კორუფციული გარიგების ნიშნები კანონპროექტში - რას წარმოადგენს ლიბანური ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია „ეიჩ ჰუკა“ და რატომ არღვევს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციას“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტის წევრების - დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის, გოჩა ენუქიძისა და ელგუჯა გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივით, შესაძლოა, თამბაქოს აქციზის გადასახადი შემცირდეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს საქართველოში წარმომადგენლობა შეშფოთებას გამოთქვამს. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე „ვერსიასთან“ ინტერვიუში გაერო-ს პოზიციას სრულად ეთანხმება და იმედოვნებს, რომ პარლამენტი ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. მეტიც, მისი თქმით, დღევანდელი დაბეგვრის რეჟიმითაც კი, თუთუნზე გადასახადი სამჯერ ნაკლებია, ვიდრე სიგარეტზე. ცვლილება კანონპროექტში საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 4 მარტს დაინიცირდა.

 

რამ აღაშფოთა გაერო

პასუხი მარტივია - საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების იმ პროექტმა აღაშფოთა, რომლითაც თამბაქოზე აქციზის გადასახადი უნდა შემცირდეს. გაერო-ში აცხადებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად და აღნიშნავენ, რომ თამბაქოს კონტროლის სფეროში ეს ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მეტიც, გაერო-ს საქართველოში წარმომადგენლობას მიაჩნია, რომ ცვლილება ზიანს მიაყენებს, როგორც საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე, ქვეყნის ეკონომიკას. რაც მთავარია, ეს ცვლილება მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის ბიზნეს-ინტერესებს ემსახურება.

გაერო-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2017-19 წლებში, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, ამ მდგომარეობის გამოსწორება, მათი შეფასებით, თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტური პოლიტიკის გრძელვადიან განხორციელებას მოითხოვს.

________________________

________________________

გაერო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილება არ დაამტკიცოს და, შემცირების ნაცვლად, გადასახადები თანაბრად გაზარდოს თამბაქოს ყველა ნაწარმზე!

________________________

________________________

 

კანონპროექტის თანახმად, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე უნდა შემცირდეს თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.

საკანონმდებლო ინიციატორების აზრით, კანონპროექტის მიზანია, ადგილობრივი წარმოების დაცვა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება.

მართალია, ამ ცვლილებებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად, დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება, თუმცა დეპუტატების აზრით, აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგი, ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და ამის შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე დაკომპენსირდება.

დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ეს იმიტომ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახდო წელი 1 იანვრიდან იწყება.

 

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კანონპროექტის წინააღმდეგ

კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, „ვერსია“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელს, გიორგი ბახტურიძეს ესაუბრა.

 

- ბატონო გიორგი, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გადასახადის შემცირება?

- დიდი მადლობა კითხვისთვის. ჯერ ეს საკანონმდებლო წინადადებაა მხოლოდ და იმედი გვაქვს, პარლამენტი არ დაუჭერს კონკრეტული ბიზნეს-სუბიექტების ფინანსური ინტერესების გამტარებელ კანონპროექტს მხარს. აქციზი თამბაქოს ნაწარმზე 2019 წლის ნოემბრიდან არ შეცვლილა. თამბაქოს კომპანიები კი ყოველკვარტალურად ახდენენ ფასების ჭარბ მატებას პროდუქტებზე და იზრდიან მოგების მარჟას. ვინც ზარალდება ამ პროცესისაგან, არის სახელმწიფო და მწეველთა ოჯახები. ერთადერთი „სარგებელი“, რაც ამ პროდუქტისაგან საზოგადოებამ უნდა მიიღოს, არის მაღალი გადასახადებით მაქსიმალური შემოსავლების მიღება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბიუჯეტი კი მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს პრევენციულ ზომებს და მოწევის შეწყვეტის სერვისების განვითარებას ქვეყანაში, რაც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ დონეზეა.

