კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისის დაყაჩაღება ექსპერტ-კრიმინალისტების ფორმის გამოყენებით - რა კავშირი აქვთ ყაჩაღობასთან ძმებ ფეიქრიშვილებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვაკეში კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისის თანამშრომლებს, ყაჩაღური თავდასხმის დეტალებზე საუბარი არ სურთ. ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორისაა ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ადგილზე დაცვის პოლიციის გამოძახება მოასწრო. "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ადგილზე მისულ დაცვის თანამშრომლებს, ოფისის კარი თავად თავდამსხმელებმა გაუღეს. დაჯგუფების წევრები დაცვას ექსპერტ-კრიმინალისტებად გაეცნენ და უთხრეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ.

ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. "კურიერმა" გაარკვია დანაშაულის მთავარი ფიგურანტის ვინაობაც. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს ძმებ ფეიქრიშვილებიდან ერთ-ერთის, დავით ფეიქრიშვილის სახელი. მან დანაშაულის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. "კურიერის" ინფორმაციით, ფეიქრიშვილს სამართალდამცველები ამ წუთებშიც ეძებენ. დაჯგუფების ორ წევრს კი პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

გიორგი ანთაძე ამბობს, რომ დავით ფეიქრიშვილს მომხდარ დანაშაულთან კავშირი არ აქვს. ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, თუ სად იმყოფებიან ამჟამად მისი დაცვის ქვეშ მყოფები.

ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების სახელი არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. გიორგი ფეიქრიშვილი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 2016 წელს დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა ვაკეში ფეიქრიშვილებთან დაპირისპირებული კრიმინალური “ავტორიტეტის“ სოსო ჯოხაძის მკვლელობა, თუმცა ამ საქმეზე ძმებისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ჯოხაძის მკვლელობისთვის სასჯელს ამ დრომდე იხდის ბადრი, იგივე ბადუკა ნათობაძე.

2020 წელს საქართველოში ძმები ფეიქრიშვილების აფეთქებაც სცადეს. დანაშაული უსაფრთხოების სამსახურმა მისი მომზადების სტადიაზე აღკვეთა და შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით შვიდი პირი დააპატიმრა. დანაშაულის მოტივად, საქართველოსა და უკრაინაში ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის არსებული კონფლიქტი დასახელდა.

საქართველოს პროკურატურამ კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს თბილისში მდებარე კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში ბრალდებულები, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხნენ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 810 300 ამერიკულ დოლარს, 110 ევროს და 6500 ლარს დაეუფლნენ.

"დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით,"-აღნიშნულია ინფორმაციაში.