გრუ-ს შეიარაღებული "კერძო" დაჯგუფებების ქსელი უკრაინაში - ჟურნალისტური გამოძიება

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის ომში ხალხის გადაბირებისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვა (გრუ) იყენებს მის მიერვე შექმნილ ფიქტიურ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტს“, რომელიც არანაკლებ 20 გასამხედროებულ ფორმირებას აერთიანებს.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რადიო თავისუფლების უკრაინული და რუსულენოვანი საგამოძიებო პროექტები „სქემები“ და „სისტემა“ ერთ-ერთი ფორმირების „ვოლკის“ ("მგლები") დოკუმენტაციისა და ტყვედ ჩავარდნილი დაქირავებული მებრძოლების ჩვენებების გაანალიზების შემდეგ.

2022 წლის სექტემბერში, როდესაც უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში უკან დაახევინა რუსეთის ქვედანაყოფებს, გათავისუფლებულ ბალაკლეაში ძირითადი დაჯგუფებისგან მოწყვეტილი რუსი დაქირავებული მებრძოლები ჩარჩნენ. ორ კვირაზე მეტი ისინი ადგილობრივთა მიტოვებულ სახლებში ემალებოდნენ უკრაინელ სამხედროებს და ცდილობდნენ როგორმე ფრონტის ხაზამდე გაეღწიათ. ერთ დღეს, როდესაც იმედი თითქმის გადაეწურათ, მათ ქაღალდის ნაგლეჯზე ასეთი ლოცვა დაწერეს:

"უფალო ღმერთო, დაგვეხმარე, რომ ცოცხალი და უვნებელი დავბრუნდეთ სახლებში, ჩვენ დავიღალეთ მტრის ზურგში 15 დღის განმავლობაში ხეტიალით. რაშიდი, პოკროვი, პრიტოკი, ბუდულაი, მასტიფი“.

მალე ამ ჯგუფის 4 წევრი, რუსლან კოლესნიკოვი („ბულატი“), მიხაილ ივანოვი („პოკროვი“), მაქსიმ ვოლვაკი („ესკადრა“) და ვალენტინ ბიჩი („რაშიდი“), უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა. ისინი ხარკოვის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის წამებაში დაადანაშაულეს, უკრაინის სასამართლომ დაკავებულები დამნაშავედ ცნო ომის წესების დარღვევაში და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ბულატი“, „პოკროვი“, „ესკადრა“ და „რაშიდი“ რაზმ „ვოლკის“ ("მგლები") დაქირავებული მებრძოლები იყვნენ. "ვოლკი" კერძო სამხედრო კომპანია „რედუტის“ ერთ-ერთი შეიარაღებული ჯგუფია.

ხარკოვის ოლქიდან გაქცევის შემდეგ „მგლებმა“ ბაზაზე დოკუმენტების გროვა დატოვე, რომელსაც „სქემების“ჟურნალისტები გაეცვნენ. სწორედ ამ უნიკალური დოკუმენტებისა და დაქირავებულების მობილური ტელეფონების ჩანაწერების წყალობით აეხადა ფარდა „რედუტის“ საიდუმლოს.

საგამოძიებო პროექტების „სქემებისა“ და „სისტემის“ ჟურნალისტებმა შესწავლილი დოკუმენტები შეავსეს მსჯავრდებულთა ინტერვიუებით, რაზმის დაქირავებული მებრძოლებისა და მათი ნათესავების საუბრებით, გაანალიზეს ღია მონაცემები და კერძო სამხედრო კომპანია „რედუტის“ მთელი სისტემის ანატომია და მისი გრუ-სთან კავშირი გამოააშკარავეს.

როგორ უკავშირდება „მგლები“ რუსეთის გრუს?


რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარ სამხედრო დაზვერვასთან (გრუ) კავშირზე დაქირავებულების ლოცვის ბოლოში მათი ხელმოწერაც მიუთითებს: „გ.რ.უ-ს ბატალიონი „მგლები“.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ვალენტინ ბიჩმა და მაქსიმ ვოლკოვმა „სქემებთან“ ინტერვიუში თქვეს, რომ უკრაინაში საომრად გრუ-ს მე-16 სპეცდანიშნულების ბრიგადის შემადგენლობაში წავიდნენ, ხოლო „მგლები“ (ადრე მათ ბატალიონს ეწოდებოდა „ჩიბისი“) სპეცრაზმის მხოლოდ ერთ-ერთ ჯგუფს წარმოადგენს.

