სახელმწიფომ მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი რეგულაციები დაუწესა!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რას ნიშნავს და როგორ უნდა აწარმოოთ ე.წ. ტაბელის ცხრილი და რას ითხოვს მაღაზიების ასოციაცია შრომის ინსპექციისგან

 

1 მარტიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, ახალი რეგულაცია ამოქმედდა. კერძოდ, შრომის კოდექსის საფუძველზე, საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს, თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა დაევალა. მოკლედ, ნებისმიერი კომპანია, მცირე იქნება თუ საშუალო, ვალდებულია, „ტაბელის“ ცხრილი ანუ დასაქმებულთა სამუშაო საათები, ასევე, მათი გაცდენები აღრიცხოს. რაც მთავარია, „ტაბელის“ ცხრილი, ერთგვარი ანგარიშფაქტურაა, რომელიც დამსაქმებელმა ყოველთვიურად უნდა აწარმოოს და ერთი წლის განმავლობაში შეინახოს.

 

„ტაბელის“ ცხრილი სახელმწიფო უწყებებში უკვე მოქმედებს. ეს აუცილებელია, რადგან დასაქმებული ადამიანის მიერ შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით განისაზღრება მისი შრომითი ანაზღაურება, პრემია და დანამატი. შევთანხმდეთ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში - სამინისტროებში, სახელმწიფო სსიპებ-სა თუ შპს-ებში სწორედ ხელფასის ოდენობა და პრემია-დანამატები ეხვევა კრიტიკის ქარცეცხლში. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის დროს, სწორედ „ტაბელის“ ცხრილის საშუალებით ადგენენ და არკვევენ აუდიტორები, სწორად გასცა ხელფასი, პრემია ან დანამატი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ თუ არა.

დიახ, სახელმწიფო უწყებებში „ტაბელის“ ცხრილი აუცილებელია, მაგრამ ბიზნესისთვის ზედმეტი რეგულაციაა. პრინციპში, მსხვილ ბიზნესს ამ მხრივ ნამდვილად არ უჭირს, მაგრამ საშუალო და მცირე ბიზნესი საგონებელში ჩავარდა - პანდემიის გამო, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფთ, ახალი რეგულაციაც დაემატათ. რაც მთავარია, ბევრმა პატარა კომპანიამ ისიც კი არ იცის, რეალურად რა ცვლილება ამოქმედდა 1 მარტიდან. 

სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც „მაღაზიათა ასოციაციამ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურად მიმართა, რომ ეს ვალდებულება ერთი თვით გადაავადოს. ეს ნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში, შრომის ინსპექციამ მცირე მაღაზიები არ შეამოწმოს. მიზეზი ისაა, რომ მცირე მაღაზიების მფლობელები ინფორმირებულები არ არიან, რეალურად რას ნიშნავს „ტაბელის“ ცხრილი, როგორ უნდა აწარმოონ და არც ის იციან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დაჯარიმდებიან.

„მაღაზიათა ასოციაცია“ სწორედ ამიტომ ითხოვს რეგულაციის გადავადებას. მეტიც, ასოციაციაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციების შესრულებაში მცირე მაღაზიებს დაეხმარებიან კიდეც, რისთვისაც გარკვეული დრო აუცილებლად სჭირდებათ. 

როგორც აღვნიშნეთ, რეგულაცია, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, 1 მარტიდან ამოქმედდა, დამსაქმებლებს ავალდებულებს, რომ დასაქმებულთა შესრულებული სამუშაოები და მათი გაცდენები აღრიცხონ. ეს ანგარიშფაქტურები  დამსაქმებლებმა ყოველთვიურად უნდა შეავსონ, ერთგვარი არქივი კი ერთი წლის მანძილზე შეინახონ. დოკუმენტში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა, ვკითხულობთ:

„დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დასაქმებული უფლებამოსილია, დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ის გაცნობა.

სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, როგორც ყოველთვიური დოკუმენტი, საბოლოო წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შევსებული და ხელმოწერილი, 1 წლის განმავლობაში ინახება დამსაქმებელთან ან მის მიერ განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში/პირთან“.

