120 ახალი სტატია

ბროწეულები

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუბენ ჰოვსეფიანი - ცნობილი სომეხი მწერალი, პროზაიკოსი, დრამატურგი და მთარგმნელი

 პაპაჩემი ნეტარებაში იყო, მოხუცებულობის პენსია თვალის დახამხამებაში დაეხარჯა - ბაზარში ერთი კილო თუთუნი, ერთი ხელი საცვალი, მოთალი ყველი და პური ეყიდა, არაყი დაელია და ახლა ის არაყი აქანავებდა. ჭრიალა ტახტზე მჯდარი, შარვლის ღილებსა და ფეხსაცმლის თასმებს ზანტად იხსნიდა, ცხვირში რაღაც სიმღერას ღიღინებდა, რომელიც არც ნაღვლიანი იყო და არც მხიარული, ის თან ნაღვლიანი იყო და თან მხიარული - მზრუნველად შემონახული მოგონება კინტოების დროინდელი თბილისიდან, სადაც პაპას თავისი ახალგაზრდობა სწორედ ისე გაეფლანგა, როგორც აი, ეს მოხუცებულობის პენსია - ჩვენს ნახევარქალაქის ბაზარში.

- ნუ მღერი, პაპა, - წამოვიძახე მე.

- რატომ, აი, შე ძაღლის ძუძუნაწოვო?

- ნუ მღერი, - ვუთხარი, - მეტირება.

მეტირებოდა იმიტომ კი არა, რომ სიმღერა იყო ამატირებელი, არა, ეს ერთი ჩვეულებრივი, არც ნაღვლიანი და არც მხიარული, ეს თან ნაღვლიანი და თან მხიარული სიმღერა იყო, რომელსაც კინტოები ვაშლის გაყიდვისას მღეროდნენ  - „დული იაბლოკი, დული იაბლოკი“... მეტირებოდა იმიტომ, რომ პაპამ - მამაჩემის მამამ, რომლის ერთადერთი შვილიშვილი მე ვიყავი, რომლის თქმითაც, ჩვენი ოჯახის ერთადერთი იმედი მე ვიყავი, მოხუცებულობის პენსია ბოლო კაპიკამდე ისე გამოხარჯა, რომ არც კი გავხსენებივარ. მას შეეძლო, რომ არყის ფულით სახლში, მხოლოდ ხუთი-ექვსი, დიდი ბროწეული მოეტანა და ამდენიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ახლა არ ამტირებოდა.

იცით? მე ზღაპრებს ვთხზავ ანუ არათუ ვთხზავ, არამედ, ვყვები და მე არ მარტო ვყვები, არამედ, ჩემივე შეთხზულ და მოყოლილ ზღაპრებს ვხედავ. ამ ზღაპრებში ბროწეული ყოველთვის არის. ბროწეული მარტო ხილი როდია. ბროწეული ზღაპარია. ბროწეულის მრავალწახნაგა მარცვლები, ეს მბრწყინავი, წითელი მარცვლები ბრილიანტებია, იაგუნდებია, ხოლო ბრილიანტი და იაგუნდი სად გვხვდება? - ზღაპარში.

უკვე მერამდენე დღეა, ხილის მაღაზიაში შევდივარ და ბროწეულის გროვას ვუყურებ. ფიქრში ყველა მათგანს ქერქს ვაცლი და ბროწეულის მარცვლებისგან, სამაჯურსა და ყელსაბამს ვაბნევ...

დღეს გამყიდველმა, ალბათ, მადა რომ აღძვროდა, ერთი დიდი ბროწეული გაჭრა და წვენმა, სისხლის მსგავსად, დახლზე იწვეთა. წითელი წვეთები ისე ბრწყინავდნენ, ისე მიხმობდნენ, ვერ მოვითმინე, თითი უჩუმრად გავაპარე, რომ შემდეგ პირისკენ წამეღო, მაგრამ წვეთები ყინულად ქცეულიყვნენ.

- გეტირება და იტირე, - მითხრა პაპაჩემა, - როცა კაცს ეტირება, უნდა იტიროს. თუ ჭამა სურს, უნდა ჭამოს, თუ დალევა - უნდა დალიოს...

