„თუ ღრენა დაიწყეს და კბილების კაწკაწი, მერე დააბრალონ თავიანთ თავს!“- ექსკლუზიური ინტერვიუ გია კორკოტაშვილთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთიანდება თუ არა გია კორკოტაშვილის „ქართული მისია“ ლევან ვასაძესთან 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გია კორკოტაშვილი პოლიტიკაში აქტიურად ერთვება, რასაც „კორკოტა“ „ვერსიასთან“ საუბრისას ადასტურებს:

 - პოლიტიკაში არ ვმონაწილეობდი, მაგრამ პოლიტიკის გარეთ არასდროს ვყოფილვარ.

- კი, მაგრამ ახლა უფრო აქტიურდებით, არა?

- ჟურნალისტებს გაინტერესებთ ხმამაღალი გამონათქვამები. საზოგადოებრივად ყოველთვის აქტიური ვიყავი და ვეხმაურებოდი იმ თემებს, რაც ჩემთვის მისაღები ან მიუღებელი იყო. საზოგადოების წევრი თუ ხარ, გინდა თუ არა, შენი ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობ.

- ბატონო გია, პოლიტიკას აქტიურად ვაშუქებ, მაგრამ ბოლო დროს, აშკარად არ აქტიურობთ...

- აგაშენოს ღმერთმა! ახლა გავააქტიურეთ ჩემი ძველი საზოგადოებრივ- პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისია“ და გავაქტიურდით. ყველა თავის ბუდეში ჩაჯდა, ყველამ სახელი დაირქვა, არავის ვეტმასნებით და არავის „ვეტენებით“. უბრალოდ, მივხვდი, რომ სჯობს, გავაქტიურდეთ იმიტომ, რომ ამ ცხოვრებაში განზე არ უნდა იდგე იმ პოლიტიკური ბატალიებისგან, რაც შეიძლება, ცხვირწინ მოხდეს, ოქტომბერში.

- ანუ, არჩევნებისთვის ემზადებით?

- საარჩევნო ცხოვრებისთვის ვემზადები, რადგან ვინ მოვა და ვინ წავა, ჩემთვის საინტერესოა. ხომ უნდა ვიცოდე, ვის გვერდით უნდა დავდგე? ჩვენი გუნდი გავაქტიურდებით, რომ ცოცხლები ვართ. შეიძლება, ბოლო „გამოფენებში“ არ მიგვიღია მონაწილეობა, მაგრამ საღ-სალამათები ვართ და მადლობა ღმერთს, ხალხის ისეთი კატეგორია ვართ, რომელიც ადრეც მკაფიოდ იყო ჩარეული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლაც ვაპირებთ, ჩვენს ქვეყანას სასიკეთო „რეზულტატი“ მოვუტანოთ.

- ლევან ვასაძის გვერდით დგახართ?

- არა. ლევანთან ვმეგობრობ, მომწონს მისი ქართველობა, მაგრამ პოლიტიკურად არ ვარ მის გვერდით. შეიძლება, რაღაც „ქოლგის“ ქვეშ, იდეა იყოს გაერთიანებული და იქ დავდგე... პოლიტიკურად არ ვართ ერთ პლატფორმაზე. რაღაცებზე მე და მას განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ძირითადში, აბსოლუტურად ერთნი ვართ - ლევანს უნდა, რომ კარგი საქართველო იყოს, მამა-პაპის ფუნდამენტზე გაზრდილი და მეც ზუსტად იგივენაირად ვფიქრობ.

- „ქოლგის ქვეშ გაერთიანებაში“ იმას გულისხმობთ, რომ არჩევნებისთვის, შესაძლოა, ვასაძესთან ერთად, კოალიცია შექმნათ?

- არა. იდეის ქვეშ შეიძლება, გავერთიანდეთ.

- გასაგებია, მაგრამ პოლტიკაში ყველაფერს თავის სახელი აქვს.... საარჩევნოდ რომ გახდეს საჭირო, ვასაძესთან ერთად დადგებით?

- არა, ჯერ არც გვიფიქრია ამაზე.

- ბატონო გია, თბილისის მერობისთვის ხომ არ აპირებთ ბრძოლას?

- არა, ჩემო კარგო, თბილისის მერობას ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა... არიან ადამიანები, რომლებიც ჩემზე მეტად გაცნობიერებულნი არიან პოლიტიკურ ცხოვრებაში და შესაძლებლობებიც მეტი აქვთ, უფრო მოუფრთხილდებიან და მეტს გაუკეთებენ ჩემს ქალაქს.

- ლევან ვასაძემ რომ მიიღოს მერის არჩევნებში მონაწილეობა, მხარს დაუჭერთ?

- არ ვიცი. ლევანი რას გადაწყვეტს, არ ვიცი. დღეს ყველაზე ნაყოფიერად, შეიძლება, რამდენიმე კანდიდატი მიმაჩნდეს და რა, როგორ იქნება, ამაზეა დამოკიდებული, ვისთან დავდგები.

- ვინ არის თქვენი ფავორიტი, გამიმხელთ, ბატონო გია?