მსჯავრდებულმა დაქირავებულებმა „სქემებს“ ისიც უამბეს, რომ მათ ბატალიონს უშუალოდ ხელმძღვანელობდა გრუ-ს ოფიცერი ფსევდონიმით „ამური“, რომელმაც გასცა ადგილობრივების დაკავების ბრძანებაც. სწორედ სამი მათგანის წამებისთვის მიიღეს უკრაინის სასამართლოს სასჯელი მსჯავრდებულებმა.

უკრაინაში დაქირავებულები ტამბოვის ოლქში მდებარე, გრუ-ს სპეცდანიშნულების მე-16 ცალკეული გვარდიული ბრიგადის კუთვნილი, ტრიგულაის საწვრთნელი ბაზის გავლის შემდეგ მოხვედრილან.

„მგლების“ გრუ-სთან კავშირზე მეტყველებს ასევე ჯგუფის სხვა შიდა დოკუმენტები, რომლებსაც გამომძიებელი ჟურნალისტები გაეცვნენ. ამ დოკუმენტებში დანაყოფს პირდაპირ ეწოდება „გრუ-ს სადივერსიო-სადაზვერვო რაზმი „მგლები“.

შიდა დოკუმენტაციის წყალობით ჟურნალისტურმა გამოძიებით „მგლების“ ეგიდით მებრძოლი მრავალი ასეული დაქირავებულიდან 98-ის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. მათგან 38 „მიროტვორეცის“ [უკრაინის დამოუკიდებელი საგამოძიებო ცენტრი, რომელიც რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ საომარ დანაშაულებს იძიებს.- რედ] მონაცემთა ბაზაში ფიგურირებს, როგორც 2014 წელს „უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის მონაწილეები“.

რაზმის ყოველი მეექვსე წევრი ადრე მსახურობდა კერძო სამხედრო კომპანიის - კსკ „ვაგნერის“ შემადგენლობაში, ხოლო ყოველი მე-10 - სირიაში.

გაჟონილი პერსონალური მონაცემებით ირკვევა, რომ „მგლების“ იდენტიფიცირებულ დაქირავებულთაგან მინიმუ ოთხი მსახურობდა ან ძველებურად მსახურობს გრუ-ში.

სახელწოდება „რედუტი“ ჟურნალისტებს შეხვდათ როგორც შიდა დოკუმენტებში, ასევე ჯგუფ „მგლების“ მსჯავრდებული წევრების ინტერვიუებში.

მიხაილ ივანოვმა („პოკროვი“) „სქემებს“ უამბო, რომ კონტრაქტი კერძო სამხედრო კომპანია „რედუტთან“ გააფორმა. რუსლან კოლესნიკოვმა („ბულატი“) ასევე განაცხადა, რომ „რედუტის“ რიგებში იბრძოდა.

როგორია „რედუტის“ სტრუქტურა?
პროექტ „სისტემის“ ჟურნალისტებმა გამოავლინეს 20 სხვადასხვა სამხედრო ჯგუფი, რომლებიც ე.წ. კსკ „რედუტის“ საშუალებით აწარმოებენ ხალხის გადაბირებას.

მათ შორის არის ზემოხსენებული „მგლები“ და ასევე „ტიგრი“ ("ვეფხვები"), კაზაკთა ფორმირებები „ლისტანი“ და „სკვითი“, „დონბასის მოხალისეთა კავშირი“ („წმინდა გიორგის ბრიგადა“) და ისეთი ცალკეული ფორმირებები, როგორიცაა „ტროა“ და „ვეტერანი“.

გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე „რედუტის“ სისტემის გავლით კომპლექტდებოდა ნეონაცისტური დაჯგუფება „რუსიჩი“.

ამ ქვედანაყოფებს არ აქვთ ერთი სტრუქტურა და იდეოლოგია. საერთოა მხოლოდ დაქირავების სქემა: რეკრუტირების მსურველი ხელს აწერს კონტრაქტს არაარსებულ კომპანიასთან, ხდება მისი მიწერა რეალურ ან „ვირტუალურ“ სამხედრო ნაწილზე, ხოლო ფულს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან იღებს.

უკრაინაში მსჯავრდებულმა დაქირავებულმა მიხაილ ივანოვმა „სქემებს“ უამბო, რომ კონტრაქტი გააფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რედუტთან“, რომელსაც „შიროკოვის თუ შიროკიხის“ გვარის მქონე პირი ხელმძღვანელობდა.

