კობა ხაბაზი: „თუ მიტინგზე 100 000 ადამიანი ვერ გამოგყავს, ამას ხალხს ნუ აბრალებ, ეს შენი ბრალია!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვებიდან

 სანამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მწვავე პოლიტიკური მოლაპარაკებები დასრულდება, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 20-მდე კარავია გაშლილი - რამდენიმე თვეა, ადამიანები, პროტესტის ნიშნად, ქუჩაში ათენ-აღამებენ და ხელისუფლების მიმართ კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ. როგორია კარავში მყოფი ადამიანების მოსაზრება იმ დიპლომატიურ მოლაპარაკებაზე, რომელიც მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის ახლაც მიმდინარეობს და რა შედეგს ელოდებიან? – „ვერსია“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ კობა ხაბაზს ესაუბრა, რომელიც მეექვსე თვეა, ქუჩაში, კარავში ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ ამგვარი წინააღმდეგობის მოძრაობით ხელისუფლებას აიძულებს, დათმობაზე წავიდეს.

 - ბატონო კობა, მეექვსე თვეა, ჯერ ბათუმში, ახლა კი თბილისში, ფაქტობრივად, ქუჩაში ცხოვრობთ. ამიხსენით, რატომ აირჩიეთ პროტესტის ეს ფორმა და, საერთოდ, როგორია ცხოვრება კარავში?

- კარავში არჩევნების შემდეგ ვარ - როგორც კი შედეგები გამოცხადდა, ერთდროულად, თბილისსა და ბათუმში, დიდი აქცია ჩატარდა. ბათუმის აქციის შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ კარავი გავშალეთ. არჩევნების ტოტალური გაყალბება აჭარაში ორმაგი იყო, რადგან საპარლამენტოსთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდა.

რატომ ავირჩიე კარავი? - თუ ამბობ, არჩევნები გაყალბდაო და პარლამენტში არ შედიხარ, თავისთავად, წინააღმდეგობის მოძრაობასა და ქუჩას ირჩევ. ცდილობ, მოახდინო ზეწოლა ხელისუფლებაზე, გამყალბებლებზე და აიძულო, რომ ვადამდელი არჩევნებისა და სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად წამოვიდნენ. აქედან გამომდინარე, გადავინაცვლე კარავში. ეს ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა იმიტომ, რომ ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, 30 წლის განმავლობაში, ძალიან ხშირად მიწევდა კარავში ყოფნა. გარდა ამისა, ზურგზე კარავმოკიდებულს, მთელი საქართველო მოვლილი მაქვს და კარავში ყოფნა ჩემთვის, ლამის, მშობლიურია (იცინის)... ამით დისკომფორტს ნამდვილად არ ვგრძნობ, ერთადერთი დისკომფორტი ჩემთვის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა, რომელიც  რუსული პოლიტიკის გამტარებელია. ვერ შევეგუები და ვერ ავიტან, რომ ჩემს ქვეყანას ოკუპანტის ხელდასმული ლაქიები მართავდნენ!

- სხვათა შორის, ოპოზიციის ზოგ ლიდერს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ქუჩის პროტესტს არ უერთდებიან და მაშინ, როცა თანამოაზრეებთან ერთად, სიცივეში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავთ, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან...

- ქუჩის პროტესტი და წინააღმდეგობა ის არის, რისი მეშვეობითაც, კაცობრიობას ყველაფერ ღირებულისთვის მიუღწევია, დაწყებული - ადამიანის უფლებებიდან, დამთავრებული - დემოკრატიული ღირებულებებით. ყველაფერი, ყოველთვის, ქუჩის პროტესტითაა მიღწეული! პროტესტს შედეგი ყოველთვის მოაქვს. ასე რომ, იმ ადამიანების გასაგონად, ვისთვისაც ქუჩის საპროტესტო აქციები მიუღებელია, გავიმეორებ: ყველაფერი ღირებული, მიღწეულია პროტესტის ამ ფორმით. არიან პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათი ადგილი კარავში არაა და ტრიბუნასთან, ან მოლაპარაკებებზე უნდა იყვნენ. ამაში ჩემთვის საგანგაშო არაფერია. მიუღებელი მხოლოდ ისაა, ისინი თუ ამბობენ, თქვენ არ უნდა იყოთ კარავშიო. არიან ადამიანები, რომელთაც უკეთ, ვთქვათ, დიპლომატია შეუძლიათ და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მიმართულებით უნდა ვაწარმოოთ ხელისუფლებაზე ზეწოლა.

