ნიკა ობოლაძე - გირჩის ბიბლიური თავისუფლების მთავარეპისკოპოსობიდან ნაცმოძრაობის ლიდერობამდე - სკანდალური ინტერვიუ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მუდამ თავს იწონებდა და დღემდე იწონებს იმ ფაქტით, რომ ქართული ჯარი ნატოს სტანდარტს გაუთანაბრა, ჩააცვა, შემოსა, შეაიარაღა... რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დასაბრუნებელია, რომ საქართველოს მთავარი მისია ნატო-ში შესვლა, სამხედრო ძლიერება და ამ გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. 2008 წლის ომში საქართველო რუსეთთან უთანასწორო ომში დამარცხდა... საინტერესოა, რამდენად შეაფასა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ ომის შედეგები და თუ შეაფასა, რა დასკვნები გამოიტანა... საინტერესოა, რას ფიქრობს დღეს - გვჭირდება თუ არა ძლიერი ჯარი, თუ გვჭირდება ვინ უნდა მოიხადოს სამხედრო სამსახური და თუ არ გვჭირდება, როგორ ვიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს... 

„ვერსიამ“ გაარკვია, რომ „გირჩის“ მიერ შექმნილი „ბიბლიური თავისუფლების“ მეშვეობით სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 40 000-მდე ახალგაზრდამ აარიდა თავი. ეს მაშინ, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დასაბრუნებელი აქვს, ტერიტორიის მიტაცების, ბორდერიზაციის პროცესი, თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. საგულისხმოა, რომ „ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილი მთავარეპისკოპოსი, ნიკა ობოლაძე, ცოტა ხნის წინ, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა და  პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სხვა ახალ სახეებთან ერთად საზოგადოებას ენმ-ის ერთ-ერთ ახალ ლიდერად წარუდგინა. „ვერსია“ დაინტერესდა, როგორ ათავსებს ახალგაზრდა პოლიტიკოსი „ბიბლიური თავისუფლებისა“ და ნაციონალური მოძრაობის კარდინალურად განსხვავებულ იდეოლოგიას სამხედრო სამსახურის საკითხთან დაკავშირებით? - გთავაზობთ ინტერვიუს ნიკა ობოლაძესთან:

  _ ნიკა, „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარეპისკოპოსი იყავით, შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდით. „გირჩში“ რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგია გქონდათ იმისგან, რაც ნაციონალურ მოძრაობას სამხედრო სავალდებულო სამსახურის მიმართ აქვს. როგორ შეათავსეთ ყველაფერი ეს?

_ არ ვიცი, რას გულისხმობთ იმაში, რომ სხვა იდეოლოგია მქონდა მაშინ და ახლა სხვა რამეს ვფიქრობ.

_ „ბიბლური თავისუფლება“ ხომ იმიტომ შექმენით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გაგეთავისუფლებინათ ახალგაზრდები?..

_ კი ბატონო, გიპასუხებთ - ეს იყო იურიდიული ფიქცია იმისთვის, რომ სავალდებულო საყარაულო სამსახურიდან გვეხსნა ადამიანები. ჯარის სახელით გაწვეული ადამიანების 75%-ზე მეტი საერთოდ არ მიდიოდა თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, არამედ მიდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. მათ არ წვრთნიდნენ, არ აიარაღებდნენ და არ ასწავლიდნენ არაფერს. შესაბამისად, ეს არ იყო სამხედრო სამსახური, ეს იყო საყარაულო სამსახური. ეს იყო და არის არასწორი და თუ ასე გაგრძელდება, იქნება არასწორი. „გირჩის“ პოზიცია, როცა ვიყავი იმ პარტიაში (ვფიქრობ, რომ ახლაც ასეა) იყო ის, რომ ჩვენ გვჭირდება ჯარი, რასაც სჭირდება დაფინანსება. ჯარი უნდა იყოს კარგად დაფინანსებული იმისთვის, რომ შევაიარაღოთ ეს ხალხი და ვასწავლოთ იარაღის გამოყენება.

