„ეს თარიღი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე საამაყოა...“ - ბლოგი 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებზე

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა და არჩეულმა უმაღლესმა საბჭომ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია, რომელიც მხოლოდ ერთი წელი, ერთი თვე და რამდენიმე დღე იყო  ხელმძღვანელი პირველი პირი საქართველოში, მაგრამ მოასწრო იმის გაკეთება, რასაც ათეული წლები შეალიეს და ვერ მოახერხეს თაობებმა. მან ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო რეფერენდუმის ჩატარება 1991 წლის 31 მარტს და ამ რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი დაუდო 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო ადამიანი, რომელმაც საქართველოს საბჭოთა რესპულიკაში ჩაატარა პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები. ეს თარიღი, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი და საამაყოა, რადგან გამსახურდიამ თავის თანამოაზრეებთან ერთად შეძლო და პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილ იმპერიულ სივრცეში ზვიადი და მისი თანამოაზრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ქართული ერის საუკუნო გეგმა და მისწრაფება განახორციელეს, ეროვნული მოძრაობა გააერთიანეს  „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ გარშემო.

ზუსტად ამ დღეს, 31 წლის წინ, ჩატარდა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები. არჩევნების შედეგმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ორგანიზაციებმა. 1990 წ. 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია.

საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ მიიღო დადგენილება საქართველოში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა პრესაში. აგრეთვე, საქართველოს ახალი კონსტიტუციის მოსამზადებლად შეიქმნა კომისია, რომელმაც ნაყოფიერი შრომა გასწია ამ მიმართულებით.

ზვიად გამსახურდიას გამარჯვებამდე იყო 1989 წლის 9 აპრილი, თარიღი, როდესაც ქართველი ხალხი შიშველი ხელით შეებრძოლა რუსეთის საოკუპაციო ჯარებს და ზნეობრივად დაამარცხა დამპყრობელი. ამ მოვლენის შემდეგ ნათლად გამოჩნდა ქართველი ერის მზადყოფნა თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ.

ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა", აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი).

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას _ "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" _ საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა.

1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

ავტორი: სალომე ნოზაძე