დაიწყებს თუ არა რუსეთი ომს, უკავშირდება თუ არა სომხეთის პრეზიდენტის გადადგომა უკრაინის მოვლენებს და რა ელის საქართველოს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსული გაკვეთილები

 აგვისტოს ომიდან უკრაინის კრიზისამდე

 ავტორები:

სალომე ნოზაძე

ნინო დოლიძე

 ეს „რუსული კინო“ ჩვენ 14 წლის წინ ვნახეთ ანუ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველოში 2008 წლის ზაფხულში მოხდა, თუმცა მაშინ კრემლი უფრო ბოროტად მოიქცა - პრაქტიკულად, გაიძვერულად დაგვესხა თავს. უფრო კონკრეტულად, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა საქართველოს დაპყრობა ორი საუკუნის წინ დაიწყო და იგივე 2008 წელსაც, ოკუპაციის პატარა-პატარა კერებს აჩენდა, ვიღაცებს არ ეგონათ, რომ პუტინი ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას გაბედავდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და „რუსულმა დათვმა“ ანგარიში არც ცივილურ მსოფლიოს გაუწია.

 

ახლა კი, უკრაინის შემთხვევაში, ისე გამოდის, რომ დასავლეთმა, მაგალითად, აშშ-მ კრემლს თითქოს მწვანე აუნთო ანუ ბაიდენის ორაზროვანმა განცხადებამ, მცირე შეჭრა შეიძლებაო, მხოლოდ ქართველი კი არა, მსოფლიოში ცნობილი უცხოელი ანალიტიკოსებიც დააბნია. მართალია, მოგვიანებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ბაიდენის ორაზროვანი განცხადების გამოსწორება სცადა, პრეზიდენტმა სხვა რამე იგულისხმაო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში მყოფ საკუთარ დიპლომატებს ურჩია, თქვენმა ოჯახის წევრებმა ქვეყანა დატოვონო.

პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში შეიარაღებასაც აგზავნის ანუ ისე გამოდის, რომ მსოფლიოს ზესახელმწიფო ორმაგ თამაშს თამაშობს - რუსეთის აგრესიასაც უწევს წინააღმდეგობას, თან ისიც არ უნდა, რომ პუტინმა საკუთარი ვნებები დაიცხროს და უკრაინა დაიპყროს.

ასეა თუ ისე, უკრაინის პროცესები რეგიონის ყველა მოთამაშეზე თავის კვალს დატოვებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი ვლადიმერ ვლადიმერის ძის საომარ ამბიციებს არ შეაკავებს და უკრაინაში „წითელი დროშა“ აფრიალდება, ანალოგიურს, დიდი ალბათობით, ჩვენც უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, რომ საქართველოს 20 პროცენტი კრემლის მიერ ოფიციალურად არის ოკუპირებული - თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსის ჯარი დგას და ოკუპანტები ბოლო დროს მავთულხლართებს უკვე ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც ავლებენ.

ზოგადად, პუტინი დანგრეული საბჭოთა კავშირის აღდგენაზე რომ ოცნებობს, ეს ახალი ნამდვილად არ არის - თავის დროზე, მან „წითელი იმპერიის“ დაშლას „გეოპოლიტიკური შეცდომა“ უწოდა. ზოგს 30 წლის წინანდელი სტატუს-კვოს აღდგენა უტოპია ჰგონია, მაგრამ თუ ფართოდ დახუჭულ თვალებს გავახელთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ კრემლი ანგარიშგასაწევი ძალაა და პუტინის „გალიაში გამოსამწყვდევად“ ეკონომიკური თუ სხვა სანქციების დაწესება მაინცდამაინც ეფექტური არ არის.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კრემლს როცა მოუნდება, სამხრეთ კავკასიას „ჯიბეში“ მაშინ ჩაისვამს. იგივე, აზერბაიჯანი და სომხეთიც, ღიად თუ ირიბად, პუტინის „ძმადნაფიცები“ არიან. „დიდ ძმას“ საქართველოსთვის „კისრის მოგრეხვაც“ არ გაუჭირდება.

