ნაბახუსევი მსაჯი და „ბარსელონას“ მთავარი შეცდომა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნაბახუსევი მსაჯი

კი ამბობენ, ახალ წელს ბრიტანეთში ისე პომპეზურად არ აღნიშნავენ, როგორც ჩვენთან, იქ უფრო შობას ზეიმობენო, მაგრამ ისე ჩანს,  ნაიჯელ ოუენსმა გვარიანად სწორედ 31-ში მოილხინა. 3 იანვარს ამ კაცმა უელსში „სკარლეტსისა“ და „დრაგონსის“ სარაგბო მატჩში იმსაჯა და მეორე ტაიმში, როცა ერთ-ერთი მორაგბესთვის ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, აღმოაჩინა, რომ ბარათები... გასახდელში დარჩა.

მსაჯი იძლებული გახდა, მორაგბე მოედნიდან ხელის გაშვერით გაეძევებინა, პარალელურად, მეოთხე მსაჯს სთხოვა, გასახდელიდან ბარათები მომიტანეო და მოუტანეს კიდეც, თუმცა შეხვედრის ბოლომდე აღარ დასჭირვებია.

 

„ბარსელონას“ მთავარი შეცდომა

სეზონის წინ ლუის სუარესის გუნდიდან გაშვებას „ბარსელონას“ ერთ-ერთ მთავარ შეცდომად უთვლიან და არცთუ უსაფუძვლოდ. ის სასწრაფო წესით მადრიდის „ატლეტიკომ“ აიყვანა და ამ შენაძენით ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს. 33 წლის ურუგვაელი საოცარ ფორმაშია და „ატლეტიკო“ 15 შეხვედრის შემდეგ, 38 ქულით, გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა და მაშინ, როცა „ბარსელონას“ 16 შეხვედრაში მხოლოდ 28 ქულა აქვს. რაც მთავარია, სუარესმა ახალ გუნდში 12 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 9 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

როგორც მაშინ კატალონიური პრესა წერდა, სუარესი მაღალი ხელფასის გამო მოიშორეს, თუმცა ახალ კლუბს მაისურების გაყიდვითა და სხვა რეკლამებით უკვე იმაზე მეტი მოუტანა, რამდენიც უნდა აეღო. იგივეს გაკეთება ლუისს „ბარსაშიც“ შეეძლო, მაგრამ ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სქემაში არ ჩაჯდა.

 

პელეს რეკორდი რონალდუმაც დაამხო

ათიოდე დღის წინ, ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ რიგებში 644-ე გლი გაიტანა და ამ შედეგით ლეგენდარული პელეს მიერ ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების ოდენობა გააუმჯობესა. გასულ უქმეებზე კი ფეხბურთის მეფის კიდევ ერთი რეკორდი დაემხო.

„იუვენტუსის“ რიგებში კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა და შესაბამისად, კარიერაში 757-ე და 758-ე გოლები გაიტანა. ამიერიდან პროფესიონალურ ფეხბურთში გატანილი გოლებით პორტუგალიელზე წინ მხოლოდ ავსტრიელი იოზეფ ბიკანია, რომელსაც 1931-1955 წლებში 805 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, რონალდომ უდინეზესთან დუბლის შემდეგ კიდევ ორი რეკორდი დაამყარა: ის ზედიზედ მე-15 სეზონია ახერხებს საკლუბო და სანაკრებო დონეზე, მინიმუმ, 20 გოლის გატანას და ამავდროულად, ზედიზედ მე-20 წელია, პროფესიონალურ კარიერაში გოლის გატანა მოახერხა (2002-დან 2021 წლამდე).

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა 118 გოლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში გაიტანა, 450 - მადრიდის „რეალში“, 83 – „იუვენტუსში“, 5 – „სპორტინგში“, ხოლო 102 ეროვნულ ნაკრებში.

ბათო ჯაფარიძე