„თურმანიძემ“, „სალხინომ“ და კიდევ 41-მა ფარმაცევტულმა საწარმომ შესაძლოა საქართველოში მედიკამენტები ვეღარ გაყიდონ

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

43 ქართული ფარმაცევტული საწარმო ფაქტობრივად გაჩერებულია. ზოგი შესაძლოა სამუდამოდაც. ეს ფირმები წამლების წარმოების საერთაშორისო სტანდარტს (GMP) ვერ აკმაყოფილებენ, რის გამოც საქმიანობა შეეზღუდათ და ამ ეტაპზე საქართველოში მედიკამენტებს ვეღარ გაყიდიან.

GMP (Good manufacturing practice) - არის საერთაშორისო სისტემა, რომელიც ხარისხიანი წამლის დამზადების გარანტიებს ქმნის. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოში ამ სტანდარტების დანერგვაზე მსჯელობა 12 წლის წინ დაიწყო, მაგრამ რადგან ბიზნესი მზად არ იყო, სტანდარტების დაცვაც 2022 წლამდე სავალდებულო არ გამხდარა.

„2010 წელს მიიღეს დადგენილება, რომ GMP სერტიფიკატი 2016 წელს ამოქმედებულიყო. მერე გადადეს მისი ამოქმედება, მერე კიდევ გადადეს, მერე კიდევ და წელს - აღარ. ყველაზე რთული სტანდარტია. დიდ თანხას მოითხოვს, განსაკუთრებით შესაბამისი წნევის შექმნა საწარმოში, ვენტილაციის მოწყობა, რომ გაფილტრული ჰაერი იყოს და წამალთან რამე არ მოხვდეს, დოკუმენტების მომზადება…“ - ამბობს საწარმო „დავათის“ წარმომადგენელი ვახტანგ ჯებაშვილი.

საწარმო „დავათი“ ერთ-ერთია, რომელსაც ახლა საქმიანობა შეზღუდული აქვს. კომპანია ძირითადად „ნაფტიზინს“, წყალბადის ზეჟანგს, იოდსა და ბრილიანტის მწვანეს აწარმოებს. იმავე პრეპარატებს საქართველოში კიდევ 9 კომპანია ამზადებს.

GMP სტანდარტი მოიცავს წესებს, რომელიც ყველა ეტაპზე უნდა გაითვალისწინო - დაწყებული სამკურნალო საშუალებების წარმოებიდან, პროდუქტის ხმარებიდან ამოღებით დასრულებული. სტანდარტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს წამლის ხარისხს, რაც მეორე მხრივ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დამზადებული პრეპარატები ქვეყნის გარეთ ბაზარზე გავიდეს.

დღეს GMP სერტიფიკატი საქართველოში მხოლოდ ორ ფარმაცევტულ კომპანიას აქვს. კიდევ ერთი ელოდება მიღებას, დანარჩენებს სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოსთვის ჯერ არ მიუმართავთ.

წლის ბოლომდე სერტიფიკატის აღების ვადა კიდევ რამდენიმე ქართულ ფირმას ამოეწურება. დიდი ალბათობით, საქმიანობას ეს ფირმებიც შეაჩერებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკარგავენ გასაღების მთავარ ბაზარს - საქართველოს. მათ წამლების გასაღება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეეძლებათ, რომლებიც GMP სისტემაში არ არიან ჩართული - ძირითადად შუა აზიის ქვეყნებში.

მთელი საქართველო უნდა გახდეს ავად, რომ რეორგანიზაციის ფული მოვაგროვო. არ მინდა ასეთი ბიზნესი…
გიორგი თურმანიძე
საქმიანობა შეეზღუდა „თურმანიძე პლიუსსაც“, რომელიც თურმანიძის მალამოს აწარმოებს. კომპანიაში ვერ წარმოუდგენიათ, რამდენ ლარად უნდა გაყიდონ წამალი, რომ მილიონიან რეორგანიზაციას გასწვდნენ.

„20-30 წლის წინ ვიღაცამ სტანდარტები მოიგონა, ამის გამო საუკუნეების მალამო ვეღარ უნდა გავაკეთოთ?! რაც უკვე ჩამოსხმულია ტუბებში, ის წამლები ჯერ არის აფთიაქებში და სამომავლოდ რა ვქნათ, ახლა ვფიქრობთ. როგორც სამკურნალო საშუალებას, მე ამ მალამოს ვეღარ გავყიდი, საშუალოდ 4 ლარად ვაბარებთ და მაშინ მთელი საქართველო უნდა გახდეს ავად, რომ რეორგანიზაციის ფული მოვაგროვო. არ მინდა ასეთი ბიზნესი… სტანდარტებს კი არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ჩვენ ვართ ხალხური მედიცინა, თან მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით. შეიძლებოდა სამინისტროს ამ კუთხით რამე მოეფიქრებინა, გამონაკლისი დაეშვა“, - ამბობს გიორგი თურმანიძე, კომპანიის დირექტორის მოადგილე.

საქმიანობა შეზღუდული აქვს ფარმაცევტულ საწარმო „სალხინოსაც“. კომპანიის წარმომადგენელი როინ ნაჭყებია ამბობს, რომ საწარმო სხვადასხვა მიზეზის გამო ისედაც ერთი წელია გაჩერებულია და მის ასამუშავებლად პარტნიორების მოძებნას საზღვარგარეთ ცდილობს.

GMP-ის მორიგი გადავადების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა სამმა ფარმაცევტულმა საწარმომ, ისინი მთავრობის დადგენილებას ასაჩივრებენ.

„დადგენილების მოთხოვნები ხელისუფლებას არ შეუსრულებია. დადგენილებაში მითითებულია, რომ ჯერ სახელმწიფომ უნდა დანერგოს GMP-ის სტანდარტი და საწარმოები შემდეგ გადავიდნენ მასზე. ანუ უნდა შეიქმნას ლაბორატორიები, ინსტრუქციები, რეკომენდაციები, დახმარებები გაიცეს. ეს ყველაფერი არ მომხდარა“, - ამბობს კომპანიების წარმომადგენელი, იურისტი ფატი კიპაროიძე.

სასამართლოს პირველი განხილვა სექტემბერში გაიმართა, რომელზეც მთავრობამ საქმეში მესამე პირად ჯანდაცვის სამინისტრო ჩართო. ამჯერად მომჩივანი მხარე სასამართლო პროცესის განახლებას და სამინისტროს პოზიციას ელოდება.