104 ახალი სტატია

რატომ დაუპირისპირდნენ ვასაძეს „რიონის მცველები“ და როგორ აპირებს ლგბტ დროშის ჩამოგდებას გურამ ფალავანდიშვილი - ექსკლუზიური კულუარები აქციების კვირეულიდან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 საქართველოში აქციების კვირეული იწყება. 15 მაისისთვის ნაციონალური მოძრაობა მასშტაბურ აქციას გეგმავდა, თუმცა საპატიმროდან ახლადგამოსულმა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქციის ჩატარების მიზანშეწონილება აღარ არსებობს.

"ვითარება არის სრულიად შეცვლილი. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევას ამ ეტაპზე. 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ამ ეტაპზე ეს, მგონი, ისედაც ცხადი იყო".

ამრიგად, 15 მაისს აქცია აღარ ჩატარდება, სამაგიეროდ, 16 მაისს საპროტესტო დემონსტრაციას გამართავს პოლიტიკაში ახლადშემოსული „რაინდი“ ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაანონსა, რომ საკუთარ პარტიას ქმნის სახელწოდებით -„ერი“. გაპოლიტიკოსებული „რაინდის“ განმარტებით, „ერი“ შემდეგი სიტყვების აბრევიატურაა - ერთობა, რაობა, იმედი. „ვერსია“ დაინტერესდა, რა შინაარსის აქციას გამართავს ვასაძე თბილისში, ამის გასარკვევად მისი გუნდის წარმომადგენელსაც ვესაუბრეთ, მაგრამ იქამდე მოკლედ მოგიყვებით ამბავს „აქციების კვირეულის“ კულუარებიდან.

როგორც წყარო გვიამბობს, ლევან ვასაძემ განგებ არ დაამთხვია საკუთარი აქცია 17 მაისს, საპატრიარქოს მიერ დაარსებულ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილ აქციას. წყაროს თქმითვე, ვასაძე აპირებდა, რომ საკუთარ აქციაზე ნამახვანიჰესის საკითხი გაეპროტესტებინა, თუმცა მას „რიონის მცველები“ დაუპირისპირდნენ და უთხრეს, რომ ამ საკითხის გასაპროტესტებლად აქციას თავად გამართავენ 23 მაისს. ჩვენი ინფორმაციითვე, ვასაძის გუნდს მკვეთრად დაუპირისპირდა გურამ ფალავანდიშვილიც, რომელიც ყოველთვის ვასაძის „გვერდით“ მოიაზრებოდა. მოკლედ, როგორც ჩანს, „რაინდის“ პოლიტიკაში შემოსვლამ ე.წ. კონსერვატორთა ფლანგზე მონასტერი არია და ახლა ადამიანები იმას არკვევენ, რომელ დღეს რომლის აქციაზე უნდა წავიდნენ...   

რადგანაც 17 მაისს, ტრადიციულად, საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს, „ვერსია“ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს, ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა კითხვით - რა ტიპის ღონისძიება იგეგმება 17 მაისისთვის? - თუმცა, დეკანოზმა ჯაღმაიძემ ჩვენი კითხვა პასუხის გარეშე დატოვა.  

ახლა კი „ვერსია“ ლევან ვასაძის გუნდის წევრის, სოსო მანჯავიძის, კომენტარს გთავაზობთ 16 მაისის აქციასთან დაკავშირებით:

„აქციას პარტიის პრეზენტაციის სახე არ ექნება იმიტომ, რომ ჯერ პარტია არ არსებობს. მოგეხსენებათ, 17 მაისს აღინიშნება ოჯახის დღე და ოჯახები მოვლენ აქციაზე, გარდა ამისა, 16-ში მოვლენ ის ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანა არ ვითარდება ისე, როგორც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია. ეკონომიკური, სოციალური, იდეოლოგიური ხაზის დეზორიენტაცია, რომელშიც ვიმყოფებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას და კიდევ უფრო დიდია საფრთხეები, რომელიც ამას თან ახლავს. განუწყვეტელი გაურკვევლობა, პოლიტიკური ვაკხანალია, მტრობა, დაპირისპირება და სრულიად გაურკვეველი საგარეო პოლიტიკური კურსი დიდხანს არ შეიძლება, გაგრძელდეს კატასტროფული შედეგების გარეშე და ჩვენ, ვინც ვართ ამით შეწუხებული, უნდა გავერთიანდეთ და მოვახერხოთ, რომ მოსახლეობის განწყობის შესაბამისი ძალები ჩამოყალიბდნენ საზოგადოებაში. ესაა, პირადად ჩემი მიზანი, ისევე როგორც ჩემი მეგობრების, ვინც აპირებს მოსვლას.