გამოძიების ავტორებმა შეისწავლეს ორი კონტრაქტი, რომელსაც ხელს აწერენ „რედუტის“ მიერ უკრაინაში საომრად დაქირავებული რუსეთის მოქალაქეები. ორივე შემთხვევაში კომპანიის დირექტორად იგორ ივანოვიჩ შიროკოვია მითითებული.

კიდევ რამდენიმე ბოევიკის ნათესავებმაც აღიარეს, რომ ეს სახელი სხვა კონტრაქტებშიც ფიგურირებს, თუმცა ამ დოკუმენტების ასლები არ წარმოუდგენიათ.

გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ რუსეთში სახელწოდება „რედუტის“ მატარებელი 160-ზე მეტი ფირმაა დარეგისტრირებული, მაგრამ არც ერთ მათგანის ოფიციალურ თანამშრომლად არ ფიგურირებს იგორ შიროკოვი

დაქირავებულთა კონტაქტებში, რომლებიც გამომძიებელ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში, აღმოაჩინეს სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევების რეგიონული ლაბორატორია „რედუტი“ და მაშველთა მომზადების რუსული ცენტრი „რედუტი“. იურიდიულად ასეთი კომპანიები არ არსებობენ.

გამოძიების ავტორებმა ასევე მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებშიც მითითებულია სამხედრო ნაწილების ნომრები. ერთ-ერთი ნაწილის ნომერია 35555. იურიდიული პირების რეესტრში არც ასეთი ნაწილი არ არსებობს, მაგრამ ბევრჯერ შეიძლება წააწყდე იმის ხსენებას, რომ ეს არის გრუ-ს 78-ე სადაზვერვო ცენტრის საიდუმლო ნაწილი, რომელიც დონის როსტოვში მდებარეობს.

ძალიან ხშირად „რედუტის“ წევრებს, კერძოდ „ვოლკებს“, მიაწერენ 54607-ე სამხედრო ნაწილს (გრუ-ს სპეცრაზმის 16-ე ბრიგადა), ან ქაღალდზე არსებულ გრუ-ს 06512-ე ანდა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მილიციის ყოფილ 08818-ე ნაწილებს.

პროექტ „სისტემის“ ჟურნალისტებმა რეკრუტებისთვის განკუთვნილი განცხადებაში მითითებულ ნომრებზე დარეკეს იმის დასადგენად, თუ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტში“ სამსახურის შესახებ რა ინფორმაციის მიღება შეუძლია რუსეთის რიგით მოქალაქეს.

ერთ-ერთმა გადამბირებელმა პირდაპირ თქვა, რომ ნებისმიერი კომპანია, რომლის სახელიც კონტრაქტშია ნახსენები, „ფიქტიურია“. ორმა კი “ვირტუალური“ უწოდა იმ სამხედრო ნაწილებს, რომლებზე დაქირავებულები არიან მიწერილი.

ის, რომ „რედუტის“ სისტემის გამოყენებით გადაბირების მთელი ეს სქემა - ცალკეული ენთუზიასტების კერძო თვითშემოქმედება კი არ არის, არამედ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უშუალოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გრუს-გან იმართება, - „სისტემის“ ჟურნალისტებს სხვადასხვა ჯგუფის 5-მა რეკრუტმა დაუდასტურა. ისინი ამტკიცებენ, რომ ფულს უშუალოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უხდით.


„რაზმების უმრავლესობა, რომლებსაც ჟურნალისტები კერძო სამხედრო კომპანიებს უწოდებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისგან შედგება“, - ასე უპასუხა „რედუტის“ შესახებ დასმულ შეკითხვას გრუ-სთან დაახლოებულმა წყარომ, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

რუსეთის სამხედრო უწყება და თანამდებობის პირები ოფიციალურად არასდროს არ ახსენებენ კსკ „რედუტს“ და მრავალჯერ უსვამენ ხაზს იმას, რომ რუსეთის კანონის თანახმად არავითარ კერძო სამხედრო კომპანია არ არსებობს.

მაგრამ, ჟურნალისტური გამოძიებით მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებენ, რომ კომპანია „რედუტის“ ბოევიკები იღებდნენ სახელმწიფო ჯილდოებს, ხოლო რუსი სამხედროები კარგად არიან ინფორმირებული იმ ანაზღაურების შესახებ, რასაც ამ „კომპანიასთან“ დაკავშირებულ ადამიანებს უხდიან.

