120 ახალი სტატია

რა იცის მოსალოდნელ „ლოქდაუნზე“ და რატომ თვლის ოპოზიციას მერყევად ლადო კახაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ეს სუფთა წყლის სპეკულაცია იყო“

 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს მმართველმა ძალამ და გარკვეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს. ნაციონალური მოძრაობა კი ამის გაკეთებას არ აპირებს. ამასობაში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, ხელი მოაწეროს გიორგი რურუას შეწყალებას, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება შედგება. გაურკვეველია ნიკა მელიას საკითხი, რომელიც გირაოს გადახდაზე ისევ უარს ამბობს. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება, „ვერსია“ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ ლადო კახაძეს ესაუბრა:

 - დოკუმენტის პირველი ნაწილი, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ძალიან სწორადაა გააზრებული, ესაა ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანების გადაწყვეტილება და რთულ პანდემიურ, პოსტკოვიდურ პერიოდზე გათვლილი ნაბიჯი. ეს იყო გაწვდილი ხელი ქვეყნის სწორი სტრატეგიის არჩეულ გზაზე. რაც შეეხება დამატებით ცვლილებებს, ძალიან გამიკვირდა - აშშ-სგან და ევროპისგან სტაბილურობას ველი, ისინიც ყველას სტაბილურობისკენ მოგვიწოდებენ და უცებ, დოკუმენტში, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, ორ დღეში შევიდა ცვლილება. მიუხედავად ამისა, ოპონენტების მხარე არ აპირებს ამაზე ხელის მოწერას. ყველაფერ ამას კიდევ ერთხელ გავივლით...

- როდის შეიკრიბება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო ამ საკითხების განსახილველად?

- ამას თავისი წესი აქვს, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს პოლიტსაბჭოს შეკრებაზე, რომელიც თვითიზოლაციაშია. პარტიის თავმჯდომარე კი ევროპაშია და უნდა ჩამოვიდეს. პოლიტსაბჭოს ზოგი წევრი კოვიდინფიცრებულია, თვითიზოლაციაშია, ამიტომ უნდა მოხდეს საკითხის სრულფასოვანი განხილვა. 84 კაცია უმრავლესობაში, რომლებსაც საკუთარი ისტორია და პარტიის შენებაში მონაწილეობა აქვთ მიღებული. ჩვენ ასეთი წესი გვაქვს - ყველა საკითხს განვიხილავთ, მიდის ბჭობა და შეჯერებულ ვარიანტს ვაძლევთ მწვანე შუქს, რომელსაც ახმოვანებენ სპიკერები. ამიტომ ცვლილება, რომელიც ახლააა შემოთავაზებული, დამატებით კონსულტაციას ითხოვს. პარტიის სახელით ახლა ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ პირადად მე, დავუსვამდი კითხვას ჩვენს დასავლელ გულშემატკივრებს: ისინი გვეუბნებიან, პოლიტიკური სასამართლო ნუ გექნებათო და პოლიტიკური გადაწყვეტილებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩავერიოთ, ეს როგორ უნდა მოვარგოთ, რა გზას გვირჩევენ? თავიანთი ნათქვამის საწინააღმდეგო ქმედება რომ ჩავიდინოთ, ულამაზო გამოვა. ისინი ამბობენ, სასამართლო გაათავისუფლეთ პოლიტიკური წნეხისგანო და უცბად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მეოხებით, სასამართლო გადაწყვეტილების კორეგირება მოვახდინოთ - ეს ცოტა გაუგებარია. სასამართლო დამოუკიდებელ ხელისუფლებად რომ ჩამოყალიბდეს, დრო და სტაბილურობა სჭირდება. დიდი გადაწყვეტილებები მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ და ყველაფერი ეს, ძალაში უნდა შევიდეს, სასამართლომ უნდა ირწმუნოს, რომ ვერავინ ჩაერევა მის საქმიანობაში. ამ პროცესისკენ წავედით, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი გვინდა...

­- ბატონო ლადო, დოკუმენტში წერია, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიმე პარტია 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი ჩაინიშნება, ამ საკითხზე რა პოზიცია გაქვთ?

