„აჩქარდა და შეცდა!“ - 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ 2022 წლის პოლიტიკური მოვლენების შეჯამებას გთავაზობთ. მართალია, ახალ წლამდე ჯერ სამი კვირაა დარჩენილი, მაგრამ ერთად გადავავლოთ თვალი იმ პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებს, რაც საქართველოს ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, უპირველესად, ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხი უნდა ვახსენოთ, როცა ევროპულმა ოჯახმა მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი გადასცა, საქართველოს კი 12- პუნქტიანი გეგმა შეუდგინა შესასრულებლად, რომლისთვისაც „დედლაინი“ თავდაპირველად - 2022 წლის ბოლო, შემდეგ კი 2023 წლის დეკემბერი დასახელდა. დათქმა ასეთია - თუ საქართველოს ხელისუფლება ამ გეგმას პირნათლად შეასრულებს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. მეორე მხრივ, შიდაპოლიტიკური პროცესები ქვეყნის ყველაზე მრავალამომრჩევლიანი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ ვითარდება. პარტიაში თავმჯდომარეობისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იბრძვიან, რისთვისაც მალე შიდაპარტიულ არჩევნებს გამართავენ. როგორც კულუარებში ამბობენ, ხაბეიშვილის უკან ახლა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიული ძალა დგას. ასე რომ, როგორც ჩანს, ეს არჩევნები ბევრ რამეს არა მხოლოდ პარტიის, არამედ, ქვეყნის პოლიტიკურ ჭადრაკშიც დიდ როლს შეასრულებს.

რა თქმა უნდა, წლის მთავარი მოვლენებიდან უკრაინის ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმამ მსოფლიო პოლიტიკურ კონფიგურაციაში ბევრი რამ შეცვალა და ყველაფერი ეს, საქართველოზეც პირდაპირ თუ ირიბად აისახება...

წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ანალიზისთვის „ვერსიამ“ ვახტანგ ძაბირაძეს მიმართა:

 - ეს წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მსოფლიოსთვის, რადგან ამ წელს დაიწყო... არ მინდა, მსოფლიო ომი ვთქვა, მაგრამ არც შორს ვართ იმისგან, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

ქართულ პოლიტიკას რაც შეეხება, ისევ და ისევ გრძელდება დაპირისპირება. შარლ მიშელის დოკუმენტის მიღება და შემდეგ მასზე უარის თქმა... შემდეგ ყველაფერი გადაერთო იმ ჭრილში, რასაც უკრაინის მოვლენები და სააკაშვილის პრობლემა ჰქვია. ეს თემები მუსირებდა, ძირითადად, ქართულ პოლიტიკურ და მედიასივრცეში და დღესაც იგივე რჩება, რადგან ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერ ახერხებს ან არ უნდა, რომ გამოვიდეს იმ მოჯადოებული წრიდან, რომელზეც მუდმივად ვტრიალებთ. იმედი მაქვს, სააკაშვილთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული და ეს ერთი თემა მაინც მოიხსნება ქართულ ოპოზიციურ სპექტრსა და ხელისუფლებას შორის მომავალი წლისთვის, თუმცა ალბათ, ახალი თემები მოიძებნება, რომ დაპირისპირება გაგრძელდეს. არ ველოდები დეპოლარიზაციას, რადგან გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს ეხება. ორივე მხარემ ხატზეც რომ დაიფიციოს პოლარიზაცია დასრულდებაო, ასე მაინც არ მოხდება, რადგან პოლარიზაცია თან სდევს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას, ბოლო 30 წელი და უფრო მეტიც.

- ბატონო ვახტანგ, მოჯადოებულ წრეზე სიარულში რას გულისხმობთ?... მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებიც, სადაც შიდაპარტიულ არჩევნებს გეგმავენ. შეცვლის პოლიტიკურ სიტუაციას ენმ-ში დაწყებული ეს პროცესი?

- მოჯადოებულ წრეზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ ხელისუფლებათა ცვლილებებს, რომელსაც არაფერი მოაქვს და ისევ იმ ჭაობში ვრჩებით, სადაც ვიყავით. ენმ და „ქართული ოცნება“ ბევრი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩემი შეფასებით, ენმ-ს აგრესიული ავტორიტარიზმი ჰქონდა, „ოცნებას“ კი პასიური აქვს. ორივე ერთსა და იმავე სივრცეში რჩება, რასაც ხატოვნად გამოხატავს სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება, სხვა პრობლემებთან ერთად.

რაც შეეხება ენმ-ში მიმდინარე პროცესებს, თუ ჯანსაღი პროცესი წავა, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით. ვერ ჩავთვლი, რომ წინა არჩევნები ასეთი იყო, როცა მელია და ვარშალომიძე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლა კი საკმაოდ რეალური დაპირისპირებაა, რადგან ახლა მელიასა და ხაბეიშვილის უკან არ დგას მხოლოდ ერთი კაცი. მაშინ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მელიას გაემარჯვა. დღეს პარტიაში გუნდებია გამოკვეთილი და თუ არჩევნები რეალური კონკურენციის ფარგლებში ჩატარდება, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი პარტიული პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით.

- ლევან ხაბეიშვილის უკან სააკაშვილის მხარდამჭერ ძალას მოიაზრებენ. როგორ ფიქრობთ, არჩევნებში მისი გამარჯვება უფრო გაამწვავებს პოლარიზაციას? ქუჩის აქციები, მწვავე პოლიტიკური პროცესები გველოდება?

