ნიგერიელი სტუდენტი საქართველოში

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქვეყანაში, უკანასკნელ პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა ფაშისტური ნაციონალიზმის ზრდის შემაშფოთებელი ტენდენცია გამოკვეთა. ამას წინ უძღვოდა არაერთი ინციდენტი რასობრივ ნიადაგზე, ე.წ. ქართული მარშის მოწოდებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უცხოელთა „ბოგინი“ უნდა აღიკვეთოს. რამდენიმე კვირის წინ, ბენ ზეგემ _ ნიგერიელმა სტუდენტმა, რომელიც საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაპოსტა ფოტო, სადაც ასახულია მუქარის შემცველი შეტყობინება რიგითი ქართველისგან. გთავაზობთ ინტერვიუს ბენთან მისი ქართული ცხოვრების შესახებ, რომელიც 2015 წელს დაიწყო.

_ არაერთი უცხოელი ამბობს, რომ იქცა რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლად საქართველოში. პირადად შენ, განგიცდია რაიმე სახის დისკრიმინაცია საკუთარ თავზე აქ ცხოვრების განმავლობაში? 

_ ყველაზე ხშირად ხდება ის, რომ ადამიანები ქუჩაში „ზანგს“ მეძახიან. მეტროთი მგზავრობაც არ მიყვარს, რადგან ყველა ისე მიყურებს, თითქოს სხვა პლანეტიდან ვიყო. 

ზოგჯერ აგრესიასაც ვაწყდები, მაგალითად, გასულ კვირას, „ნიკორაში“ რაღაცის ყიდვას ვაპირებდი, ჩემ წინ ქართველი ბიჭებიც ყიდულობდნენ რაღაცებს და როცა ჩემი რიგი მოვიდა, მოლარეს ვუთხარი, რომ ქართულად ვერ ვლაპარაკობდი, მხოლოდ ინგლისურად შემეძლო საუბარი, რაზეც აგრესიული და დამცინავი ტონით მითხრეს რაღაც ქართულად. იყო შემთხვევა, როცა უცნობი გამვლელი გაჩერდა, ზანგი დამიძახა და ჩემკენ გადმოაფურთხა. 

_ არაერთ ტურისტს უთქვამს, რომ ზოგჯერ მათ გაცილებით მეტს ახდევინებენ იმ სერვისისთვის, რაშიც ქართველები ნაკლებს იხდიან. შენ თუ გქონია ასეთი შემთხვევა? 

_ კი, ძალიან ხშირად. მაგალითად სახლში, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, 600 დოლარს ვიხდი მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელი ვარ. სახლის პატრონმა მითხრა, რომ ქირა აუცილებლად დოლარში უნდა გადამეხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა ლარია. სხვა რაღაცებშიც ხდება ხოლმე ასე, მაგრამ მგონი ეს ნორმალურია, უცხოელებს სხვა ქვეყნებშიც უფრო ძვირის გადახდა უწევთ რაღაცებში. 

_ ალბათ იცი, ცოტა ხნის წინ, სტადიონზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, როცა უბანში მცხოვრები რამდენიმე ქართველი და ფეხბურთის სათამაშოდ გამოსული უცხოელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რას ფიქრობ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ეს შემთხვევა მეგობრული მატჩით მოგვარდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის? 

_ ვერ ვიტყოდი, რომ მართებული გადაწყვეტილება იყო, დისკრიმინაცია აშკარად დაფიქსირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, კალაძის ინიციატივამ სიტუაცია განმუხტა, ამიტომ კარგი გამოსავალი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის. იმ სტადიონზე მეც ხშირად მივდივარ ხოლმე სათამაშოდ და შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა. 

_ ზოგადად რომ მიპასუხო, როგორია შენი შთაბეჭდილება ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე? 

 

_ ქართველი ხალხი ძალიან მომწონს, უამრავი ახალგაზრდა ქართველი მეგობარი მყავს. ზოგადად, ქართველი ახალგაზრდები ძალიან სასიამოვნო ადამიანები არიან, ხანში შესული ხალხი ნაკლებად მომწონს იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში რასისტები არიან. 

ერთხელ ტაქსიში ჩავჯექი მეგობარ უცხოელთან ერთად, ფული უკვე გადახდილი მქონდა „იანდექსის“ აპლიკაციით. ვესაუბრებოდი მეგობარს, როცა ასაკოვანი მძღოლი მოგვიბრუნდა და გვითხრა, რომ გავჩუმებულიყავით, თურმე მის ტაქსიში ლაპარაკი არ შეიძლებოდა. ვკითხე, რატომ, მე ხომ ფული გადახდილი მაქვს-მეთქი. მანქანა გააჩერა და აგრესიულად მოგვმართა, გადავსულიყავით. ფაქტობრივად, შუა გზაში დაგვტოვა. რა თქმა უნდა, კომპანიაში მომხდარი გავაპროტესტე და მითხრეს, რომ მძღოლი აუცილებლად დაისჯებოდა. 

_ შენი აზრით, საქართველო ევროპული სტილის ქვეყანა უფროა თუ აზიური? 

_ საქართველო ნამდვილად ევროპული სტილისაა, ამას ბევრ რამეში ვხედავ, ქვეყანა ცდილობს ევროპას დაუახლოვდეს, თუნდაც ახალგაზრდების ღამის ცხოვრება გაცილებით უფრო ევროპულია, ვიდრე აზიური. 

_ ურჩევდი მეგობრებს აქ ჩამოსვლას? 

_ აუცილებლად. ძალიან მომწონს აქაურობა და არაერთხელ მირჩევია უცხოელისთვის ჩამოსულიყო. აქ ცხოვრება ძალიან იაფია და, დარწმუნებული ვარ, თუ ქვეყანა ტურისტებისთვის საზღვრებს მაქსიმალურად გახსნის, ეკონომიკურადაც ძალიან სწრაფად განვითარდება და ასე ხუთ წელიწადში გაცილებით უფრო მდიდარი იქნება, ვიდრე დღეს არის. 

_ რა არის შენთვის ყველაზე სასიამოვნო და უსიამოვნო ფაქტორები საქართველოში? 

_ ერთადერთი რაც უსიამოვნოა, რასიზმი და დისკრიმინაციაა. სხვა ყველაფერი მომწონს, განათლების დონეც სამედიცინო უნივერსიტეტში ძალიან კარგია. უბრალოდ, ხალხი უნდა მიხვდეს, რომ უცხოელების შემოსვლა ქვეყნისთვის საზიანო კი არა, სასარგებლოა. 

_რამდენი ხანი გეგმავ აქ დარჩენას? 

_ თუკი შევძლებ სამუშაო ადგილის შოვნას, დიდი სიამოვნებით დავრჩები საქართველოში საცხოვრებლად, რადგან ძალიან მომწონს ეს ქვეყანა.

ბექა ბერულავა