"ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, იდიოტია" - ლაიმა ვაიკულე

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვაიკულემ წელს იურმალაში მიიწვია ძირითადად უკრაინელი არტისტები, ასევე ის რუსი შემსრულებლები, რომლებიც ღიად აპროტესტებენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

ევგენია კოტლიარმა ლაიმა ვაიკულეს რამდენიმე კითხვა დაუსვა

- რუსეთში ბევრი ხელოვანი უგულებელყოფს პოლიტიკას და ომს, ან ცდილობს არ შეიმჩნიოს ომი, რომელიც მიმდინარეობს. ამ ფესტივალზე კი, როგორც ვნახეთ, არტისტები არა მხოლოდ გამოდიან სცენაზე, ახარებენ მაყურებელს სიმღერითა და ცეკვით, არამედ მკვეთრ პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებენ. რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი და რატომ არის ეს შესაძლებელი ლაიმა ვაიკულეს ფესტივალზე?

- ერთხელ როგორღაც ერთმა ადამიანმა, რომელსაც ვეუბნებოდი, „ოჰ, მე საბჭოთა პერიოდის ბავშვი ვარ, პოლიტიკაში არაფერი მესმის, არსად მიმიღია მონაწილეობაო“, მითხრა: „იცი, საიდან მოდის სიტყვა „იდიოტი“? საბერძნეთიდან. ასე უწოდებდნენ ადამიანს, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებდა.“ ვაღიარებ, დიახ, მე ვიყავი სრული იდიოტი. ასე რომ იცოდეთ, ყველა, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, იდიოტია. და ეს არ არის ჩემი ნათქვამი, ეს არის ძველი ბერძნული სიტყვა, რომელიც მონიშნავს ადამიანებს, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი პოლიტიკით. რომ არ გვაინტერესებდა, იმიტომაც მივედით აქამდე, რაც ძალიან სამწუხაროა.

- თქვენ ჩემზე უკეთ იცით, როგორ ჩამოაშორეს, პირდაპირ მოწყვიტეს რუსი მაყურებელი არაერთ გამოჩენილ არტისტს, რომლებსაც, გასაგები მიზეზების გამო, დღეს არ შეუძლიათ რუსეთში გამოსვლა. როგორ ფიქრობთ, თქვენს მაყურებელს, მსმენელს რუსეთიდან, ესმის რომ ესეც დიდი ომის შედეგია, რომ ისინი ვერ მივლენ ვერკა სერდუჩკას ან ლაიმა ვაიკულეს კონცერტზე?

- ვისი ტვინიც არ გამოურეცხავთ სათანადოდ, ვისაც ესმის, რომ არსებობს თეთრი და არსებობს შავი, მათთან მგონი ყველაფერი კარგადაა, მშვენივრად ხვდებიან რაშიცაა საქმე. მაგრამ რაც შეეხება იმათ, ვისაც გაგება არ შეუძლიათ, რა უნდა უთხრა? ისინი ზომბებივით უყურებენ პუტინს და უსმენენ მას, რომელიც ამბობს, რუსეთი რომ არ შეჭრილიყო უკრაინაში, მაშინ უკრაინა დაესხმებოდა რუსეთსო. როგორ შეიძლება ასეთი სისულელეების მოსმენა და ამ სისულელის დაჯერება? ამიტომ, როგორც ვიღაცამ ძალიან კარგად შენიშნა: „კულტურა არ არის რუსეთში, კულტურა არის იქ, სადაც მაქსიმ გალკინია, სადაც ალა პუგაჩოვაა". ასე რომ, კულტურა გადაადგილდა. სხვაგან გადაინაცვლეს რეჟისორებმაც, მსახიობებმაც... სწორედ მათთან არის რუსული კულტურა.

- ლაიმა, თქვენი დაკვირვებით, თქვენი წრის ხალხი, მაყურებელი, აუდიტორია - რამდენად დაიღალა ჩვეულებრივი ხალხი ომთან დაკავშირებული ინფორმაციით?

- ძვირფასო მეგობრებო, გასაგებია რომ ვიღლებით, რადგან ომი მიდის, რადგან ომი არ დასრულებულა. მაგრამ თუ უკრაინაში ხალხი უძლებს, თუ იქაური არტისტები გამოდიან სცენაზე და ლაპარაკობენ იმაზე, რომ ისინი არსებობენ და აღწერენ იმას, რაც მათ თავს ხდება, როგორღაც დანარჩენებმა, თბილ ლოგინებში ჩაწოლილებმა, უნდა მოითმინონ. მეტიც, უკვე დროა დაიწყონ აქეთ-იქით ყურება, დროა მოუსმინონ სხვადასხვა მხარეს და გაიაზრონ, თუ რა ხდება.

- რა ვითარებაში იმღერებს რუსეთში ლაიმა ვაიკულე?

– დღეს მინდა ვთქვა, რომ არასდროს. მაგრამ, როგორც ამბობენ, „არასოდეს თქვა არასოდეს". ყველაფერი მკვეთრად უნდა შეიცვალოს; უნდა მოხდეს ის, რაც იყო 90-იან წლებში: უნდა გაჩნდეს გარდაქმნის, უკეთესი ცხოვრების, სიმართლის იმედი და რწმენა. მინდა ამის მჯეროდეს. მაგრამ ალბათ ვერ მოვესწრები ამ დროს. ამიტომ ჩემთვის გადავწყვიტე, რომ არასდროს.

- გვიამბეთ, პირადად თქვენ როგორ ადევნებთ თვალყურს ახალ ამბებს ფრონტიდან, ომიდან, თუკი ადევნებთ თვალს.

