ქართველ მღვდელმთავართა სერიული მკვლელობების ანატომია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე წლის წინ, ქვეყანა ე.წ. ციანიდის საქმემ შეძრა. ახლახან კი გავრცელდა ცნობა, რომ პატრიარქის თანამოსაყდრე შიო, შესაძლოა, დარიშხანით მოწამლეს. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ ჯერ ერთი, მიტროპოლიტ შიოს ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოჩნდა (რასაც საპატრიარქოც ადასტურებს) და მეორეც, მოულოდნელად გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც მიტროპოლიტის ოთახს ალაგებდა. ამასთან, თანამოსაყდრის შესაძლო მოწამვლაზე გამოძიებაც დაიწო და ხმა დადის, რომ სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყება კითხვებს შორენა თეთრუაშვილსაც დაუსვამს. ლუციფერმა უწყის, მოვლენები როგორ განვითარდება, თუმცა ვიდრე მომხდარზე გამოძიება კომპეტენტურ დასკვნას დადებს, მოდით, „ვერსიის“ არქივიდან თვალი ქართველ მღვდელმთავართა და სასულიერო პირების სერიულ მკვლელობებსა თუ თვითმკვლელობებს გადავავლოთ.

ყველაფერი 1918 წლის 26 ივნისს დაიწყო, როცა ბელზებელი კუთხეში იჯდა და იცინოდა, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, მარტყოფის მონასტერში რა მოხდა, სადაც პატრიარქი კირიონი მოკლეს. სხვათა შორის, კირიონ მეორის მკვლელობაზე გამოძიება არ ჩატარებულა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მარტყოფის ტრაგედია ჩრდილოეთში დაიგეგმა. ეს ეჭვი უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, რადგან კირიონის ეროვნული სულისკვეთება რუსებს ნერვებს უშლიდა და ჯერ კიდევ ცარიზმის დროს, საერო ხელისუფლებამ მასზე საიდუმლო მეთვალყურეობა დააწესა. მას ე.წ. სასულიერო მთავრობაც „პოლიტიკურად არასაიმედო და მეფის ხელისუფლებისთვის მიუღებელ პიროვნებად“ მიიჩნევდა და ავიწრობდა. მეტიც, კირიონი გორის ეპისკოპოსობიდან გაათავისუფლეს, სამშობლოში მოღვაწეობა აუკრძალეს და რუსეთში, კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გააგზავნეს, რაც, პრაქტიკულად, გადასახლება იყო. ქართული ეკლესიის თავდადებული ქომაგის, ნიკოლოზ დურნოვის გადმოცემით, კირიონ საძაგლიშვილის საქართველოდან განდევნის საბაბი სვეტიცხოვლის ტაძარში, საბერძნეთის დედოფლის მიმართ, მის მიერ წარმოთქმული მისალმება გახდა, რომელშიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიის აღმავლობა-წინსვლა ალეგორიულად მოიხსენია.

1905 წელს, კირიონ საძაგლიშვილს საქართველოში აბრუნებენ და სოხუმის ეპარქიის მმართველად ნიშნავენ. სწორედ ამ დროს, მეფის რუსეთი სოხუმში ასიმილისტურ ანუ აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების პოლიტიკის გატარებას იწყებს, რასაც კირიონი დაუპირისპირდება... 1907 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, კირიონის წინააღმდეგ ბრძოლა განახლდება და, აფხაზთა გაქართველების ბრალდებით, სოხუმის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლებენ. ადგილობრივი მოსახლეობა კირიონის დაცვას შეეცდება და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. საპროტესტო წერილს ხელს 909 ადამიანი მოაწერა, მათ შორის, ადგილობრივი რუსები და აფხაზებიც. ერთი სიტყვით, საარქივო მასალები მოწმობს, რომ კირიონ მეორე შეთქმულების მსხვერპლი გახდა...

მარტყოფის მონასტრის საიდუმლო

... წმინდა ანტონის მონასტრის მყუდროება ცხენის ჭიხვინმა დაარღვია... ეტლიდან კათალიკოსი მძიმედ გადმოვიდა და ახლადგაღვიძებულ მზეს თვალი თვალში გაუყარა... არქიმანდრიტმა ტარასიმ და ვასილ კბილაშვილმაც მას მიჰბაძეს...

თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ პატრიარქს მარტყოფში ქრისტეფორე კაპანაძეც უნდა ხლებოდა, მაგრამ ეტლში ჩასხდნენ თუ არა, კათალიკოსს მოაგონდა, რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში წიგნები დარჩა. გადაწყდა, წიგნებს ხვალ ქრისტეფორე ჩამოიტანს...

უწმინდესი პატრიარქი მარადისობისაკენ მიმავალ გზას მშვიდად გაუყვა...

1918 წლის 26 ივნისია...

მარტყოფის სანახებში სიკვდილი დანავარდობს...

... პატრიარქმა წელზე არამიწიერი სიცივე იგრძნო. ჯერ გაუკვირდა. მერე, ცალყბად გაიღიმა.

შეეშინდა?..

ალბათ, - არა...

ანდა, რისი უნდა შეშინებოდა?! ეს ხომ „ბრაუნინგია“, მისი გადასახლებისა და ჭირ-ვარამის თანამოსაყდრე...

ისე, კირიონს სიკვდილი სულ ფეხდაფეხ დაჰყვება. მართალია, რუს ეგზარქოსებს თავი როგორღაც დააღწია, მაგრამ კინაღამ სამშობლოში მოკლეს. ეს ამბავი შარშან, 1917 წლის 1 ოქტომბერს, სვეტიცხოველში, სწორედ იმ დღეს მოხდა, კირიონი კათალიკოს-პატრიარქად რომ აღსაყდრდა:

უწმინდესმა წირვა დაასრულა და, მღვდელმთავრების თანხლებით, გასასვლელისკენ დაიძრა. მოულოდნელად, უცნობი მიუახლოვდა და ქაღალდის ნაგლეჯი მიაჩეჩა. ანონიმურ წერილში გარკვევით ეწერა, ხალხში მკვლელია დამალული და ტაძრიდან გახვალ თუ არა, გესვრისო.

პატრიარქი წამითაც არ შეყოვნებულა...

გასასვლელამდე რამდენინე ნაბიჯიღაა დარჩენილი...

მრევლი დაზაფრულია...

ყარამან კიკნაველიძემ ხალხის ტალღა გაარღვია და კირიონს გვერდით ამოუდგა. ყარამანი ავტორიტეტული კაცია. ადრე, თურმე, ყაჩაღად ყოფილა გავარდნილი...

- მომეცით ხელი, თქვენო უწმინდესობავ! აბა, ვინმემ გაბედოს თქვენთვის სროლა! - შესძახა კიკნაველიძემ და პატრიარქი სამშვიდობოს გამოიყვანა...

ამ ამბიდან გავა სამი-ოთხი თვე და კირიონის მოკვლას კიდევ სცდიან. „მკვლელობის სცენარი“ კი საეკლესიო საბჭოს იმ სხდომაზე „დაიწერება“, რომელზეც კათალიკოსის პირადი მდივანი და საკათალიკოსო საქმეთა მმართველი უნდა აერჩიათ. ამ თანამდებობაზე, კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინცაძემ, დავით დავიდოვის კანდიდატურა წამოაყენეს. დავიდოვის გაგონებაზე კირიონს ფერი ეცვალა, თუმცა არ შეიმჩნია...

ზემოხსენებულ თანამდებობაზე კეკელიძე და ცინცაძე პროტექციას კიდევ ერთ პიროვნებას - ალექსანდრე ნიკიტინს უწევენ, თუმცა კირიონი ვეღარ მოითმენს და წამოიძახებს:

- თქვენ თუ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათალიკოსის ხარისხს ავიყრი!

დარბაზში სამარისებური სიჩუმე გამეფდება...

სიტყვას საბჭოს წევრი, ობერ-პროკურორი ჩიტო კაპანაძე ითხოვს:

- გასაოცარია ზოგიერთის განწყობილება, როგორ შეიძლება, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად იმ კაცის არჩევა, რომელიც მუდამ რუსის ეგზარხოსების ჯაშუში იყო!

დავით დავიდოვის მომხრეებს ნირი საბოლოოდ წაუხდათ...

საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად ალექსანდრე ნიკიტინს ირჩევენ...

