94 წლის ასაკში, მწერალი მილან კუნდერა გარდაიცვალა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მილან კუნდერა წარმოშობით ჩეხი, ფრანგი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, რომანისტი და მთარგმნელი იყო. იგი დაიბადა 1929 წლის 1 აპრილს, ლუდვიკ კუნდერას ოჯახში, რომელიც თავის დროზე დიდი ჩეხი კომპოზიტორისა და პიანისტის, ლეოშ იანაჩეკის მოსწავლე იყო. მამის გავლენით მილან კუნდერა ფორტეპიანოზე დაკვრას ადრეულ ასაკში დაეუფლა. შემდგომში იგი სერიოზულად სწავლობდა მუსიკას, რამაც საბოლოოდ დიდი გავლენა იქონია მის მთლიან შემოქმედებაზე. 

კუნდერა მიეკუთვნებოდა იმ ჩეხი ახალგაზრდების რიცხვს, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მეორე მსოფლიო ომის ძნელბედობის ჟამი, რამაც მათ ცნობიერებაში რეალობის შავ–თეთრი ხედვა დაამკვიდრა. ამ გარემოებებმა მილან კუნდერა მარქსიზმამდე და კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებამდე მიიყვანა. 1948 წელს ჩეხოსლოვაკიის კომპარტიაში წევრიანდება, 1950 წელს კი, იგი და ჩეხი მწერალი, იან ტრეფულკა ანტიპარტიული ქმედებებისათვის კომპარტიის რიგებიდან გარიცხეს.

თავის პირველ რომანში "ხუმრობა" მილან კუნდერამ აღწერა ტოტალიტარიზმის სატირული მხარე კომუნისტური მმართველობის დროს. საბჭოეთისა და 1968 წელს წითელი არმიის ჩეხეთში შეჭრის კრიტიკის გამო მწერალი შავ სიაში მოხვდა და მისი რომანები მის სამშობლოში აიკრძალა. 1975 წელს კუნდერა საფრანგეთში გაიქცა. 1979 წელს, საფრანგეთში ყოფნისას, კუნდერამ დაწერა რომანი "სიცილი და დავიწყება", რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდნენ ყველა საშუალებებით ჩეხეთის მკვიდრნი საბჭოთა რეჟიმს.

1984 წელს მილან კუნდერას ყველაზე აღიარებულმა ნაწარმოებმა, "ყოფიერების აუტანელმა სიმსუბუქემ" იხილა დღის სინათლე. რომანი მოგვითხრობს ორი ჩეხის, ტერეზას და ტომაშის, სიყვარულის ამბავს საბჭოთა ოკუპაციის დროს. 1988 წელს ფილიპ კაუფმანმა ამ რომანის ეკრანიზაცია განახორციელა, სადაც მთავარი როლები ჟულიეტ ბინოშმა და დენიელ დეი–ლუისმა შეასრულეს. 1990 წელს მილან კუნდერა ახალი რომანით "უკვდავება" წარდგა მკითხველთა წინაშე. ამ თხზულებამ ავტორი თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის კორიფედ აქცია.

პერსონაჟების აღწერის დროს მილან კუნდერა ე. წ. "ფსიქოლოგიური რეალიზმის" ტექნიკას იყენებს. იგი მეტ ყურადღებას თავისი პერსონაჟების მენტალურ პროცესებს უთმობს, ვიდრე მათ გარეგნობასა და ხასიათს. მისი რწმენით, ეს სრულიად ზედმეტია, რადგან მკითხველის წარმოსახვა კითხვის პროცესში ავტომატურად ავსებს მწერლის მიერ შეგნებულად დატოვებულ ცარიელ ადგილებს.

მის კალამს უამრავი შედევრი ეკუთვნის:

  • ხუმრობა, 1967
  • სასაცილო სასიყვარულო ისტორიები, 1960
  • სიცოცხლე სადღაც იქ არის, 1969
  • ჟაკი და მისი ბატონი, 1975
  • გამოსათხოვარი ვალსი, 1976 (ქართულად თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა, 2004)
  • სიცილისა და დავიწყების წიგნი, 1979
  • ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, 1984
  • რომანის ხელოვნება, 1985
  • უკვდავება, 1990
  • დაღალატებული აღთქმები, 1992
  • სიზანტე, 1992
  • პიროვნულობა, 1998
  • უმეცრება, 2000
  • ფარდა, 2005
  • უმნიშვნელობის ზეიმი, 201  

ცნობილი ჩეხი მწერალი, გუშინ, 11 ივლისს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.