ქეთი კობახიძის ექსკლუზიური ინტერვიუ მესამე პერსონალური გამოფენის შემდეგ

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაჭა, ძველი თბილისი, თოვლიანი მთები, სახასიათო პორტრეტები, მრავალი ფერის ერთიანობა და სილამაზე, ეს მხატვარ ქეთევან კობახიძის შემოქმედების სამყაროა.  Silk Factory Studio - "აბრეშუმის გალერეაში", მისი მესამე პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. დამთვალიერებლებს მხატვრის 70-მდე ნამუშევრის ნახვა შეეძლოთ, სადაც თავს იყრიდა შერეული ტექნიკით შექმნილი  პორტრეტები და პეიზაჟები. გამოფენაზე ძირითადად ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მხოლოდ რამდენიმე გახლდათ ძველი პერიოდიდან. ქეთევან კობახიძემ, თბილისის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, სადაც ამჟამად თავად ასწავლის. ქეთევანი მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე იყო საქართველოსა და უცხოეთში.  როგორც ისვერსიასთანსაუბრისას აღნიშნავს, გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატების მთავარი ინსპირაციის წყარო, რაჭაა.

_გამოფენაზე რამდენიმე სერია იყო წარმოდგენილი და შესაბამისად ინსპირაციაც სხვადასხვაგვარი გახლდათ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციის წყარო რაჭაა, მოგეხსენებათ რაჭველი, ნიკორწმინდელი ვარ და ჩემი კუთხე ყოველთვის სულ სხვანაირად აღმაფრთოვანებს და სულ სხვა შთაბეჭდილებებით მავსებს. ასევე, გამოვყოფდი თბილისის პეიზაჟებს, თბილისის ქუჩები და განსაკუთრებით ძველი უბნები, საინტერესო ადამიანები, ჩემთვის საოცარი ინსპირაციაა. გაზაფხულზე გოდერძის უღელტეხილზე გახლდით და კიდევ უფრო განსხვავებული შთაბეჭდილებებით აღვივსე, თოვლის იდუმალება, შეიძლება ასეც ვუწოდოთ იმ სერიას, რაც ამ საოცარი შთაბეჭდილებების წყალობით შევქმენი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დღევანდელი სოხუმის ერთი პეიზაჟი. სოხუმი, ალბათ, უმეტესობისთვის მზესთან, მაგნოლიებთან და თოლიებთან ასოცირდება, ჩემი სოხუმი კი, სადაც სამწუხაროდ არასდროს ვყოფილვარ, ჩემს წარმოსახვაში დღეს თოვლიანი და ცივია... ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი გახლდათ, რამდენიმე ნატურმორტი და პორტრეტების სერია, სადაც ჩემი ბაბუის პორტრეტს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. არ შემიძლია განსაკუთრებულად არ აღვნიშნო მე-11 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს მხატვრობა, რომელიც გამოიცა გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ და ჩემი ნამუშევრებით („მერანი“, „ვაჟა“, „სტუმარ-მასპინძელი“) გაფორმდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია აკვარელის, აკრილის, ზეთის საღებავებით და  შერეული ტექნიკით. რაც შეეხება შთაგონებას, ხატვის დაწყების წინ აუცილებლად ვუსმენ მუსიკას, ეს ძალიან მეხმარება... თუმცა, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, შემოქმედებითი პროცესი თავად მიბიძგებს ხოლმე შთაგონებისკენ.  

_როგორც ვიცი, ეს თქვენთვის მესამე პეროსნალური გამოფენა იყო, რა ემოციები, განცდები და შთაბეჭდილებები დააგროვეთ?

_დიახ, ჩემი მესამე პერსონალური გამოფენა იყო და საოცარი ემოციებით და განცდებით აღვივსე. გამოფენაზე მიღებული თითოეული დადებითი სიტყვა, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იყო.  ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში Silk Factory Studio – „აბრეშუმის გალერეის“ და ქალბატონ ლიკა ხაინდრავას დამსახურებაა, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

_როგორ იმოქმედა ამ გამოფენამ დამთვალიერებლებზე  და თქვენზე, როგორც მხატვრის განვითარებაზე?

_ძალიან მიხარია, რომ დამთვალიერებელს მოეწონა ჩემი შემოქმედება და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ამდენი დადებითი, სიკეთით სავსე ადამიანი არსებობს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ უფრო დიდი სტიმული მომეცა, გამიჩნდა სურვილი და ინსპირაცია ახალი ნამუშევრების სერიის შექმნის.

_რომელი ნახატია თქვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და რატომ?

_ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ბაბუას პორტრეტი, რომელიც ძველი პერიოდის ნამუშევრებს უნდა მივაკუთვნოთ. ვინც ჩემს ბაბუას, მალხაზ ზაალიშვილს იცნობდა, ყველა დამეთანხმება, რომ ის მართლაც გამორჩეული და სრულიად უნიკალური ადამიანი იყო. ასევე, ნამუშევრებიდან გამოვარჩევდი ყაყაჩოების ველს, რომლის ინსპირაციაც ჩემი ბებია, საოცარი ადამიანი - შურა გველესიანი გახლდათ. მას ძალიან მოსწონდა ეს ყვავილი...

