გია ხუხაშვილი: „ეს შერიგება კი არა, მაფიოზური გარიგება იქნება!“

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინტერვიუ 

„პოლიტიკურად ანგაჟირებული, არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი, გაუგებრობაში მოყოლილი, საპრეზიდენტო სავარძელში შემთხვევით აღმოჩენილი ქალბატონი და ცარიელი ადგილია“

 

თათია გოჩაძე

 ქართულ პოლიტიკაში უცნაური წინასაახალწლო განწყობაა - ყველა დიდ, საყოველთაო შერიგებაზე ლაპარაკობს. ეს იდეა პირველად მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გააჟღერა და თქვა, რომ პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია. მიტროპოლიტის ინიციატივა პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „აიტაცა“. მოკლედ, „დიდ შერიგებას“ ველოდებით, ოღონდ გაურკვეველია, ვინ, სად, როდის და რა ფორმით უნდა შერიგდეს... საგულისხმოა, რომ შერიგების ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავზე აიღო და ფრანგულ გამოცემა France 24-თან, ქვეყანაში შერიგების აუცილებლობასა და ამ პროცესში მის როლზე ისაუბრა:

მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება. ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება. ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის, ევროპისაც“.

ხაზგასასმელია ისიც, რომ „ქართული ოცნების ლიდერები სააკაშვილის შეთავაზებული შერიგების საფუძველ ვერ ხედავენ...

მოხდება თუ არა დიდი შერიგება ქართულ პოლიტიკაში? - „ვერსია“ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

 

- როდესაც პოლიტიკური ელიტა შერიგებაზე საუბრობს, საზოგადოების შერიგებას კი არა, როგორც წესი, ერთმანეთთან გარიგებას გულისხმობს. ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ჰგონია, რომ თამაშის წესებს განსაზღვრავს, ამ საზოგადოების „დირექტორი“ თავადაა და თუ ერთმანეთის ამბიციები მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილეს, ამის შემდეგ, ცხოვრება მშვენიერი იქნება. სინამდვილეში, პრობლემა ბევრად რთულია - მათი შერიგება-გარიგება კი არა, საზოგადოების გამთლიანება გვაინტერესებს და ძირითად პრინციპებზე შეთანხმება გვინდა. ეს შეუძლებელი იქნება, სანამ არ გაჩნდება სამართლიანობის განცდა, რადგან შერიგება სამართლიან საფუძვლებს უნდა ემყარებოდეს. დღევანდელ სიტუაციაში ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ სამართლიანობის განცდა არ არსებობს. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც თვლის, რომ წინა ხელისუფლების მხრიდან დაზარალებულია და იმისთვის, რომ შერიგება მოხდეს, უნდა აპატოს მოძალადეს და რომ აპატიოს, ამას საფუძვლის შექმნა სჭირდება - მინიმუმ, უნდა იყოს გულწრფელი მონანიება და ბოდიში.

სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებასაც ჰყავს დაზარალებული საზოგადოების ნაწილი და შერიგების საფუძველი მაშინ იქნება, როცა თუნდაც სამომავლოდ განისაზღვრება სამართლიანი თამაშის წესები.

როდესაც სასამართლოში მურუსიძე ზის, ძალოვანი სისტემა ისევ პოლიტიზირებულია და, საერთოდ, დღევანდელი ხელისუფალი ხომ წინას სამართალმემკვიდრეა ყველა მანკიერებაში; როცა ტოტალური მოსმენებია დღესაც ანუ როდესაც საბოლოო ჯამში, დღევანდელი „ქოცი“ გუშინდელი „ნაცია“, ისინი ერთმანეთში გარიგდებიან თუ არა, ამით „არც გვცხელა და არც გვცივა“. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გამთლიანება, სამართლიანობის განცდის გაჩენა, სამართლიანი წესების შემოტანა და პოლიტიკოსები როცა შერიგებაზე ლაპარაკობენ, ამას არ გულისხმობენ...

მმართველ ძალაში ამბობენ, ბოდიში მოიხადონ და პოლიტიკიდან წავიდნენო, თითქოს, თავად ფრთიანი ანგელოზები არიან და არაფერი დაუშავებიათ ისევე, როგორც წინა ხელისუფლება იმ დანაშაულებში, რასაც თვითონვე ჩაუყარა საფუძველი, დღევანდელ ხელისუფლებას ამხელს. აი, ამ აბსურდის ბაზაზე, მიშა და ბიძინა რომ ხელს ჩამოართმევენ, ჩვენ ამით კმაყოფილები უნდა ვიყოთ? ეს იქნება მაფიის ორი ბოსის ერთმანეთში გარიგება რაღაც თემაზე და არა - შერიგება...

- ბატონო გია, ამომრჩევლისთვის ხომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ლიდერები როგორ იქცევიან?..

- ეს მცდარი გაგებაა. ამომრჩევლისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თამაშის წესებს განსაზღვრავს ამომრჩეველი და არა - პოლიტიკური ლიდერი. პოლიტიკოსი კი არ კარნახობს საზოგადოებას, როგორ მოიქცეს, არამედ, ეს პირიქით ხდება.

