როგორ აპირებს ექსპრემიერი გახარია ეკლექტური ეკონომიკური პროგრამით ქვეყნის აღორძინებას

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რას ეფუძნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ყველაზე დაბალი გადასახადები, ახალი საინვესტიციო პოლიტიკა და მიმზიდველი სამეწარმეო გარემო

გიორგი გახარიას პარტიას პროგრამის პრეზენტაცია ჯერ არ გაუმართავს, თუმცა, 21 ივნისს, პარტიის ოფისში ის ჟურნალისტები მიიწვიეს, რომლებიც ეკონომიკასა და ბიზნესს აშუქებენ - ცხადია, პროგრამის ეკონომიკური ნაწილის განსახილველად. ხაზს ვუსვამ, პარტიის სამოქმედო პროგრამა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, პროგრამის ეკონომიკური ნაწილის ის ვერსიაც, რომელიც ხელთ მაქვს და რომლის მიმოხილვასაც ვაპირებ, საბოლოო არაა. მეტიც, გამორიცხული არაა, რომ ის შენიშვნები, რომლებსაც ჩვენ, ჟურნალისტები გამოვთქვამთ, თუკი პარტიისთვისაც მისაღები აღმოჩნდება, გაითვალისწინონ კიდეც. სიტყვა გამიგრძელდა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ და ექსპრემიერის ახალი პარტიის პროგრამის ეკონომიკური ნაწილის მიმოხილვას გთავაზობთ, ჩემი მოკრძალებული შენიშვნებით.

 

ვიდრე გიორგი გახარიას მთავარი ეკონომიკურ გზავნილების მონახაზს (ვიმეორებ, ესაა პროგრამის სამუშაო და არა საბოლოო ვერსია, რომელიც შეიძლება, შეიცვალოს) გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ სხვა პარტიებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ - ვაღიარებ, 10 წელზე მეტია, წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა პარტიის ეკონომიკური პროგრამის ანალიზი გამიკეთებია, მაგრამ ასეთი სერიოზული და მიზნობრივ აუდიტორიაზე სწორად მორგებული ნაკლებად მინახავს. ბოლომდე ობიექტური ვიქნები და გეტყვით, რომ 2012 წელს, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ პროგრამა მომეწონა - ჯანდაცვისა და სოციალური ნაწილის ხარჯზე. 2020-ის არჩევნებზეც, მეტ-ნაკლებად დახვეწილი, ციფრების ბრახა-ბრუხისგან დაცლილი და რეალობასთან მიახლოებული პროგრამები ჰქონდათ „ოცნებას“, ევროპულ საქართველოს, ლელოს და გიორგი ვაშაძეს.

მართალია, ყველაზე მეტად სწორედ გემოვნებაზე დაობენ, მაგრამ რას ვიზამთ, ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი. ესაა მიზეზი, რის გამოც წლებია, მარტივი გამოსავალი, გნებავთ, „გასაძრომი“ ვიპოვე - პოლიტიკურ გემოვნებაზე თავს არ და ვერ დავდებ, პარტიების ეკონომიკური მიმართულებები კი ნამდვილად მაინტერესებს. ალბათ, ამის გამოა, რომ მეტისმეტად ეკლექტური ეკონომიკური გემოვნება ჩამომიყალიბდა და ნუ დამძრახავთ, თუ ერთდროულად, რამდენიმე პარტიის პროგრამა მომწონდა, მომწონს, ან მომავალში მომეწონება. პრინციპში, მრავალპარტიულობასა და სრულად პროპორციულ არჩევნებს ამიტომაც ვუჭერ მხარს - მინდა, საქმე სხვადასხვა შეხედულების პოლიტიკოსმა აკეთოს, მთავრობაც სხვადასხვა პარტიისგან დაკომპლექტდეს - სხვა საკითხია, რამდენად გაამართლებს საქართველოში, მაგრამ ვაღიარებ, მრავალფეროვნება და ეკლექტურობა ძალიან მომწონს.