ვნახოთ, როგორ უნდა აწარმოოს დამსაქმებელმა „ტაბელის“ ცხრილი და რა მონაცემები უნდა შეიყვანოს მასში: გრაფაში „ორგანიზაციის დასახელება“ - ორგანიზაციის/დაწესებულების სრული დასახელება უნდა მიუთითოთ; გრაფაში „სტრუქტურული ერთეული“ - ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის/ დანაყოფის/ქვედანაყოფის, როგორებიცაა დეპარტამენტი, სამსახური, სამმართველო და ა.შ. სრული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითოთ; გრაფაში „შედგენის თარიღი“ - პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიუთითოს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შედგენის თარიღი; გრაფაში „საანგარიშო პერიოდი (-დან, -მდე)“ - საანგარიშო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღები უნდა ასახოთ; გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური და მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა მიუთითოთ; გრაფაში 1 - რიგითი ნომერი; გრაფაში 2 - დასაქმებულის გვარი, სახელი, თანამდებობა (სპეციალობა, პროფესია); გრაფაში 3 - პირადი ნომერი ან ტაბელის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გრაფებში 4 და 6 - საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში არსებული აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების ან არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით, შესაბამისად, თვის პირველ და მეორე ნახევარში უნდა ასახოთ; გრაფებში 5 და 7 - შესაბამისი თვის პირველ და მეორე ნახევარში ნამუშევარი საათების ჯამი უნდა მიუთითოთ; გრაფაში 8 - თვის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა ჯამური რაოდენობა ასახეთ; გრაფაში 9 - თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა უნდა ასახოთ; გრაფაში 10 - თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა უნდა მიუთითოთ; გრაფაში 11 - თვის განმავლობაში ღამით (22.00-დან 6.00-მდე პერიოდი) ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა ასახეთ; გრაფაში 12 - თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა მიუთითეთ; გრაფაში 13 - თვის განმავლობაში სხვა 10-12 გრაფებისგან განსხვავებული, მათ შორის, დისტანციურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა აღრიცხეთ; გრაფაში 14 - თვის განმავლობაში დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების (საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის) პერიოდი მიუთითეთ; გრაფაში 15 - თვის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი ასახეთ; გრაფაში 16 - ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდი ასახეთ; გრაფაში 17 - თვის განმავლობაში სხვა, 14-16 გრაფებისგან განსხვავებული გაცდენილი დღეების/საათების ჯამური რაოდენობა მიუთითეთ; გრაფაში 18 - თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეების ჯამური რაოდენობა ასახეთ; გრაფაში „პასუხისმგებელი პირი“ - დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერაა საჭირო; გრაფაში „ორგანიზაციის/სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი“ - ორგანიზაციის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი გჭირდებათ.

იმ შეთხვევაში, თუ ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და შევსებაზე პასუხისმგებელი პირი ერთი და იგივეა, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა დასტურდება ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერით.

სტატია სახელმწიფო უწყებებში მოქმედი „ტაბელის“ ცხრილით შემთხვევით არ დამიწყია. „ვერსიის“ მკითხველებმა კარგად იციან, რომ წლების მანძილზე, ლამის ყოველ ნომერში, სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნის მოკლე მიმოხილვას ვაქვეყნებთ. სხვადასხვა სახის დარღვევებთან ერთად, ამ დასკვნებში მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რომელიც შრომის ანაზღაურებას ანუ ხელფასს და პრემია-დანამატებს ეხება. სახელმწიფო აუდიტის დასკვნების საფუძველზე, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ეკონომიკური პროფილის სამინისტროებშიც კი, მათ შორის, ფინანსთა, ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის... მოკლედ, ყველა სახელმწიფო უწყების ერთ-ერთი პრობლემა „ტაბელის“ ცხრილის სწორად წარმოებაა. არადა, მისი წარმოება მნიშვნელოვანია, სხვაგვარად, სახელმწიფო აუდიტორები როგორ დაადგენენ, მიზნობრივად იხარჯება თუ არა საბიუჯეტო სახსრები?

მეტსაც გეტყვით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნებიდან გამომდინარე, ტენდენციურია ასეთი მიდგომა: „ტაბელში“ ინფორმაცია არასრულია, მითითებული არ არის, როდის დაიწყო და დაასრულა თანამშრომელმა სამუშაო, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ სოლიდური შრომითი ანაზღაურება არამიზნობრივადაა გაცემული; გარდა ამისა, ზუსტად არ არის მითითებული, რა ტიპის ზეგანაკვეთური სამუშაო შეასრულა დასაქმებულმა, შესაბამისად, მისთვის გადახდილი პრემია-დანამატიც ფუჭი ხარჯია, რაც ბიუჯეტს ტვირთად დააწვა.

დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, „ტაბელის“ წარმოება აუცილებელი და საჭიროა, განსაკუთრებით სახელმწიფო უწყებებში, ოღონდ იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რა საშინელება მოჰყვება ამ რეგულაციას მცირე და საშუალო ბიზნესში მაშინ, როდესაც ეკონომიკური პროფილის სამინისტროების კვალიფიციურ ფინანსისტებსაც კი „ეშლებათ“ ხოლმე „ტაბელის“ წარმოება.