- ბატონო ჩიტო, დავით დავიდოვი შეშფოთებული გეძებთ, დღეს უკვე სამჯერ გიკითხათ, - მოახსენა მეორე დღეს სამსახურში მისულ კაპანაძეს მსახურმა, თუმცა ობერ-პროკურორს ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია...

... საკათალიკოსო საბჭო დღესაც შეიკრიბება. ანაზდეულად, დარბაზში დავით დავიდოვი შემოვა, დამსწრე საზოგადოებას ცივად მიესალმება და ჩიტო კაპანაძეს მკვახედ ჰკითხავს:

- თქვენ რა სთქვით ჩემზე?

- ის, რაც ვიცოდი და საჭიროდ მივიჩნიე. უკან დაიწიეთ და თქვენი ადგილი დაიჭირეთ!

- გაიმეორეთ, რა სთქვით? - დავიდოვს თვალები დემონივით უელავს.

- მე ის ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვინც რუსი ეგზარხოსების ჯაშუში იყო, თავისუფალი საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველი ვერ იქნება! - აუღელვებლად წარმოსთქვა კაპანაძემ. სწორედ ამ დროს, დავიდოვმა მუშტი მოუქნია, მერე რევოლვერიც „იშიშვლა“, თუმცა დავით ჩიქოვანმა იმარჯვა და დავიდოვს ხელები დაუჭირა. ამასობაში, მილიციაც მოვიდა...

მერე, დრო რომ გავა, რევოლვერმომარჯვებული დავიდოვი კირიონის კაბინეტშიც შევარდება, თუმცა ამჯერად მორჩილი გერმოგენე იმარჯვებს და კათალიკოსს „დემონის ბრჭყალებისგან“ იხსნის...

... ლოცვა რომ დაასრულა, კირიონმა ხელი სამუშაოს მიჰყო. ამასობაში ნაშუაღამევიც დადგა.

პატრიარქი დასაძინებლად მოემზადა...

ზუსტად ღამის პირველი საათია...

უწმინდესი, როგორც წესი, დილის 5 საათზე იღვიძებს. ამ ტრადიციას, ალბათ, არც დღეს დაარღვევს, მაგრამ... უკვე 6 სრულდება, კირიონი კი არ ჩანს.

რატომ?

რა ხდება?

ნეტავ, ავად ხომ არაა?

- ცოტა ხანს კიდევ ვაცალოთ და თუ კარი არ გააღო, ჩვენ შევიდეთ, - გადაულაპარაკა ვასილ კბილაშვილმა არქიმანდრიტ ტარასის.

ცოტა ხანიც გავიდა...

კირიონი ისევ არ ჩანს...

არქიმანდრიტი ტარასი და დავით კბილაშვილი კათალიკოსის საძინებელში შედიან...

კირიონი საწოლზეა მისვენებული, სახე წითლად აქვს შეღებილი...

„ბრაუნინგიც“ აქვეა...

უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა?

არა, ეს შეუძლებელია!

დაუჯერებელია!..

იქნებ, ვინმე ფანჯრიდან შემოიპარა და მოკლა?

ეს უფრო ლოგიკურია, მაგრამ კათალიკოსის ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, რომელიც მიწიდან 4 მეტრითაა დაცილებული. მაშასადამე, მკვლელს ოთახში უხმაუროდ შეღწევა გაუჭირდებოდა.

აბა, რა მოხდა?!

„ბოროტი სული“, იქნებ, კარიდან შემოვიდა?

დავუშვათ, ასეა, მაგრამ სანამ კირიონამდე მიაღწევდა, ჯერ ის ოთახი უნდა გაევლო, სადაც არქიმანდრიტ ტარასისა და ვასილ კბილაშვილს ეძინათ, მაგრამ მათ ხმაური კი არა, ფაჩუნიც არ გაუგონიათ...

ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა? ისე, თუ თავის მოკვლას აპირებდა, ქრისტეფორე კაპანაძე წიგნების წამოსაღებად თბილისში რატომღა დატოვა?

იმ ღამეს მარტყოფის ტაძარში, იქნებ, დემონი შეიპარა?

იქნებ, თავად ლუციფერმა გამოჰკრა თითი ბრაუნინგს?