ზუსტად ასეთი მრავალფეროვანია ექსპრემიერის პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, რომელიც ერთ კონკრეტულ ეკონომიკურ თეორიას არ ეყრდნობა, წარმატებული ქვეყნების წარმატებული ეკონომიკური რეფორმების ერთგვარი მიქსია და შეუძლებელია, რომ ჩემი ენერგეტიკის ადამიანი გულგრილი დარჩენილიყო. შესაძლოა, ზედმეტად იდეალისტი გგონივართ (არ გედავებით, თქვენი ნებაა), მაგრამ აღიარეთ და დამეთანხმეთ, რომ ეს ძალიან კარგია. თავს ვერ დავდებ, რომ გახარიაა ზუსტად ის „გმირი“, რომელსაც აქამდე, ბაზალეთის ტბის ძირში, ოქროს აკვანში ეძინა და რომლის გამოჩენასაც ორ საუკუნეზე მეტია, ელის ჩემი ქვეყანა, ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ დიახ, სწორედ მისი პარტიაა მესამე ძალა, მაგრამ ფაქტია, პოლიტიკურ ბაზარზე ძალიან ძლიერი მოთამაშე გამოჩნდა.

„განვითარების სექციის ეკონომიკური ნაწილი“ - ექსპრემიერის თანაგუნდელმა, ბექა ლილუაშვილმა ასე გაგვაცნო პროგრამის სამუშაო ნაწილი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: სამეწარმეო გარემო, საინვესტიციო პოლიტიკა, განათლების სისტემის რეფორმა, ახალი საგადასახადო პოლიტიკა, სახელმწიფო აქტივები, ბიუროკრატიის შემცირება, სტარტაპ ეკოსისტემა, მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, მიზიდულობის ცენტრები და რაც მთავარია, ახალი რეგიონული პოლიტიკა.

დავიწყოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. პროგრამის სამუშაო ვერსიის მიხედვით, გუნდის „საქართველოსთვის“ მიზანია: კერძო სექტორის განვითარებაზე დაფუძნებული სწრაფი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა; საშუალოდ, 2-2.5-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა; დასაქმების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი პირობების შექმნა; სწრაფი ეკონომიკური ზრდის სარგებლის/შედეგების ფართო ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის; მოქალაქეების ცხოვრების დონის წრაფი დაახლოება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან.

„სწრაფი ეკონომიკური ზრდის ძირითადი წყარო იქნება: კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები; ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება; სახელმწიფოს საკუთრების ეკონომიკურ აქტივობად ქცევა (დასაქმების უზრუნველსაყოფად); ახალი რეგიონული პოლიტიკა - მიზიდულობის ცენტრების ჩამოყალიბება; ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდა; განათლების რეფორმა. რაც შეეხება ახალ საინვესტიციო პოლიტიკას - 2025 წლამდე, ეს გულისხმობს 50 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციას (გარდა წინასწარ დადგენილი ეკონომიკური საქმიანობებისა) საქართველოს რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი 5 წლის განმავლობაში დაიბრუნებს მის მიერ გადახდილ გადასახადებს; ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორი სახელმწიფოსგან მიიღებს საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქტივებს. რაც მთავარია, ინვესტიციები და ექსპორტზე ორიენტირება, ასევე, ახალი პროდუქციის წარმოება პროგრამის ამ ნაწილის მნიშვნელოვანი მიმართულებაა“.

მაგალითად, საექსპორტო საქონლის წარმოებისთვის, ექსპორტის დაწყებიდან მომდევნო სამი წლის მანძილზე, ინვესტორი მიიღებს სუბსიდიას განხორციელებული ექსპორტის მოცულობის 5%-ის ოდენობით. კომპანია, რომელიც ითვალისწინებს ახალი პროდუქციის წარმოებას, თანაც წინასწარ დადგენილი სასაქონლო კოდების მიხედვით, პირველი რეალიზაციის განხორციელებიდან სამი წლის მანძილზე, მიიღებს სუბსიდიას რეალიზებული პროდუქციის 5%-ის ოდენობით.

ახლა ვნახოთ, რას გვთავაზობს გახარიას პარტია ქვეყანაში ინვესტორთა მოსაზიდად საჭირო რეფორმების სახით, რამაც პოსტ-პანდემიურ პერიოდში, მეწარმეებისთვის ფინანსებზე წვდომა უნდა გააუმჯობესოს. გარდა ამისა, არასაბანკო და დაფინანსების ალტერნატიული წყაროებისთვის, შესაბამისი საკანონმდებლო/ინსტიტუციური ჩარჩო უნდა შეიქმნას; სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მაღალტექნოლოგიურ/ენერგოეფექტურ ინვესტიციებს; უნდა შეიქმნას თანამედროვე, ეფექტიანი სამართლებრივი გარემო; ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უნდა გაუმჯობესდეს და საინვესტიციო რეიტინგი მიიღოს; უნდა შეიქმნას „ციფრული ინვესტორის“ პლატფორმა.

