"საფრთხე ძალიან მაღალია"-ექსპერტები რუსების საქართველოში მასობრივ შესვლაზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მსურველი ადამიანების დაუსრულებელი რიგები "ზემო ლარსის" სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რამდენიმე დღეა არ წყდება. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში სამხედრო "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით, რუსების ნაწილმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

დარწმუნებული ვარ, რომ “ეფ-ეს-ბეს”უკვე გათვალისწინებული აქვს მეტი მოქმედება ჰიბრიდული ომის მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის კიბერ-შეტევებისა და ეთნიკური, თუ რელიგიური კონფლიქტების შექმნის გზით.
რუსეთის მოქალაქეები რამდენიმე მიმართულებით მიდიან. ქვეყნიდან მასობრივი გადინების გამო, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა, ფინეთისა და საქართველოს საზღვრებთან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა გაორმაგდა.

"მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ბოლო ხუთ დღეში [გაიზარდა]... იყო 5,5 ათასი... ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ გაიზარდოს... საჰაერო გზებით და სომხეთიდან ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის... გუშინწინ იყო 11 200 ადამიანი, გუშინ - 10 400, თუ არ ვცდები. გასვლით, გადის შემომსვლელთა დაახლოებით 60 პროცენტი. კრიმინალი შეიძლება ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს, რაც მეტი ადამიანი შემოვა, ალბათობა არის იმის, რომ გაიზარდოს ან შეიძლება არ გაიზარდოს", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში აშფოთებთ, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანას მასობრივად ტოვებენ და ისეთ ქვეყნებში მიემართებიან, როგორიც საქართველოა. ჩვენთან საუბრის დროს დასავლეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ესმით რომ ქვეყნიდან წასულთა ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი, თუმცა ამ ხალხს შორის დიდია შანსი, რომ „აგენტები“ და „ოპორტუნისტები“ იყვნენ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ახლოს აკვირდება, შეშფოთებულია იმით, რომ საქართველოს საზღვარზე შემავალი რუსების განსაკუთრებული კონტროლი არ ხდება.

„საფრთხე ძალიან მაღალია. ის, რომ ისინი ყველანი დისიდენტები არ არიან კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას. ისინი ყველანი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, ან ის ხალხი არ არიან, ვინც იძულებული გახდა, რომ წასულიყო. ისინი შეიძლება იყვნენ ოპორტუნისტები, ხალხი, ვინც კმაყოფილი იყო [პუტინის] რეჟიმით, ვინც სარგებელს იღებდა ამ რეჟიმისგან, ან ვინც ამ რეჟიმისთვის მუშაობდა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ შორის ძალიან ბევრი “ეფ-ეს-ბეს” აგენტი იყოს“, - უთხრა ევროპარლამენტარმა „ამერიკის ხმას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში

ევროპელი პოლიტიკოსი თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეების დეტალურად შემოწმება უმნიშვნელოვანესია. „ახლა ევროპაში განვიხილავთ იმას, თუ როგორ ავიცილოთ ერთი მხრივ ევროპაში, თუ საქართველოში შესვლაზე უარის თქმა და მეორე მხრივ, როგორ შევამოწმოთ ისინი რეალურად უსაფრთხოების მხრივ ჩვენს ქვეყნებში შემოშვებამდე“.

საფრთხე ძალიან მაღალია. ის, რომ ისინი ყველანი დისიდენტები არ არიან, კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგა
26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსში" ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში და ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ბილ ტეილორი თვლის, რომ ამ ადამიანების მიერ ქვეყნის დატოვება რუსეთის სისუსტეზე მიანიშნებს.

„დებატები იმაზე, უნდა შეუშვან თუ არა ახალგაზრდა კაცები, ახალგზარდა რუსები, რომლებსაც მობილიზაციისთვის თავის არიდების სურვილი აქვთ, საქართველოში და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ლეგიტიმურია. თუმცა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს მიანიშნებს იმას, რომ რუსეთი არასწორ
გზაზე დგას და ვერ ახერხებს უკრაინის წინააღმდეგ ომის, ან საქართველოს ოკუპაციის დასაბუთებას“, - ამბობს ელჩი ტეილორი

საქართველოს მთავრობაში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების, ან არსებული სიტუაციის გამო განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ განცხადებები არ გაუკეთებიათ. „ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიოდნენ საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? უარესი მასშტაბით იყო“, - უთხრა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შესვლას პრობლემატურად აღიქვამენ ვაშინგტონში. ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის, გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი ამბობს, რომ „საქართველო რუსებით გავსების საფრთხის წინაშე დგას“.

ესაა მანიშნებელი იმის, რომ რუსეთი არასწორ გზაზე დგას და ვერ ახერხებს უკრაინის წინააღმდეგ ომის, ან საქართველოს ოკუპაციის დასაბუთებას
მოსკოვში მობილიზაციის გამოცხადების და რუსეთის მოქალაქეების ლარსზე მასობრივად გადასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელებში რამდენიმე პეტიცია გამოჩნდა. ქართველების ნაწილი რუსი ვიზიტორებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მოითხოვს, ნაწილი კი ხელისუფლებას ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვას სთხოვს

ბილ ტეილორი და დევიდ კრამერი ქართველების შეშფოთებას „ლეგიტიმურს“ უწოდებენ. „ქართველი ხალხის მხრიდან, სრულიად ლეგიტიმურია შეშფოთება, რომ რუსები იქ ჩადიან. ზოგიერთი ქართველი უკიდურესად შეწუხებულია იმ დამოკიდებულებით, რომელსაც რუსებისგან იღებენ. თუმცა, ქართველები ასევე ხვდებიან, რომ რუსეთი ახლა სისუტეს იჩენს და ხალხი, რომელიც ქვეყანას ტოვებს ომს მხარს არ უჭერს. ისინი უკრაინაში ომის მომხრეები არ არიან. ისინი, ალბათ იმასაც მიანიშნებენ, რომ არ უჭერენ მხარს რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. ესაა მინიშნება ქართველებისთვის, რომ რუსები ახლა გასაჭირში არიან“, - ამბობს ტეილორი.

ვიოლა ფონ კრამონი კი ელჩ ტეილორისგან განსხვავებით, განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს ხედავს და ჰიბრიდული ომის გააქტიურებასაც არ გამორიცავს- „დარწმუნებული ვარ, რომ “ეფ-ეს-ბეს”უკვე გათვალისწინებული აქვს მეტი მოქმედება ჰიბრიდული ომის მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის კიბერ-შეტევებისა და ეთნიკური, თუ რელიგიური კონფლიქტების შექმნის გზით. ამის საშიშროება, განსაკუთრებით საქართველოშია, სადაც რუსული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ჩავიდა მობილიზაციის გამოცხადებამდეც. ვფიქრობ, რთული იქნება საქართველოს მთავრობისთვის იმის ახსნა, თუ როგორ გაუმკლავდეს რუსებს”.

საქართველო რუსებით გავსების საფრთხის წინაშე დგას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, ტურისტულ პერიოდში, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 213 100-მა ადამიანმა გადაკვეთა - საშუალოდ, კვირაში 53,3 ათასმა ადამიანმა. 2019 წელს კი, კორონავირუსის პანდემიამდე, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 169 915-მა გადაკვეთა. ეს კკვირაში საშუალოდ 42,3 ათასი ადამიანია