და ზუსტად იმ დროს, როცა უკრაინა ომის ზღვარზეა, სომხეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს. საერთოდ, დიდ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება და ესა თუ ის მოვლენა ხან პირდაპირ, ხანაც ირიბად, ერთმანეთთან არის ხოლმე კავშირში. შესაბამისად, „ვერსიის“ ჟურნალისტმა, სალომე ნოზაძემ კითხვით - სომხეთის პრეზიდენტის, ერმენ სარქისიანის გადადგომა უკრაინის მოვლენებს უკავშირდება თუ არა - ექსპერტ-კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს მიმართა. ამასთან, რესპონდენტს სალომე ნოზაძემ იმის შესახებაც ჰკითხა, რა პოზიცია უნდა დაიჭიროს უკრაინის კრიზისზე საქართველომ.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ჩვენ მოვლენების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ და, პარალელურად, მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც დავუჭიროთ:

„მოვლენების განვითარებას იმიტომ უნდა დავაკვირდეთ, რომ რუსეთი, ჩემი აზრით, უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს და მთელი ეს „კუნთების თამაში“ იმისთვის სჭირდება, დასავალეთი აიძულოს, მის პირობებს დათანხმდეს.

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები დადგება, მით უმეტეს, რომ კრემლს ზურგში ბევრად სახიფათო კონფლიქტი აქვს -ცენტრალური აზიის კონფლიქტს ვგულისხმობ, რომელსაც ხაზი ყაზახეთის მოვლენებმა უფრო გაუსვა. რუსეთისთვის ორ ფრონტზე ბრძოლა ძალიან რთულია და ამიტომაც არ მგონია, ეს ნაბიჯი გადადგას. უკრაინა საქართველო არაა და გარდა იმისა, რომ სანქციები დაწესდება, უკრანასთან ბრძოლა, რუსი ხალხის ცნობიერების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სამოქალაქო ომს ნიშნავს.

ამასთან, უკრაინა, სამხედრო თვალსაზრისით, ბევრად უფრო დიდი და ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე - საქართველო, რაც ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს. რუსეთის ეკონომიკა იმ მდგომარეობაში არაა, რომ ხანგრძლივ სამხედრო დაპირისპირებას გაუძლოს. აქედან გამომდინარე, არ ვვარაუდობ, რომ ომი დაიწყება. ვფიქრობ, მხარეები დაძაბულობას ხელოვნურად ქმნიან, რათა სათავისო შედეგები მიიღონ.

სხვათა შორის, უკრაინის ხელისუფლების პოზიციით დასავლეთიც უკმაყოფილოა ანუ უკრაინის ხელისუფლება უარს ამბობს მინსკის ხელშეკრულების რეალიზაციაზე. აქედან გამომდინარე, რუსეთი კიევზე ზეწოლას ამ ფორმითაც ახორციელებს - ერთია დაძაბულობის ხელოვნურად გაბუქება და მეორე, სხვადასხვა დიპლომატიური მეთოდი, რომ ზელენსკის ხელისუფლება აიძულოს, ხელი მოაწეროს  დოკუმენტს და მოახდინოს რეალიზაცია, რაც დონეცკისა და ლუგანსკისთვის, უკრაინის შემადგენლობაში, განსაკუთრებულ სტატუსს ნიშნავს.

ისე, მიუხედავად იმისა, რომ ხელი სხვა ხელისუფლებამ მოაწერა, თავის დროზე, ამ დოკუმენტზე არ უნდა შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ რადგან შეთანხმება შედგა, დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსკოვს არგუმენტი გამოაცალოს“.

მამუკა არეშიძის აზრით, როგორ ისტერიკაშიც უნდა ჩავარდეს საქართველო, ეს შედეგის მომტანი არ იქნება, თუმცა კონფლიქტოლოგი უკრაინაში დეპუტაციის გაგზავნას და ასევე, განცხადებებს არ გამორიცხავს.

და მაინც, რა ელის საქართველოს, თუკი რუსეთი უკრაინაზე იერიშს მაინც მიიტანას? - არეშიძე ამბობს, რომ ეს ჩვენთვის ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს:

„თუ რუსეთი დიდ წარმატებას მიაღწევს ძალიან ხანმოკლე პერიოდში, მაშინ მისი მხრიდან საქართველოზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება ანუ სხვადასხვა დათმობაზე წასვლის აუცილებლობა დაგვიდგება, დასავლეთი კვლავ შეშფოთებული იქნება, როგორც ყოველთვის და ჩვენ ვიქნებით უფრო მეტი წნეხის ქვეშ, ვიდრე დღეს ვართ“.

რაც შეეხება სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას, კონფლიქტოლოგი „ვერსიას“  ეუბნება, რომ ეს უკრაინის კრიზისთან არ უკავშირდება:

„ეს დაკავშირებულია იმ ცვლილებებთან, რომელსაც პაშინიანის მთავრობა თურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების კონტექსტში გეგმავს“.