სინამდვილეში, ყველაფერი ეს, ძალიან კარგია, მაგრამ პირადად მე, „ციფრული ინვესტორის“ პლატფორმამ დამაეჭვა და აგიხსნით, რატომ: მაშინ, როდესაც საქართველოს ჰყავს არაკეთილმოსურნე ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთის სახით, საიდანაც დიდი ოდენობით „შავი ფულის“ შემოსვლის საკმაოდ სერიოზული რისკი არსებობს, თან იმის გათვალისწინებით, რომ მტრულად განწყობილ ამ მეზობელს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს დაპყრობილი, რა გარანტია არსებობს, რომ „შავი“ და უკონტროლო ფული არ შემოვიდეს ქვეყანაში, იგივე, ინვესტიციების სახით? სხვათა შორის, გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა ამიხსნეს, რომ თავის დროზე, „ციფრული ინვესტორის“ პლატფორმა ესტონეთში დაინერგა. მეტიც, ესაა სრულიად უსაფრთხო მოდელი, რომელსაც ამ და სხვა ტიპის რისკების დაზღვევის მექანიზმიც გააჩნია. მოკლედ, უსაფრთხოება დაცულია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ესტონეთი ისეთს არაფერს დანერგავდა, რაც მის ქვეყანას რისკქვეშ დააყენებდა.

ამ პროგრამაში ერთ, საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალს მივაგენი, რაც ინვესტორების სწრაფ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ვგულისხმობ „ერთი ფანჯრის პრინციპს“ - სინამდვილეში, ერთი ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს სახელმწიფო მხარდაჭერის ყველა პროგრამა, რაც რეალური კონსოლიდაცია იქნება, კორპორატიული მართვის სტანდარტებზე დაფუძნებულ ერთ, სპეციალურ, ფინანსურ მექანიზმში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დასაქმებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რასაც გახარიას გუნდი „ჯერ ქართულის“ სახით გვთავაზობს. მისი თითოეული მექანიზმი დაეფუძნება სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის „ჯერ ქართულის“ პრინციპს, ხოლო საინვესტიციო პროექტის განხორციელებისა და ბიზნესის ოპერირებისას, ინვესტორი აიღებს ვალდებულებას, რომ საქართველოში არსებულ-წარმოებული ადეკვატური საქონლის, მომსახურებისა თუ ადამიანური კაპიტალის არსებობის შემთხვევაში, სწორედ მათ გამოიყენებს, ან დაასაქმებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმზიდველი სამეწარმეო გარემო, საქართველომ სისტემური რეფორმებით უნდა შეინარჩუნოს. ამ შემთხვევაში, გახარიას გუნდი პირდაპირი გადასახადების - საშემოსავლო და მოგების ეტაპობრივ კლებას გვთავაზობს სამი წლის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადი - 10%-მდე, მოგების გადასახადიც - 10%-მდე უნდა შემცირდეს; დღგ-ს შეღავათების არსებული არაეფექტიანი სისტემა ეტაპობრივად უნდა შემცირდეს, რაც დაახლოებით, 1.9 მილიარდი ლარის საბიუჯეტო რესურსის მობილიზებას უზრუნველყოფს; ბიზნესს უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი სახელმწიფო გადასახადი - გახარიას გუნდი დივიდენდისა და მოგების გადასახადებს გააერთიანებს და განაწილებული მოგების 15%-იან გადასახადად გარდაქმნის...  

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამის სამუშაო ვერსიაა, საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია, რომელიც ბევრ საინტერესო მიმართულებებს მოიცავს. ამ ეტაპზე, მცირეოდენი მიმოხილვით შემოვიფარგლე, რადგან ჯერ ერთი, ეს საბოლოო ვარიანტი არ გახლავთ და მეორეც, ვფიქრობ, ასე თუ ისე, ზოგადი წარმოდგენა შეგიქმენით. ვრცლად ამ პროგრამას მაშინ განვიხილავ, როდესაც ექსპრემიერის გუნდი მასზე მუშაობას დაასრულებს.