- და ნაცვლად ამისა, თქვენ ადამიანებს ასწავლეთ თაღლითობა, თვალთმაქცობა და დეზერტირობა?!

- 21-ე საუკუნეში მხოლოდ გაუწვრთნელი და ავტომატიანი ადამიანების რაოდენობა არ არის ქვეყნის უსაფრთხოების განმაპირობებელი. ახლა ქვეყნის უსაფრთხოების განმაპირობებლი არის ტექნოლოგიების ათვისება, რასაც სჭირდება ფული. მაშინ ვითხოვდით თავდაცვის სამინისტროს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდას. ჩემი პოზიცია დღესაც ანალოგიურია, საქართველოს სჭირდება ძლიერი ჯარი, ოღონდ არ სჭირდება ყარაულად მყოფი ახალგაზრდები, რომლებსაც ეს განცდა, რომ ემსახურებიან სამშობლოს, პირიქით, უკვდებათ მაშინ, როცა ემსახურებიან ბიუროკრატიას და ამით ქვეყნის უსაფრთხოებას უფრო მეტი ზიანი ადგება.

თუ გექნებათ კითხვა ეკლესიასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მართებული ამ მეთოდის გამოყენება ამ საქმისთვის?- მგონია, რომ ქრისტიანულია ის საქმე, რომელიც ემსახურება თავისუფლების იდეას და არის მართალი. მგონია, რომ ეს არის მართალი და არის ქრისტიანული საქმე. შუძლებელია, ამით რაიმე ჩრდილი მიდგომოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რადგან შეუძლებელია 15 საუკუნოვან ინსტიტუციას, რომელმაც ქვეყნის განვითარებასა და გადარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ამით ჩრდილი მიადგეს. ეს არც მიზანი იყო და ვერც მსგავსი შედეგი დადგებოდა. ჩვენთვის ეს იყო მხოლოდ იურიდიული ფიქცია, რითაც ვაკეთებდით სამართლიან საქმეს.

_ მრავალმა ათასმა ახალგზარდამ აარიდა თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს თქვენი „ბიბლიური თავისუფლების“ მეშვეობით, რაც საზოგადოების ნაწილმა აღიქვა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მაშინ, როცა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები ჯერ კიდევ დასაბრუნებელი აქვს. ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია ხომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და საქართველოს გამთლიანებაა, რისთვისაც აუცილებელი პირობა სწორედ გამართული სამხედრო თავდაცვისუნარიანობაა?...

_ თავს არავინ არაფერს არიდებს.

_ როგორ არ არიდებს, იურიდიულად ეს არის სამხედრო სავალდებულო სამსახური?!

_ ეს არ არის სამხედრო სამსახური, ეს არის საყარაულო სამსახური. უფრო ღრმად რომ შევიდეთ საკითხში, გეტყვით - 2007 წელს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი იყო მილიარდი დოლარი, 2021 წელს კი შემცირებულია სამჯერ. ბოლო 10 წელია, ეს ფული იხარჯება ჯარში მხოლოდ კვებაზე, ადმინისტრაციულ ხარჯებზე და არა იარაღის შეძენასა და ჯარის აღმშენებლობაზე. ამ ფონზე, როცა საკონტრაქტო ჯარიც კი არ გაგვიწვრთვნია, არ შეგვიარაღებია და პოლიტიკური ნება არის, რომ რეალურად, ჯარმა არ იარსებოს, ახალგაზრდა რომ მიატოვებს სახლს, სამსახურს და უბრალოდ, ყარაულად იდგება რომელიმე ადმინისტრაციული შენობის დარაჯად, ამის თქმა არაა სწორი.

