მაღალმთიან რეგიონებში მთავრობამ 157 მილიონი დახარჯა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021-2023 წლებში, 973 მილიონი ლარი დაიხარჯება

 

2019-2020 წლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, კანონით დადგენილ სოციალურ შეღავათებზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 157 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-19 სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის 2019-2020 წლების ანგარიში განიხილეს.

 

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მაღალმთიან რეგიონებში, კანონით განსაზღვრული მხარდაჭერა გაეწიათ ოჯახებს შვილის შეძენისას, მასწავლებლებს, ექიმებს, ექთნებს, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს და დაფინანსდა მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათი.

საბჭოს სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების ანგარიშიც წარადგინეს.

ანგარიშის თანახმად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან, 19 მუნიციპალიტეტში, ჯამში 21 პროექტი დაფინანსდა, მათ შორის: გზის, წყალმომარაგების, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, სახიდე გადასასვლელის მშენებლობის, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვა პროექტები.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ამ მიმართულების სხვადასხვა პროექტები 2.98 მილიონი ლარით დაფინანსდა, ხოლო დაახლოებით 8.5 მილიონი ლარი - ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებებს მოხმარდა.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრებმა, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტიც განიხილეს. ამ პროექტის თანახმად, მიმდინარე წელს, 10 მილიონი ლარი - ინფრასტრუქტურის განვითარებას, 5 მილიონი ლარი - სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება.

გამოყოფილი თანხით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 24 მუნიციპალიტეტში 25 პროექტს დააფინანსებს.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის“ 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

2019-2023 წლების მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და 2023 წლისთვის არსებული დემოგრაფიული ვითარების შერბილებას, ცხადია, მაღალმთიან რეგიონებში არსებული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიებები სამი მიმართულებით გატარდება: მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა.

2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანებია: ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა; ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება; ასევე, მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად, 973 მილიონი ლარი გამოიყოფა, რაც 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ თანხას 20%-ით აღემატება.

2019-2020 წლებში, სამოქმედო გეგმის თანახმად, დაიგო და პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 380 კმ გზას, აშენდა სასწრაფო დახმარების 13 შენობა და აღიჭურვა მაღალი გამავლობის 12 სასწრაფო დახმარების მანქანით, აშენდა ან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 134 ამბულატორიას, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 34 სკოლას, აშენდა 7 საზოგადოებრივი ცენტრი, გაზიფიცირდა 53 მაღალმთიანი დასახლება, მზის პანელები დაუმონტაჟდა 207 ოჯახს.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, პარლამენტმა, 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 797 დასახლებას (საქართველოს მთლიანი დასახლებების, დაახლოებით, 48 %), მათ შორის, 9 ქალაქს, 21 დაბას და 1 767 სოფელს. ამ დასახლებებში, 2014 წლის აღწერით, ცხოვრობს 358 400 ადამიანი (საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 9%). 2021 წლის მარტის მონაცემებით, სტატუსით სარგებლობს, დაახლოებით, 258 400 ადამიანი და 439 საწარმო.