ზელენსკიმ პუტინს უწოდა „ავადმყოფი და ცინიკური არსება“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინისთვის საკუთარი თავის გარდა, ყველა ტერორისტია, მაშინ, როცა უკვე 20 წელია ტერორით თავად იკვებება. ზელენსკის მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის დაკავშირებას მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან.

კრემლში 25 მარტს გამართულ თათბირზე პუტინმა განაცხადა, რომ 22 მარტს მომხდარი „საშინელი დანაშაული“ შესაძლოა იყოს „მხოლოდ რგოლი მცდელობების მთელი სერიიდან“ მათი მხრიდან, ვინც რუსეთს 2014 წლიდან ებრძვის „კიევის ნეონაცისტური რეჟიმის ხელით“. პუტინის თქმით, ნაცისტები თავიანთი მიზნების მისაღწევად ყოველთვის იყენებდნენ „ყველაზე ბინძურ და არაადამიანურ საშუალებებს“.

25 მარტს ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს პუტინი ისევ თავის თავს ელაპარაკებოდა და ეს ისევ ტელევიზიით აჩვენეს.

„კვლავ უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსება. მისთვის ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა, მაშინ, როცა უკვე ორი ათწლეულია ტერორით თავად იკვებება. სწორედ ის არის ტერორისთვის ყველაზე დიდი ფანჯარა. ის და მისი სპეცსამსახურები. და როცა აღარ იქნება, მასთან ერთად გაქრება მოთხოვნა ტერორსა და ძალადობაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უკრაინა 23 მარტსაც ახსენა, როცა „კროკუსზე“ თავდასხმიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, რუსეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ თავდამსხმელები მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. კიევში ეს კატეგორიულად უარყვეს.

  • 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.
  • თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი").
  • რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან.
    24 და 25 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 7 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში.
  • კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ეჭვმიტანილებს წამების კვალი.