120 ახალი სტატია

12 აპრილს მუხრან მაჭავარიანი დაიბადა - ლექსები

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 12 აპრილს, ქართველ პოეტსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მუხრან მაჭავარიანს, 92 წელი შეუსრულდებოდა. უხრან მაჭავარიანი სოფელ არგვეთში დაიბადა. 1954 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, 1963-1964 წლებში, ჟურნალპიონერის მთავარი რედაქტორი იყო, 1967-1982 წლებში - ჟურნალდილ, 1982 წლიდან კი - ალმანახსაუნჯისმთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები 1952 წელს, უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახპირველ სხივში გამოაქვეყნა, ლექსების პირველი წიგნი კი 1955 წელს გამოსცა. 1958 წელს, გამოვიდა პოეტის ორი კრებული -წითელი მზე და მწვანე ბალახიდასიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად, ევგენი ევტუშენკომ თარგმნა. ამ კრებულისათვის, 1959 წელს, პოეტს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1988-დან 1992 წლამდე, მუხრან მაჭავარიანი საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. 1990-1991 წლებში კი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკიდან - მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო. ამასთან, მუხრან მაჭავარიანს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 1999 -2004 წლებში, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან - საქართველოს აღორძინება.

2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში, პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე, სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით, თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა.

 

***

სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება, –

საყიალოა თავისობას ის რადგან სხვების.

მას დღემდე ბევრი სისაძაგლე შესძინეს სხვებმა; –

იგია, მოკლედ, საკუთარი სიკარგის მსხვერპლი. …

სულს მივცემ ჩემსას

მე იმას მარტო, –

ვინც საქართველოს

ესწრაფვის ქართულს!

არა ცრუქართულს! –

ნამდვილად ქართულს!

სიტყვითურთ ქართულს! –

საქმითურთ ქართულს!

სულს მივცემ ჩემსას

მე იმას მარტო, –

რომელსაც ვატყობ! –

კოჭებში ვატყობ! –

არის ყველაფრით,

ყოველმხრივ სანდო

და საქართველოს

იმნაირს ნატრობს,

ნატრობს,

როგორსაც

ქართველი

მარტო!

სულს მივცემ ჩემსას

მე იმას მარტო, –

ვინც უწყის:

ტატომ ღაღადჰყო რატომ:

სახელმწიფოთა შორის ერთობას

(ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა!)

სარწმუნოება

არ ჰყოფნის

მარტო!

სულს მივცემ ჩემსას, –

ერთი სიტყვით, –

მე იმას მარტო,

ვინც იცის:

გაჩნდა

ქართველად

რატომ!

 

ვითარცა მტკვარი

მზე ამოდიოდა,

მთვარე ჩადიოდა,

მამალი ჰყიოდა,

კვამლი ადიოდა,

ვიღაცა ტიროდა,

ვიღაცა ჩიოდა,

ვიღაცას შიოდა,

ვიღაცას სციოდა, _

და

დრო

გადიოდა.

ვითარცა ღვინო _

ქვევრიდან

ხაპში _

ხაპიდან

დოქში _

დოქიდან

ჯამში _

ქართული სისხლი,

ქართული სული,

ქართული სიტყვა,

ქართული გული

გადადიოდა

კაციდან კაცში.

გადადიოდა,

გადადიოდა,

გადადიოდა _

და მოდიოდა,

და მოდიოდა,

და მოდიოდა,

და მოდიოდა,

ვითარცა მტკვარი.

გზადაგზა სვამდნენ,

ამღვრევდნენ, ღვრიდნენ,

უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,

უგულოდ ჰყიდდნენ.

და...

მიუხედავად ამისა,

მაინც _

გამოიარა რუსთველის გული,

გამოიარა ვახტანგის გული,

გამოიარა თამარის გული,

გამოიარა სულხანის გული...

და დღეს _

შოთაის ნაქონი სისხლით,

და დღეს _

ვახტანგის ნაქონი სისხლით,

და დღეს –

სულხანის ნაქონი სისხლით,

თბილისის ფართო ქუჩებში დადის:

ლეილა,

ლონდა,

ნათია,

ნანი,

ელისო,

ვაჟა,

გიორგი,

გივი

და...

იარონ!

იარონ!

იარონ!

ამინ!

 

საბა

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან

ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა.

ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.

ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.

ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, _

მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.

ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:

_ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! _ თქვა და თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა

(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);

რაც შეიტანა, _ ისევე ის გამოიტანა

იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.

_ წვიმა არ არი! _

საბას კაბა დაუსველა რამ?!

_ თოვლი არ არი! _

საბას თავი გაუთეთრა რამ?!

_ ყინვა არ არი! _

სულხან-საბას აკანკალებს რა?

_ რამ დაასველა?!

_ რამ დაათეთრა?!

_ რა აკანკალებს?!

საქართველოა

მისთვის:

წვიმაც,

თოვლიც და ყინვაც!...

... მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...

ეს სიცხადეა, სულხან-საბავ, თუ ფანტაზია?!

დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, _

ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, _

სტამბოლში შვილი დედას სტირის, _ ჰყიდიან ყმაწვილს

(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს _ მუხლზე დაცემულს).

_ რამდენს აფასებ მაგ პატარას? _ ჰკითხა სპარსულად

საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.

_ უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! _

წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

_ არა პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!

_ უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?...

საბას ცრემლები მოეძალა, _ ატირდა კაცი, _

თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი _ საქართველოც ასე მცირეა,

საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან...

საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, _ სასაცილოა!

შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.

მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევსდა...

_ მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?! _

გულს ნუ გაიტეხ! _ მუხა კვლავაც შეიმოსება!

 

შენი სიცოცხლე ...

შენი სიცოცხლე, შენი ნაბიჯი,

მე შემაყვარა შენმა სარკმელმა

მე მიხარია - შენ რომ არსებობ

ვისი ხარ, -

ეს რა ჩემი საქმეა!

შენით თენდება, შენით ღამდება,

შენი ვარ, შენთან მინდა ხელახლა!

შენა ხარ -

რაც მე გამეხარდება!

რაც მეწყინება -

ისიც შენა ხარ!