დღეიდან გაზის, წყლის და ელექტროენერგიის შეცვლილი ტარიფები იმოქმედებს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეიდან საქართველოში განახლებული კომუნალური ტარიფები შედის ძალაში.

ბიზნესს ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და ბუნებრივი აირის ტარიფები ეცვლება, ხოლო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს მხოლოდ ელექტრონერგიის ტარიფის ცვლილება შეეხებათ.

"ბიზნეს ფორმულა" გთავაზობთ ინფორმაციას, როგორ იცვლება გაზის, წყლის და ელექტროენერგიის ტარიფები.

ელექტროენერგია

სემეკის გადაწყვეტილებით, დღეიდან ძალაშია ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი. კერძოდ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით მცირდება. შემცირებული ტარიფები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

უფრო დეტალურად, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, დენის საყოფაცხოვრებო ტარიფი თბილისში არის 15 თეთრი; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის - 19 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 23.5 თეთრია.

რაც შეეხება რეგიონებში "ეპ-ჯორჯიას" მომხმარებლებს, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, დენის საყოფაცხოვრებო ტარიფი 14.7 თეთრია; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის - 18.7 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ - 23.2 თეთრი.

ბუნებრივი აირი

დღეიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით, რეგიონებში კი 4 თეთრით იზრდება. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შედის „სოკარ ჯორჯია გაზის“ გადაწყვეტილება და შესაბამისად, კომერციული მომხმარებლებისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 1.25 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი იქნება. გამონაკლისის სახით, გაზის ტარიფი უცვლელი დარჩება მხოლოდ იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობენ

რაც შეეხება დედაქალაქს, "თბილისი ენერჯის“ კომერციული მომხმარებლებისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 1.24 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი გახდა.

თბილისსა და რეგიონებშიც უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფი, რომელიც სემეკის მიერ არის დადგენილი.

წყალმომარაგება

სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ არასაყოფაცხოვრებო ტარიფები გაიზარდა. შესაბამისად, თბილისსა და მცხეთაში ბიზნესისთვის ახალი ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში - 6.500 ლარი/კუბ.მ-ით. წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.