- რა თქმა უნდა, არ ვუსმენ რუსულ ტელევიზიას. რა თქმა უნდა, არა. იმიტომ რომ იქიდან მხოლოდ ისტერია და სრული სიცრუე მოდის, თავხედური, მახინჯი სიცრუე. ჩემთვის არსებობენ შესანიშნავი პოლიტიკური ანალიტიკოსები, მაგალითად, ბატონი პასტუხოვი. ვუყურებ არესტოვიჩს, ფეიგინს, ვუყურებ Freedom-ს - უკრაინულ არხს. უბრალოდ ყველაფერი შემიძლია ვნახო, დავათვალიერო, რათა შევიტყო, რა მოხდა, რა სიახლეებია. ყველაფერი მაინტერესებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა პროპაგანდა და წმინდა წყლის ტყუილები.

- გვიამბეთ, ბოლოს როდის იყავით უკრაინაში?

- ომის წინ ვიყავი. როგორღაც ისე მოხდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ მქონდა გასტროლები მთელ უკრაინაში. ამიტომ ძალიან განვიცდი, როცა ვუყურებ რა დაიბომბა, რა განადგურდა... ხარკოვი საერთოდ გაქრა, უბრალოდ ქალაქი აღარ არის, ქალაქი მოჩვენებაა. როგორც „1+1“ არხის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ისინი ხარკოვში სულ ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ, ყველა სახლი თითქმის სანახევროდაა დანგრეული, ცენტრში კი უბრალოდ ხვრელადაა ქცეული. სხვა რაიონები აღარ არსებობენ, მხოლოდ სახლების ნარჩენებია. უეცრად ერთი ასეთი საშინელი სახლიდან გამოსულა ქალი. ჟურნალისტი მეუბნება, ძალიან შეგვეშინდა, რადგან მოჩვენებასავით იყოო. კითხვაზე, აქ რას აკეთებთო, ქალს უთქვამს, „აქ მარტო არ ვარ, ორი შვილი მყავს. წასასვლელი არსად მაქვსო".

ასე „გადაარჩინეს“ რუსებმა რუსულენოვანი ქალაქი ხარკოვი. ვის უნდა ასეთი "გადარჩენა"? ვინმეს უნდა ასეთების მათთან მისვლა? ყვირილი მინდება. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს ყურები ცვილით აქვთ დახშული და არაფერი ესმით. არ ვიცი, რა გავაკეთო. ვცდილობ ვილაპარაკო, მაგრამ არ ესმით.

- თუ არსებულ ვითარებაზე ხელოვანების გავლენის შესახებ ვისაუბრებთ, როგორ ფიქრობთ, ხელოვანებს, მათ შორის მათ იმ განცხადებებს, რომლებსაც ლაიმა ვაიკულეს ფესტივალზე ვისმენთ, რეალურად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე?

- თუ ყველა ასე მოიქცევა, მგონია, რომ კი. როდესაც ჰოლივუდი ვინმეს წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს, მისი ხმა ყველგან ისმის. გაიხსენეთ ვიეტნამი, როცა ჰიპები, მუსიკოსები, „ბიტლზი“ - ყველა აპროტესტებდა ვიეტნამის ომს. მათ უსმენდნენ, აჩვენებდნენ ტელევიზორებში, ჩვენც კი ვიცოდით მათ შესახებ, თუმცა მაშინ „რკინის ფარდა“ გვყოფდა. ამიტომ, მგონია, რომ ყველამ უნდა ილაპარაკოს. უბრალოდ მიკვირს, როგორ შეიძლება არ ილაპარაკონ.

გულწრფელად გეტყვით, ახლა ვიწყებ გააზრებას, შიშის შემჩნევას რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებში. მათ ეშინიათ. ჩვენ უფრო თავისუფლები, უფრო გახსნილები ვართ. ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ, მაგრამ ვხედავ, რომ მათ იმავეს გაკეთება არ შეუძლიათ. ეს შიში უკვე მათ შიგნითაა. ღმერთმა ნუ ქნას ამის დაბრუნება. უბრალოდ მახსოვს საბჭოთა კავშირი. ისინი იქითკენ მიდიან. Ძალიან სამწუხაროა, ძალიან.

ამდენი სიმდიდრე და ამდენი ფულია რუსეთში. იმის ნაცვლად, რომ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ ხალხს მოახმარონ, ხარჯავენ შეიარაღებაში, უკრაინის დაბომბვაში. რამდენი უბედური ადამიანია რუსეთში. არ იცით სად წაიღოთ ფული? მიეცით მათ! ახლა აფრიკა მოუნდათ - ვალებს აპატიებენ, მარცვლეულს აძლევენ, ყველაფერი ემეტებათ მათთვის. რატომ არ გინდათ თქვენი ქვეყნის, მაგალითად უკიდურესი ჩრდილოეთის გამოკვება? იქნებ მათთვისაც მიგეცათ ფული? კამჩატკაში ვარ ნამყოფი, ყველგან ვარ ნამყოფი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი უბედურება ტრიალებს იქ.

რამდენს ჩივიან, რამდენს ლაპარაკობენ... ტუალეტები ქუჩებში აქვთ. რუსეთი გაზის ქვეყანაა, მაგრამ მოსკოვის გარეუბანში გაზი არ არის. მიდით, მიეცით თქვენს ხალხს ბედნიერი ცხოვრება! რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო დისნეილენდივით მშვენიერი. არა მხოლოდ მოსკოვი და პეტერბურგი, არამედ მთელი რუსეთი. მაგრამ არა, თავიანთი ქვეყნის კეთილმოწყობას, სხვებისთვის მიმზიდველ ქვეყნად ქცევას, ისინი ამჯობინებენ უკრაინის დასამარებას. ეს ის პარადოქსია, რომლის გაგებაც არ შემიძლია.

 წყარო: რადიო თავისუფლება