ხაზგასმით ვამბობ, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოების შერიგება. აქციაზე გაცხადდება გარკვეული მიზნები, სიტყვით გამოვლენ როგორც ლევან ვასაძე, ასევე სხვებიც.

პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა არის ჩანასახოვან მდგომარეობაში. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ გვინდა, როდესაც შესაბამისი პროგრამა იქნება და სტრუქტურები ჩამოყალიბდება, ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს. საპატრიარქოს გეგმის შესახებ არაფერი ვიცი, 17  მაისი სამუშაო დღეა და ცოტა პრობლემური იქნება მსვლელობის მოწყობა.“

 „ვერსია“ საზოგადოება „ზნეობის“ თავმჯდომარეს, გურამ ფალავანდიშვილსაც ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ 16 მაისს არა, მაგრამ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დასაცავად, აქციას ნამდვილად შეუერთდება:

„ოჯახის სიწმინდის დღე არის 17 მაისს. 23 მაისს გაიმართება ნამახვანიჰესის წინააღმდეგ აქცია. ამ თემით ვარ დაკავებული ამ ეტაპზე და ვემზადები, რომ ორგანიზებულად გაკეთდეს ყველაფერი, ჩამომსვლელები არიან და მათთვის ბინა, სადილი ვიპოვოთ და ა.შ. მოკლედ, დაკავებული ვარ ნამახვანის თემის დღის წესრიგით. 16 მაისს არ მივდივარ აქციაზე, 17-ში კი მივდივარ. ბატონ ლევანს (ვასაძე.რედ) პატივს ვცემ და მხარს ვუჭერ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩართული ვარ ნამახვანჰესის აქციის დღის წესრიგში.

რაც შეეხება ოჯახის სიწმინდის დღეს, წინა წელს პანდემიის გამო არ იყო მსვლელობა და მხოლოდ ნაკურთხი წყლით მოიარეს, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ და მრევლმა პატარა მსვლელობა მაინც ჩავატარეთ. რუსთაველზე ჩავიარ-ჩამოვიარეთ. 17-სთვის მოვუწოდებთ ჩვენს ახლობლებს, გარდა იმისა, რომ მაინც მინდა, მსვლელობა ჩატარდეს პანდემიის მიუხედავად, ასევე გვინდა, ვიყოთ სადარაჯოზე, რომ ჰომოსექსუალებმა რამე არ მოიმოქმედონ, არ გამოვიდნენ და ჩვენ ისეთი რაოდენობით ვიყოთ, რომ ჩავუშალოთ მათ ღონისძიება, ნებისმიერი აქტივობა, ფლეშმობი იქნება თუ სხვა... ხელი უნდა შევუშალოთ, ამიტომ რესპუბლიკის მოედანზე ვიდგებით დილიდან. ჩვენი ინფორმაციით, არაფერს აპირებენ, მაგრამ გვახსოვს წინა წლები, როცა არაფერს გეგმავდნენ, მაგრამ მაინც გამოძვრნენ... ასე რომ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ, მრევლი ამის წინააღმდეგი ვართ და ქუჩაში ვიდგებით, რომ ეს არ დავუშვათ. გვაქვს განზრახული,  ჩამოვაგდოთ ლგბტ-ს დროშა, არ ვიცი, რამდენად მოვახერხებთ ჩამოგდებას, მაგრამ მოვითხოვთ, ჩამოიღონ, რომელიც პეროსვკაიას 12-ში ჰკიდია, „თბილისი პრაიდის“ ოფისთან შარშან, 17 მაისს, ჩამოკიდეს...

ჩვენ ვართ ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება „ზნეობა“  და ჩვენ აქციაზე ვიდგებით. არაა გამორიცხული, რომ სხვა ორგანიზაციები და მრევლი გამოვიდეს ქუჩაში, ეს ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდება. ვნახოთ, საპატრიარქო რას დააანონსებს, სავარაუდოდ, მსვლელობა ყველაზე კარგი ფორმატია, მაგრამ ვნახოთ, პანდემიის გამო რას გადაწყვეტენ“.