იქნებ... იქნებ...

... და კიდევ უამრავი „იქნებ“...

გავა წლები და ეს „იქნებ“ უარესად „გაფართოვდება“, „ჩაიხლართება“, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აიზილება და საქმე იქამდეც კი მივა, რომ ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი იტყვის, კირიონს „ბრაუნინგისთვის“ კი არ უნდა მიემართა, არამედ, ქართველი ერისთვისო. ისე, ისტორიკოს ჯანაშვილს კირიონი არც სიცოცხლეში ჰყვარებია, თურმე...

... მარტყოფის საიდუმლოდან გავა ზუსტად 75 წელი და „ბრაუნინგის ისტორია“ დეტალურად განმეორდება - სამეგრელოს მიყრუებულ სოფელში, ხუბულაში, სადაც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სიცოცხლეს დაასრულებს. კირიონის მსგავსად, გამსახურდიას სიკვდილიც ნაშუაღამევს „დადგება“, თუმცა გასროლას, მარტყოფისა არ იყოს, ვერც ხუბულაში გაიგონებენ. „ფანჯრიდან შეპარული დემონის“ ვერსია „გამსახურდიას საქმეშიც“ აბსურდულია: უცხო პირი წინა ოთახს ვერც ამჯერად გამოიყენებდა, რადგან იქ პრეზიდენტის დაცვასა და პრემიერ-მინისტრს ეძინათ.

იქნებ, ხუბულაშიც თავად ლუციფერმა გამოჰკრა თითი სასხლეტს?

იქნებ... და ისევ ეს მრავლისმთქმელი იქნებ...

... ლამის ასი წელია, მარტყოფის მონასტერი საიდუმლოს ინახავს. ამ ხნის განმავლობაში, უწმინდესი პატრიარქის სიკვდილი, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ შეისწავლა. ისე, გასაკვირი არაა, რომ „წითლები“ ამ ტრაგედიით არ დაინტერესდნენ, მაგრამ კირიონი ხომ ნოე ჟორდანიას ხელისუფლების დროს მოკლეს.

რატომ დადუმდა ეროვნული მთავრობა? ვინ შეუკვეთა კირიონის განადგურება? ვინ მოიყვანა „განაჩენი სისრულეში?“ რა ვერსიები გაჩნდა იმდროინდელ ქართულ პრესაში და მიდის თუ არა კვალი ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან? - ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ერთი კია: კირიონის დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. საფლავის ქვა, საკათალიკოსო საბჭოს დავალებით, დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და ქრისტეფორე კაპანაძემ ნეოფიტე აგლაძეს დაამზადებინეს და 1919 წლის 10 ივნისს დადგეს...

კირიონის გარდაცვალებას საქართველოში სერიული მკვლელობები მოჰყვება: 1918 წლის სექტემბერში, მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს კლავენ, მერე - მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს და ბერებს - მირიანსა და გერმოგენს...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ხდება...

დავით დავიდოვიც უკვე „დიდი კაცი“ და ლეონიდეს ნდობით აღჭურვილი პირია...

... კირიონის დაკრძალვის დღეს, 1918 წლის 7 ივლისს, სიონის საპატრიარქოს ტაძარში, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე იტყვის:

„არ ვიცი, შენი ასეთი მოულოდნელი და უცნაური სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის, თუ უმადურობის ნაყოფია. ვერ გამიგია, რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგარ, დამშვრალ მხცოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ  კიდევ სამოღვაწოდ მოიწვევენ, მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა მისი სიბრძნე-გამოცდილებით ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე ვერ მოვიქეცით... ქედმაღლობა, გამძვინვარებული შური, საარაკო თავხედობა გამოვიჩინეთ“...

 

მღვდელმთავართა სერიული მკვლელობები

... კირიონ მეორის სიკვდილი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს.

ერი გარინდებულია...

ლუციფერის მოციქულნი დავლურს უვლიან!.. მათი გეგმა მარტივია - გაზეთი „ახალი სიტყვა“ მრევლს დაარწმუნებს, რომ კირიონმა სიცოცხლე საკუთარი „ბრაუნინგით“ დაასრულა და „თვითმკვლელი“ კათალიკოსის ნეშტს, მარტყოფის მონასტრის ეზოში, კონსპირაციულად დაკრძალავენ...