_________________

_________________

ამ ცვლილების რეალურად განხორციელება ქვეყანას დააბრუნებს იმ სიტუაციაში, რაც გვქონდა 2019 წელს, როცა თუთუნზე დაბალი გადასახადის გამო, მისი მოხმარება ათჯერ გაიზარდა!

დღევანდელი დაბეგვრის რეჟიმითაც კი, თუთუნზე გადასახადი სამჯერ ნაკლებია ვიდრე სიგარეტზე.

_____________________

_____________________

 

თამბაქოს ნედლეულის გაიაფება ორიენტირებულია მთავარი ადგილობრივი ბიზნეს-სუბიექტის „თბილისის თამბაქოს“ მოგების გაზრდაზე, რომელიც მხოლოდ იმპორტირებულ ნედლეულზე მუშაობს. ამ ცვლილებას არანაირი კავშირი არ აქვს თუთუნის მომყვან ფერმერებთან, რომლებიც ისედაც გათავისუფლებულები არიან გადასახადებისაგან. შესაბამისად, სიცრუეა ის მოტივი, რასაც ამ ცვლილებების ინიციატორები საზოგადებას ეუბნებიან. ეს ნაწილი უფრო გათვლილია წინასაარჩევნო პიარზე.

_________________________

_________________________

 

ამასთან, არა მხოლოდ თუთუნზე, არამედ, საჩილიმე თუთუნზეც ხდება გადასახადის კლების ინიცირება, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ლიბანური ინვესტიციით დაფუძნებულ კომპანიაზე - შპს „ეიჩ ჰუკაზე“, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ჩილიმის არომატების დამზადება ქობულეთში და რომელსაც ინტენსიურად აფინანსებს სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“, რაც ასევე ეწინააღმდეგება „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით“ ნაკისრ ვალდებულებებს.

__________________________

__________________________

 

მესამე ფაქტორი არის ის, რომ „ფილიპ მორისის“ მიერ შეძენილი შვედური „სნუსის“ მწარმოებელი კომპანიის ნაწარმი ინტენსიურად შემოდის რეგიონში, ჩვენთანაც და მასზე, როგორც საღეჭ თამბაქოზე გადასახადის დაკლება მნიშვნელოვნად გაზრდის მის პოპულარობასა და მოხმარებას ბავშვებსა და ახალგაზრდებში, როგორც ეს იმ ქვეყნებში მოხდა, სადაც უკვე ფართოდაა გავრცელებული.

_____________________

_____________________

აღნიშნული ინიციატივა აშკარად შეიცავს კონკრეტულ კომპანიებთან კორუფციული გარიგების ნიშნებსა და მათთან კონკრეტული პოლიტიკოსების ფინანსურ დაინტერესებას!

_____________________

_____________________

 

- იზიარებთ თუ არა გაერო-ს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება დააზიანებს არა მარტო მოსახლეობის ჯანმრთელობას, არამედ, ქვეყნის ეკონომიკასაც?

- სავსებით ვიზიარებთ, რადგან ეს დაგვაბრუნებს თუთუნიზაციის ეპოქასთან. ამით მოსახლეობის ჯანმრთელობაც დამძიმდება და საბიუჯეტო შემოსავლების დიდ ნაწილს დაკარგავს სახელმწიფო, მაგრამ მოგებულები დარჩებიან ის ჩინოვნიკები, რომლებიც ამ საკითხს ლობირებენ ხელისუფლებაში და ის ზემოაღნიშნული კონკრეტული კომპანიები, რომელთა დაკვეთითაც აპირებენ ამ ცვლილებების გატარებას.

- გაერო-ში იმასაც აცხადებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის სფეროში უკან გადადგმული ნაბიჯია და რეალურად, მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის ბიზნეს-ინტერესებს ემსახურება, ეთანხმებით?

- აბსოლუტურად ვეთანხმები და ეს პროცესი გაზრდის ამ ლეტალური პროდუქტის მოხმარებას, როგორც ზოგადად მოსახლეობაში, ასევე, არამწეველ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომლებიც ამ ნარკოტიკზე დამოკიდებულები გახდებიან. რაც შეეხება კონკრეტულ ბიზნეს-ინტერესებს, ესეც ნათელია და ამის მაგალითები ზემოთ მოვიყვანეთ ანუ სახეზე გვაქვს კორუფციული გარიგების კლასიკური სქემა, რომლის მიღება დაადასტურებს ჩვენს საფუძვლიან ეჭვებს.

