56 ახალი სტატია

რა საფრთხე გვემუქრება თალიბანისგან და როგორ აისახება ავღანეთის მოვლენები საქართველოზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ვახტანგ მაისაია: „არავის ვაშინებ, მაგრამ“...ე

ქსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“, რომელმაც ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო, 15 აგვისტოს, კონტროლი დედაქალაქ ქაბულზე დაამყარა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ამჟამად ავღანეთს თალიბები მართავენ, ამიტომ მსოფლიოს ყურადღება, სწორედ ქაბულისკენაა მიმართული. გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში იმყოფება საქართველოს 22 მოქალაქე, რომლებიც ქვეყნიდან გაყვანას ითხოვენ. 15 აგვისტოს, უკრაინამ ავღანეთიდან 80 ადამიანი გაიყვანა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნის მიუხედავად, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან. როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში, რა საფრთხეები შექმნა ავღანეთში თალიბების მმართველობამ და როგორია საქართველოს ადგილი ამ პოლიტიკურ კონტექსტში? - „ვერსია“ სამხედრო ექსპერტ ვახტაგ მაისაიას ესაუბრა.

„ვერსიასთან“ საუბრისას, ექსპერტი ამბობს, რომ თალიბებმა იმაზე მეტ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე თავის დროზე ანუ 2001 წლამდე ჰქონდათ. მაისაიას თქმით, მათ დაიკავეს ქაბული, გახდნენ ავღანეთის მმართველები და ავღანეთის ისლამური საემირო გამოაცხადეს:

„ჩრდილოეთის პროვინციებზე აქამდე წვდომა არ ჰქონდათ, მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. პირველად მოხდა, რომ თალიბებმა მთელი ტერიტორია დაიკავეს და პაკისტანსა და ირანთან საზღვრებს აკონტროლებენ. ეს კი წარმოუდგენელი იყო. „თალიბანი“ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომელშიც საკმაოდ ცნობილი, ადგილობრივი ნარკობარონები შედიან. საუბარია „ჰაკანის ჯფუფზე“, რომელზეც ავღანეთში, ოპიუმის გავრცელების, დაახლოებით, 30% მოდის. 2013 წელს, ჩვენს სამხედროებს თავს, სწორედ „ჰაკანის დაჯგუფება“ დაესხა“, - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, „თალიბანი“ რამდენიმე კლანისა და პოლიტიკური დაჯგუფებისგან შედგება. უფრო ზუსტად, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ხუთი მსხვილი, პოლიტიკური დაჯგუფებაც კი არსებობდეს:

„მოძრაობა „თალიბანის“ რეალური ლიდერი დღეს არსად ჩანს, მას მუჰამედის მოციქულის ტიტული აქვს და ყველაზე წმინდა ადამიანად, ასევე, თალიბების სულიერ ლიდერად ითვლება. სიტუაცია საკმაოდ რთულია იმიტომ, რომ მნიშვნელივანია, რომელი ტიპის დაჯგუფება აჯობებს. იქ ფუნდამენტალისტურ-რადიკალური დაჯგუფებააცაა, ზომიერიც და ამასთან, ცალკეა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ავღანეთში, იზოლირებული ისლამური საემირო უნდა შეიქმნას, რომელიც ნეიტრალურ პოლიტიკას გაატარებს. ფუნდამენტალისტები აპირებენ, ჯიჰადისტური პროექტის სხვა რეგიონებში ექსპორტი განახორციელონ, რათა გაფართოებული ტიპის ისლამური საემირო შეიქმნას. ზომიერები უფრო მოდერნისტები არიან და ცდილობენ, თანამედროვე სახელმწიფოს ელემენტები შეიტანონ. რომელი დაჯგუფება აიღებს ძალაუფლებას და რომელი გაძლიერდება, ახლა, ამაზე მიდის ბჭობა. პრეზიდენტის სასახლეში უკვე გამოცხადდა, რომ ავღანეთი ისლამური საემიროს სტატუსით აღდგება, მაგრამ მნიშვნელოვანია, მთავრობა როგორ დაკომპლექტდება. იქ ახალგაზრდები იგდებენ ძალაუფლებას, რომლებიც გაცილებით რადიკალურად განწყობილნი არიან“.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ „თალიბანის“ მოძრაობა თურქმენეთშიც გაჩნდა. მისივე თქმით, შესაძლოა, სირიასა და ერაყიდან ისლამური სახალიფოს მთელი შემადგენლობა სწორედ იქ გადავიდეს. რაც შეეხება ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს, მაისაიას განცხადებით, გამორიცხული არაა, ისინი ავღანეთის მიმართულებით დაიძრან. მეტიც, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ავღანეთი, შესაძლოა, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ერთგვარი „მექა“ გახდეს:

„ისლამურ სახალიფოს ავღანეთში საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს, სადაც თალიბები ცხვირს ვერ შეყოფენ. ქართველი ჯიჰადისტებიც იქ არიან, აჰმედ ჩატაევიც ავღანეთში მიდიოდა, რათა ქართველ ჯიჰადისტებს შეერთებოდა და ისლამური სახალიფოს სტრუქტურები იმ ტერიტორიაზე აეწყო. სხვათა შორის, იმაზე, რომ შეიძლება „შავი ტრანზიტის“ ტერიტორია გავხდეთ, ჯერ კიდევ 2016 წელს ვწერდი, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია და დამაბრალეს, საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლისო. მერე აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი და რამდენიმე თვეში, „ჩატაევის რეიდი“ ჩატარდა. რამდენი „ჩატაევი“ შეიძლება მოხვდეს კიდევ ჩვენს ტერიტორიაზე, არავინ იცის. კავკასია გზაა, რომელიც უნდა გაიარონ ჯიჰადისტებმა და ისიც ფაქტია, რომ სირიასა და ერაყიდან დაიძვრებიან, ამიტომ, შესაძლოა, ახალი გეოსტრატეგიული დაპირისპირების კერა შეიქმნას. პაკისტანიც მეურვეობს „თალიბანს“ - მისი ავიაცია თალიბებს ოპერაციების განხორციელებაში მხარს უჭერდა. პაკისტანის სადაზვერვო სამსახური - ICI, თალიბების იდეოლოგია. ასე რომ, ავღანეთში სიტუაციას პაკისტანელებიც გააკონტროლებენ. თალიბებს ფინანსურად არ უჭირთ - თუ ადრე, ავღანური ოპიუმის ბიზნესის 50%-ს აკონტროლებენ, ახლა 100%-ით აკონტროლებენ. შეიძლება, სერიოზული ნარკოტრაფიკი „გაიჭრას“, მათ შორის, საქართველოს მიმართულებითაც. უკვე ვიყავით თალიბების დარტყმის ობიექტი 2014 წელს, როცა 3 ტონა ჰეროინი გადმოიტანეს. მაშინვე ვთქვი, რომ ამის უკან „თალიბანი“ იდგა და მერე აღმოჩნდა, რომ ეს სიმართლე იყო. თალიბებმა, რელიგიიდან გამომდინარე, შესაძლოა, ნარკოტიკის შიდამოხმარება აკრძალონ, მაგრამ ხელს ნარკოტრანზიტს შეუწყობენ, რადგან ეს მათი შემოსავლის წყაროა“.

მაისაია მიიჩნევს, რომ თალიბებსა და დასავლეთს შორის იდეალური ურთიერთობები ვერ იქნება. ეს იმიტომ, რომ ამერიკელებს ოკუპანტად და დაუძინებელ მტრად თვლიან. მეტიც, ექსპერტმა „ვერსიას“ განუმარტა, რომ თალიბებს შეუძლიათ, ხელი ერთ რამეს მოაწერონ, მეორეზე იფიქრონ და მესამე გააკეთონ:

„მათ (თალიბებმა) ამერიკელები, პრაქტიკულად, „გადააგდეს“ ანუ დოჰას ხელშეკრულების მიხედვით, „თალიბანს“ უნდა შეეწყვიტა წინააღმდეგობა, მაგრამ ეს შეთანხმება არ შეასრულეს. თალიბები ავღანეთში ისედაც იყვნენ, ამერიკელებს ავღანეთში ჰქონდათ განსხვავებული ტაქტიკა, ვიდრე - საბჭოთა კავშირს. ამერიკელებმა დაიკავეს რამდენიმე ქალაქი, ჩაიკეტნენ და იმის იქით რა ხდებოდა, არ აინტერესებდათ. თუ თალიბები დაარტყამდნენ, ამერიკელებიც ვალში არ რჩებოდნენ, მაგრამ თალიბებიც აკონტროლებდნენ გარკვეულ პროვინციებს. ამერიკელების მთავარი იდეა იყო, რომ არ ყოფილიყო ბუნტი“.

