედის ლიცენზიების კანონში, სადაც გავწერეთ, რომ უნდა შემუშავდეს ლიცენზიის სტანდარტები და ამ კანონმდებლობის არსებობის შემდეგ უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებას რეკომენდაციას გავუწევთ, დავეხმარებით, რომ შეიმუშაონ სტანდარტები, როგორ უნდა გაიცეს [ლიცენზია], სად უნდა აშენდეს [კრემატორიუმი], ყველაფერი ის, რაც მისცემს დაინტერესებულ ბიზნესს შესაძლებლობას, დაიწყოს ეს სერვისი. ამ მონაცემებით, [კრემაცია] აკრძალული არ არის, მაგრამ ვერც ვერავინ გააკეთებს, იმიტომ, რომ სტანდარტები არ არსებობს“, – ამბობს ის.
პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში და ჩნდება ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიასთან და ამ ლიცენზიის გაცემის წესებსა და პირობებთან დაკავშირებით.
ხათუნა სამნიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, პარლამენტში პროექტის ინიციირებამდე ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. შეხვდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით მომზადდა კვლევა კრემაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.სამნიძის თქმით 51 ხმა საკმარისი იქნება რომ კანონპროექტი მიიღონ. საკითხს პარლამენტში საშემოდგომო სესიებზე განიხილავენ.
ეკლესიის მოსაზრება კრემაციაზე
UNDP-ის კვლევის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები იმ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რომელთათვისაც კრემაცია დაკრძალვასთან დაკავშირებული რელიგიური რიტუალის ცენტრალური ნაწილია, შეზღუდულია ადამიანის რწმენის, რელიგიური რიტუალებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად დაკრძალვის შესაძლებლობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რელიგიის გამჟღავნების უფლების შეზღუდვა.
რაც შეეხება ქრისტიანობას, დოკუმენტში მოყვანილია თეოლოგ დავით თინიკაშვილის პოზიცია „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუდან, რომლის მიხედვით, არ არსებობს საეკლესიო კანონი, მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებაზე მიღებული, რომელიც კრძალავს კრემაციას, ასევე ბიბლიაში არსადაა ნათქვამი, ცხედარი უნდა დაიმარხოს თუ უნდა დაიწვას. კათოლიკურმა ეკლესიამ კრემაცია 1963 წლიდან დაუშვა.
„რაც შეეხება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით:
„იმ მართლმადიდებლებს, რომლებიც კრემაციას მიმართავს, ეკლესია არ მოკვეთს, ანუ გარდაცვლილს ჩვეულებისამებრ აუგებენ წესს და ყველა საჭირო რიტუალს ჩაუტარებენ, ვინაიდან ჩვენ ვლოცულობთ ადამიანის სულისათვის და არა სხეულისათვის, თუმცა, ჩვენი ეკლესია ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სხეულის დაწვას“, – აღნიშნულია კვლევაში.
„ვერსია“ ამ თემაზე, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიას ესაუბრა:
- მამაო, გამოუთქვამთ თუ არა თქვენი მრევლის წევრებს კრემატომიუმის/კრემაციის არსებობის სურვილი?
- ჩვენი მრევლი კრემაციას არ ითხოვს. ჩემს გამოცდილებაში ასეთი შემთხვევა არ მქონია.
- თუ მოუთხოვია ვინმეს ისეთი ადამიანისთვის წესის აგება, ვისაც კრემაცია ჩაუტარდა?
- დიახ, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება. უცხოეთიდან ჩამოყავთ ასეთი ადამიანები და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულად ცოდვაა, ჩვეულებრივად ვიხდით პანაშვიდს და ვუგებთ წესს.
- რატომ ითვლება კრემაცია ქრისტიანულად ცოდვად?
- კრემაცია ქრისტიანულად მძიმე ცოდვაა, რადგან ღვთის ბრძანებაა, რომ მიწა ხარ და მიწად უნდა იქცე. ქრისტიანები ამ წესს უნდა დავემორჩილოთ.
ავტორი: ია გრიგალაშვილი
გაგრძელება იქნება....
რა ღირს სიკვდილი საქართველოში?
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი