"ჩემი შვილი, რომელიც დედით ებრაელია, მზადაა, ისრაელისთვის თავი გაწიროს"- სკანდალური ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე დღეა, ისრაელში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ღაზას სექტორიდან იერიშს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ისრაელის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადებას ავრცელებს ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის. რატომ გამწვავდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი სწორედ ახლა და ხომ არ უკავშირდება ეს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესებას? -აღნიშნულ საკითხზე "ვერსია" კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

" რუსეთსა და აშშ-ს შორის ვითარების დაძაბვა არის შემადგენელი იმ პროცესისა, რასაც ჰქვია ახალი წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობა. 1990 წლის შემდეგ, როცა მაშინდელი მსოფლიო წესრიგი დაინგრა, უკვე 30 წელია, აშშ, დასავლეთი ცდილობს, ახალი წესრიგის დამყარებას, მაგრამ გაიზარდა მსოფლიო ძლიერი რეგიონული მოთამაშეების რიცხვი. მაგალითად, თურქეთი დღეს ანგარიშგასაწევია და პოზიციონირებს, როგორც სახელმწიფო, რომელიც რეგიონალურ პოლიტიკას ქმნის. ასევეა არაბული სახელმწიფოების ერთობა. ისრაელი კი ბევრისთვისაა ხელისშემშლელი გარემოება, როგორც აშშ-ის უერთგულესი მოკავშირე და ამის გარდა, სხვა მიზეზებიც არსებობს - მოგეხსენებათ იერუსალიმის თემა და ბევრი სხვა. პალესტინის და ისრაელის დაპირისპირება არაა მხოლოდ ამ ორი სუბიექტის დაპირისპირება. ეს არის რეგიონალური გავლენების ბრძოლა. ისრაელს უპირისპირდება არა მხოლოდ ტრადიციული მოწინააღმდეგე ირანი, რომელიც ჰესბოლას და ჰამასის რაზმებით ებრძვის ისრაელს ღაზას ტერიტორიიდან, არამედ დაპირისპირებულია არაბული სამყაროს ნაწილი და მას დაემატა თურქეთიც. წარმოიდგინეთ, როგორ ალყაშია ისრაელში."

არეშიძის თქმით, ისრაელს, ქვეყნის დაცვის თვალსაზრისით, ჰყავს კარგი გაგებით აგრესიული ხელისუფლება, არმია და საერთოდ ერია ასე მოწყობილი:

"თუ მათ განადგურებაზე მიდგა საქმე, ახლო აღმოსავლეთიდან ქვას ქვაზე არ დატოვებენ და არაა გამორიცხული, ატომური იარაღიც გამოიყენონ, რომელიც აქვთ. ეს, რასაკვირველია, ყველაზე ცუდი სცენარი იქნება, მაგრამ ისინი ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი სახელმწიფოს შესანარჩუნებლად. სახელმწიფო მათი ხატია. პრაქტიკულად, ერის 80% სამხედრო მოსამსახურეა, მათ შორის, ქალებიც. მაგალითად, ჩემი შვილის, გოგონას, განწყობა ვიცი, ისრაელში ცხოვრობს, დედით ებრაელია, მისთვის თავის გაწირვა ისრაელისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მიუხედავად ჩემი შეშფოთებისა. მოკლედ, ისინი არ არიან უკანდამხევი, მაგრამ მოწინააღმდეგეც ასეა, მითუმეტეს, რომ ჰყავს იაფი პალესტინელი მებრძოლები. ამით ცხოვრობენ ისინი.

მოვლენათა განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გონს მოვლენ რეგიონალური მოთამაშეები."