კუმკვატი - ჩინური წარმომავლობის ციტრუსი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კუმკვატი, ანუ იგივე კინკანი - ამ ეგზოტიკური სახელწოდების ციტრუსს, რომელსაც გემოც მეტად ეგზოტიკური აქვს, ჩვენში ჯერჯერობით ცოტა იცნობს. დასავლეთ საქართველოში, სადაც კუმკვატის გასახარებლად შესაფერისი ციტრუსოვანი ზონაა, ის მოსახლეობის მცირე ნაწილს უდგას. კუმკვატს ასევე იცნობენ ძვირად ღირებული სუპერმარკეტების კლიენტები, რომლებსაც აწუხებთ დიაბეტი ან გულის დაავადებები. ისინი კილოგრამ კუმკვატში 45 ლარს იხდიან. იგი ზოგჯერ წვრილი ზომის მანდარინშიც კი შეიძლება შეეშალოს მას, ვისაც ეს ხილი არ უნახავს.

წარმომავლობა და ხილის დახასიათება

კუმკვატი, იგივე კინკანი, ტეგანისებრთა გვარის მარადმწვანე მცენარეა. მას ასევე უწოდებენ ფორტუნელას, ჩინურ მანდარინს. იგი ყველაზე პატარა ზომის ციტრუსისებრთა წარმომადგენელია. ხასხასა ნარინჯისფერი, ოვალური ფორმის ხილი არა უმეტეს 4 სანტიმეტრი სიგრძისაა. მის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება, კერძოდ, სამხრეთ პროვინცია, გუანჩჟოუს რაიონი. აქ ამ ხილის რამდენიმე სახეობა მოჰყავთ. სამხრეთჩინურ დიალექტზე „კუმკვატ“ნიშნავს ოქროსფერ ფორთოხალს. კინკანს ძალიან არომატული ყვავილები აქვს, ამიტომ, ყვავილობის დროს ყველგან მისი სუნი დგას. ოთახის მცენარეთა მოყვარულებს გაახარებს ის ფაქტი, რომ თავისუფლად შეიძლება მისი სახლის პირობებში ქონა, დიდი ქოთნით. იგი ძალიან კარგად ერგება ოთახის პირობებს და ნაყოფსაც იკეთებს.

სახეობები

დღესდღეობით კუმკვატი მსოფლიოს მთელ სუბტროპიკულ ზონაშია გავრცელებული. იგი მოჰყავთ ჩინეთში, იაპონიაში, საბერძნეთში, ფლორიდის შტატში, ისრაელში, აფრიკაში, ავსტრალიასა და საქართველოშიც კი. ამიტომ, ყიდვისას უნდა ვიცოდეთ, საიდანაა შემოტანილი ხილი, თუმცა ამაზე – ცოტა მოგვიანებით.

ბუნებაში კინკანის სულ 6 სახეობა გვხვდება: მალაიზიური, მარუმი, ნაგამი, მეივა, ფუკუში და ჰონგკონგური კუმკვატი, რომელიც ყველაზე პატარა ზომისაა და ამასთან ყველაზე გემრიელი სახეობაა. გასაყიდად შევხვდებით კინკანის უამრავ ჰიბრიდს, მაგალითად, იჩანგკვატს ლიმონისებრს უწოდებენ, კალამანდინს – მანდარინისებრს, ლაიმკვატს – ლაიმის ჰიბრიდს, ციტრანჟკვატს – ფორთოხლისა და ტრიფოლიატის ჰიბრიდს კუმკვატთან ერთად და ა.შ. თითოეულ მათგანს თავისებური არომატიც გააჩნია.

სეზონი

სხვა ციტრუსების მსგავსად, კუმკვატის სეზონი შემოდგომა-ზამთარია, თუმცა ზოგ სახეობას მარტში კრეფენ და შეიძლება გაზაფხულზეც შეგვხვდეს. სამხრეთ ნახევარსფეროზე კუმკვატის სეზონი ჩვენს ზაფხულს ემთხვევა, ასე რომ, მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ამ ხილის მოძიება.

სასარგებლო თვისებები

კუმკვატის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია აზიაში. მას ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. ასევე, შეიცავს ნივთიერება ფურაკუმარინს, რომელიც სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. სხვა ციტრუსების მსგავსად, კუმკვატი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, ებრძვის დეპრესიას, დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობას. რაც მთავარია, ეს მცენარე საუკეთესოიმუნოსტიმულატორს წარმოადგენს. აზიის ქვეყნებში მას ნაბახუსევის საწინააღმდეგოდაც მიირთმევენ.

გამოყენება

ყველა დანარჩენი ციტრუსისგან განსხვავებით, კუმკვატი კანიანად იჭმება, რადგან მას თხელი კანი აქვს, ხოლო კანს მოტკბო გემო გააჩნია, ოდნავ მომწარო, სასიამოვნო ტონებით. მოტკბო-მომჟავო გემოს ნაყოფი ძალიან წვნიანი და არომატულია. კინკანისგან გამოდის შესანიშნავი ცუკატები, ჯემი და მურაბა. ამზადებენ ლიქიორსა და სიროფს. კუმკვატის თანხლებით ამზადებენ ხორციან კერძებს, განსაკუთრებით უხდება იხვსა და ცხვრის ხორცს. კარამელიზებული კუმკვატი კარგია ბრინჯთან, შეიძლება მომზადდეს უგემრიელესი დესერტები და სასმელები.