„ეს წამოწყება საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება“ - ქართველმა მოსწავლეებმა უნიკალური პროექტი შექმნეს

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 ქართველმა მოსწავლეებმა - დავით რუსიამ, ანი ესართიამ და საბა ხაბურზანიამ უნიკალური გამოგონება შექმნეს, რომელიც თერმულ წყალს ელექტროენერგიად აქცევს. განვითარებისა და სახელმწიფოს დახმარების შემდეგ კი იდეას, რომელიც პატარა მეცნიერებმა რეალობად აქციეს, ქვეყნის დენით მომარაგება შეუძლია. პროექტით, სახელადთერმული წყლები“, ისინი 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩისგამარჯვებულები გახდნენ და კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვეს. დავით რუსია ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლაპროგრესში” მეათე კლასში სწავლობს, მისი გუნდის წევრებისაბა ხაბურზანია და ანი ესართია კი სენაკის წმ. ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები არიან.

ვერსიადაინტერესდა, როგორ შეიქმნა პროექტი, რატომაა ის ინოვაციური და რა გეგმები აქვთ  მის გამომგონებლებს, რის შესახებაც ერთ-ერთ მათგანს, დავით რუსიას, ესაუბრა:

_დავით, როგორ შეიქმნა თქვენი გუნდი?

_მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სკოლები თანამშრომლობს „სტემის აკადემიასთან“, რომლის მეშვეობით გავიცანით ერთმანეთი და უამრავ რამეს ვსწავლობთ. ჩვენ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ, მე ბათუმში, დანარჩენები კი სენაკში, მაგრამ „სტემის“ გაკვეთილები გვაერთიანებს. 2021 წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ, „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში მიგვეღო მონაწილეობა და ასე შეიქმნა ჩვენი გუნდი, რომლის წევრები ვართ მე, საბა ხაბურზანია, ანი ესართია და ჩვენი მენტორი, უტა კილასონია. დისკუსიებს ძირითადად ონლაინ რეჟიმში ვატარებთ, მაგრამ ზოგჯერ შეხვედრაც გვიწევს. 1 წელი ვმუშაობდით პროექტზე და კონკურსში პირველი ადგილი მოვიპოვეთ.

_პროექტი შესახებ მოგვიყევით, როგორ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას თქვენს მიერ შექმნილი მოწყობილობა?

_პროექტის სახელწოდებაა „თერმული წყლები“, ეს გულისხმობს ალტერნატიული ენერგიის მიღებას, რომელიც მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადია. ჩვენ გამოვიყენეთ პელტეს ელემენტები, ისინი მოთავსებულია ორ კვადრატულ მილს შორის, ერთ მხარეს გადის ცივი წყალი მეორეში კი - ცხელი, ამ წყლების პოტენციალთა სხვაობა გვაძლევს ძაბვას. მიღებული სიმძლავრე დამოკიდებულია ელპიარის ელემენტების რაოდენობაზე, რაც უფრო მეტი ელემენტი გვექნება, მით მეტ ენერგიას გამოვიმუშავებთ.

_დავით, რით არის თქვენი პროექტი ინოვაციური?

_მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არსებობს 308-ზე მეტი თერმული წყლის საბადო, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ფუჭად იხარჯება და სრულიად გამოუყენებლია. სწორედ ამიტომაა ჩვენი პროექტი ინოვაციური. ასევე, პელტეს ელემენტი, რაც გამოვიყენეთ თერმულ წყალთან მიმართებაში, არავის გამოუყენებია. ის ასევე არ მოითხოვს ბუნებაში ზედმეტად ჩარევას და არის ეკოლოგიურად სუფთა.

_როგორ წარმოიშვა იდეა და რატომ მაინცდამაინც თერმული წყლები?

