როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილით დაინფიცირების შემთხვევაში - ყველაფერი, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩუტყვავილით დაინფიცირების შემთხვევებბოლო პერიოდში გაიზარდა . მწვავე ვირუსულ-ინფექციურ დაავადებას უმეტესობა ბავშვობისას იხდის , თუმცა შესაძლებელია ამ ინფექციით ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაავადდეს. ჩუტყვავილა ადვილად გადამდები ინფექციების რიცხვს მიეკუთვნება. თუ ის ერთხელ მაინც გვაქვს გადატანილი, იგი ტოვებს მყარ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს ხელმეორედ დაავადებისგან იცავს. როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილის დროს და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ - გაზეთი „ვერსია“ პედიატრს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს თამარ ობგაიძეს ესაუბრა.

 

_ ქალბატონო თამარ, რა უნდა ვიცოდეთ ჩუტყვავილის ინფექციის შესახებ?

_ ჩუტყვავილა ჰერპესის ჯგუფის ვირუსით გამოწვეული ინფექციაა, რომლის მთავარი ნიშანი სპეციფიური გამონაყარია. ინფექცია გადამდებია და ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ბავშვებში, რომელთაც უწიფარი იმუნური სისტემა და აქტიური კონტაქტები აქვთ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. გავრცელება ჰაერ-წვეთვანი და კონტაქტური გზითაა შესაძლებელი. ინკუბაციური პერიოდი ან  ფარული პერიოდი, როცა ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ხვდება და იწყებს გამრავლებას კლინიკური სიმპტომების გამოვლინებამდე შესაძლოა 2-3 კვირა იყოს. დაავადების გამოვლინებამდე ბოლო 2 დღე ინფიცირებული ადამიანი უკვე გადამდებია. ასევე გადამდებია ის დაავადების მიმდინარეობისას, დაახლოებით 1 კვირის მანძილზე.

_ რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა მივხვდეთ რომ ჩუტყვავილის ინფექციით ვართ დაავადებული?

_დაავადება უხშირესად ცხელებით, სისუსტით იწყება, რასაც თან სდევს სხვადასხვა ტიპის გამონაყრის განვითარება - ლაქოვან გამონაყართან ერთად ვითარდება ბუშტუკები, ეროზიული ზედაპირები, რაც სახეზე, სხეულზე, თავის თმიან ნაწილზე, კიდურებზე ვრცელდება. გამოყრა ტალღურად ხდება, რასაც ხშირად ტემპერატურის მომატებაც სდევს. დამხასიატებელია ქავილი. დაახლოებით 4-7 დღეში ცხელება ქრება, გამონაყრის ყველა ელემენტი ფუფხით იფარება, რომლებიც თანდათან ძვრება.

_ როგორ უნდა ვმართოთ ეს დაავადება სწორად, რომ თავიდან ავიცილოთ მწვავე გართულებები?

_ უპირველესად პედიატრს მიმართეთ, რათა სწორი დიაგნოზი დაისვას და შესაბამისი რჩევა- დარიგებებიც მიიღოთ. აუცილებელია სოციალური დისტანცირება არ გაუშვათ ბავშვი საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. ყურადღება მიაქციეთ კანის ჰიგიენას. პატარა ყოველდღე დაბანეთ, ოღონდ ღრუბლის გამოყენების გარეშე, რომ გამონაყარი არ გააღიზიანოთ და გამონაყრის ელემენტები ექიმის მიერ მითითებული ანტისეპტიკური ხსნარით დაამუშავეთ.

დააჭერით პატარას ფრჩიხლები ქავილის დროს კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.  ხშირად დაბანეთ ხელები. ეცადეთ, ბავშვმა გამონაყარი არ მოიქავოს და ამ გზით ინფექცია არ შეიტანოს კანში. ძლიერი ქავილის დროს ექიმმა შესაძლოა ანტიჰისტამინური პრეპარატი დანიშნოს. დაავადება მეტწილად მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს.

_ და ბოლოს, რა სახის გართულებები შეიძლება მოყვეს ჩუტყვავილის მწვავე ვირუსულ-ინფექციურ დაავადებას?

_ ჩუტყვავილა, მეტწილად მსუბუქი და საშუალო სიმძიმით ხასიათდება, მაგრამ იშვითად შესაძლებელია მოხდეს გართულებები. ჩუტყვავილას უხშირესი გართულებები კანის ინფექციებია, რომელთა აცილება კანის სწორი მოვლითა და ჰიგიენითაა შესაძლებელი. საშიშ გართულებათა რიგს მიეკუთვნება ფილტვის ანთება, თავის ტვინის დაზიანება. გახსოვდეთ! თუ პატარას ჩუტყვავილას ფონზე ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, ხველა, სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვა, შეუპოვარი ცხელება, ღებინება, ცნობიერების დართგუნვა ან კანის ინფექციები გამოუვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

ავტორი: ანი სარდლიშვილი