თუ იმაზე საუბრობთ, ზოგადად, ახალგაზრდებში როგორი სულისკვეთება იქნება და მორალურად რამდენად სწორია ეს ყველაფერი? - მორალურად გაცილებით დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას ის მდგომარეობა, როცა ახალგაზრდები კარგავენ დროს, ენერგიას და ცხოვრებას იმისთვის, რომ მოემსახურონ მხოლოდ ბიუროკრატიას. ეს მათ სამშობლოს სიყვარულს არ ასწავლის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჯარი, რასაც სჭირდება დაფინანსება. გასაგებია, რომ ვართ საომარ ვითარებაში და საუბარი არის თავდაცვით ომზე, ჩვენი ჯარის ფუნქცია უნდა იყოს, რაც შეიძლება ძლიერი ვიყოთ, რათა მტერი არ დაგვესხას თავს, ამისთვის გვჭირდება იარაღი და ფული.

_ თქვენ რა პრობლემებზეც საუბრობთ, ამ ყველაფრის მოსაგვარებლად რამდენად სწორი გზაა ის, რასაც „ბიბლიური თავისუფლება“ აკეთებს?! ხომ შეგეძლოთ, პროტესტის სხვა ფორმა გამოგეძებნათ, თუნდაც, ჯარის დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით? ამის მაგივრად, განცდა გაუჩინეთ ახალგაზრდებს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური საჭირო არ არის...

_ საქართველოსთვის საჭიროა ქვეყნის სიყვარული და ქვეყანას შეგიძლია, ემსახურო სამხედრო სამსახურით ან რაიმე სხვა საქმით, რომელიც იქნება უფრო ღირებული, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში და ეს ქვეყანა გახდება უფრო უსაფრთხო. ჩვენ რომ ახლა, პირობითად, გავიწვიოთ ყველა ახალგაზრდა და თუნდაც, არაახალგაზრდა ჯარში და ვაქციოთ ყარაულებად, ეს ხომ ქვეყანას არაფერს მოუტანს? ჰოდა, მაშინ რატომ ვთვლით, რომ 20 000 კაცის გაწვევა და ყარაულად უშინაარსოდ დგომა პოსტებზე რამეს მოუტანს ქვეყანას? მაშინ ყველა გავიწვიოთ და უსაქმურად ვამყოფოთ, ეს კარგს არაფერს მოიტანს. ამიტომ გონიერი პოლიტიკაა საჭირო, რაც გულისმხობს იმას, რომ ჯარი უნდა გაძლიერდეს, პირველ რიგში, საკონტრაქტო სამსახურით. თუ შემდეგ გადავალთ იმ ეტაპზე, როგორზეც არის, მაგალითად, ისრაელი, სადაც საკონტრაქტო ჯარი კარგად გაწვრთნა და აღჭურვა. შემდეგ თუ იმდენი ფული დარჩება, რომ გვყავდეს რეზერვი და გვქონდეს სავალდებულო სამსახური, მერე უნდა გავხსნათ დისკუსია - გვინდა თუ არა, სავალდებულო სამხედრო სამსახური? - მაგრამ დღეს იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გვქონდეს.

_ კი, მაგრამ საქართველო ისრაელის ეკონომიკური განვითარების დონეს ვერც შეედრება და სწორედ იმიტომ რომ გაცილებით ნაკლები ფინანსური რესურსი გვაქვს, მნიშვნელოვნად გადამწყვეტი ხომ არაა, სავალდებულო გაწვევა გვქონდეს?

_ არა. მაგალითად, ხარაგაულის რაიონის საკრებულოს წინ ერთი ადამიანი იდგება ყარაულად თუ შვიდი, ამას ქვეყნის უსაფრთხოებასთან აქვს რაიმე კავშირი?

_ ნიკა, იმას ამბობთ, რომ ჯარში გაწვეულთა 100% დარაჯად დგას?

_ არა, მაგრამ გაწვეულთა 80%-ზე მეტს არ წვრთნიან და არ აიარაღებენ. უამრავი ადამიანია მზად, იმსახუროს საკონტრაქტო ჯარში ანაზღაურების საფასურად, დახარჯოს დრო, გაწიროს სიცოცხლე და გააკეთოს თავის საქმე პროფესიონალურად.

_ გასაგებია თქვენი პოზიცია, ე.ი. რჩებით იმავე პოზიციაზე, რაც „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გქონდათ.

- დიახ.