„პატრიოტთა ალიანსი“ ეკლესიის დასაცავად აქციებს იწყებს - ექსკლუზიური ინტერვიუ გოჩა თევდორაძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

პატრიოტთა ალიანსი ეკლესიებში ხელმოწერებს აგროვებს სახალხო დამცველისა და NGO-ების წინააღმდეგ - კახეთის რამდენიმე ეკლესიაში შესული მოქალაქეები ხელს აწერენ დოკუმენტებზე, რომლის მიხედვითაც, ერთ შემთხვევაში ისინი უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მეორე დოკუმენტზე ხელმოწერით კი ნდობას გამოუხატავენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას - „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია „ვერსიამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერთან, გოჩა თევდორაძესთან, გადაამოწმა, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკლესიის დასაცავად პარტია 4 ივლის, 15:00 საათზე, ოპერის თეატრის გვერდით საპროტესტო აქციას მართავს:

_ ბატონო გოჩა, ეკლესიებში ხელმოწერებს მართლა აგროვებთ?

_ „რადიო თავისუფლება“ როცა გვირეკავს და ვეუბნებით, რომ 4 ივლისს ვაწყობთ აქციას, მერე რაღაცას ავრცელებს, რა ვქნათ, ამას მიჩვეული ვართ.

_ რა საკითხთან დაკავშირებით მართავთ აქციას?

_ „დაიცავი ეკლესია“ არის უმთავრესი საკითხი, რადგან დასაცავი გახდა ეკლესიაც და პატრიარქიც. თუმცა, ამის გარდა, მეორე საკითხია ის, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით ართმევს კომისიის წევრს. ამაში კი, იმის გამო, რომ ხმას ვერ იღებს და მიყიდულია, ჩართულია ოპოზიციის თითქმის სრული სპექტრი, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნას არ ითვალისწინებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს მუხლი უნდა იქნეს ამოღებული და ახლიდან იქნას განხილული. როცა ვეკითხებით ოპოზიციას, კულუარულად გვიდასტურებენ, რომ ეს სადამსჯელო ღონისძიებაა, უკანონობაა, მაგრამ პირველი მოსმენით ხმა აქვთ მიცემული, კომიტეტზე არ გააპროტესტეს და დღესაც მჯერა, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ამას ხმას მისცემს.

ზოგადად, დღეს რა პრობლემაა საქართველოში - საუბარია იმაზე, რომ მიშელის 4-პუნქტიანი დოკუმენტი უნდა შესრულდეს. ამ 4 პუნქტიდან „ქართული ოცნება“  არც ერთს ასრულებს. ამ შეთანხმებაში მესამე პუნქტი საარჩევნო სისტემას ეხება და კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის არჩევნებში და რომელმაც გადალახა ბარიერი, მხოლოდ მას შიძლება, მიეცეს კომისიის წევრი სხვადასხვა  ადამინისტრაციაში. დღეს კი გვიცხადებენ, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ეს წევრი ჩამოერთმევა და მიეცემა „ევროპელ სოციალისტებად“ წოდებულ პარტიას, რომელიც საერთოდ არ არსებობდა არჩევნების დროს, არც რეგისტრირებული იყო და არც ბარიერი არ გადაულახავს...

