120 ახალი სტატია

„თბილისს უნდა დაუბრუნდეს სახე და წეს-ჩვეულება...“ - ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი და უბრალოდ, თბილისის კოლორიტი, მიხეილ რამიშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს - ამ გადაწყვეტილების შესახებ რამიშვილმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განაცხადა. „ვერსია“ მიხეილ რამიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

_ გადავწყვიტე, მონაწიელობა მივიღო თბილისის მერობის არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა იმიტომ, რომ არ მიმაჩნია სწორად ყოველთვის ერთი და იგივე სახეების დომინოს სახით გადაადგილება, ერთი და იგივე ადამიანები ჩანდნენ ყოველთვის. ის ადამიანები კი, რომელთაც ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, ყოველთვის ჩრდილში ვდგავართ და არ ვჩანვართ არასდროს. ადამიანები, რომლებიც მართლა სულითა და გულით ვემსახურებით ჩვენს საზოგადოებას და არ ვართ ორიენტირებულნი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე, არ ვართ დამონებულნი და გარკვეული ჯგუფის მსახურებაში. ჩვენ ვართ ხალხის მსახურებაში და ვფიქრობ, დროა, ჩვენი სიტყვა ვთქვათ, თან ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩემი გამოცდილება სხვანაირად უნდა წარმოვაჩინო.

_ რატომ არ აპირებთ კენჭისყრას რომელიმე პარტიიდან? ისე, ბოლოს, თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართლის“ წარმომადგენელი იყავით...

_ კონკრეტულად რომელიმე პარტიის ან ჯგუფის ინტერესების მოთხოვნით, არასდროს არაფერს გავაკეთებ. ჩემი მოთხოვნა, პროგრამა და მიზანია საზოგადოების ინტერესები, იმ ადამიანების, რომლებსაც არასდროს შევადარებ საქართველოსა და საფრანგეთში, სანაგვეში მყოფ ადამიანებს. შედარება, რომ იქაც ცუდად არიან და აქაც - არასწორია, ყველგან კარგად უნდა იყვნენ! ვისაც უნდა ჩემთან ურთიერთობა და ექნება ჩემთან გარკვეული შემოთავაზება, დიდი სიამოვნებით მივიღებ, მაგრამ არა იმ პრინციპით, რომ რაღაც პოლიტიკური სვლა ჰქონდეთ საკუთარი მომავლისკენ. საზოგადოებას სვლა უნდა ჰქონდეს კეთილდღეობისკენ და თბილისი არ უნდა იქცეს გარკვეული ჯგუფის ინტერესების ქალაქად.

_ გასაგებია, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გინდათ ასოცირება, მაგრამ არჩევნებში დაგჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა და რესურსი. არ გიფიქრიათ ამაზე?   

_ ვიმედოვნებ, რომ ყოველთვის გამოჩნდება „სანტა კლაუსი“, მაგრამ პირდაპირ შემიძლია, გითხრათ - არასდროს და ვერასდროს ვივაჭრებ ხალხით და ხალხის კეთილდღეობით. არ მჩვევია ვაჭრობა და არ შეიძლება, ადამიანებითა და პრინციპებით ივაჭრო. თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ თბილისს დაუბრუნდეს ის სახე და წეს-ჩვეულება, როგორიც ჰქონდა... „ყველა შენ გეტრფის, ჩემო თბილისო, ქვეყანას შენი ნახვა სწრყურია...“ - ასეთი თბილისი მინდა იყოს და ეს იქნება ჩემი მიზანი, რომ თბილისი დაბრუნდეს იმ ჩარჩოში, როგორშიც იყო. არ იყოს სოციალური გაჭირვება და ხალხი მარტო დაპირებებით არ ცხოვრობდეს. მარტო თანამდებობის პირები არ იყვნენ უზრუნველყოფილი და სოციალურად დაუცველები არ ცხოვრობდნენ მასიურად ქალაქ თბილისში - არ მინდა და ამას არასდროს დავუშვებ, თუ ოდესმე, ამის შანსი მომეცემა.

_ ბატონო მიხეილ, საზოგადოების ნაწილმა გაგიცნოთ გახმაურებული სამართლებრივი საქმეებით. როგორ ფიქრობთ, თქვენი პროფესიული ბეგრაუნდი თქვენთვის ხელშემწყობი იქნება არჩევნებში თუ - პირიქით?

_ შეიძლება, ერთიც იყოს და მეორეც, მაგრამ ერთი რაღაც ვიცი - მე ჩემი ოჯახიდან და ჩემი ცხოვრების წესიდან მომყვება სახელი და ყოველთვის, ყველასთვის საყვარელი ვერ იქნები. ზოგს არ ეყვარები, ზოგს ეყვარები, ზოგს შენი სიმღერა მოეწონება, ზოგს - არა. ასე რომ, უნივერსალური და საყვარელი ყველასთვის ვერასდროს იქნები.

_ კეთილი, გისურვებთ წარმატებას!