მაშ ასე, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. საცაა, გამოძიებაც დასრულდება და საბოლოოდ დადგინდება, რომ კირიონმა თავი მოიკლა, მაგრამ...

შემთხვევის ადგილზე მისული გამომძიებლი პისტოლეტს დიდხანს აკვირდება. „ბრაუნინგი“ ჩაკეტილია. მაშასადამე, რა გამოდის? რა, პისტოლეტი მომაკვდავმა პატრიარქმა თვითონ ჩაკეტა?

გამომძიებელმა ბატალური სცენა წარმოიდგინა - კირიონი ბალიშის ქვეშიდან „ბრაუნინგს“ იღებს, ცოტა ხანს ხელში ატრიალებს, მერე, შუბლთან მიაქვს და სასხლეტს თითს ჰკრავს...

ქვეშაგები წითლად იღებება, კათალიკოსი გონებას კარგავს და უცებ „ბრაუნინგს“ კეტავს.

- კირიონს, იქნებ, მეორე იარაღიც ჰქონდა? - გაუელვა გამომძიებელს.

ჰო, საინტერესო ვერსიაა - სასთუმალთან „ბრაუნინგი“ განგებ დადო, თორემ სინამდვილეში, სხვა იარაღიდან ისროლა, რომელიც ფანჯრიდან გადააგდო!..

- არა, ასეთი მსჯელობა სასაცილოა! - დაასკვნა გამომძიებელმა, თუმცა ფაქტია, მკვლელობა „ბრაუნინგით“ არ მომხდარა. ამას შემთხვევის ადგილას ნაპოვნი „სხვა იარაღის“ ტყვიებიც ადასტურებს...

ასე და ამგვარად, თვითმკვლელობის ვერსიას წყალი შეუდგა. ლუციფერის მოციქულნი კონსპირაციული თეორიის მეორე და არანაკლებ საშიშ ეტაპზე გადადიან - ერმა უნდა დაიჯეროს, რომ კირიონის მკვლეობაში გარკვეული წვლილი მიტროპოლიტ ლეონიდს (ოქროპირიძე) მიუძღვის.

... კირიონი და ლეონიდე ძველი მეგობრები არიან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად ერთად იბრძოდნენ, 1906 წლის იანვარში, პეტერბურგში, სინოდის სხდომაზეც ერთად მოიგერიეს ქართული ეკლესიის მოძულეთა შემოტევა... მერე, 1917 წლის 12 მარტს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად რომ გამოცხადდება, ეპისკოპოსი ლეონიდე ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტის მეთაური გახდება და დიდი საეკლესიო კრების მომზადებაც, რომელზეც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, სწორედ მას დაევალება.

ამ დროს კირიონი რუსეთშია... 

... მართალია, მღვდელმსახურთა ნაწილი პატრიარქად უკვე ლეონიდეს მიიჩნევს, მაგრამ მორწმუნეთა ჯგუფი, ქრისტეფორე კაპანაძის მეთაურობით, ჩრდილოეთს მიემგზავრება და კირიონს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს.

- ყურადღებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ლეონიდე და მისი მომხრეები საქართველოში წყალს არ დამიწმენდენ, - აცხადებს მომავალი კათალიკოსი. მიუხედავად ამისა, შუამავალნი კირიონს სამშობლოში დაბრუნებაზე ითანხმებენ.                                                                                                                                                                                                                                                           

... 1917 წლის 17 სექტემბერი... პირველი საეკლესიო კრების ბოლო დღე... მღვდელმსახურთ კათალიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ... სულ ორი კანდიდატია - ეპისკოპოსი კირიონი და მიტროპოლიტი ლეონიდე. 448 დელეგატიდან 237 მხარს კირიონს უჭერს. მოწინააღმდეგე მხარე შოკშია...

... ლუციფერის მოციქულნი სწორედ ამ დაპირისპირებით ისარგებლებენ და ტკვარცალს დაიწყებენ, კირიონ მეორის მკვლელობაში ბრალი მიტროპოლიტ ლეონიდსაც მიუძღვისო...