- ეს ამ დოკუმენტში საერთოდ არ ეწერა, ჩვენ შევთავაზეთ 40% იმიტომ, რომ 8 მარტის ხელშეკრულებაში, ზუსტად ასე იყო მითითებული: არც ერთ პარტიას არ მიეცეს მთავრობის ჩამოყალიბების კონსტიტუციური ნებართვა, რომელსაც არ ექნება მხარდამჭერთა 40%-იანი ბაზა. ჩვენ 48%-ზე მეტი მივიღეთ, ცალსახად შეგვეძლო, ჩამოგვეყალიბებინა მთავრობა და მოქმედი მთავრობა საკანონმდებლო სივრცის მხარდაჭერითაა. ოპონენტების ნათქვამის კომენტირებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ იმ ოპონენტ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც ჩამოყალიბდა მხარედ, არც ერთ პარტიას არ აქვს მთავრობის შექმნის უფლება კონსტიტუციურად იმიტომ, რომ ვერც ერთმა 40%-ს ვერ მიაღწია. ამიტომ, ეს სუფთა წყლის სპეკულაცია იყო...

- ბატონო ლადო, ამ დოკუმენტში მთავრობის ჩამოყალიბებას კი არა, საქმე ვადამდელ არჩევნებს ეხება...

- დიახ, მივხვდი... ახლა, რადგან პლებისციტსა და რიგგარეშე არჩევნებს შორის კავშირი უნდა გაბმულიყო, ევროკავშირს გავუადვილეთ საქმე და ვუთხარით, რომ ამაზეც თანახმა ვართ, ჩვენი ინიციატივაა ეს, რომ სალაპარაკო თემა არ იყოს, მაგრამ ჩემო ძვირფასო, დარწმუნებული ვარ, 50%-იც რომ მიიღოს პარტიამ, ოპონენტთა მხარე მაინც არ დათანხმდება არც ერთ არჩევნებს. ამის დიდი გამოცდილება მაქვს იმიტომ, რომ 2020 წლის არჩევნების წინ, ჯერ კიდევ სექტემბერში ლაპარაკობდა ოპონენტთა მხარე და რადიკალური ფრთაში ამბობდნენ, რა შედეგიც უნდა დადგეს 31 ოქტომბერს, იმავე საღამოს უნდა დაიწყოს უამრავი საჩივრის დაწერა და არ უნდა ვცნოთ ეს არჩევნებიო. ჩემდა სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც საკმაოდ დიდი ნდობა ჰქონდა - იქაც მოხდა რაღაც დარღვევა, არ ვიცი - ხელი წაუცდათ თუ ოპონენტთა პოლიტიკური ძალა ჩაერია, ისეთი ციფრები დადო, რომელიც ბუნტის საშუალებას იძლეოდა და ამ დროს შეცდომა იყო. ვთვლი, რომ ეს შეგნებული შეცდომა იყო, მაგრამ ამის დამტკიცება არ შემიძლია.

- ასეა თუ ისე, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, დასავლეთმა დოკუმენტში ერთ პუნქტად ჩადო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იყოს მიბმული ვადამდელი არჩევნების თემა...

- ეს პუნქტი ჩვენ დავდეთ და მათ, უბრალოდ, პროცენტს მოუმატეს.

- ე.ი. „ქართული ოცნება“ ამ პუნქტს თანხმდება და განსახილველი მხოლოდ პოლიტპატიმრების თემა რჩება?

- როცა შეიკრიბება მთელი უფლებამოსილი მხარე ამ საკითხის გადაწყვეტისა და ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს ზურგს უკან დგას მილიონი მოსახლე, მათ აუცილებლად უნდა ვამცნოთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ მათი სახელით და ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მათთან ერთად მივდივართ. ხაზს ვუსვამ, პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ხელმოწერაზე ლაპარაკი და მე, როგორც ერთი წევრი, თქვენი გაზეთის საშუალებით ვაცხადებ, რა დოკუმენტიც დაიდება, პირველად ხელი უნდა მოაწეროს ოპოზიციამ, რადგან მერყევი ხალხია და მათზე ზემოქმედება ძალიან ძლიერია ქვეყნის გარედან.

- მიხეილ სააკაშვილს გულისხმობთ?

- რასაკვირველია, გგონიათ, 7 პარტიაა? - იქ არის ერთი პარტია, მისი ანასხლეტია ყველა და იქ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერავინ იღებს.