- კანონპოროექტის ინიციატორების მოსაზრებით, ამ ცვლილებების მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, ლეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების საშუალება. ასეა?

- ერთადერთი ადგილობრივი მსხვილი საწარმო არსებობს მხოლოდ საქართველოში, რომელიც მხოლოდ იმპორტულ ნედლეულზე მუშაობს, მას გაეზრდება მოგება და ამიტომაა, რომ ლობირებენ კონკრეტული ჩინოვნიკები. მეორე ადგილობრივი საწარმო ჩილიმის არომატებზე მუშაობს, როგორც მოგახსენეთ და იქაც კონკრეტული მაღალჩინოსნების ფინანსური ინტერესია, რომ მოგება გაეზარდოთ მათი ოჯახის წევრებს, ხოლო დაზარალდეს სახლემწიფო ბიუჯეტი, რაც თანამდებობრივი დანაშაულია. ნორმალურ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოები გამოიკვლევდნენ ამ საკითხს და კორუფციაში მონაწილე ჩინოვნიკებს აგებინებდნენ პასუხს.

__________________________

__________________________

 

თუმცა წინა ჯერზეც, როცა დავით სონღულაშივილი, ისკო დასენი და სხვა ოდიოზური ფიგურები გაურიგდნენ „ფილიპ მორისს“ და მისი კონკრეტული ბრენდი ამოიღეს სადა შეფუთვის რეგულაციიდან, მივმართეთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს და რეაგირება არ მოჰყოლია. ვფიქრობთ, ახლა საფუძვლიანად შეისწავლიან კორუფციის აშკარა ნიშნების შემცველ ამ ფაქტს და დაიწყებენ შესაბამის გამოძიებას.

________________________

________________________

 

გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში კვლავ უამრავი ტყუილი ფიქსირდება, როგორც სადა შეფუთვის გადავადების კანონპროექტების შემთხვევაში. კერძოდ,  ურცხვად არის გაცხადებული, რომ წარმოდგენილი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას და ევროასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება 2011/64EU და 2014/40EU ევროდირექტივებს, ევროასოცირების შეთანხმების 283-ე, 356-ე, მუხლებსა და შესაბამისი დანართების მოთხოვნებს.

ასევე, კანონპროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის“ მე-6 მუხლის მოთხოვნებთან და მისი აღსრულების გაიდლაინთან.

კანონპროექტი ზეგავლენას ახდენს ,ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან გადასახადების შემცირება ხელმისაწვდომს გახდის ამ ლეტალურ პროდუქტს ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისათვის როგორებიც არიან ბავშვები და მოზარდები.

კანონპროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „თამბაქოს კონტროლის 2021-2025 წლების სტრატეგიასთან“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენმა ორგანზიაციამ მოამზადა ალტერნატული კანონპროექტი, რომელიც 18 მარტს, პარლამენტს გადაეგზავნა. ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა ტიპის თამბაქოს ნაწარმსა და ნედლეულზე გათანაბრდება გადასახადები, რაც შეამცირებს თამბაქოს ერთი ლეტალური პროდუქტიდან მეორე ლეტალურ პროდუქტზე გადასვლის ალბათობას, ასევე, შეამცირებს მოხმარებას და დამატებით, მინიმუმ, 400 მილიონი ლარის შემოსავალს მისცემს ქვეყნის ბიუჯეტს.

იმედი გვაქვს, წინასაარჩევნოდ მაინც გააკეთებს ხელისუფლება ჯანსაღ არჩევანს და უარს იტყვის კონკრეტული ბიზნესის ფინანსური ინტერესის დაკმაყოფილებაზე, მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ჯანმრთელობის ინტერესების სანაცვლოდ.

 

ავტორი-მაკა რუხაძე