... მარტყოფის ტრაგედიას მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა სერიული მკვლელობები მოჰყვება: პროვინციებში, კირიონ მეორის საარჩევნო აგიტაციის მეთაურს, მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს უცნობები საკუთარ სახლთან მოკლავენ... არქიმანდრიტ მირიანს მცხეთაში, ჯვრის მონასტერში მოკლულს იპოვიან... 1918 წლის სექტემბერში, ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონს (გიორგაძე) საკუთარი სიძე მოწამლავს...

30-იან წლებში, მომავალ პატრიარქ დავით დევდარიანს, სამი შვილიდან ერთ-ერთი, შიმშილითა და სიცივით მოუკვდება. დავითი დასახმარებლად მდიდარ ნათესავს მიაკითხავს, რადგან მღვდელი ვარ, შეშა არავინ მომყიდა, ვიცი, სამი ნავთქურა გაქვს და ერთი მათხოვე, სიკვდილისგან სხვა შვილები მაინც ვიხსნაო. მდიდარი ნათესავი დავითის თხოვნას ყურად არ იღებს... მერე, დრო რომ გავა, დავით დევდარიანი დიაბეტით დაავადდება. პატრიარქს საავადმყოფოში იძულებით დააწვენენ... მერე, ხმა გავარდება, დავითს სასიკვდილო არაფერი სჭირდა, მაგრამ ნემსის გაკეთება დაუგვიანეს, კომაში ჩავარდა და ამიტომაც მოკვდაო...

დავით მეხუთის სიკვდილამდე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი, გვარად მაჭავარიანი, უკვალოდ გაქრება... 50-იან წლებში, ეპისკოპოს ნაუმ შავიანიძის ვაჟს დახვერეტენ... პროტოდიაკონ ამბროსი ახობაძეს გადასახლებაში მარჯვენა ხელს დაუშანთავენ, პირჯვარი რომ ვერ გადაიწეროო...

... ლუციფერის მოციქულნი ისევ დავლურს უვლიან!..

... კირიონის მოკვლას მისი შინაკაცი, არქიმანდრიტი ტარასი დაიბრალებს. ხალხში ხმა გავარდება, ტარასი დავით დავიდოვმა მოისყიდა, 500 თუმანი მისცაო. იმასაც იტყვიან, ამ ხუთასი თუმნით, ტარასიმ კავკავში ძროხები იყიდა და თბილისში ფერმა „აიშენაო“... მოკლული კათალიკოსის მიერ შეკრებილ ხალხურ ლექსებსაც ტარასი მიითვისებს, რომელსაც მერე ლიტერატურულ მუზეუმს შესწირავს და თავმომწონედ იტყვის, ჩემი შეკრებილიაო...

... ლამის ასი წელია, მარტყოფის სანახები „ლუციფერის საიდუმლოს“ მალავს. ლამის ასი წელია, ვერავინ გაარკვია, რა მოხდა იმ ღამეს, საპატრიარქო რეზიდენციაში...

... მკვლელი, იქნებ, ნაცნობი იყო, კათალიკოსმა მოყვრად ჩათვალა და ღამეულ სტუმარს კელიის კარი საკუთარი ხელით გაუღო?

... მკვლელმა, იქნებ, არც იცოდა, ვის ჰკლავდა?

... ნეტავ, რა აზრმა გაულევა სიკვდილ-სიცოცხლის ზღურბლთან მდგარ პატრიარქს?

... ნეტავ, რას ფიქრობდა იმ ღამეს დავით დავიდოვი? ან მაშინ რა იგრძნო, როცა კათალიკოსის გაყინულ სხეულს დახედა?

ალბათ, არაფერი... მას ხომ კირიონი არასოდეს ჰყვარებია...

რას ერჩოდა დავიდოვი კირიონს? ამბობენ, რომ მათ საგვარეულო მტრობა ჰქონდათ. იმასაც ამბობენ, დავიდოვი რუსი ეგზარქოსების ნაჯაშუშარი და ნააგენტარი იყოო... დავიდოვს, ერთხანობას, თურმე, „წითლებიც“ სწყალობდნენ და სიძველეთა საქმის კომიტეტიც ჩაუბარებიათ, მაგრამ მასზე გული მალევე აუყრიათ და გადაუსახლებიათ. იქ, თურმე, რაღაც უკურნებელი სენი შეჰყრია და მკლავი მოუჭრიათ. ხალხს მკლავმოჭრილი დავიდოვი პირველად რომ უნახავს, უთქვამს, ეგ სულ ცოდვით მოუვიდაო...