- არა, ვერ გაგიმხელთ იმიტომ, რომ ამით გავყიდი ჩემს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებას...

- კეთილი. საარჩევნო კამპანია იწყება და საინტერესოა, როგორ აფასებთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. მაგალითად, იმას, რომ პარტიებმა რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს?

- ჩემო ძვირფასო ადამიანო, ყველაფერი ეს არის პოლიტიკური თამაშები, რაზეც ადრე ვგიჟდებოდი, გული მისკდებოდა, როგორ შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს-მეთქი. ამ პარტიებს ერთმანეთი აწყობთ, როგორ აკენწლავენ ერთმანეთს, ამას მნიშვნელობა არ აქვს... არის ასეთი ცნება კონსტანტა - მუდმივობა და ამათ უნდათ, რომ მუდმივად დარჩეს ორი პარტია... ხან ერთი შემოიერთებს პატარ-პატარა პარტიებს, რომ გაძლიერდეს და ჩაუდგეს სათავეში ქვეყანას, ხან მეორე აკეთებს ამას. მშვენივრად კვებავენ ერთმანეთს, გინებიდან დაწყებული... გინებით ერთმანეთის რეიტინგს არეგულირებენ და სულ, მუდამ იქნებიან ესენი. მაგათი მომკითხავი, კაციშვილი არ არის, ხრავენ ამ ბიუჯეტს და არიან! ამას არაფერი უშველის, თუ არ გაიღვიძა ქართველმა ხალხმა. საკუთარ შვილებს 33 მილიარდ ვალს რომ უტოვებენ, ეს ახალგაზრდები, მართლა მარტო „ანაშით“ არიან დაბოლილები?! ვერ გავიგე, რა! არ ფიქრობენ, რომ ეს ფული მათი გადასახდელი იქნება?! რა მოსწონთ ამ პარტიებში, ვერ ვხვდები. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, არიქა, მოდით და მე მომეცით ხმა-მეთქი. თქვენ თვითონ გააკეთეთ ისეთი რამ, რაც თქვენსავე მომავალს წაადგება, შვილებო, უმცროსო მეგობრებო! ეროვნული, პატრიოტული აღარაფერია დარჩენილი, გადაჩეხილია ყველაფერი ამ ქვეყანაში!

- თქვენი პარტია ეცდება, ეროვნულ-პატრიოტული ნიშა დაიკავოს?

- დიახ, ჩემი პარტიის წევრები იქნებიან ის ღირესეული ადამიანები, რომლებიც დღეს ჩუმად არიან და ამ უღირს პარტიებში ადგილი ვერ მონახეს. ხედავენ, რომ თითქმის ყველა პარტია არის სიფლიდეზე, თითლიბაზობაზე, ერთმანეთის ლოკვაზე, ოღონდ ფული იშოვონ და მუცლები ამოიყორონ და ყველაფერს კადრულობენ!

- 5 ივლისს, „ღირსების მარში“ უნდა გაიმართოს. აქციის ჩაშლას ხომ არ აპირებთ?

- ჩემი გუნდი არის იმ აზრზე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისუფალი ცხოვრება, მაგრამ ეს არ უნდა გასცდეს იმ ჩარჩოებს, რასაც ჰქვია რეკლამირება და ისეთი რამის გაკეთება, რაც შეიძლება, მიუღებელი იყოს საზოგადოებისთვის. დღეს, ღვთის წყალობით, საქართველოში უმეტესი ნაწილისთვის, ლგბტ საზოგადოების ცხოვრება მიუღებელია, გამოდიან და ამბობენ, რომ არ შეიძლება ამის პროპაგანდა. თქვენ როგორც გინდათ, ისე იცხოვრეთ, რაც გინდათ, ის აკეთეთ, ჩვენთვის ამორალური და მიუღებელია ეს თემატიკა, მაგრამ სახლში არ გივარდებით... ქუჩაში რომ გამოდიხარ, შე კაი დედმამიშვილო და ზეიმს რომ აწყობ, წინააღმდეგი ვარ! კი არ გჩაგრავ, გიკრძალავ, რომ შენი საქციელი პროპაგანდა არ იყოს მომავალი თაობისთვის.

- როგორ აპირებთ ხელშეშლას, ბატონო გია?

- ისინი ხომ ზეიმობენ რაღაცას, არა? ზუსტად ასევე შემიძლია, გამოვიყვანო ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა და ვუთხრა პროპაგანდას - არა! ლგბტ თემის წარმომადგენლები გაერთეთ და ისე ბინძურად და ჩემთვის ამორალურად იცხოვრეთ თქვენს შემოფარგლულ ტერიტორიებზე და ქუჩაში პროპაგანდას ნუ ეწევით, აღლუმის სახით! თუ ისინი ძალიან გაავდნენ, ღრენა დაიწყეს და კბილების კაწკაწი, არც ნაკლები ბიჭები არიან აქეთ, რომელთაც არ მოსწონთ ეს ცხოვრება და მერე თვითონვე დააბრალონ თავიანთ თავებს! თუ აგრესიით წამოვიდნენ, კბილი - კბილის წილ დახვდებათ, ზუსტად!