- ფიქრობთ, ახლა ხალხისგან დაკვეთა არ მოდის, რომ „დიდი შერიგება“ მოხდეს, არა?

- შერიგებაზე დაკვეთა მოდის, მაგრამ არა იმ წესებით, რა ფორმითაც ამაზე საუბრობს და ფიქრობს პოლიტიკური ელიტა. შერიგებას საფუძვლად უნდა დაედოს ორივე პოლიტიკური ძალის მიერ აღიარება, მონანიება, ბოდიში, პატიება, საყოველთაო ამნისტია და სამომავლოდ სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება, რაც გულისხმობს სანდო მართლმსაჯულებას, დეპოლიტიზირებულ ძალოვან სისტემას, ბიზნესში რეალურ კონკურენციას, უკანონო მოსმენებსა და პოლიტიკურ დევნაზე უარს. ამის პოლიტიკური ნება კი ელიტას არ აქვს.

- ბატონო გია, დემოკრატიულ ქვეყნებში თანაცხოვრობენ იდეოლოგიურად მწვავედ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები. იქ ეს „ფორმულა“ მუშაობს, რაზეც თქვენ საუბრობთ?

- რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებაში იქ ეჭვი არავის ეპარება. შეიძლება, იყოს ულტრამემარჯვენეც და ულტრამემარცხენეც, მაგრამ როდესაც სასამართლოს განაჩენი გამოაქვს, იქ არავინ ამბობს, ეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენიაო. კი, შესაძლოა, რაღაცას აპროტესტებდნენ, მაგრამ ინსტიტუტებისადმი ნდობა არსებობს, ეს არის ჩარჩო. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონკურენცია არ უნდა შეჩერდეს, მათ შორის, მკვეთრი დაპირიპისრება იდეოლოგიური იქნება, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უნდა იყოს და განსაკუთრებით მართლმსაჯულებაშია ეს მნიშვნელოვანი.

ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი ფიქრობს იმ მანკიერი თამაშის წესების შენარჩუნებით პირობით შერიგებაზე, რაც არის მაფიოზური გარიგება.

- ეს იდეა მიხეილ სააკაშვილისგან გაჟღერდა და როგორ ფიქრობთ, რა გათვლა აქვს მესამე პრეზიდენტს, როცა საყოველთაო შერიგებაზე საუბრობს?

- ადამიანი, რომელიც ციხეშია და მისი მხრიდან შერიგებაზეა საუბარი... მოდი, ასე ვთქვათ, რას დებს ამ განცხადებაში, რომ ციხიდან გამოუშვან? ეს არის შერიგების პირობა? ნებისმიერი პოლიტიკოსი ციხიდან გამოშვებას კი არა სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა ითხოვდეს. შერიგებას ყველა პოლიტიკოსი, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, უყურებს საკუთარი გამორჩენის და არა სახელმწიფოებრიობის ფორმირების პრიზმაში.

- სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მე ავიღე შერიგების ვალდებულებაო და საკუთარ სასახლეში, საახალწლო მიღებაზე პოლიტიკოსებიც დაპატიჟა. როგორ ფიქრობთ, გამოუვა პრეზიდენტს „დიდი პოლიტიკური შერიგება“ ?

- ეს ქალი ეპრანჭება ფრანგულ ჟურნალებს და მალე, ალბათ, პოდიუმზეც გამოვა, მაგრამ შინაარსი მის შეთავაზებაში არ არის. მკვდრადშობილია ყველა პროექტი, რაც ამ ქალმა დაიწყო. დიდი ბოდიში, ახლა კი ცოტა „დავარცხნა“ განცხადებები, ეტყობა, ჭკვიანი მრჩეველი მიიყვანა, ყოველ შემთხვევაში, სულელურ განცხადებებს მაინც არ აკეთებს, მაგრამ ის არ არის რეალურად ზეპოლიტიკური და პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა. მისდამი ნდობა ნულოვანია პოლიტიკურ ელიტაშიც და საზოგადოებაშიც. ჩვენ კი არ გვესაუბრება, მისი განცხადებები მიმართულია ევროპისკენ. ზეპოლიტიკური როგორაა? - პოლიტიკურად ანგაჟირებული, არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი, გაუგებრობაში მოყოლილი, საპრეზიდენტო სავარძელში შემთხვევით აღმოჩენილი ქალბატონია და ცარიელი ადგილი საყოველთაო შერიგებას როგორ უნდა უზრუნველყოფდეს, გაუგებარია.

- მოკლედ, მიგაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერავის შეარიგებს?

- ზურაბიშვილი კი არა, ეს შერიგება საერთოდ არ გამოვა, თუ საფუძველი არ შეიქმნება. თუ სამართლებრივ თამაშის წესებზე ხელისუფალმა ხელი არ მოაწერა, არ გაწმინდა „ავგიას თავლა“ ჩვენი მართლმსაჯულების სახით, უარი არ თქვა ტოტალურ მოსმენებზე, ასევე, სისტემის პოლიტიზირებაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ. შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ხელი ჩამოართვას, მაგრამ ეს ხომ რეალური შერიგება არ იქნება?-  ხვალ ისევ იჩხუბებენ.