„სააკაშვილის გათავისუფლება აქტუალური მხოლოდ „მიშისტებისთვისაა“ - ინტერვიუ კახა კუკავასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ავტორი: ანი სარდლიშვილი

 

პოლიტიკური პროცესები ჩვენს ქვეყანაში დღეს საკმაოდ ქაოსურად მიმდინარეობს. ასევე დაძაბული სიტუაციაა ქვეყნის გარეთაც და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, როგორ აფასებენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ქართველი პოლიტიკოსები. „ვერსია“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს, კახა კუკავას ესაუბრა:

 

_ ბატონო კახა, „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით, გაერთიანდა 40 პოლიტიკური ორგანიზაცია, თქვენ რატომ არ შეუერთდით ამ გაერთიანებას? არ შემოგთავაზეს თუ უბრალოდ, არ გსურდათ?

_პირველად მესმის თქვენგან ამ გაერთიანების შესახებ...

_ როგორ აფასებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ „გადალაგებებს“? - როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან მოიხსნა რიგ გარეშე არჩევნებიც, რას ფიქრობთ ამის შესახებ?

_ბუნებრივია, რიგ გარეშე არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ოპოზიციას აქვს რაღაც უპირატესობა ხელისუფლებასთან მიმართებაში. ხელისუფლებაში არსებული ბალანსი არ ასახავს რეალურ პოლიტიკურ ბალანსს, დღეს ჩვენ ეს მოცემულობა არ გვაქვს, შეიძლება ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაგრამ არც ოპოზიციას აქვს ის ძალა, რომ ხელისუფლებისაგან მოითხოვოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

_ მიხეილ საკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ჩემი აზრით, პოლიტიკური არ არის, ის იხდის სასჯელს დამსახურებულად. რა თქმა უნდა, იქ არის ცალკეული სამართებლივი ხარვეზები, თუმცა ეს არ ცვლის საკითხის არსს, რომ მისი დანაშაულებების ძირითადი ნაწილი, რომელსაც ედავებიან, მართლაც ჩადენილი აქვს. რაც შეეხება იმას, რომ პროკურორებს ბრალი სწორად აქვთ წარდგენილი თუ არასწორად, ეს აბსოლუტურად მეორე საკითხია და ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. აქედან გამომდინარე მისი პატიმრობის ირგვლივ ატეხილი პოლიტიკური აჟიოტაჟი, მგონია, რომ იყო მცდარი ფსონი, რომელიც ძირითადად ნაციონალურმა მოძრაობამ დადო ამ საკითხზე და სწორედ ამის შედეგად ოპოზიციის „აქციები ბაზარზე დაეცა“, იმიტომ რომ სააკაშვილი არის წარსულის თემა და შეუძლებელია დღეს საზოგადოების მობილიზაცია სააკაშვილის გათავისუფლების თემატიკის ირგვლივ. სააკაშვილის გათავისუფლება არის აქტუალური საკითხი, დავუშვათ მოსახლეობის 5-10% - სთვის, ე. წ „მიშისტებისათვის“. დანარჩენი საზოგადოება ამას ან კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ან ინდიფერენტულია ამ საკითხის მიმართ.

_ გასაგებია... ბატონო კახა, პოლიტიკურ ასპარეზზე რატომ აღარ აქტიურობთ?

_ჩვენი პარტია, პრაქტიკულად, ერთადერთია, რომელმაც ამ ძალიან რთულ ვითარებაში არ დაიჭირა არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხარე. თქვენ ხედავთ, რომ ძირითადად ყველა პოლიტიკური ძალა გადანაწილებულია ამ ორ ბანაკში. ჩვენ დავიკავეთ ეს პოზიცია, რაც ფაქტია, ძალიან ძვირად დაგვიჯდა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურმა ტელეარხებმა ჩვენი პარტია გააქრეს თავიანთი მედია სივრციდან იმიტომ, რომ ორივე მათგანი ითხოვს აღიარო ან ივანიშვილის, ან სააკაშვილის უზენაესობა. ჩვენთვის ეს იყო მიუღებელი, ამიტომ ვარჩიეთ, რომ ამ ეტაპზე შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და უარი ვთქვით სააკაშვილთან და ივანიშვილთან თანამშრომლობაზე.

_ ბატონო კახა, რას აპირებთ მომავალში, ან რა არის თქვენი პოლიტიკური გეგმები?

_ მე ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნური ორპოლუსიანობა დიდხანს ქვეყანაში ვერ გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები თანამოაზრეებთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების შესახებ, ოღონდ ეს არ არის ინტენსიური კოალიცია და მე ვერ გეტყვით, რომ ეს ხვალ და ზეგ იქნება იმიტომ, რომ ამის ძალები ქვეყანაში ძალიან მცირეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, სამომავლოდ პოლიტიკური ვითარება განიმუხტება. ეს არ არის დაკავშირებული ივანიშვილთან ან სააკაშვილთან. ივანიშვილი არის აწმყო, სააკაშვილი კი - წარსული. მომავალში კი მე ვერც ერთ პარტიას ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული არც ერთ მათგანზე.

_რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, დაძაბულია ვითარება რუსეთ- უკრაინას შორის და როგორ ფიქრობთ, რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ამ გამწვავებულ ფონზე?

_მაინც და მაინც ახალ საფრთხეს ვერ ვხედავ, საქართველოს პრაქტიკულად, უკვე რა საფრთხეც ემუქრებოდა, ყველა ხაფანგში გაება. ახლა რა ემუქრება, არ ვიცი. არ მჯერა, რომ რუსეთი თბილისში ჯარს შემოიყვანს და ფორმალურად მიუერთებს საქართველოს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ფაქტობრივად, კი ვართ მიერთებული. ტერიტორიული ერთიანობის აღდგენაზე საუბარიც არ არის, ადრე თუ სადღეგრძელოებს მაინც სვამდა ჩვენი ხელისუფლება, ახლა ამაზეც არ არის ლაპარაკი. მეტი რა უნდა გვემუქრებოდეს, არ ვიცი! რა უბედურებაც შეიძლება, ამ ქვეყანას დამართნოდა, ყველაფერი დაემართა, მოსახლეობისგან იცლება და ეკონომიკური დეპრესიაა.