ახლა ის შიშველი იყო, ახალი საცვლისა და პერანგის ჩაცმას ცდილობდა, რომელიც თუთუნთან, მოთალ ყველთან და პურთან ერთად, ბაზრიდან მოეტანა. შეძრწუნებულმა გავიფიქრე, რომ საცვალი და პერანგი, ალბათ, სხვას ეკუთვნოდა, რომელიც ახლა აღარ არის, გარდაცვლილია, სხვა შემთხვევაში, ბაზარში რატომ უნდა გაეყიდათ? წარმოვიდგინე, რომ ის გარდაცვლილი იმ ღამეს ან მომდევნო დღეს, პაპაჩემს გამოეცხადებოდა და თავის თეთრეულს მოსთხოვდა. რა პასუხს გასცემდა? და პაპაჩემი შემეცოდა. ვაპატიე პაპაჩემს, მაგრამ მაინც მეტირებოდა, რადგან ჩემი გადატანილი ყველა სევდა მახსენდებოდა. გამახსენდა დედაჩემი, რომელიც უცაბედად გაუჩინარდა. გამახსენდა მისი გაუჩინარების საღამო, როდესაც სახლში მხოლოდ მე და მამა ვიყავით. ერთმანეთს ხმას არ ვცემდით, ერთმანეთს არ ვუყურებდით. ჩაის ჭიქაში შაქარს პატარა კოვზით ვურევდი. დიდხანს ვურევდი. კოვზი ჭიქის კედლებს ხვდებოდა... მამაჩემი კი მელოდებოდა, როდის დავამთავრებდი თამაშს. მასაც უნდოდა ჩაისთვის მოერია. შაქარი უკვე დამდნარიყო და გახსნილიყო, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი მორევას, ჭიქას ვაწკარუნებდი და მის ხმას ვუსმენდი.

და მამაჩემმა, იძულებულმა მითხრა:

- კოვზს არ მომცემ? 

- არა.      

- კარგი, - მითხრა მამამ და ჩაი მოურევლად დალია.

მე მას სახეში შევხედე, არ ვიცი, რა დავინახე, მაგრამ მახსოვს, რომ ავტირდი.

- ადამიანმა ჩიტივით უნდა იცხოვროს, - თქვა პაპაჩემმა, - ჭამა გინდა - ჭამე, დალევა გინდა - დალიე, სიმღერა გინდა - იმღერე...

კარი დაუკაკუნებლად გაიღო და შიგნით მკლავებაკაპიწებული მეზობლის ქალი, ქვრივი ვათენი შემოვიდა. მას ოხშივარი ასდიოდა და საპნის სუნს სტოვებდა, გამახსენდა, რომ უნდა მებანავა.

- აბა ჩქარა, აბა ჩქარა, - წყალი გაცივდება, წელი მთავრდება. ახალ წელს დაუბანელი ხომ არ შეხვდები, შვილო. მთელი წელიწადი ჭუჭყიანი დარჩები. აბა ჩქარა, აბა ჩქარა.

მან ტანსაცმელი თავად გამხადა, ხელი მომხვია, წამიყვანა და ტაშტში ჩამსვა. ხმელ-ხმელი თითებით მკლავებს, მხრებსა და კისერს მისრესდა, მეჩვენებოდა, რომ ტყავს მაძრობდა და თავზე ადუღებულ წყალს მასხამდა, მე ვითომ ტკივილისა და ვითომ ცხელი წყლის გამო, ვტიროდი.

ხოლო, როცა უკვე სახლში დაბანილი, გამშრალებული და ჩაცმული ღუმელთან თბილად ვიჯექი, როცა გვარიანად ნამტირალ-დაწყნარებული, ღუმელის კარიდან ძაღლის ენასავით გარეთ გადმოგდებულ ალს ვუცქერდი, ერთი ზღაპარი ვიხილე, რომელიც აქამდე, არასდროს მენახა. ჩვენს სადგურზე მატარებელი ჩამოდგა და ამ მწვანე მატარებლიდან თოვლის პაპა ჩამოვიდა. მას ხელში არც ტომარა ჰქონდა და არც ტოპრაკი. ასე ცარიელი ხელებით მომიახლოვდა და თავზე ხელი გადამისვა. შემდეგ ჯიბიდან ერთი ბროწეული ამოიღო, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე და სადგურის ზარმაც ჩამოჰკრა, თოვლის პაპამ თავზე ხელი კვლავ გადამისვა და გაიქცა - დაძრულ მატარებელს რომ დასწეოდა.

ისე ნათლად ვნახე ეს ზღაპარი, რომ ბოლოს გავვოცდი კიდეც, როცა ბროწეულები გაქრა. შვიდჯერ ვნახე იგივე ზღაპარი და ჯერ კიდევ ვნახავდი, მამაჩემი რომ არ მოსულიყო. მამაჩემს ხელში არც ტომარა ჰქონდა და არც ტოპრაკი. ასე ცარიელი ხელებით მომიახლოვდა და თავზე ხელი გადამისვა. სუნთქვაშეკრული ველოდებოდი, ზღაპრის გაგრძელებას ველოდებოდი, მაგრამ მამაჩემს ჯიბეებიდან არაფერი ამოუღია, არც ბროწეული, არც ვაშლი, არც კამფეტი, არაფერი...

და მე გავიფიქრე, რომ ამ ქვეყანაზე არავის, არავის არ უნდა, რომ ზღაპარი სინამდვილედ აქციოს. განა, რა ძნელი იყო, ჯიბიდან ოთხი ბროწეულის ამოღება...

- მე სადგურში მივდივარ, - ვთქვი და პალტოს ჩაცმა დავიწყე.

- ასე გვიან? - მკითხა მამაჩემმა.

- ხო, ასე გვიან.

- კარგი, - თქვა მამაჩემმა, - წადი.