_ქეთი, რა ასაკიდან ხატავთ და როგორ აღმოაჩინეთ ეს ნიჭი თქვენში?

_ბავშვობიდან ვხატავ, მაგრამ ხატვის შესწავლა გვიან, 17 წლის ასაკში დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ პირველ პროფესიას (ჟურნალისტიკას) ვეუფლებოდი. თსუ-ს ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში გამეგრძელებინა სწავლა და ასეც მოვიქეცი. ყოველთვის ძალიან მინდოდა მეხატა, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო. მხატვრობა, ჩემი აზრით, უფრო ცხოვრების წესია, ვიდრე პროფესია და თუ ამით სიამოვნებას ვერ იღებ, ე.ი. ამ საქმისთვის დაბადებული არც ხარ, შესაბამისად ამ „ცხოვრების წესში“ საკმარისი ნიჭიც არ გაგაჩნია. 

_როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობს ზოგადად ხელოვნება და ასევე კონკრეტულად თქვენი ნამუშევრები საზოგადოებაში?

_ვფიქრობ, რომ ნამუშევარმა პოზიტიური დამოკიდებულებებისკენ უნდა განაწყოს დამთვალიერებელი. შემოქმედებაში კრიტიკა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა ესეც სიკეთის საკეთებლად უნდა იყოს მიმართული და არ უნდა იყოს აგრესიული, ღვარძლიანი და დამანგრეველი. ვფიქრობ, რომ საკმაოდ პოზიტიური ნამუშევრები მაქვს და ოკუპანტების გამო სოხუმის დროებით დაკარგვით გამოწვეული პროტესტიც მკაფიოდ, მაგრამ არააგრესიულად მაქვს წარმოდგენილი. ნამდვილი ხელოვნება მუდამ იარსებებს და ყოველთვის საზოგადოების განვითარებისკენ, კეთილი საქმისკენ იქნება მიმართული, რაც არ უნდა შეეცადონ მიჩქმალვას, ის საბოლოოდ მაინც იჩენს თავს. ძალად შექმნილი „ხელოვნება“ კი მოვა დრო და აუცილებლად ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება.

_რისი გადმოცემა გსურთ ხოლმე ნახატებით?

_ჩემი ნახატებით ძირითადად მსურს გადმოვცე, თუ როგორი მრავალფეროვანი და ლამაზია ჩვენი პატარა საქართველო, სხვადასხვა კუთხის და პიროვნებების წარმოჩენით. ერთ პატარა, დანგრეულ ქოხშიც კი შეიძლება ის სილამაზე დაინახო, რასაც საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომლებიც მარად კრიტიკულად არიან განწყობილნი, ერთი შეხედვით ვერ ამჩნევენ. ყოველთვის გადმოვცემ იმას, რაც მიყვარს და იმათ ვისაც უდიდეს პატივს ვცემ. ნახატები აუცილებლად სიყვარულის და მოწონების გამომხატველები უნდა იყონ.

_არის თუ არა, რაიმე განმეორებადი თემები ან საგნები თქვენს ნამუშევრებში?

_რაჭის თემა ჯერ-ჯერობით ჩემთვის ამოუწურავია და ასევე თბილისიც.

_ქეთი, სამხატვრო აკადემიაში ასწავლით, როგორი გამოცდილებაა ეს თქვენთვის და რას ურჩევდით დამწყებ ხელოვანებს?

_სტუდენტებთან ურთიერთობა მუდმივად ახალ-ახალ სასიამოვნო აღმოჩენებს მაკეთებინებს. საბედნიეროდ, ბევრი ნიჭიერი სტუდენტი სწავლობს და ვფიქრობ, რომ მათ წინ ძალიან საინტერესო ცხოვრება ელით. დამწყებ ხელოვანებს ვურჩევდი, რომ ყოფილიყვნენ გულწრფელები და ლაღები, ნიჭთან ერთად შრომისმოყვარეები. არავის არ გაეჯიბრონ და იმუშაონ საკუთარი უნარების განვითარებაზე. აუცილებლად უნდა განასხვავონ ერთმანეთისგან ხელოვნებით გამოხატული პერფორმანსი და აგრესიული ვანდალიზმი. გაითვალისწინონ, რომ ნამდვილი ხელოვნება ქმნის და არ ანგრევს! და კიდევ, არასდროს არ დაუშვათ ტყუილი შემოქმედებაში. შექმენით თქვენი და თქვენი ნამდვილი ხელოვნება აუცილებლად ჩამოგაყალიბებთ ნამდვილ ხელოვანებად!

_სამომავლოდ რა გეგმებით გაქვთ?

_საკმაოდ საინტერესო გეგმები მაქვს, მოვა დრო და ამას თქვენი მკითხველი აუცილებლად გაიგებს. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ არ ვჩერდები და ვაგრძელებ ახალი ნამუშევრების შექმნას. ასევე, გახლავართ ახალგაზრდა ხელოვანის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტის, ძალიან ნიჭიერი ნინო გოგოლიძის პირველი პერსონალური გამოფენის კურატორი. გამოფენა  7 ივლისს გახსნა  და ბევრ დამთვალიერებელს ველით.

ავტორი: ია გრიგალაშვილი