ექსპერტი აშშ-ის მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანასაც აფასებს და ეჭვობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ის სახელი დაიბრუნოს, რაც 2001 წელს ჰქონდა. მაისაია ამბობს, რომ იმ პერიოდში, აშშ ერთპიროვნული ლიდერი და „მსოფლიო წესრიგის უნიპოლარული მმართველი“ იყო. დღეს კი მსოფლიო წესრიგი „მულტიპოლარულია“, რადგან ექსპერტის განცხადებით, აშშ ერთადერთი მბრძანებელი აღარაა:

უმცროსი ბუშის პერიოდის აშშ, ბაიდენის აშშ-ის მსგავსი არაა. აშშ-მა ტრილიონი დოლარი ჩადო ავღანეთში, ამხელა თანხა არსად დაუხარჯავს - 100 მილიარდი დოლარი ავღანეთის ეროვნული არმიის მშენებლობაზე დაიხარჯა და თუ თალიბებმა უფასოდ ჩაიგდეს ხელში შეიარაღება, შეიძლება, იარაღის ექსპორტი დაიწყონ. ამერიკელები ახლა იმაზე ფიქრობენ, როგორ გაანადგურონ არსენალი. შეიძლება, ამერიკელებმა გაანადგურონ შეიარაღება, რათა ეს თალიბების ხელში არ აღმოჩნდეს. თალიბებმა რომ დაიწყონ ამერიკული იარაღის გაყიდვა, უამრავ ფულს მიიღებენ. სხვათა შორის, რუსებს აქვთ კონტაქტები თალიბებთან. მართალია, რუსეთის ფედერაციას ორმაგი სტანდარტი აქვს, როგორც ყოველთვის - ერთი მხრივ, რუსეთი „თალიბანს“ თვლის საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციად, მეორე მხრივ კი, საკმაოდ მაღალ დონეზე „ფლირტაობს“. თალიბების დელეგაცია მიიღო არა მხოლოდ ლავროვმა, არამედ, პუტინმაც, ოღონდ ეს შეხვედრა არ გახმაურებულა. რუსეთს აინტერესებს, რომ ჯიჰადისტური ექსპორტი არ განხორციელდეს - მის ტერიტორიაზე, პოლიტიკური ისლამი არ გავრცელდეს, ასევე, ცენტრალურ აზიაში და ა.შ. თუმცა, თალიბებთან „ფლირტაობა“ რთულია, რადგან ავღანელებს ასეთი ანდაზა აქვთ - „ყოველთვის მოატყუე შენი მტერი“. ამერიკელებთან, ტრამპთან დადებული ხელშეკრულებაც ამას ადასტურებს. ამერიკელები თუ გადააგდეს, რა გარანტიაა, რომ რუსებსაც არ გადააგდებენ? სხვათა შორის, თალიბები კავკასიაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი - აფინანსებდნენ კავკასიურ ისლამურ საემიროს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „თალიბანს“ ექნება გარკვეული დაინტერესება კავკასიის რეგიონის მიმართაც. დღეს თალიბებს, დაახლოებით, 4 სპეცსამსახური ჰყავთ და საკმაოდ ძლიერად მოქმედებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, ეს სახუმარო გაერთიანება არაა და საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური იდეოლოგიური ბაზა აქვს. დაამტკიცა, რომ შეუძლია არა მხოლოდ ქვეყნის მართვა, არამედ, ძალა შესწევს, რეგიონში ჰეგემონიც კი გახდეს“.

„ვერსიასთან“ საუბრისას, ვახტანგ მაისაია იმ საფრთხეებსაც აჯამებს, რაც შესაძლოა, საქართველომ „თალიბანისგან“ მიიღოს:

„ეს არის ნარკოტრეფიკინგი - საქართველო ერთხელ უკვე იყო ამის ობიექტი. ახლა, კიდევ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ შესაძლოა, ეს საფრთხე განმეორდეს! მეორეა ჯიჰადისტური ტრანზიტი - შეიძლება, აღმოსავლეთის ჯიჰადისტები დაიძრან ავღანეთის მიმართულებით. არავის ვაშინებ, მაგრამ რასაც ვამბობ, სამწუხაროდ, შემდეგ მართლდება ხოლმე. ყველაფერ ამასთან ერთად, არ გამოვრიცხავ, საქართველოსკენ ლტოლვილთა ნაკადიც წამოვიდეს“.