ისევ კოვზის ისტორია გამახსენდა. რატომ არ მეუხეშება ეს ადამიანი? რატომ არ მიყვირის? რატომ არ მიკრძალავს? რომ ეუხეშა, რომ ეყვირა, რომ აეკრძალა, მე ვეტყოდი, რომ მივდივარ, გშორდები იმიტომ, რომ ერთი ბროწეული, განა, რა არის, რომ ამ ახალი წლის ღამეს არ მომიტანე? მაგრამ ის არ მეუხეშება, არ მიყვირის, არ მიკრძალავს, მეუბნება - „კარგი“ და მე უფრო ვღონდები.

მამაჩემიც გამომყვა. რომელიღაც გაყინულმა ძაღლმა დაგვიყმუვლა, მაგრამ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. თოვლი გვათოვს, მაგრამ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. სადგურში მივდივართ, სადაც სულ მალე, ღამის მატარებელი ჩამოდგება. მე ფიქრში, ჩემივე შეთხზული და ნანახი ზღაპრების ყველა ჯადოქარს დასახმარებლად მოვუხმობ: მხოლოდ ერთხელ, გთხოვთ, მხოლოდ ერთხელ მაინც, ზღაპარი სინამდვილედ აქციეთ. თქვენგან არც ნაძვის ხე მინდა, არც ციგა, არც სასახლე და არც ცხენი, გთხოვთ, რომ დღეს, სწორედ ამ ღამის მატარებლიდან თოვლის პაპა ჩამოვიდეს და ოთხი ბროწეული მაჩუქოს, ოთხი ბროწეული, ოთხი ბროწეული...

ხილის მაღაზიასთან გულგრილად ჩავლა ვერ შევძელი. ბროწეულების გროვა განახევრებულიყო. ვიტრინის შუშა სახელოთი გავწმინდე, რომ კარგად დამენახა, მაგრამ შუშა შიგნიდან დაორთქლილიყო.

- ბროწეული მომჟავოა, არა, მამა? - ვკითხე მე.

- მომჟავოა.

- კბილები მიკაწკაწებს, ისე მინდა ბროწეული, - ვუთხარი მე და ფიქრებში ისევ ჯადოქრებს ვთხოვდი: ერთხელ, თუნდაც ერთხელ მაინც, რომ ზღაპარი, ზღაპარი არ ყოფილიყო.

ბაქანზე წითელი ქუდით სადგურის უფროსი და რამდენიმე რკინიგზელი იდგა. სადგურის უფროსის ფანრის შუქი ჰაერში იყინებოდა და ამ შუქში თოვლის ფანტელები უფრო ბევრი, უფრო დიდი და უფრო გამჭირვალე მოჩანდნენ. შემდეგ ფანრის შუქი გამქრქალდა, რადგან გველეშაპის თვალების მსგავსი პროჟექტორებიანი მატარებელი გვიახლოვდებოდა.

ვაგონების ფანჯრებზე მიკრულმა სანთლისფერმა სახეებმა გვერდით ჩაგვიარა, აბაჟურებმა, ფარდებმა, ნახშირის, მაზუთისა და ზეთის სუნმაც გვერდით ჩაგვიარა და შემდეგ მატარებელი ჩამოდგა.

მატარებლიდან ვიღაც ჩამოვიდა, მაგრამ ის თოვლის პაპა არ იყო და როგორც მივხვდი, ის ვიღაც სადგურის უფროსს თითს უქნევდა.

მივუახლოვდით. კაცი ყვიროდა:

- გაწმინდე, დაუყოვნებლივ გაწმინდე.

- გასაგებია, - თავს უქნევდა სადგურის უფროსი.

- მორიგეობა უნდა დააწესო, ეს რა ბარბაროსობაა?

- გასაგებია, - თავს უქნევდა სადგურის უფროსი უკვე მიმავალ მატარებელს.

მე სახლში მარტო დავბრუნდი, რადგან მამაჩემი დასთანხმდა, რომ ძეგლი გადაეთოვლა, დილამდე - ჯერ, სანამ თოვლი მოდიოდა.

- გადაგიხდით, - დაჰპირდა სადგურის უფროსი.

სახლში რომ დავბრუნდი, პაპაჩემი ახალ წელს აღარ დალოდებოდა და უკვე ეძინა. მეც ლოგინში დავწექი და გადავწყვიტე, რომ ამის მერე არასდროს, არასდროს აღარ შემეთხზა, აღარ მენახა ზღაპრები და მგონი, იმ ღამეს, ზღაპრის უნახავად, პიველად დავიძინე.

დილით, ბალიშის ქვეშ, ოთხი ბროწეული დამხვდა.

დილით პაპაჩემი ღუმელზე აგურს აცხელებდა, რომ ორ საბანში გახვეული, აკანკალებული მამაჩემისთვის ფეხქვეშ დაედო.

და მე მივხვდი, რომ ამ ქვეყანაზე ყველაზე, ყველაზე ძნელი რამ, ზღაპრის სინამდვილედ ქცევა ყოფილა...

 

 

სომხურიდან თარგმნა გელა გელაშვილმა