- გასაგებია... ბატონო ლადო, პანდემიის კუთხით, როგორი ვითარებაა დღეს საქართველოში?

- ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ მესამე ტალღით, რომელიც ევროპამ გადაიარა, ჩვენც მკაცრი საშიშროება გვემუქრება. პანდემიაში როცა ერთმა მხარემ დანამდვილებით იცის, რომ საშიშროება გვემუქრება და მეორე მხარს არ უჭერს, იმარჯვებს ვირუსი. ვირუსი გვიყენებს თავის სასარგებლოდ და ჩვენდა სამწუხაროდ, ერთმანეთის ქიშპში, ვირუსის გაძლიერებამ არ მოგვიწიოს. თუ ვამბობთ, რომ პოპულაციური, კოლექტიური იმუნიტეტი ადამიანთა 70-80%-ის აცრით ყალიბდება, თითოეული ადამიანის როლია გამოკვეთილი.

- თქვენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცერით, ხომ?

- დიახ, ჩემი ოჯახის წევრებიც. მაღალი ნდობით აღჭურვილი ვაქცინით მოსახლება უნდა აიცრას, ეს არაა ძალდატანებითი პროცესი, ნებელობითია. მჯერა, როგორც ექიმს, ჩემს თავსა და ოჯახის წევრებზე გამოცდილი მაქვს და სხვასაც ვთხოვ, გონიერებასა და პრაგამტულობას მოუხმოს, რომ ჯანმრთელობის სადარაჯოზე დავდგეთ ყველა, ერთმანეთის გულშემატკივრები გავხდეთ და ვიფიქროთ პოსტპანდემიაზე, რადგან სტუმრები რომ ჩამოვიდნენ და ჩვენც თუ სადმე სტუმრად წავალთ, უნდა ვიყოთ მართლები. ამასთან, მნიშვნელოვანია წესების დაცვა: პირბადე, ხელის ჰიგიენა, სამუშაო ადგილის აერაცია და დიდი თხოვნა მაქვს, რომ თავშეყრას მოვერიდოთ. პიკის საათში, როდესაც ტრანსპორტით გვიწევს გადაადგილება, დამატებით მეორე პირბადეც გავიკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ცხელა და დიდი დისკომფორტია პირბადე, ეს აუცილებელი პირობაა.

-  ბატონო ლადო, სააღდგომოდ „ლოქდაუნი“ ხომ არ იგეგმება?

- ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების გონიერების. სისტემა მზადაა, ისეთ შემოტევას გაუძლო, დღეში 5000 ინფიცირებული რომ იყო, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ამ გზით ვიაროთ, არამედ, პრევენციის გონიერება მოგვიხმობს, რომ არ გავირთულოთ მდგომარეობა. თუ დავიჭირეთ სიტუაცია და პიკი, დაახლოებით, ერთი თვის თავზე შეიძლება იყოს, ეს ერთი თვე, ერთმანეთის პატივისცემით გავიჭირვოთ და ეს პიკის ტალღა გადავატაროთ.

- ანუ, „ლოქდაუნზე“ საუბარი ჯერჯერობით არაა?

- ამაზე ლაპარაკი არ არის. დადებითობის მაჩვენებლი 4%-ზე ზემოთ, დიდ საშიშროებას შეგვიქმნის, მაგრამ დიდი თხოვნა მაქვს, რომ ვაქცინაციას მივაშველოთ ის ძირითადი მოთხოვნები, რაზეც ვისაუბრე და ერთმანეთს შევუძახოთ, არიქა, ცოტაც და გადავაგოროთ ეს მდგომარეობა, თორემ „ლოქდაუნის“ მერე ვერ გავიმართებით, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ეკონომიკა. ამოსუნთქვა დაიწყო ბიზნესმა და ხელი უნდა შევაშველოთ, ხელი ერთმანეთს უნდა შევაშველოთ, მაგრამ ასეთ განაცხადს რომ ვაკეთებ, თავში გამიელვებს ხოლმე თავყრილობები, ქორწილები, ქელეხები და დიდი თხოვნა მაქვს, ნუ გავაკეთებთ ამას, რომ მომავალი წლიდან ვიყოთ გამართულები. ერთი თვე უმკაცრესად და მერე ზაფხულიც წაგვეშველება ცოტა.