- მელიამ განაცხადა, თუ სასამართლო სააკაშვილის მიმართ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რისი იმედიც ენმ-ში აქვთ, ყველაფერი ძველებურად ვერ იქნებაო ანუ ფაქტობრივად, ქვეტექსტი იგივეა, რომ ქუჩის პროტესტი იქნება და ა.შ. ამ მიმართებაში, ვერ ვიტყვი, რომ ხაბეიშვილი მელიაზე უფრო აქტიური იქნება ქუჩის პროტესტში. ზოგადად, საინტერესოა, რატომ დაიწყო დაჩქარებული პროცესი არჩევნებისთვის და რატომ ცდილობს ხაბეიშვილის მხარე, რომ არჩევნები სწრაფად ჩაატაროს. მელიას მხარე კი პირიქით - ცდილობს, არჩევნებამდე დრო გააჭიანუროს. თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ სააკაშვილის მომხრეთა პოზიციას, არამედ, კლინიკა „ვივამედის“ მედპერსონალის განცხადებებსაც, რომ სააკაშვილი წონაში იკლებს, ამასთან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების განცხადებებს და პოზიციას, არ გამოვრიცხავ, ძალიან მალე გადაწყდეს სააკაშვილის სამკურნალოდ წაყვანა საზღვარგარეთ.

- ეს პოლიტიკურად რას შეცვლის?

- ეს შეცვლის ენმ-ის არჩევნების შედეგს. თუ არჩევნებამდე მოესწრება ეს, მაშინ ხაბეიშვილის გუნდს ხელიდან გამოეცლება მთავარი კოზირი, რომ მელიამ არაფერი გააკეთა სააკაშვილის დასახსნელად. თუ ეს მოხდა, გამოდის, რომ მელია და მისი გუნდი სწორად აფასებდნენ სიტუაციას და შედეგიც მიიღეს სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც ხაბეიშვილის გუნდს მთავარ კოზირს გამოაცლის. თუ იმ თეზისს დავუბრუნდებით, რომ წესიერად ჩატარდება არჩევნები, მაშინ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით, ერთი თვე მაინც ექნებათ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ასე რომ, იანვრის ბოლომდე, არჩევნების ჩატარება ფორმალობა იქნება.

- ბატონო ვახტანგ, ამ წლის მთავარ მოვლენად ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გარშემო მიმდინარე პროცესიც უნდა დავასახელოთ. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის დიდი ოჯახის კანდიდატი წევრის სტატუსს მომავალ წელს მივიღებთ?

- მგონია, რომ დასავლეთი აჩქარდა და შეცდა, რადგან ვფიქრობ, ჩვენთვისაც უნდა მოეცა ეს სტატუსი, მაგრამ დაგვიტოვეს სავალდებულო 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა ხელისუფლებას. როდესაც ნახეს, რომ ვერ წარიმართა ყველაფერი ისე, როგორც წარმოედგინათ, კიდევ ერთი წელი დაგვიმატეს, რათა ჭკუაზე მოვიდეთ ჩვენ, ან რაღაც შეიცვალოს უკრაინაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად მიიღონ გადაწყვეტილება. მგონია, ოპოზიცია შეცდა, როცა თქვა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ხელისუფლების მიერ შექმნილ კომისიებში. ხელისუფლება რასაც ახლა აკეთებს, ძალიან ჰგავს ქართულ ჟურნალისტიკას - სათაური გიზიდავს, მაგრამ ტექსტში ისეთი არაფერი წერია. დაახლოებით, ამ თამაშს თამაშობს „ქართული ოცნება“.

- ისე, სათაური უდიდეს როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და როგორც ჩანს, „ოცნებამ“ სწორი თამაში აირჩია...

- თუ ქვეყნის შიგნითაა საუბარი, სწორად თამაშობს, მაგრამ ვინც დაინტერესებულია და წერა-კითხვა იცის, კითხულობს კიდეც, რა დაწერეს 12-პუნქტიან გეგმაში. იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც „ოცნება“ აწარმოებს, ეს სწორი ნაბიჯია, რადგან დროის გაწელვას ცდილობენ. „ოცნებაც“ და ჩვენი პარტნიორებიც შეთანხმებულები არიან, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს მომავალი წლის დეკემბრამდე. როგორი იქნება შედეგი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში.

- უკრაინის ომზე რა მოლოდინი გაქვთ?

- რამდენადაც ომის დასრულება უნდათ მხარეებს, ეს არც ისე ადვილია. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ომი გაგრძელდება, ვნახოთ, როგორ გადაიტანს ამ ზამთარს უკრაინა. ალბათ, გახსოვთ, ჩვენ უარეს დღეში ვიყავით, არც შუქი გვქონდა, არც - გაზი, არც - პური, მაგრამ გავუძელით, გადავიტანეთ. უკრაინა ამას გადაიტანს, მაგრამ მნიშვნელობა იმას აქვს, თუ როგორი იქნება დასავლეთის პოზიცია. დასავლეთში სერიოზულად აცნობიერებენ, რომ ახლა უკან დახევა და პუტინისთვის დათმობა ნიშნავს, ახალი ომის წამოწყებას. გათვლა იმაზე, რომ პუტინის ხელისუფლება შეიცვლება, ვერ იქნება შედეგის მომტანი, რადგან თუ ხელისუფლების ცვლილება იმავე რეჟიმში განხორციელდა, მნიშვნელობა არ აქვს, პუტინი იქნება თუ სხვა ვინმე. იმპერიული რუსეთი უნდა დამარცხდეს და ამას დასავლეთი ხედავს. თუ გავითვალისწინებთ, რა მასშტაბითაც ეხმარება დასავლეთი უკრაინას, ვფიქრობ, ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც უნდა დასრულდეს. ომი დამთავრდება არა მარტო უკრაინის გამარჯვებით, არამედ, რუსული იმპერიალიზმის დასრულებით.

 

თათია გოჩაძე