რამდენი ათასი ლარი შესწირეს ოპოზიციურ პარტიებს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არიან გახარიას, ხაზარაძისა და ბოკერიას პარტიების შემომწირველები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტმა, გიორგი გახარიას ახლადშექმნილი პარტიის შემოწირულობა გაასაჯაროვა. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ ექსპრემიერის პარტიამ „საქართველოსთვის“, 2020 წლის ივნისში, მთლიანობაში 139 716 ლარის შემოწირულობა მიიღო. „ვერსია“ დაინტერესდა, რა ოდენობის დაფინანსება მიიღეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით და ვინ არიან მათი შემომწირველები. ვიდრე დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს პარტია „გირჩის“ და გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფინანსური მონაცემები. „ვერსიამ“ გაარკვია, რომ „გირჩი“ აუდიტის სამსახურს შეგნებულად არ უგზავნის ინფორმაციას, რაც რბილად რომ ვთქვათ, კანონდარღვევაა. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, როგორც ჩანს, 2021 წლის განმავლობაში ანუ იანვრიდან დღემდე, მის პარტიას შემოწირულობა არ მიუღია.  

 

გახარიას „საქართველოსთვის“

მართალია, ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პარტია „საქართველოსთვის“ 29 მაისს დარეგისტრირა, მაგრამ შემომწირველები უკვე ჰყავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტმა გახარიას პარტიის ივნისის შემოწირულობები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ წინა თვეში, ექსპრემიერის პარტიას 139 000 ლარზე მეტი შესწირეს. ყველაზე მსხვილი შემომწირველები კი მისივე თანაპარტიელები - ბერდია სიჭინავა, ალექსანდრე მოწერელია და გიორგი ხოჯევანიშვილი არიან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე, გიორგი გახარიას პარტიის შემოწირულობებთან დაკავშირებით, „ვერსიამ“ სრულყოფილი ინფორმაცია მოიპოვა. უწყებამ ორი თვის - მაისისა და ივნისის შემოწირულობები გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მაისსა და ივნისში, ექსპრემიერის პარტიამ 139 716 ლარის შემოწირულობა მიიღო:

დავით ფარცვანია - 2 125 ლარი; ნიკოლოზ ბარამაშვილი - 19 942 ლარი; ერასტი ელიჯარაშვილი - 2 100 ლარი; ნიკოლოზ ბარამაშვილი - 3 000 ლარი; ნიკოლოზ ბარამაშვილი - 600 ლარი; ანა ბუჩუკური - 5 000 ლარი; გიორგი გოგუაძე - 5 000 ლარი; გიორგი ჭანტურია - 368 ლარი; გიორგი ჭანტურია - 1 105 ლარი; ნიკოლოზ ბარამაშვილი - 240 ლარი; ნიკოლოზ ბარამაშვილი - 413 ლარი; გიორგი ჭანტურია - 2 604 ლარი; ალექსანდრე მოწერელია - 25 000 ლარი; სოფიო მდინარაძე - 1 248 ლარი; გიორგი ხოჯევანიშვილი - 25 000 ლარი; გიორგი ჭანტურია - 1 989 ლარი; აკაკი გვიანიძე - 600 ლარი; აკაკი გვიანიძე - 1 200 ლარი; გიორგი ჭანტურია - 2 479 ლარი; ედიშერ გორგილაძე - 4 000 ლარი; ტატო ედიშერაშვილი - 1 2000 ლარი; ბერდია სიჭინავა - 34 503 ლარი.

ახლა ვნახოთ, ვინ არიან გახარიას პარტიის მსხვილი შემომწირველები. ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილეა. მან თანამდებობა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დატოვა, მოგვიანებით კი ექსპრემიერის პარტიაშიც გაწევრიანდა. 2021 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, „ვერსიამ“ გაარკვია, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ყველაზე მსხვილი შემომწირველის, ბერდია სიჭინავას ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ ხელფასი იყო. 2020 წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობისას, ანაზღაურების სახით, ბერდია სიჭინავამ 68 907 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ალექსანდრე მოწერელიას, ის ახლა პარლამენტის წევრია. 2018-2020 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მოწერელია სახელმწიფო რწმუნებული იყო. „ვერსიის“ მკითხველებმა კარგად იციან, რომ გუბერნატორად დანიშვნამდე, ალექსანდრე მოწერელია „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებზე დაყრდნობით, მოწერელია წილებს ფლობდა შემდეგ კომპანიებში: „ქაპ ჯორჯია“, „ფიმა ჯორჯია“ და „აერკომპანი“. 2020 წლის დეკლარაციის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში, მიწის ნაკვეთებს - ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ბინას - ბრატისლავაში და მსუბუქ ავტომანქანას.

გახარიას პარტიის კიდევ ერთი შემომწირველი, გიორგი ხოჯევანიშვილი 2018-2020 წლებში, შიდა ქართლის გუბერნატორი იყო, 2020 წლიდან კი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. 2011-2013 წლებში, სასჯელაღსრულების სამინისტროში, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ კი კომპანია „მაგთიკომში“ საქმიანობდა.

