წარმატებული სტარტაპი - პანდემიის დროს დაწყებული ხელსაქმე, რომელიც ბიზნესად იქცა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„მუზას უცნაურ და მოძველებულ ხის ფორმებში ვპოულობ“

ცხოვრების გარკვეულ  ეტაპზე და კარიერული წინსვლის პროცესში, უმრავლესობას საკუთარი ბიზნესის შექმნის სურვილი გვიჩნდება. წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს საფუძველს, რომ დასახული მიზნის განხორციელება შევძლოთ. თუმცა წამოწყებული საქმის წარმატებულ მომავალს ჩვენს მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები განსაზღვრავს.

საინტერესოა, რა რისკები ახლავს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას? რით დავიწყოთ? როგორ ვაქციოთ იდეა რეალობად? როგორ მოვიძიოთ კაპიტალი? რა უნარები გვჭირდება ამისთვის?... საქმე ისაა, რომ წარმატების გამზადებული ფორმულა და ამ კითხვებზე ცალსახა პასუხები არ არსებობს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა დამწყებ ბიზნესმენს, თავისი გამორჩეული, უნიკალური და განსხვავებული ისტორია აქვს.

„ვერსია“ ერთ-ერთ დამწყებ ბიზნესმენს გაგაცნობთ. ის „Petro Handmade“-ის დამფუძნებელი, პროფესიით იურისტი, თენგო პეტრიაშვილია, რომელიც თითქმის ერთი წელია, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. ბრენდის დამფუძნებელი ხეზე მუშაობის სირთულეებსა და იმ გამოწვევებზე გვიამბობს, რასაც მუშაობის პროცესში აწყდება.

 

- თენგო, მოგვიყევით, როდის გაგიჩნდათ ხეზე მუშაობის იდეა? როგორც ვიცი, სამართალმცოდნეობის შემდეგ, ეს თქვენი მეორე პროფესიაა?

- ბავშვობიდან მომწონდა სხვადასხვა ნივთის შეკეთება ან გაკეთება. რამდენიმე წლის წინ, მეგობრებთან ერთად, სათევზაოდ ვიყავი წასული, რა დროსაც მდინარის ხეობაში, უცნაური ფორმის ხის ჯოხი ვიპოვე. რატომღაც სახლში წამოვიღე და გარკვეული დროის შემდეგ, დანიშნულებაც მოვუნახე - მაგიდის სანათი გავაკეთე. კონკრეტული დრო არ ჰქონია ამ ყველაფრის წამოწყებას, ყველაფერი ეტაპობრივად განვითარდა. შევქმენი სანათი, რომელიც ჩემი პირველი ნამუშევარი იყო, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ეს ჩემთვის დიდი სტიმული გახლდათ. შემდეგ საინტერესო ფორმის ჯოხებისა და ტოტებისგან სხვადასხვა ნივთის - სარკეების, ჭაღების, მაგიდების, სანათების შექმნა დავიწყე.

- რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში?

- გააჩნია, რას ვამზადებ. ჩემს სტუდიაში ისეთ ნივთებს ვაკეთებ, რაც ქარხნულად არ მზადდება. ნივთები ხელნაკეთია და, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი ინდივიდუალურია - თავისი ზომით, ფორმითა და ვიზუალით. კონკრეტულად გაწერილი გეგმა არ არსებობს, ამიტომ მარტივი ნამდვილად არ არის. საბოლოო ჯამში, ნივთის დასრულებამდე, წინასწარ არ ვიცი, როგორი გამოვა.

- ისე, თქვენს შემოქმედებაში, ყველაზე საინტერესო და თქვენთვის მნიშვნელოვანი რა არის?

- საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემი შემოქმედების განსხვავებულობა და გამორჩეულობაა. ჩემი დამზადებული ნივთების 80%, უკვე ხმარებიდან ამოღებული ან გამოუსადეგარი მასალებისგანაა დამზადებული. ზუსტად ამ უცნაურ და მოძველებულ ხის ფორმებში ვპოულობ ჩემს მუზას, რომელსაც სხვადასხვა ადგილებში ვეძებ - იქნება, ეს მდინარის ხეობა, ტყე, მინდორი თუ სხვა. ასე ვთქვათ, მეორე სიცოცხლეს ვძენ იმ ნივთებს, რომლებიც რეალურად უკვე აღარ გამოიყენება. აქვე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ნივთი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული, რომლებსაც მუშაობის პროცესში ვიყენებ.

- თქვენი პროდუქციიდან რომელ ნამუშევარს გამოჰყოფდით?

- ჩემთვის საინტერესოა მაგიდის ერთ-ერთი სანათი, რომელიც დამზადებულია 50-წლიანი ვაზისგან. მას უჩვეულო და განსხვავებული ფორმა აქვს. ის ჩემთვის სიძველესთან, სიბერესთან და ისტორიასთან ასოცირდება. ერთმა გლეხმა მიამბო, რომ 50 წლის წინ, ეს ვაზი, თურმე, მამამისს ჩაუყრია. ძალიან მომეწონა მისი ფორმა და წამოვიღე. ასევე, ჩემს ეზოში, რიგი მიზეზების გამო, შინდის ხე მოვჭერი, რომელიც ხმებოდა უკვე და მისგან ოთახის „ტორშერი“ დავამზადე. ყველა ნივთი ძალიან მიყვარს და მათზე მუშაობის თითოეული დეტალი მახსოვს.