ქვეყანაში ვერ არის კარგად საქმე და თუ არ დაეთანხმები, რომ თეთრზე შავიაო, გეუბნებიან, ქვეყნის მტერი და რუსეთის აგენტი ხარო. ამიტომ აქციაც იქნება, პროტესტიც... როცა ეკლესიასა და სახალხო დამცველის თემაზე ვსაუბრობთ, ომბუდსმენი შერჩევით დამცველი არ უნდა იყოს ხალხის. ნინო წმინდის პანსიონზე ატეხეს ერთი ამბავი სავარაუდო გაუპატიურებაზე, არ მიშვებენ, რომ სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი გამოვიძიოო. მერე აღმოჩნდა, რომ საუბარია 2016-17 წლებზე... ტერმინი „სავარაუდო გაუპატიურებაც“ არ შეიძლება, გამოიყენოს ვინმემ, ან არსებობს, ან - არა და ეს დადგენილიც არაა ჯერ. 5 წლის წინ არც სავარაუდო გაუპატიურებული და არც სავარაუდო გამაუპატიურებელი არ არის ნინო წმინდის სასწავლებელში და ამის გამოსაძიებლად მინდა იქ შევიდეო, ამბობს. ისროლეს ტალახი ეკლესიის და მეუფის წინააღმდეგ. სრულ ტერორში ჰყავდათ ის ბავშვები, ვინც იქ იყო და თვლიან, რომ არანაირ ზეწოლას მათზე ადგილი არ ჰქონია. პატრიარქსაც ესროლეს ტალახი და ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე, ხელისუფლებას ასოცირებული შეთანხმებით ვალდებულება აქვს აღებული, რომ ფართომასშტაბიანი პანსიონები ქვეყანაში არ უნდა იყოს და არ იქნება 2022 წლის აპრილიდან. ამიტომ ნინო წმინდის პანსიონმაც სახე  უნდა იცვალოს და ამისთვის საჭირო იყო, გვესროლა ტალახი ყველასთვის, ყველაფრისთვის! ხომ შეეძლოთ, გამოსულიყო მთავრობა და ამაში დახმარებოდა სახალხო დამცველიც, ეთქვათ, რომ ასეთი ტიპის სასწავლებლებზე ვალდებულება გვაქვს აღებულიო... როდესაც ამას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, სახალხო დამცველი, დასაგმობია და ამიტომ რა არის გასაკვირი, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ ამაზეც იმსჯელებს? დასაცავია საპატრიარქოც და ეკლესიაც.

_ ბატონო გოჩა, ისე, ხომ არ ნანობთ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვით?

_ „პატრიოტთა ალიანსი “ შევიდა პარლამენტშიო - ყველა ასე ამბობდა და ახლა გვეუბნებით, არ შეხვედითო.

_ გასაგებია, მაგრამ თქვენ მაშინ განმარტეთ, რომ პარლამენტში შესული დეპუტატები თქვენი პარტიის წევრები არ იყვნენ და დამოუკიდებლად მიიღეს ეს გადაწყვეტილება...

_ „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით რომ არ შესულიყვნენ, ვერც შევიდოდნენ, „პატრიოტთა ალიანსმა“ აიღო ხმები და სხვისი სახწლით როგორ შეხვალ?! ვიღაც იყიდეს, ვიღაც დააშინეს, ვიღაცას თავად მოუნდა, ხელისუფლებას ასიამოვნოს.

_ თქვენი პარტიის წარმომადგენლებზე ამბობთ, რომ შესაძლოა, მოისყიდეს ან დააშინეს?

_ მთელი ოპოზიცია ჰყავთ მოსყიდული სრულად და რა გასაკვირია, ვიღაცას თავის ნებით დაეჭირა მხარი „ქართული ოცნებისთვის“, ვიღაცისთვის რაღაც შეეთავაზებინათ მოსასყიდად, ბიზნესმენებისთვის რაღაც ბიზნესის გაკეთება, ვიღაცის ბიზნესი შეიძლება, დღეს ტერორის ქვეშ იყოს - მე ჩემს ვარაუდებს გეუბნებით. ვერ ხედავთ, რომ ქვეყანა იყიდე-გაყიდეა მთელი არჩევნები?! მერე გვეუბნებიან, ეს „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული აღარ არისო...

_ ბატონო გოჩა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებთ მონაწილეობას?

_ პარტია იმისთვისაა მოწოდებული, რომ ყველა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ვაპირებთ მონაწილეობას, ცხადია, თუმცა, არ გვაქვს იმის იმედი, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანი ფორმატით, მაგრამ როგორც ყოველთვის, ამ არჩევნებშიც დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას.