როგორ დაითვლის ხმებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე ალტერნატიული ცესკო - ინტერვიუ შოთა დიღმელაშვილთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამდასაზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ახალი ორგანიზაცია — “სამოქალაქო საარჩევნო კომისიაჩამოაყალიბეს. მათ სურთ, უზრუნველყონ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარება. ალტერნატიული ცესკოს ძირითადი მიზანია: წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება; არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროულად გამოქვეყნება; არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

„ვერსია“ დაინტერესდა, რა გეგმები და მოლოდინები აქვს „სამოქალაქო საარჩევნო კომისიას“, რაზეც მის და „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს შოთა დიღმელაშვილს ვესაუბრეთ:

_ბატონო შოთა, რა მეთოდით დაითვლის „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ ხმებს?

_„სამოქალაქო საარჩევნო კომისია“  ჩამოყალიბებულია „სირცხვილიას“ და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ მიერ, თუმცა, ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, რომლებსაც თავიანთი დამკვირვებლები ჰყავთ უბნებზე. მოგეხსენებათ, 3500-ზე მეტი უბანია, შესაბამისად, ჩვენი სამუშაო მისია არ არის ის, რომ 3500 დამკვირვებელი ვიპოვოთ, არამედ უბნებზე განაწილებული დამკვირვებლებიდან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ოქმების შესახებ წამოვიღოთ ინფორმაცია. არჩევნების დღეს ამოქმედდება ვებ-გვერდი, სადაც დაიდება ყველა უბნიდან გადმოგზავნილი ინფორმაცია. გვყავს 100-მდე მოხალისე, რომელიც ჩვენს ოფისში იქნება და გააციფრულებს გადმოგზავნილ მონაცემებს. მაჟორიტარებზე ვერ მოხერხდება დროულად ხმების დათვლა, მხოლოდ პროპორციულ ნაწილზე იქნება შესაძლებელი, რადგან აქცენტი არის იმ 43%-ზე, რაც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში.

_თუ თქვენი ორგანიზაციისა და ცესკოს მიერ დათვლილ შედეგებს შორის დიდი ცდომილება იქნება, ამ შემთხვევაში რას აპირებთ?

_თუ შედეგებში იყო დიდი ცდომილება, ბევრი ოქმი გადააკეთეს და ცალსახა გაყალბება იქნება, ჩვენ რას ვიზამთ, უკვე მეორე ხარისხოვანია, რადგან არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდება საერთაშორისო პარტნიორებისგან და სადამკვირვებლო ჯგუფებისგან. ამას ბუნებრივია, მოჰყვება როგორც ჩვენი პროტესტი, ისე ყველა ადამიანის, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გავიდა 19 აპრილის შეთახმებიდან, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან საერთაშორისო პარტნიორები ხშირად შეახსენებენ ამას. ეს შეთანხმება დაიდო ყველას ჩართულობით და რაც არ უნდა უარი თქვან, ის ჰაერში მაინც ჰკიდია. ეს არის ვალდებულება, რომელიც მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს. თუ ცესკო წავიდა იმაზე, რომ მმართველი პარტიის მიმართ ზედმეტი ლოალობა გამოიჩინა, კარგი რეაქცია არ მოჰყვება ამ ყველაფერს. ცოტა ხნის წინ ჩვენ გამოვითხოვეთ 1930 წლამდე დაბადებული ადამიანების სია მუნიციპალიტეტებიდან და გაირკვა, რომ 600-მდე ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს ინფორმაცია რომ ყველა მუნიციპალიტეტში გამოვიკვლიოთ, გამოვა, რომ ხუთში ერთი ამომრჩეველი მკვდარი სულია. ამის შესწორება ცესკოს ძალიან მარტივად შეუძლია, მაგრამ არ აკეთებენ და მკვდარი სულები წლებია, უკვე პრობლემად რჩება. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი მიკერძოებულები არიან, მაგრამ ეს არის მიკერძოების ის ხარისხი, რომელსაც მიჩვეულები ვართ. თუ მოხდა რაღაც განსაკუთრებული და არჩევნები არალეგიტიმური იქნება, ყველა უნდა გამოვიდეს და მათ ამის უფლება არ მივცეთ. თუმცა, ამის მოლოდინი დიდათ არ მაქვს.

_პირადად თქვენ რა მოლოდინი გაქვთ შედეგებთან დაკავშირებით?

_ინტუიციას ნაკლებად ვეყრდნობი, მჯერა კვლევების, რომლებიც წინა საარჩევნოდ ტარდება და უკანასკნელი რაც ჩატარდა, ედისონ რისერჩისაა, სადაც 35%-ს ქვემოთ აქვს ხმები ხელისუფლებას, აქ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ მოსყიდვებით და სხვა დარღვევებით რამდენი პროცენტი დაემატებათ, თუმცა, მგონია, ამ თვალსაზრისითაც ძალიან გაუჭირდებათ 43 %-მდე მიღწევა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

 ავტორი: ია გრიგალაშვილი