_იდეა ონლაინ შეხვედრების დროს გაგვიჩნდა, როდესაც ერთად ვმუშაობდით. როგორც აღვნიშნე, ჩვენ „სტემის აკადემია“ გვაერთიანებს და ამავდროულად განცხადება შეტანილი გვქონდა „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ. ერთ-ერთ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა რაიმე ისეთი, რომლის მეშვეობითაც გამოვიყენებდით მდიდარ ბუნებრივ რესურსებს, რომელიც ფუჭად იხარჯებოდა. ჩვენი პროექტი არის უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა და არ საჭიროებს ბუნებაში მავნე ჩარევას, მაგალითად, ჰესი ან ქარის ტურბინები უამრავ რესურსს და ადგილს მოითხოვს, ისინი აზიანებენ როგორც ბუნებას, ისე - ადამიანებს. ასევე, ჩვენს გამოგონებას შეგვიძლია, დავამატოთ მზის პანელები, რაც უკეთეს შედეგს მოგვცემს. ეს წამოწყება საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება რადგან, ენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, ამ პროექტის მეშვეობით კი შესაძლებელი იქნება ეს შეიცვალოს.

_რა სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენს პროექტს ადამიანებისთვის?

_მჯერა, პროექტის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს მოსახლეობის როგორც ელექტროენერგიით, ასევე ცხელი და ცივი წლის რესურსით მომარაგება. მაღალმთიან რეგიონებში ენერგიის დეფიციტია და არა მარტო იქ, ამიტომ პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს, უამრავი მიმართულებით გამოვიყენოთ ეს რესურსი.  ეს იყო პროექტის მიზანიც, რომ სასარგებლო ყოფილიყო ჩვენი გამოგონება.

_ახლა რა ეტაპზე ხართ?

_ეს არ არის დასასრული, ჩვენ ვაპირებთ განვავითაროთ პროექტი, რათა უფრო ეფექტური იყოს და გვინდა, რეალურად დაინერგოს ის. ეს იყო მინი მოდელი იმის შემდეგომ, რაც შეიძლება შეიქმნას. ახლა ველოდებით პროექტის პატენტს, რათა ის რეალურად იყოს დანერგილი და  დამტკიცებული. შემდეგ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

_როგორ ფიქრობ, რა პრობლემების წინაშე დგას ბუნებრივი რესურსები და რის გამოსწორებას ისურვებდი ქვეყანაში?

_პროექტით იმიტომ წამოვიწყეთ, რომ მდიდარი ბუნებრივი რესურსები ფუჭად იხარჯება და არ გამოიყენება, რითაც დიდ პოტენციალს ვკარგავთ მეცნიერების და სხვა უამრავ დარგში. ვფიქრობ, რაც ბუნებრვად გვეძლევა, ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ ბუნება არ დავაზიანოთ. უდიდესი პრობლემაა გარემოს დანაგვიანება, რაც აისახება ადმაიანებზე და დიდ ზიანს აყენებს მათ. მინდა, რომ ეს ასე თუ ისე აღმოიფხვრას ახლო მომავალში, თორემ უფრო დიდ ზიანს მოგვიტანს ვიდრე წარმოგვიდგენია.

_ინტერვიუს დასასრულს, მოგვიყევი შენს შესახებ... როგორი მოსწავლე ხარ, რა არის შენი ჰობი და რა გეგმები გაქვს?

_ძალიან მიყვარს საბუნებისმეტყველო საგნები და არა მარტო... რამდენად ირონიულიც არ უნდა იყოს, ჩემი საყვარელი საგნებია გეოგრაფია, ისტორია, ფიზიკა და ბიოლოგია. 2 წლის წინ გავწევრიანდი „სტემის აკადემიაში“, სიყვარული გამიჩნდა ამ აკდემიის მიმართ, რადგან „სტემი“ გვაძლევს საშუალებას, დაგროვებული ცოდნა პრაქტიკულად გამოვიყენოთ. ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ, რა პროფესიას ავირჩევ, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ თემატიკას გავყვები. ასევე, ბევრი ჰობი მაქვს, მიყვარს სპორტი, კოლექციონერობა და ცეკვა...