56 ახალი სტატია

1500 წლის სარკოფაგი - არქეოლოგების მნიშვნელოვანი აღმოჩენა აფხაზეთში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აგვისტოს ბოლოს, არქეოლოგებმა აფხაზეთში მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს – ქალაქ ოჩამჩირეში, ანტიკური ნაქალაქარის გათხრისას V-VI საუკუნეების ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს. მეცნიერები ჯერჯერობით მის გახსნას არ ჩქარობენ, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის დაკრძალული აღნიშნულ საფლავში.

 

სარკოფაგი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა არა მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ მთელი კავკასიისთვის, – მიაჩნია აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ისტორიკოსსა და არქეოლოგს, არკადი ჯოპუას.

„აქამდე აფხაზეთში სარკოფაგი ორჯერ გახსნეს – ერთ-ერთი, რომელიც კირქვისგან არის დამზადებული და თითქმის ერთ ტონას იწონის, ახლა კამანის ეკლესიაშია (სავარაუდოდ, მასში იოანე ოქროპირია დაკრძალული), მეორე – თაფლის და აი, ახლა ტყვიის სარკოფაგი – აფხაზეთისთვის უნიკალური აღმოჩენა“, – ჰყვება არკადი ჯოპუა.

ერთობლივი, აფხაზურ-რუსული არქეოლოგიური ექსპედიცია ანტიკურ ქალაქ გიენოსში უკვე სამი წელია მიმდინარეობს. ეს ერთადერთი ანტიკური დასახლებაა აფხაზეთში, რომლის ადგილმდებარეობაც უტყუარად არის დადგენილი. 

მეცნიერებმა ასევე მოახერხეს დაედგინათ, რომ დასახლების დამაარსებლები ბერძნები არ არიან – აქ მათი ჩამოსვლისთვის უკვე არსებობდა ქალაქი, რომელშიც ადგილობრივები ცხოვრობდნენ. ასეთ დასკვნას არქეოლოგები წინაბერძნული პერიოდის ფენის გამო აკეთებენ, რომელიც გათხრების მიმდინარეობისას აღმოაჩინეს. 

„ეს ფენა ანტიკურ ხანამდე არსებული პერიოდისაა, აქ ადგილობრივი კერამიკის ბევრი ნიმუში აღმოვაჩინეთ. ამავდროულად, არანაირი კონფლიქტი ადგილობრივებსა და ბერძნებს შორის არ ყოფილა – მათი ერთობლივი თანაცხოვრება საკუთარი სურვილით მოხდა და ეს სრულად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ანტიკურ კოლონიზაციაზე, რადგან ადრე მიიჩნეოდა, რომ ბერძნებმა გიენოსი ცარიელ ადგილას დააარსეს“, – ამტკიცებს რუსი ისტორიკოსი ალექსანდრ სკაკოვი. 

ახალი აღმოჩენა – ტყვიის სარკოფაგი, ქრისტიანული ტაძრის მახლობლად იპოვეს, რომელიც ადრე ისტორიკოსმა და არქეოლოგმა სერგეი შამბამ აღმოაჩინა. ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მასში შესაძლოა სასულიერო პირი ან ქალაქის ძალიან პატივსაცემი მოქალაქე იყოს დაკრძალული. 

„ვინც უნდა იყოს, ის იმ დროისთვის გამოჩენილი პიროვნება იყო, იმიტომ რომ, უბრალოდ მოკვდავებს სარკოფაგებში არ მარხავდნენ და თანაც, ტაძრის მახლობლად. შესაძლოა, ის პატივსაცემი სასულიერო პირი ან ადგილობრივი თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყოს. მაგალითად, მოსკოვში, ტაძარში დაკრძალულია შერვაშიძე-ჩაჩბების დინასტიის უკანასკნელი სუვერენული თავადი, თუმცა, მას რელიგიასთან კავშირი არ ჰქონია“, – განმარტავს არკადი ჯოპუა. 

სარკოფაგი ჯერჯერობით არ გაუხსნიათ, ის მიწიდან ამოიღეს, აღწერეს და საიმედო ადგილას ინახავენ სპეციალისტების ჩამოსვლამდე. 

„ჩვენ თვითონ სარკოფაგი არ გაგვიხსნია, თუმცა, გათხრისას ტყვიის პატარა ნაწილი ჩამოვარდა და დავინახეთ, რომ შიგნით ძვლოვანი ქსოვილი შენარჩუნებულია. ახლა სარკოფაგი საიმედო ადგილას გადავიტანეთ და ვეძებთ სპეციალისტებს, რომლებსაც შეუძლიათ ის ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით გახსნან.

შემდეგ, ძვლების გენეტიკური ანალიზის ჩატარება იქნება საჭირო, რათა გარდაცვლილის ასაკი და სქესი დავადგინოთ. თუკი შიგნით შენარჩუნებული იქნება ძვლების გარდა სხვა რამეც, მაგალითად, ტანსაცმლის ნარჩენები ან სამკაული, მაშინ შესაძლებელი იქნება იმის ვარაუდიც, თუ ვინ იყო გარდაცვლილი“, – გვიყვება ჯოპუა.

მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი პროცედურა და კვლევა ჩატარდება, სარკოფაგს ე.წ ფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში განათავსებენ.  

„რა თქმა უნდა, ის გამოიფინება, მაგრამ თავდაპირველად საჭიროა მისი რესტავრირება. ტყვია – მსუბუქი მეტალია, მიწის დაწოლის შედეგად ის დეფორმირდა. უნდა აღვუდგინოთ მას პირვანდელი სახე. ასეთი სპეციალისტები აფხაზეთში არ გვყავს, დიდი ალბათობით, მათ რუსეთიდან ჩამოვიყვანთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი არ გადაწყვეტილი არ არის“, – ამბობს არკადი ჯოპუა.

 

წყარო:jam-news.net/