ჯგუფ „ვოლკების“ ("მგლების") გარდაცვლილი სნაიპერის, ალექსანდრე კოპილცოვის (ფსევდონიმი "ნემო") ოჯახი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა მიეღო შესაბამისი ფულადი შემწეობა და საბრძოლო ვეტერანის სტატუსი, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში სამხრეთის სამხედრო ოლქის პროკურატურისგან იღებდა ერთი და იმავე შინაარსის შეტყობინებას: ხსენებული მოქალაქე არც რუსეთის ფედერაციის კადრის სამხედრო მოსამსახურეა და არც ე.წ. მოხალისე. არადა 2022 წლის ნოემბერში კოპილცოვს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა „მამაცობის ორდენი“, ხოლო ოჯახს აქვს დოკუმენტები, რომლებშიც მითითებულია, რომ კოპილცოვი უკრაინაში მიღებული საბრძოლო ჭრილობებისგან დაიღუპა.

2023 წლის ივლისში რუსეთის სამხედრო პროკურატურამ კოპილცოვის ოჯახს აცნობა , რომ მათ "კერძო სამხედრო კომპანია რედუტისგან" უკვე მიიღეს საჭირო კომპენსაცია.

ეს არის რუსეთის ხელისუფლების მიერ "რედუტის" ოფიციალურად ხსენების ერთადერთი მაგალითი, რომლის მოპოვებაც გამოძიებისას მოხერხდა.

ღია სივრცეში ხელმისაწვდომი არ არის არც "კომპანიის" ტელეფონები და არც მისამართები, რომლებზეც დაქირავებულთა ნათესავები დაკარგულთა მოძებნისა და ფულადი კომპენსაციის შესახებ მოთხოვნების გაგზავნას შეძლებენ.

ამასობაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლინახევრის განმავლობაში, „რედუტს“ უკვე ჰყავს არა მხოლოდ ფიქტიური იურიდიული პირები, არამედ არაოფიციალური პოლიტიკური ხელმძღვანელობა თუ კურატორები.

ვინ მართავს „რედუტს“?


2023 წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის მარიუპოლში გაიმართა "დონბასის მოხალისეთა კავშირის" (დმკ) კონგრესი, რომელზეც მათ გამოაცხადეს "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" შექმნა. ამ ქვედანაყოფს უნდა გაეერთიანებინა რუსეთის შეიარაღებული აგრესიაში მონაწილე ყველა ის მებრძოლი, რომლებიც არ ირიცხებიან რეგულარულ სამხედრო ნაწილებში.

როგორც რამდენიმე რეკრუტერმა განაცხადა" სისტემასთან " საუბარში, ეს ფორმირება სწორედ კომპანია "რედუტს" დაეფუძნა.

პროექტ "სისტემის" განკარგულებაში არის ექსკლუზიური დოკუმენტი, გაცემული "რედუტის" ერთ-ერთ დაქირავებულზე, როგორც უკრაინის ომში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი.

დოკუმენტს აზის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბეჭედი და მითითებულია "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" ფორმირების თარიღი – 2023 წლის 27 თებერვალი.

დოკუმენტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „კორპუსი" შექმნილა, არა "დონბასის მოხალისეთა კავშირის" (დმკ) ხელმძღვანელის ალექსანდრე ბოროდაის პირადი ინიციატივით, არამედ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით.

დოკუმენტზე ხელმოწერა ეკუთვნის ალექსეი კონდრატიევს, თადარიგში მყოფ გრუ-ს პოლკოვნიკს და ტამბოვის ყოფილ მერს, რომელიც მოგვიანებით ფედერაციის საბჭოშიც (რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში) აირჩიეს. კონდრატიევი, ამ დოკუმენტით თუ ვიმსჯელებთ, არის ამ" კორპუსის "საბრძოლო დანაყოფის" მეთაური. ის იყო ერთ-ერთი ოფიცრის სამხრეებიან იმ პირებს შორის, რომლებიც "დონბასის მოხალისეთა კავშირის" (დმკ) კონგრესს ესწრებოდა.

