ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კრისტიან დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს. გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან, შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება იქნება შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„კრისტიან დანიელსონი იმყოფება ვიზიტით საქართველოში. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო გულწრფელი მადლიერებით ევროპული პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ, მისი ჩართულობა არ არის სისტემატიური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. სწორედ შარლ მიშელის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ადასტურებს და ხაზს უსვამს ევროკავშირის ინტერესს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ნდობის გამოხატულებაა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ყველა აქტორს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. ასეთივე პათოსითა და სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით გამსჭვალული უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. მინდა, სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი პარტიის სახელით, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის, ოპოზიციასთან არა ერთი შეხვედრის დროს. მინდა, დღევანდელ დღეს ამ შეხვედრის შემდეგ დავადასტურო აღნიშნული მზაობა. კრისტიან დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განმარტა, რომ ოპოზიციასთან დიალოგში მმართველი პარტიის მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ასევე ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა პირველი განმარტება გააკეთა გავრცელებულ ჩანაწერებზე:

„ჩვენ კარგად ვიცით, რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია და კარგად ვიცით, საიდან და ვისგან მომდინარეობს ეს პროვოკაცია. ეს, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, მით უმეტეს, როდესაც გამოიკვეთა რეალური კონტურები შეთანხმების მიღწევის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სწორედ მაშინ გამოიყენეს ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე და ფაბრიკაცია“

მისი თქმით, ეს არის ყოვლად მიუღებელი და დასაგმობი როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.

„იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი და კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და „ტვ პირველთან“ დაკავშირებულ მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი:

 

„რაც შეეხება „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და ეს არის აბსურდი. არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთვარობის მხრიდან.

მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ ჩვენ დღეს ვართ 2021 წელს, ეს არის არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედის“ დარბევა და შეჭრა „იმედში“. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს.

აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.