რა ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსში და რითი განსხვავდება 2 ოქტომბრის არჩევნები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება. იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა, „ჰოთნიუსი“ დაინტერესდა, თუ რით იქნება განსხვავებული წლევანდელი არჩევნები?- ამ საკითხზე საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოს მარიამ ლაცაბიძეს ვესაუბრეთ:
 
 

_ მარიამ, რით იქნება განსხვავებული ეს არჩევნები წინა არჩევნებისგან?

_როგორც მოგეხსნებათ, 2021 წლის საარჩევნო რეფორმის შედეგად საკმაოდ ბევრი მიმართულებით შევიდა კანონმდებლობაში ცვლილებები. ეს შეეხო როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე წინასაარჩევნო პერიოდს და კენჭისყრის დღესაც. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შეიცვალა საარჩევნო სისტემა თვითმმართველობის დონეზე და უფრო მეტად პროპორციული გახდა. ასევე მაჟორიტარულ ნაწილში დადგინდა 40% _იანი ბარიერი. ხოლო, რაც შეეხება  პროპორციულ ნაწილს, რეგიონებში 3%-იანი, ხოლო თბილისში 2,5%_იანი და ამის გარდა, წინასაარჩევნოდ შეიცვალა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებით გამკაცრდა რეგულაციები და აიკრძალა საჯარო მოხელეების შეკრება აგიტაციის მიზნებისთვის. დაკონკრეტდა იმ პირთა წრე, რომელსაც ეკრძალება აგიტაციაში მონაწილეობა და ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა, სწორედ კენჭისყრის დღეზე. მათგან აღსანიშნავია, რომ ახლა უკვე საჩივრის წარდგენა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი. ამის გარდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება ახლა უკვე სასამართლოში არის შესაძლებელი. ეს შესაძლებლობა ჩვენ უკვე წინასაარჩევნო დავებზე გამოვიყენეთ და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას აღვნიშნავდი, ეს არის შემაჯამებელ ოქმებში ცვლილების შეტანის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც შარშან, მოგეხსენებათ, ძალიან პრობლემური იყო და მეორე დღეს საუბნო კომისიებს შეეძლოთ, რომ ოქმებში შეეტანათ ცვლილებები. ახლა ეს მხოლოდ ვიწროდგანსაზღვრულ შემთხვევაში არის შესაძლებელი ოლქის ბრძანების შედეგად. ანუ მეორე დღეს საუბნო კომისიები ვეღარ შეიტანენ ცვლილებებს შემაჯამებელ ოქმებში და ბოლოს კიდევ ერთი და მთავარი ცვლილება არის ის, რომ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი შეიცვალა და გაიზარდა მათი რაოდენობა ჩვიდმეტამდე და აქედან ცხრა არის პარტიული  და რვა პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი ყველა დონეზე.

 _მაინტერესებს, თქვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა ფორმით აპირებთ არჩევნების დაკვირვებას? გაქვთ თუ არა იმის რესურსი, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის დათვლას ბოლომდე დაესწროთ?

_დიახ, ჩველ წელს გვეყოლება დაახლოებით 400-კაციანი მისია მოკლევადიანი და გვაქვს სპეციალური მეთოდოლოგია, სადაც უბნების საკმაოდ დიდ ნაწილს მოვიცავთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეყოლება სამი სხვადასხვა ტიპის დამკვირვებელი. ეს არის კენჭისყრის შენობაში  სტატიკური დამკვირვებელი, მობილური ჯგუფი, რომელიც პერიმეტრს დააკვირდება და კიდევ გვეყოლება პერიმეტრის დამკვირვებელი. მობილური ჯგუფი გადადგილდება უბნებს შორის და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ რაც შეიძლება, მეტი უბანი დავფაროთ და აქვე კიდევ ერთ ცვლილებას შევეხები, რომელიც ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით შევიდა  - აქ გამკაცრდა ის რეგულაციები, ანუ დისტანცია გაიზარდა 100 მეტრამდე და ამ მანძილზე დაუშვებელია, რომ ამომრჩეველი ფიზიკურად შეაფერხონ ან ასევე დაუშვებელია შეკრება და აღრიცხვა. ასევე, შემოვიდა ამ წესის აღსრულებაც და შეგვიძლია, ასეთი დარღვევის დროს პოლიციას მივმართოთ. სწორედ ჩვენი მობილური ჯგუფების და პერიმეტრის დამკვირვებლების მეშვეობით ვაპირებთ, რომ დავაკვირდეთ ამ წესის აღსრულებას.

 ავტორი:სალომე ნოზაძე