კიდევ ერთი სამხედრო, რომელიც პროექტ „სისტემის“ ჟურნალისტებმა მარიუპოლში გამართული კონგრესში მონაწილე მაღალჩინოსანთა შორის ამოიცნეს, - პოლკოვნიკი სერგეი დროზდოვია. 2023 წელს მას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში მთავარი საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. სწორედ ეს სტრუქტურა აგებს პასუხს რუსეთში სამხედრო გაწვევის ორგანიზებასა და ჯარების დაკომპლექტებაზე.

სისტემა „რედუტის“ მთავარი კურატორი კი გრუ-ს ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ვლადიმირ ალექსეევია. როგორც „სისტემამ“ დაადგინა, ალექსეევი იყო ყველაზე მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომელიც 2023 წლის დასაწყისში გამართულ "დონბასის მოხალისეთა კავშირის" (დმკ) კონგრესში მონაწილეობდა.

გენერალი ალექსეევი ერთ–ერთი იმათგანია, ვინც მოლაპარაკებას მარტავდა „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან 2023 წლის ივნისში კერძო სამხედრო კომპანიის არშემდგარი აჯანყების დროს. მას შემდეგ ვლადიმირ ალექსეევი საჯაროდ არსად უნახავთ.

მაგრამ, როგორც ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა დაადგინეს, სწორედ გენერალი ალექსეევი იყო იყო ყველა იმ შეიარაღებული ფორმირების ერთ-ერთი მთავარი კურატორი, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "მოხალისეს" უწოდებს, მათ შორის არის მრავალი დანაყოფისგან შემდგარი "რედუტიც".

სწორედ ალექსეევს მოიხსენიებენ „რედუტის“ შემქმნელად „ინსაიდერისა“ და „შპიგელის“ ჟურნალისტები, მათ მიერ ჩატარებულ ერთობლივ გამოძიებაში.

გამოცემათა წყაროების თანახმად, "კომპანიის" შექმნა ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

"რედუტის" ყველაზე ადრეული ხსენება, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში ფიქსირდება. სწორედ მაშინ, უკრაინაში მსჯავრდებული დაქირავებული მიხაილ ივანოვის თქმით, მან ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელშიც შპს "რედუტის" სახელი ფიგურირებდა.

რუსეთში, როგორც მინიმუმ, არსებობს „რედუტის“ სახელწოდების მქონე ერთი ორგანიზაცია, რომელიც მართლა იყო დაკავშირებული სირიაში მოქმედ მცირე კერძო სამხედრო კომპანიასთან. ეს ორგანიზაცია არის „რედუტ-უსაფრთხოება“, რომელსაც კსკ „სლავიანსკი კორპუსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ევგენი სიდოროვი ედგა სათავეში.

„რედუტ-უსაფრთხოებას“ უკავშირდება კიდევ ერთი კერძო სამხედრო კომპანია „შჩიტი“ (ფარი) . გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ ამ კსკ-ას სავარაუდო ხელმძღვანელებად იმავე ევგენი სიდოროვსა და მის პარტნიორ, კონსტანტინ მირზოიანცს ასახელებს.

კომპანია „რედუტ-უსაფრთხოება“ აშშ-ის სანქციების სიებშიც კი მოხვდა, როგორც სავარაუდოდ პასუხისმგებელია მთელ სისტემა „რედუტზე“, რომლის მრავალრიცხოვანი ჯგუფები ამჟამად უკრაინაში იბრძვიან.

თუმცა, როგორც "სისტემისა" და "სქემების" გამოძიებამ აჩვენა, „რედუტ-უსაფრთხოება“ ნამდვილად არ არის სათავო კომპანია ყველა იმ ფორმირებისთვის, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იბრძვიან რუსეთის მხარეს და საკუთარ თავს "რედუტელებს" უწოდებენ.

გამოძიების ავტორები კომენტარებისთვის დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ მასალის გამოქვეყნებისთვის შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, შეკითხვები ტელეგრამის საშუალებით წაიკითხა, მაგრამ ასევე არ გასცა პასუხები. "დონბასის მოხალისეთა კავშირის" ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბოროდაიმ შეკითხვების წაკითხვის შემდეგ ხმოვანი შეტყობინების ჩაწერა დაიწყო, მაგრამ აღარ გამოუგზავნია. ხოლო გრუ-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ვლადიმირ ალექსეევმა შეტყობინება ემოჯის ჩათში გულით მონიშნა და ამით შემოიფარგლა.

წყარო: რადიო თავისუფლება