დღეიდან, თბილისში, გარკვეულ საათებში, დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა იკრძალება

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2024 წლის 1 იანვრიდან დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილება იზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოს თვეში.

ამასთან, არის გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, კერძოდ რეგულაცია არ ვრცელდება:

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე;
საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი);
მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე;
ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე;
ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში;
სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე.
სიახლეა ისიც, რომ აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები გაზრდილი თანხით დაჯარიმდებიან. კერძოდ, პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარით.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი თბილისის მერია იყო. კახა კალაძის თქმით, რეგულაცია საცობებს შეამსუბუქებს.