ნიკოლოზ ბარამაშვილი შპს „ვესთის“ დირექტორია. კომპანია სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობებს, მთლიანობაში, საგადასახადო კონსულტირებას ეწევა.

ოთხი ყველაზე მსხვილი შემომწირველის გარდა, პარტია „საქართველოსთვის“ თანხები შესწირეს ბიზნესმენებმა - ტატო ედიშერაშვილმა, ედიშერ გორგილაძემ და პარტიის წევრებმა - დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გოგუაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ ყოფილმა დირექტორმა, დავით ფარცვანიამ, გორის მერის ყოფილმა მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილმა და პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო მდინარაძემ.

 

ხაზარაძის „ლელო საქართველოსთვის“

„ლელო საქართველოსთვის“ შემოწირულობების შესახებ, აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე „ვერსიამ“ იანვარ-ივნისის მონაცემები მოიპოვა. ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ექვს თვეში, მამუკა ხაზარაძის პარტიამ 96 250 ლარის შემოწირულობა მიიღო. უფრო კონკრეტულად, „ლელოს“ ექვსთვიანი შემოწირულობა ასეთია:

ნიკოლოზ შურღაია - 5 000 ლარი; თორნიკე ჯინჭველაშვილი - 3 000 ლარი; თორნიკე ჯინჭველაშვილი - 5 000 ლარი; ნიკოლოზ შურღაია - 5 000 ლარი; შპს „მეგაკო“ – 50 000 ლარი; ნიკოლოზ შურღაია - 5 000 ლარი; კობა ჯლანტიაშვილი - 100 ლარი; ნიკა ხაზარაძე - 400 ლარი; კობა ჯლანტიაშვილი - 50 ლარი; ნიკა ხაზარაძე - 1 200 ლარი; ნიკა ხაზარაძე - 1 500 ლარი; ნიკა ხაზარაძე - 20 000 ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებზე დაყრდნობით, „ვერსიამ“ გაარკვია, რომ მამუკა ხაზარაძის პარტიის მსხვილი შემომწირველია შპს „მეგაკო“, რომლის პარტნიორები მისივე ოჯახის წევრები - ირინე და სოფიო ხაზარაძეები არიან. ისინი ამ კომპანიაში 15-15%-იან წილებს ფლობენ. „მეგაკოს“ დირექტორი და 23.33%-იანი წილის მფლობელია კახა გოგავა. დანარჩენ პარტნიორებს შორის, წილები ასე ნაწილდება: მერაბ გაგუა - 11.67%, კობა თაყაიშვილი - 11.67%, გრიგოლ ლომთაძე - 11.66%, ინგა სვანიძე - 11.67%.

რაც შეეხება ნიკა ხაზარაძეს, ის მამუკა ხაზარაძის შვილია და 2020 წელს, „ლელოს“ 60 000 ლარი შესწირა. ნიკა ხაზარაძე ორი კომპანიის - შპს „ჯორჯიან სოფტვეარ ენთერფრაისისა“ და შპს „ტექ ინვესტმენტს გრუპის“ დირექტორია, ხოლო შპს „ელვისის“, შპს „ვი არ ჰაუს - გლდანი სიტი მოლისა“ და შპს „ტაფი.ჯის“ პარტნიორი გახლავთ.

2020-2021 წლებში, ნიკოლოზ შურღაიამ „ლელოს“ 25 000 ლარი შესწირა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ნიკოლოზ შურღაია შპს „ნშ ფინანსური გადაწყვეტილებების“ პარტნიორია.

რაც შეეხება „ლელოს“ კიდევ ერთ შემომწირველ თორნიკე ჯინჭველეიშვილს, 2020-21 წლებში, მამუკა ხაზარაძის პარტიას მან 48 000 ლარი შესწირა.

 

ბოკერიას „ევროპული საქართველო“    

„ევროპული საქართველოს“ შემოწირულობების შესახებ, „ვერსიამ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე 2021 წლის ივნისის მონაცემები მოიპოვა. ირკვევა, რომ გიგა ბოკერიას პარტიამ წინა თვეში, მთლიანობაში, 15 279 ლარის შემოწირულობა მიიღო. ივნისში „ევროპულ საქართველოს სულ ოთხი შემომწირველი ჯყავდა:

ირმა სტეფნაძე-იაშვილი - 2 613 ლარი; შორენა გარდაფხაძე - 2 613 ლარი; მარიამ მჭედლიძე - 5 553 ლარი; ოთარ კახიძე - 4 500 ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ვერსიამ“ გაარკვია, რომ 2013-დან 2021 წლის ჩათვლით, შორენა გარდაფხაძემ „ევროპულ საქართველოს“, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მთლიანობაში 61 198 ლარი შესწირა. შორენა გარდაფხაძე შპს „მაროკო ჯორჯიას“ დირექტორია.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა შემომწირველმა, მარიამ მჭედლიძემ 2020-2021 წლებში, ამ პარტიას ჯამში 13 700 ლარი შესწირა.

რაც შეეხება ირმა სტეფნაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ის შპს „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2012-დან 2021 წლის ჩათვლით, ირმა სტეფნაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, მთლიანობაში 104 341 ლარი შესწირა.