ხალხს არც მღვდელი შუბლაძე ჰყვარებია. კირიონთან ამ შუბლაძესაც ცუდი ურთიერთობა ჰქონია. თურმე, შუბლაძეზეც ამბობდნენ, ნააგენტარიაო... ვოსტოროგოვის ეგზარქოსობის დროს, შუბლაძეს მისთვის უთხოვია, სამრევლო სკოლების მეთვალყურედ თუ დამაყენებთ, ჯამაგირს მაზრაში სიარულს მოვახმარ და ხალხს ხმას გავაკმენდინებო. 1903 წელს, შუბლაძეს სანუკვარი თანამდებობა მართლა მიუღია, ქართველებისა და ბერძნებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლა აუკრძალავს, თან მტკიცება დაუწყია, ეს ქართველები როცა წერენ, რუსულად აზროვნებენო...

... კირიონ მეორეს კიდევ ერთი მოძულე ჰყოლია, ვინმე რატიევი (რატიშვილი). ჰოდა, ერთხელ, წირვის დროს, ეს რატიევი ანჩისხატის ტაძარში შესულა და კირიონისა და მისი მრევლისთვის სულ „კინტოები“ უძახნია...

... 1918 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს სხდომა ჩატარდება, რომელსაც, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, თბილელი მიტროპოლიტი და კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ლეონიდეც დაესწრება. საბჭო კირიონის მემკვიდრედ სწორედ მას დაასახელებს. ზოგიერთი მღვდელმსახური ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებს და საქმე იქამდეც მივა, რომ ზუგდიდელი მღვდელი ტროფიმე ჯოხთაბერიძე შინაგან საქმეთა მინისტრს საგანგებო დეპეშას გაუგზავნის, ეს კათალიკოსის არჩევის არაკანონიერი და არადემოკრატიული გზა არისო. პარალელურად, საგანგებო დეპეშა მთავრობის თავმჯდომარესაც მიუვა და ანონიმური ავტორი ნოე ჟორდანიას რიტორიკულად ჰკითხავს: „ვინ მისცა საკათალიკოსო საბჭოს განუსაზღვრელი უფლება, რომ ხალხის დაუკითხავად სწყვეტს საქართველოს ეკლესიის ბედს? ჩვენ გვყავდა ღირსეული კაცი, მაგრამ მას შურით მაცქერალმა კაცმა არ აცალა სიცოცხლე და თავისი ბინძური ხელი შეურია მის წმინდა სისხლში!“

... 1919 წლის თებერვალი. კვირა... სვეტიცხოველში, მიტროპოლიტ ლეონიდეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აკურთხებენ... საგანგებოდ ამ დღისთვის, მთავრობა მცხეთაში მატარებელს დანიშნავს. ლეონიდეს აღსაყდრებას ექვთიმე თაყაიშვილიც დაესწრება...

მერე, დრო რომ გავა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კირიონ მეორეს (საძაგლიშვილი) წმინდანად შერაცხავს.

... „ბრაუნინგის საიდუმლო“ მარტყოფის მონასტრის კედლებში ჩაიკირება და საქართველოს ისტორიაში, 1918 წლის 26 ივნისი „დემონურ სირცხვილად“ დარჩება - ამ დღეს ხომ უწმინდესი კირიონი მოკლეს!..

და პატრიარქის მკვლელობიდან ლამის ასი წლის შემდეგ, მოვლენები თითქმის ანალოგიური სცენარით განვითარდება - უბრალოდ, „ბრაუნინგს“ ციანიდი შეცვლის, თორემ საკათალიკოსო ტახტისთვის ბრძოლა ისევ ისეთივე აქტუალური იქნება, როგორც მაშინ, ასი წლის წინ იყო... მოკლედ, ტყუილად კი არ ამბობენ ხოლმე, ისტორია მეორდებაო...

 

ავტორი: ნინო დოლიძე