მოკლედ, შეცდომა იქნება აქცენტის გაკეთება, რომ შედეგს მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებებით ან მხოლოდ ქუჩის პროტესტით მივაღწევთ. სამწუხაროდ, ვხედავ მიუღებლობას ორივე მხარეს, არადა, გამარჯვების ფორმულა, სწორედ ამ ორი მიმართულების სინთეზშია. დამერწმუნეთ, ნებისმიერ დიპლომატიურ მოლაპარაკებას, ქუჩაში მძლავრი საპროტესტო მოძრაობა ამყარებს და პირიქით.

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გადამწყვეტი ეტაპია და საინტერესოა თქვენი, კარავში მყოფი ადამიანების, პოზიცია - როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც კარავებს დაშლით, შინ წახვალთ და იტყვით, მიზანს მივაღწიეთო?

- ექვსი თვე მე და ჩემი მეგობრები კარავში არ ვართ პლებისციტის მოთხოვნით! ამ დროის განმავლობაში ქუჩაში არ ვართ იმიტომ, რომ შევნიღბოთ, ან გავაკეთილშობილოთ ის ბოროტება, რომელიც ხელისუფლებაშია დაბუდებული. გვაქვს სამი კონკრეტული მოთხოვნა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ნებისმიერი სხვა ფორმატის მოლაპარაკება ჩვენთვის მიუღებელია, რადგან არ შეიძლება, გამყალბებელ ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი მისცე! ჩვენი გზავნილი, ვინც საპროტესტო აქციაზე ვართ, მარტივია: ან ვიღებთ შედეგს, ან ყველა უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და ვაიძულოთ ხელისუფლება, წამოვიდეს დათმობაზე. ქუჩაში გამოსვლით მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს. აქ რევოლუციაზე არაა ლაპარაკი, საუბარია იმაზე, რომ როდესაც ქუჩაში 10 000, ან 100 000 ადამიანი დგას, ხელისუფლებაში აუცილებლად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ასე ჩაირთვება ხელისუფლების ჩამოშლის მექანიზმი.

- კი, მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ ხალხი ქუჩაში მასშტაბურად გამოვა? ზოგი ამბობს, რომ ადამიანებს ე.წ. მოძველებული პოლიტიკური სახეები მობეზრდათ და ქუჩის აქციებსაც ამიტომ არ უერთდებიან...

- ორ ძალიან მარტივ ფორმულას გეტყვით, რაშიც ეჭვი არასდროს შემპარვია: ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ხელს გაიშვერს და იტყვის, ხალხი არ გამოდისო, მწარედაა მოტყუებული ან უსინდისოა. ხალხი თუ არ გამოდის, პოლიტიკოსებმა საკუთარ თავს დააბრალონ და სხვას - არავის. ყველა არჩევნებში მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ოპოზიციას ხმა. ამ მილიონის 10% სოციალურად აქტიურია და თუ მიტინგზე 100 000 ადამიანი ვერ გამოგყავს, ხალხს ნუ აბრალებ, ეს შენი ბრალია. ე.ი. ცუდად აკეთებ საქმეს, კეთილი ინებე, გაიწიე და გზა დაუთმე იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს შეუძლიათ. ნუ წუწუნებ და ხალხისკენ ნუ იშვერ ხელს! აქ არ ვგულისხმობ ახალ სახეებს, დრო თავისთავად მოიყვანს ასეთ ლიდერებს. თუ ხალხის დაკვეთა იქნება, აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი ლიდერები, რომელთაც დღესაც ვხედავ წინააღმდეგობის მოძრაობაში.

- მოკლედ, ბატონო კობა, ამ სამი პუნქტიდან ერთიც რომ არ დაკმაყოფილდეს, სახლში წასვლას არ აპირებთ, არა? 

- საუბარია წითელ ხაზებზე. მოდი, შევხედოთ ამ მოთხოვნებს და დავსვათ კითხვა - გვაქვს თუ არა უკან დასახევი? მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით, გვაქვს უფლება, რომ პოლიტიკურ ბატალიებზე, არჩევნებზე ვილაპარაკოთ და ამ დროს ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ პოლიტპატიმრები? - არა! თუ დავტოვებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და იგივე საარჩევნო კანონმდებლობას, აზრი ეკარგება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას.

რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩენებს, შევეგუოთ გაყალბებულ ხელისუფლებას და ოთხი წელი ვითმინოთ გამყალბებლების მიერ ქვეყნის მართვა? - ვერ შევეგუებით! ეს სამივე მოთხოვნა ისეთი მინიმალური აუცილებლობაა, რომლის გარეშეც, წარმოუდგენელია ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი. ადამიანი, თუ სურს, გაიმარჯვოს, ზნეობრივად უნდა იყოს მართალი!