- თქვენი საქმიანობა შემოსავლიანია? არის თუ არა ეს, ერთგვარი ბიზნესი თქვენთვის?

- თავდაპირველად, ეს საქმიანობა შემოსავლის წყარო ნაკლებად იყო. ძირითადად, ჩემს მეგობრებს ვჩუქნიდი ნამუშევრებს. რაღაც შექმნა და მეორე დღესვე, ყველაფერი ეს ბიზნესად აქციო, ჩემი აზრით, სწორი არ არის. თითოეულ ჩვენგანს სჭირდება გამოცდილება და პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მიყვარს ხეზე მუშაობა, ამ საქმეს ფინანსური კუთხით მოგვიანებით მივუდექი, როდესაც ჩემს თავში უფრო დავრწმუნდი - ხარისხი და ნიშა ვიპოვე. ამ ეტაპზე, დიდ თანხებზე არ არის საუბარი, რადგან, მეტ-ნაკლებად, სტარტაპის ეტაპზე ვართ.

- როგორც ვიცი, პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მიიღეთ მონაწილეობა და გაიმარჯვეთ. იქნებ, ამის შესახებ გვესაუბროთ...

- პროექტში „აწარმოე საქართველოში“, 2020 წლიდან, დიდი იმედითა და შემართებით ჩავერთე. აქამდე, მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება არ მქონია. შესაბამისად, ეს ჩემთვის გამოწვევა და ასევე, სირთულეც იყო. დიდი თანხა არ მომითხოვია, რადგან ხის დასამუშავებელი, კონკრეტული დანადგარები მჭირდებოდა და გადავწყვიტე, ამ ეტაპზე, რაც უფრო მეტად მჭირდებოდა, ის მომეთხოვა. გავედი ბოლო ეტაპამდე, გავიმარჯვე და დაფინანსებაც მოვიპოვე. ახლა ზუსტად ამ პროცესში ვარ, უფრო დიდი მასშტაბებით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას, ასევე, ლოგოს ბრენდირებასაც. ბევრ ცვლილებებსა და სიახლეებს ვგეგმავთ, რის შემდეგაც, ბაზარზე გაორმაგებული ძალებით დავბრუნდებით.

- პანდემიამ თითქმის ყველა სფეროზე იმოქმედა და საინტერესოა, თქვენ რა სირთულეებს წააწყდით?

- ჩვენი კომპანია პანდემიის პერიოდში დაარსდა, ამიტომ პანდემიამდე პერიოდის შეფასება გამიჭირდება. ამ პერიოდში მოგვიწვია ყველა სირთულის გადალახვა. ვფიქრობ, მსგავს ონლაინ-გაყიდვებზე ვინც იყო, რაღაც კუთხით, რეკლამირება უფრო გაზარდა, რადგან ყველაფერი დაკეტილი იყო და მოსახლეობას არ ჰქონდა შესაძლებლობა, სხვადასხვა სახის პროდუქტი ადგილზე შეეძინა.

- თენგო, რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ საქმიანობაში?

- თუ კარგად გამოგდით ხელსაქმე და ფიქრობთ, ეს ყველაფერი გაამართლებს, თუ არა, მაინც უნდა სცადოთ. თქვენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. რაც მთავარია, ნებისმიერი პროდუქტის შექმნისას, მისი რეკლამირება აუცილებელია, რადგან დღეს ძალიან დიდი კონკურენციაა ამ მხრივ. ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ხომ არ აპირებთ თქვენი ბიზნესის გაფართოებას?

- ძალიან ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ საჭირო იარაღების არქონის გამო, ვერ განვახორციელე. როდესაც მომხმარებელთან მიგვაქვს შეკვეთა და მოწონებას იმსახურებს, სხვა ნივთების შეძენაც სურთ, მაგრამ ხშირად უარი გვითქვამს, რადგან მომხმარებელს ვერ აუხსნი, რომ კონკრეტული დანადგარის არქონის გამო, სხვადასხვა ხერხით გვიწევს მათზე მუშაობა, რაც შესაბამისად, მის ფასს ზრდის. ზოგადად, ყველაფერი ეს, გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. პირობითად, ჩვეულებრივი ქაღალდის ფურცლის გაჭრა მაკრატლის დახმარებით, ძალიან მარტივია, მაგრამ როდესაც მაკრატელი არ გვაქვს, სხვა ხერხებით გვიწევს მისი დაქუცმაცება, რასაც გაცილებით მეტი დრო სჭირდება. „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, ჩემი იდეების დიდ ნაწილს განვახორციელებ და ყველაფერი ეს დამეხმარება, რომ სამომავლოდ, ჩემი იდეები განვავითარო.

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი